კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოსტაცა ლევან დადიანმა ბიძას ცოლი და ვისთან სასიყვარულო კავშირის გამო მოაჭრა მან საკუთარ მეუღლეს ცხვირი



მეჩვიდმეტე საუკუნის დასავლეთ საქართველოს ისტორიაში ოდიშის მთავარს ლევან მეორე დადიანს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი მმართველობის დროს ოდიშის, ანუ სამეგრელოს სამთავრომ თავისი განვითარებისა და პოლიტიკური გავლენის ზენიტს მიაღწია. ისტორიკოსი ჯაბა სამუშია ლევან მეორეს ერთი მხრივ საინტერესო პიროვნებად, მეორე მხრივ კი ერთ-ერთ ტიპურ სეპარატისტად მიიჩნევს, რომელიც საკუთარი კუთხის განდიდებისკენ მიისწრაფოდა და ამ მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე იხევდა. ჯაბა სამუშია დღეს ჩვენი რესპონდენტია:



– ლევან დადიანი ერთი მხრივ საკმაოდ საინტერესო პიროვნება იყო, მეორე მხრივ კი, თავისი ზნეობითა და მენტალობით, თავისი ეპოქის შვილი. დადიანი ჭკვიანი მთავარი იყო, მზრუნველი საკუთარი სამთავროსი, მაგრამ იგი მოკლებული იყო საერთო ქართულ ცნობიერებას. მეტიც, ლევან მეორე ტიპური სეპარატისტი გახდა, რომელიც თავისი კუთხის განდიდებისკენ მიისწრაფოდა, დანარჩენ ქართულ კუთხეებს კი მოწინააღმდეგეებად აღიქვამდა და არბევდა. ევროპელი მისიონერები მას დადებითად ახასიათებენ. კათოლიკე მისიონერი დონ არქანჯელო ლამბერტი ლევან დადიანის შესახებ წერდა: „მისი საქმეები ცხადად გვიჩვენებენ, რომ ეს მთავარი ჩვენს განათლებულ ქვეყანაში რომ აღზრდილიყო და ჩვენი საუკეთესო მასწავლებლებისაგან სწავლა-განათლება მიეღო, ვერც ერთი მთავარი მას ვერ აჯობებდა. უმოძღვროდ და უოსტატოდ, მხოლოდ ბუნებით შეუთვისებია მას მარად საქებარი ზნე-ჩვეულებები“. ამ დახასიათების პარალელურად, ჩვენამდე მოღწეულია ისეთი ფაქტებიც, რომლებიც ლევან დადიანის პიროვნებას სხვა კუთხით გვიხატავენ. ვახუშტი ბატონიშვილი გვიამბობს: „ლევან დადიანი განდიდდა ფრიად და ესხმოდა იმერეთს დღესასწაულებზე და იმერელნი მრავალგზის დადევნებიან მათ, მაგრამ, როდესაც ისინი დაამარცხებდნენ იმერთ, დიდძალ ტყვეებს წაიყვანდნენ, რომლეთაც დაახსნევინებდნენ თავს ფულით და ამის შემდეგ დამკვიდრდა დაუფარავად ტყვის სყიდვა“. როგორც ვხედავთ, ქართველი მოღვაწეები საქართველოში ტყვეებით ვაჭრობის საშინელი სენის დამკვიდრებას ლევან მეორეს მიაწერენ, თუმცა ადამიანებით ვაჭრობას ამ დროს ის მასშტაბები არ ჰქონდა მიღებული, რასაც მოგვიანებით, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოსთვის მიაღწია, მაგრამ თავად ფაქტი ბევრის მეტყველია.

– როდის მოვიდა ლევან დადიანი ხელისუფლებაში და რა ვიცით მისი წარმომავლობის შესახებ?

