როგორ მუშაობდა სტალინის საიდუმლო სამსახური ბერიაზე და რაში გამოიჭირეს ის
ქვეყნის შიგნით და მის გარეთ მიმდინარე პარტიულ-პოლიტიკური ბრძოლის პირობებში სტალინი იძულებული იყო, თავისი პირადი საიდუმლო სამსახური შეექმნა – სტრატეგიული დაზვერვა და კონტრდაზვერვა, რომელიც დაეფუძნა ბუდიონის ცხენოსანთა პირველი არმიის განსაკუთრებულ განყოფილებას. თავდაპირველად, საიდუმლო სამსახურს სათავეში ჩაუდგა სერგეი ნიკოლაევი, ცხენოსანთა პირველი არმიის განსაკუთრებული განყოფილების უფროსი. შემდეგ მას ხელმძღვანელობდნენ გენერლები: ალექსანდრ ლავროვი, ალექსანდრ ჯუღა და იური მარკოვი (ფსევდონიმები). ყველა შეტყობინებას სტალინს უგზავნიდნენ, ფსევდონიმის „ამხანაგ ივანოვის“ სახელზე. როგორ ნადირობდნენ ბერიაზე, ამაზე ის სპეცშეტყობინებები და ცნობები მეტყველებდა, რაც სრულიად საიდუმლოდ „ამხანაგ ივანოვისთვის“ იგზავნებოდა. ერთ-ერთი ასეთი სპეცშეტყობინება იყო, „საიდუმლო ჩხრეკის დროს ბერიას სამუშაო კაბინეტში, მის სეიფთან აღმოჩნდა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის სამსახურს მუსავატურ კონტრდაზვერვაში. ამ დოკუმენტში ნათქვამია: ლავრენტი ბერია ჩაირიცხოს გარე თვალთვალის აგენტად, თვიური განაკვეთით 800 მანეთი. საქაღალდეზე, რომელშიც იდო დოკუმენტი, ბერიას ხელით წარწერილია: „გადმომცა ამხ. ბაგიროვმა 1.11.1939 წ.“
ბერია საოცარი ორგანიზატორული თვისებებით იყო დაჯილდოებული. სტალინის მიერ ბერიას გამორჩევა და მისი კარიერის ზრდა კანონზომიერი და დამსახურებულია. ბერიას მეორე თვისება იყო პანიკური, პირდაპირ ცხოველური შიში სტალინისადმი. ნიკოლაევი ირწმუნებოდა, რომ ზოგჯერ საკმარისი იყო სტალინის მკაცრი შეხედვა ან აშკარად გამოხატული უკმაყოფილება, რომ ბერიას თავზარი დასცემოდა. 1950 წელს ბერია სტალინთან მიღებაზე ახალ, ძვირფას კოსტიუმში გამოწყობილი გამოცხადდა, რაც ძალიან კონტრასტული აღმოჩნდა სტალინის მოკრძალებული ჩაცმულობის ფონზე. ცნობილია, რომ სტალინის გარდაცვალების შემდეგ მის გარდერობში მხოლოდ ორი კოსტიუმი იყო, მათგან ერთ-ერთი ქერელის ტილოსი. არც პოლიტბიუროს წევრებში იყო მიღებული ახალი ტანსაცმლით გამოჩენა. მაშინ სტალინმა ყურადღებით შეათვალიერა ბერია და უთხრა: „კარგად ცხოვრობთ, ამხანაგო ბერია“. ბერიას მკვდრის ფერი დაედო და შემდეგ მიღებაზე აშკარად ძველ და იაფფასიან კოსტიუმში გამოცხადდა. მაგრამ, ბერიას ამგვარ იდეალურ ბიოგრაფიას მაინც ერთი ნაკლი ჰქონდა – 1919-1920 წლებში მუშაობდა მუსავატურ კონტრდაზვერვაში, რომელიც ინგლისელებს ბაქოს ნავთობსარეწების კონტროლისთვის სჭირდებოდა. ჯუღა აღიარებდა ბერიას ორგანიზატორულ ნიჭს, მაგრამ მისი არ სჯეროდა. ის კონტრდაზვერვას აღუძრავდა ეჭვს, რომ ბრიტანეთის სპეცსამსახურები ხელიდან არ გაუშვებდნენ შესაძლებლობებს, მაკომპრომეტირებელი მასალების გამოყენებით, თავიანთი კონტროლისთვის დაექვემდებარებინათ სტალინის გარემოცვის ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა. მარკოვი ირწმუნებოდა, რომ ლავროვსა და ჯუღას აგენტურული არხებით მიღებული ჰქონდათ ინფორმაცია (დოკუმენტურად დაუდასტურებელი) ბრიტანეთის დაზვერვის მიერ ბერიას გადაბირებისა და შემდეგ ხანგრძლივი ვადით გაყუჩების შესახებ. კონტრდაზვერვის პროფესიულ ჟარგონზე ასეთი კატეგორიის აგენტებს „კონსერვებს“ უწოდებდნენ. დავალება ერთადერთი იყო: საჭირო მომენტში მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება (არა შეიარაღებული), რათა ძალაუფლება იმ ძალებს ეგდოთ ხელთ, რომლებიც ემორჩილებოდნენ დასავლეთის სახელმწიფოებს და შეეძლოთ, ქვეყანა განვითარების სოციალისტური გზისთვის აეცდინათ. სტალინს არ უნდოდა, დაშორებოდა ბერიას, რადგან დიდად აფასებდა მის უნიკალურ ორგანიზატორულ შესაძლებლობებს, ყველაზე მეტად ატომური ბომბის შექმნის საკითხში. ლავროვმა და ჯუღამ გააკეთეს ყველაფერი, რაც მათზე იყო დამოკიდებული, რათა თავიდან აეცილებინათ ბერიას მტრული საქმიანობის ნეგატიური შედეგები. 1946 წელს, სტალინის განკარგულებით, ბერია ჩამოაცილეს ქვეყნის სახელმწიფო უშიშროების ორგანოების ხელმძღვანელობას. მაგრამ, რადგან მრავალრიცხოვანი აგენტურულ-ოპერატიული ღონისძიების შედეგად ვერ აღმოაჩინეს მისი მტრული საქმიანობის უეჭველი დადასტურება, იგი კვლავ რჩებოდა მაღალ პრაქტიკულ და სახელმწიფო პოსტებზე, სათავეში ედგა სამუშაოებს, რომლებიც დაკავშირებული იყო სახელმწიფოს უდიდეს საიდუმლოებებთან.
