გერმანიასა და შვეიცარიაში უძრავი ქონების სფერო ყველაზე საიმედოა
საერთო ევროპული ვალუტის, ევროს კურსის ცვლილება მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ ახდენს უცხოური უძრავი ქონების მომგებიანობაზე, რადგან, როგორც წესი, ეს ხანგრძლივი – 5-10-წლიანი ინვესტიციაა. მიუხედავად ამისა, მოთხოვნილების ზრდა გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს უძრავი ქონების უცხოური ბაზრების ფასებზე. ექსპერტების შეფასებით, ქვეყნები, სადაც შარშან უძრავი ქონების ღირებულება იზრდებოდა, ინვესტორებისთვის ხანგრძლივ პერსპექტივაში შეიძლება, სულაც არ აღმოჩნდეს მომგებიანი. 2010 წლის მონაცემებით, ყველაზე მიმზიდველი თითქოსდა, ლატვია, ავსტრია, ნორვეგია, ფინეთი და პორტუგალია ჩანდა, მაგრამ 2009 წლის შედეგებით, იგივე ლატვია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წამგებიანი სახელმწიფო იყო. შარშან, უძრავი ქონების მომგებიანობის მხრივ, ყველაზე საიმედო ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ბრიტანეთი და ბელგია იყო. უძრავ ქონებაში ჩადებული ინვესტიციების საიმედოობის მხრივ, ანალიტიკოსები განსაკუთრებულ ყურადღებას გერმანიასა და შვეიცარიას აქცევენ. ყველაზე სარისკოდ ამ სფეროში ინვესტირება საბერძნეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ირლანდიაში, ისლანდიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ესტონეთსა და ლიტვაშია.