– ლევან დადიანი დაიბადა მეთექვსმეტე საუკუნის 90-იან წლებში მანუჩარ დადიანის ოჯახში. დედამისი, ნესტან-დარეჯანი, იყო კახეთის მეფის, ალექსანდრე მეორის ქალიშვილი, ანუ ერთის მხრივ – იგი არის ოდიშის მთავარი და მეორეს მხრივ ბაგრატიონთა შთამომავალიც. მას დედა ადრე გარდაეცვალა, რის შემდეგაც ალექსანდრე კახთა მეფემ სთხოვა მანუჩარ დადიანს, ლევანი კახეთში გაეგზავნა. გარკვეული ხნის განმავლობაში ლევან დადიანი კახეთში იზრდებოდა. ალექსანდრე მეორე გამოირჩეოდა თავისი გამჭრიახი პოლიტიკით, აღმშენებლობით. შვილიშვილიც ბევრ რამეში დაემსგავსა პაპამისს.

1611 წელს უეცრად გარდაიცვალა მანუჩარ დადიანი – დაახლოებით ზუგდიდის მიდამოებში ნადირობის დროს, ირემს გამოკიდებული მანუჩარ დადიანისა და მისი აზნაურის ცხენები ერთმანეთს შეეჯახნენ. მთავარი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. სასიკდილო სარეცელზე მყოფმა მანუჩარმა მცირეწლოვანი ლევან დადიანი გიორგი ლიპარტიანს ჩააბარა. მამის გარდაცვალების შემდეგ ოდიშის ტახტზე ადის 14 წლის ლევანი.

– ვინ იყო გიორგი ლიპარტიანი?

– გიორგი ლიპარტიანი იყო დადიანთა ოჯახის წევრი, ლევანის ბიძა, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში უწევდა სამეგრელოს მცირეწლოვან მთავარს რეგენტობას.

ლევან დადიანი საკმაოდ მალე დაქორწინდა აფხაზთა მთავრის – სეტემან შარვაშიძის ქალიშვილზე, რომელთანაც მას დიდხანს არ მოუწია თანაცხოვრება.

– რატომ?

– შარვაშიძის ქალიშვილზე ქორწინებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ლევან დადიანს შეუყვარდა არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი ბიცოლა – ბიძამისის გიორგი ლიპარტიანის მეუღლე, ახალგაზრდა ნესტან-დარეჯან ჭილაძე. მან საკუთარ ბიცოლასთან რომანი გააბა. ეს ისტორია იმას ჰგავს, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში მდარე ხარისხის უცხოურ ტელესერიალებში ვხედავთ. შეყვარებული ლევან დადიანი ცოლს განქორწინების მიზნით ღალატს სწამებს. რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ეს ფაქტი, დღეს რთულია გარკვევა. საქმე ისაა, რომ ლევანს ჰყავდა პირველი ვეზირი მერაბ ქორთოძე, რომელთანაც სამეგრელოს დედოფალს სასიყვარულო კავშირი დაბრალდა. განაჩენი იყო საშინელი: ღალატის გამო ლევან დადიანმა საკუთარ მეუღლეს ცხვირი მოაჭრა. რაც შეეხება დედოფლის გულისსწორს, პირველ ვეზირს, ის განდევნილ იქნა ოდიშიდან გურიაში. ამ დროისათვის გურიელი, გურიის მთავარი, ლევან დადიანის სიძე იყო. ამის შემდეგ ლევან დადიანი ამალით ეწვია ბიძამისს სალიპარტიანოში, მოსტაცა საკუთარ ბიძას მეუღლე და ცოლად დაისვა.

– შარვაშიძის ცხვირმოჭრილ ასულს, ანუ დადიანის პირველ ცოლს რა ბედი ეწია?

– ის ლევან დადიანმა უკანვე მიაბრუნა მამამისთან. ცოლის მიბრუნებისთანავე დადიანი დიდძალი ჯარით მიაწყდა აფხაზეთს. შერვაშიძემ გააზრებაც ვერ მოასწრო, რა ხდებოდა, იგი კავკასიის მთიანეთში გაიხიზნა. თუმცაღა, მომავალში, შეურაცხყოფილ სეტემანს არასდროს გაუშვია ხელიდან შესაძლებლობა, სამაგიერო გადაეხადა ყოფილი სიძისთვის. ის ხშირად ესხმოდა და არბევდა სამეგრელოს. ასე რომ, შემთხვევითი არაა გარკვეული კავშირი აფხაზთა მთავრისა იმ შეთქმულებაში, რომელიც ლევან დადიანს მოუწყვეს საკუთარმა სიძემ – სიმონ გურიელმა, მასთან ჩასულმა განდევნილმა მერაბ ქორთოძემ და ვინმე აფხაზმა.

