ინვესტორები ევროპაში კვლავაც ბრიტანელებს არჩევენ
ცნობილი კომპანიის, „ერნსტ ენდ იანგის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2009 წლის განმავლობაში ევროპაში 3 303 ახალი საინვესტიციო პროექტი გამოიკვეთა უცხოური კაპიტალის უშუალო მონაწილეობით. კვლევის მიხედვით, უკვე ზედიზედ მერვე წელია, უცხოელი ინვესტორები უპირატესობას ევროპულ სახელმწიფოებს შორის დიდ ბრიტანეთს ანიჭებენ. 2009 წელს ამ ქვეყანამ 678 საინვესტიციო პროექტი მიიზიდა, რომელთა საშუალებითაც ქვეყანაში 20 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნა. ექსპერტები ევროპული ეკონომიკის კრიზისულობის ფონზე ბრიტანეთის საინვესტიციო მიმზიდველობის სტაბილურობას მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევენ. „ერნსტ ენდ იანგის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში მეორე ადგილი საფრანგეთმა დაიკავა, სადაც შარშან 529 საინვესტიციო პროექტი დარეგისტრირდა. მესამე ადგილი გერმანიას ერგო 418 პროექტით. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ამ ქვეყანას დიდი პერსპექტივა აქვს და 2010 წლის შედეგებით შეიძლება საფრანგეთს გადაასწროს. ინვესტორები ინვესტიციებისთვის მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ რეგიონად დასავლეთ ევროპას მიიჩნევენ, რომელმაც კრიზისის მიუხედავად, მაინც შეძლო ჩინეთის გადასწრება. „ერნსტ ენდ იანგის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ინვესტორები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი ვითარებით უკმაყოფილოები არიან, რომელთა განვითარების პროცესში მყოფმა ეკონომიკამ ბოლო პერიოდში გარკვეული სისუსტეები გამოავლინა.