კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს შვილი მშობელ მამას და რაზე ოცნებობს რუსეთში მცხოვრები გოგონა


18 წლის ალბინა ასლანის ასული ამიროვა ეძებს ასლან მუჰამედის ძე გორგაძეს.

ისტორია: ვეძებ ჩემს მამიკოს, ასლან მუჰამედის ძე გორგაძეს. სამწუხაროდ, მამიკოს ზუსტი წლოვანება არ ვიცი. ჩემი მშობლები მალევე დაშორდნენ ერთმანეთს და მე მამა, ფაქტობრივად, არც მინახავს, ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ მის პოვნაში.

ჟურნალისტის შენიშვნა: ალბინამ მამის ძებნა 2009 წლის ივლისიდან დაიწყო. დღემდე მის ისტორიას არავინ გამოხმაურებია. გოგონას ძალიან უნდა მამის პოვნა და რუბრიკა „დაკარგულებში“ თავისი პატარა ისტორიის განთავსება. იმედია, ალბინას ისტორიას აუცილებლად ექნება გამოხმაურება.

– მოგვიყევი, რა მიზეზით დაკარგე მშობელი მამა?

– ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი სასწავლებელში გაიცნეს. ორივე სწავლობდა კვების წარმოების ტექნიკუმში ქალაქ მიჩურინსკში. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და რაღაც დროის შემდეგ იქორწინეს კიდეც დედაჩემის მშობლიურ ქალაქში, უსმანში, ლიპეცკის მხარეში. ერთ წელიწადში დედამ მე გამაჩინა. ჩემთვის დღემდე გაურკვეველია მათი დაშორების მიზეზი, რადგან დედას ამაზე საუბარი არასდროს სურდა და მეც, შესაბამისად, ვერაფერს ვეკითხებოდი. ვიცი, რომ ჩემი მშობლები 1991 წელს დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ რატომ დაშორდნენ, არ ვიცი. დედას ჰქვია სვეტლანა ანატოლის ასული პოპოვა. როდესაც გავიზარდე, გადავწყვიტე, მამა აუცილებლად მომეძებნა, მაგრამ მის შესახებ მე ძალიან მწირი ინფორმაცია გამაჩნია, ვიცი, მხოლოდ ის, რომ ის საქართველოში ცხოვრობს და მაქვს მისი ფოტოსურათი. დედაჩემი თავიდან წინააღმდეგი იყო, რომ მამა მომეძებნა, რადგან მას არ სურს მისთვის რაიმე სახის დისკომფორტის შექმნა. რა თქმა უნდა, არც მე მინდა, რომ ჩემი გამოჩენით მამიკოს რაიმე სახის პრობლემა გაუჩნდეს, მაგრამ, იმდენად დიდია ჩემი მხრიდან მისი პოვნის სურვილი, რომ თავი ვერ შევიკავე და თავიდან „ჟდი მენიას“ საიტზე განვათავსე ჩემი ისტორია, მაგრამ, თითქმის ერთი წელი გავიდა და ჩემს ისტორიას არც ერთი გამოხმაურება არ ჰქონია. თქვენ ჩემი ბოლო იმედი ხართ.

– როგორ ფიქრობ, მამაშენი თუ გეძებდა? ან, რა რეაქცია ექნება, თუ მას უკვე დიდი ხანია, თავისი ოჯახი აქვს?

– სწორედ ამის თქმა მსურდა მეც, რომ მე მამას არ ვეძებ იმ მიზნით, რომ რამე უთანხმოება გამოვიწვიო მის ოჯახში. პირიქით, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მას და მის ახალ ოჯახსაც, რომელიც უთუოდ ეყოლება. უბრალოდ, პატარაობიდანვე, ჯერ კიდევ ბავშვი რომ ვიყავი და რამე წარმატებას მივაღწევდი, სულ ვფიქრობდი და ვნატრობდი, ნეტავ ახლა მამიკო მხედავდეს, ალბათ, იამაყებდა ჩემით-მეთქი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდა მისი პოვნა და გაცნობა. ფიზიკურადაც ძალიან ვგავარ მამას, დედა მეუბნება, ხასიათითაც ჰგავხარო. საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი. ღმერთმა ქნას და, თუ მამას ვიპოვი და მის ოჯახს არ ენდომება ჩემი ნახვა, მაშინ ისევ მე დავთმობ და მხოლოდ მასთან საუბრით დავკმაყოფილდები. ნამდვილად არ ვიცი, მამა მეძებდა თუ არა, მაგრამ ჩემი დაბადების და არსებობის შესახებ იცის და არ მგონია, არ უნდოდეს ჩემი ნახვა და გაცნობა.

– მამის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია გაქვს. არც ის არის შენთვის ცნობილი, ჰყავს თუ არა მას და-ძმა, ან სად ცხოვრობენ მისი მშობლები?

– სამწუხაროდ, მეტი ინფორმაცია არ მაქვს. ყველაფერი, რაც მამის შესახებ ვიცი, გითხარით. იმედი მაქვს, ეს პატარა ისტორია საკმარისი იქნება და, ეგებ, გამოგადგეთ. მე ყველა გზა მოვსინჯე და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ის მეპოვა, ინფორმაციის სიმწირის გამო ვერ დავკარგავ იმედს, თქვენი და მკითხველის დიდი იმედი მაქვს, რომ მამას მაპოვნინებთ.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3