– როგორ დასრულდა ეს შეთქმულება?

– მერაბ ქორთოძემ გურიელის ტყვეობაში ყოფნისას მოახერხა, რომ გურიელი გადაებირებინა. რაც იცოდა თუ არ იცოდა, ყველაფერი „გაუმხილა“ მას.

ამ პერიოდისთვის გურია, ფაქტობრივად, სამეგრელოს პროტექტორატის ქვეშ იყო მოქცეული. მას რეალურად ოდიშის მმართველი განაგებდა. იმავდროულად, გურია შედიოდა იმ კოალიციაში, რომელიც თავის დროზე ლევანის მიერ იყო შექმნილი იმერეთის მეფის – გიორგი მესამის წინააღმდეგ. რაც შეეხება შეთქმულებას, ის საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული. მასში დადიანის პირადი მეღვინეც იყო ჩართული. ოდიშის მთავრის კარზე ფარულად ჩავიდა მკვლელიც, თანამედროვე ტერმინი რომ ვიხმაროთ – ქილერი, ვინმე აფხაზი. ოდიშის მთავარს ჰქონდა ჩვეულება – ტრაპეზის დროს ერთსა და იმავე ადგილას ჯდებოდა. გეგმის მიხედვით, სწორედ ამ დროს უნდა მომხდარიყო თავდასხმა. მართლაც, დათქმულ დროს, მეღვინის ნიშანზე აფხაზმა დადიანს სკამის ზურგიდან მახვილი აძგერა, რომელიც მკერდის მხარეს უნდა გამოსულიყო. დადიანი საკმაოდ სწრაფი კაცი იყო: როგორც კი მახვილის წვერი იგრძნო ზურგზე, მაშინვე მაგიდაზე გადაემხო და, შედეგად, მხოლოდ კანის ზედაპირი დაუშავდა. ლევან დადიანმა გამოძიება დაიწყო თავისი მკვლელობის გამოსააშკარავებლად და გაარკვია, რომ შეთქმულებასთან კავშირში იყო მისი ძმა – იესე. ლევანმა მას თვალები დასთხარა და ქონება ჩამოართვა. ამის შემდეგ, სასტიკი რეპრესიები განახორციელა, მათ შორის, ხელთ ჩაიგდო საკუთარი ვეზირი მერაბ ქორთოძე და საშინელი სასჯელი მიუსაჯა: ის ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ცხედარი ზარბაზნიდან გაისროლეს.

– სიმონ გურიელს როგორ გაუსწორდა ლევან დადიანი?

– მერაბ ქორთოძის დასჯის შემდეგ ლევან დადიანმა გურიაზე გაილაშქრა და გურიელი ლანჩხუთთან დაამარცხა. მან დამარცხებულს თვალები დასთხარა და მის მაგივრად სხვა დასვა გურიის ტახტზე. ასეთი იყო ლევან დადიანის სისხლით ნაწერი ისტორია. რომლის პოლიტიკის ამოსავალი ფეოდალიზმია.

იმისათვის, რომ დადიანი კიდევ უფრო გაძლიერებულიყო და დასავლეთ საქართველოში დომინანტის სტატუსი მოეპოვებინა, საკუთარი და, გურიელის ცოლყოფილი – მარიამი, ცოლად შერთო როსტომ ხანს – ქართლის მმართველს. ამით მან ძლიერი ქართლის სამეფო მოკავშირედ გაიხადა. შესაბამისად, იმერეთი უკვე ორი მოკავშირით იქნა გარშემორტყმული. ასე გახდა ლევან დადიანი დასავლეთ საქართველოში ლიდერი. ის ყველაფერს აკეთებდა სამეგრელოს განსავითარებლად.

– რა ნაბიჯები გადადგა მან ამ მიზნით?

– ლევან დადიანმა ებრაელები სპეციალურად ჩაასახლა რუხში, რითაც შექმნა იმის პირობები, რომ ვაჭრობა განვითარებულიყო. არსებობს მისი მრავალი წერილი, რომის პაპისადმი მიწერილი, სადაც ის სთხოვს მისიონერების ოდიშში გამოგზავნას. ლევან დადიანი ცდილობდა, ოდიშში ზარბაზნის მცოდნეები მოეწვია, რათა სამეგრელოში ზარბაზნის ჩამოსხმა შეესწავლათ და დაეწყოთ. მან მაქსიმალურად შეწყვიტა ოსმალებთან ტყვეებით ვაჭრობა. სამეგრელოს მთავარი საკმაოდ დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებდა თურქეთისა და ირანის წინააღმდეგაც. ის კარგ ურთიერთობაში იმყოფებოდა შაჰ-აბასთან, რომელმაც იგი მიიწვია კიდეც თავისთან ერევანში და შეთავაზა, რომ მის მხარეზე ჩართულიყო ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რაზეც დადიანმა უარი შეუთვალა. ასევე კარგ ურთიერთობაში იმყოფებოდა ლევან დადიანი ხონთქართან – თურქეთის სულთანთან. ევროპელ მისიონერ, არქანჯელო ლამბერტის საინტერესო ისტორია აქვს შემონახული. როდესაც თურქეთის ელჩები მოდიოდნენ ოდიშში, დადიანი საზღვართან კაცს ახვედრებდა (ეს იყო გათვალისწინებული დიპლომატიური ეტიკეტით). საზღვრიდან, ვიდრე მთავრის სახლამდე, ელჩებს საშინელი, ჭაობიანი გზით ატარებდნენ, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, როდის ჩავიდოდნენ სასახლეში. ღამეს ათენებინებდნენ სახლში, სადაც წვიმა ჩამოდიოდა, საჭმელად საშინელ საკვებს, ხოლო ღვინოდ მდარე ხარისხის სასმელს მიართმევდნენ. მთავრის კარზე მისულ ელჩებს ეგონათ, იქ მაინც გაუმასპინძლდებოდნენ სათანადოდ, მაგრამ დადიანი ღარიბულად ჩაცმული ეგებებოდა მათ და საკმაოდ ხელმოკლედ გაშლილ სუფრას ახვედრებდა. ასე არწმუნებდა ელჩებს, რომ მისი სამთავრო ღარიბი იყო. წარმოიდგინეთ, რა მოხსენებას წარუდგენდნენ ასეთ პირობებში ნამყოფი ელჩები სულთანს. ამით ანეიტრალებდა ლევან დადიანი თურქების ინტერესს ოდიშის სამთავროს მიმართ. ეს იყო მისი დიპლომატიური ხრიკი.

ყველაფრის მიუხედავად, ლევან დადიანს მაინც ტრაგიკული პირადი ცხოვრება ჰქონდა.

– გვიამბეთ ლევან დადიანის პირადი ცხოვრების შესახებ.

– რა თქმა უნდა, ტრაგედიაა ლევან დადიანის ქორწინება ნესტან-დარეჯანზე. იგი სიყვარულმა ისე დააბრმავა, რომ საკუთარი ბიცოლა გაიხადა გულისსწორად. მათ ორი ვაჟი შეეძინათ, რომელთაგან ერთი მათგანი, ალექსანდრე, ავადმყოფი იყო, ხოლო მეორე – მანუჩარ დადიანი – იზრდებოდა, როგორც მომავალი მთავარი. თუმცა, ერთ დღეს ის მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ ტრაგედიით გამწარებულმა ლევან დადიანმა თავზე ლახტი გადაირტყა. საბოლოოდ, ამ ტრავმის შედეგად, სამეგრელოს მთავარი გარდაიცვალა. ლევან დადიანი დაკრძალეს წალენჯიხის ტაძარში.



ეკა სალაღაია


скачать dle 11.3