1946 წლიდან სტრატეგიულ კონტრდაზვერვას ბერია აქტიურ დამუშავებაში ჰყავდა. მარკოვი ყვებოდა, რომ ბერიას ყოველდღიური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ჯუღამ გადაიბირა ბერიას პირადი დაცვის უფროსი სარქისოვი. გადაბირება სტანდარტული სქემით ჩატარდა, როცა ჯუღამ, ვითომ „ცეკას“ ადმინისტრაციული განყოფილების გამგის მოადგილემ, სარქისოვს პარტიული დავალება მისცა. ჯუღა სისტემატურად იღებდა ინფორმაციას ბერიას შესახებ და შესაძლებლობაც მიეცა, შესულიყო მის სახლში, სადაც საიდუმლო ჩხრეკა ჩაატარეს. საკმაოდ დაწვრილებით იღებდნენ მასალებს ბერიას სექსუალური კონტაქტების შესახებ – მას ავადმყოფური ჰიპერსექსუალობა ახასიათებდა. ამასთან, მარკოვი ირწმუნებოდა, რომ ბერიას ძალადობით არასოდეს დაუმორჩილებია ქალები, რადგან სიამოვნებით უწვებოდნენ მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკს.
კავკასიაში დასასვენებლად მყოფმა სტალინმა მოისურვა მანქანით წასულიყო თბილისის რაიონში (ასე წერია ორიგინალში – ავტორი) მთის ფერდობებზე შეფენილი საქართველოს პარტიული და საბჭოთა ელიტის მდიდრული აგარაკები რომ იხილა, სტალინმა ჯუღას უთხრა: “სამას წელს ებრძოდა ქართველი ხალხი ფეოდალებს. უნდა ამოიძირკვოს ნარი“. სტალინი ჯუღას და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების ახალ მინისტრს აძლევს მითითებას: „ეძებეთ დიდი მეგრელი“ (რასაკვირველია, დიდ მეგრელში ის ბერიას გულისხმობდა – ავტორი). ნიკოლაევმა გაიხსენა ფრაზა, რომელიც ბერიას მერკულოვთან საუბარში წამოსცდა და შემდეგ სტალინის ყურამდე მივიდა: „ფრთხილად იყავი. სტალინის ბიჭების ხელში თუ ჩავვარდით, მკვდრების შეგვშურდება: ჩინგის ყაენისამებრ, ცოცხლად გაგვატყავებენ“. ჯუღას მიაჩნდა, რომ მერკულოვი ფლობდა მნიშვნელოვან ინფორმაციას ბერიას საქმიანობაზე და სტალინს მიმართა წინადადებით, მერკულოვი აქტიურად დაეკითხათ, მაგრამ უარი მიიღო. მაშინ, მან საკუთარი ინიციატივით დააკავა მერკულოვი და დაჰკითხა. ჯუღას ყურადღებას იპყრობს ბერიას თხოვნა მერკულოვისა და გოგლიძისადმი, სტალინის პირად დაცვაში ეპოვათ ჩეკისტები, რომლებსაც სურვილი ექნებოდათ, ბებერი, ავადმყოფი პატრონი ახლით შეეცვალათ. ჯუღას წინადადებას ბერიას დაპატიმრების შესახებ სტალინმა უარით უპასუხა. ამას წყალბადის ბომბის შესაქმნელად მიმდინარე სამუშაოები შეიძლებოდა, დაემუხრუჭებინა, რომელსაც ბერია კურირებდა.
პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის თანამდებობიდან ბერიას გათავისუფლებისა და მის ადგილზე კრუგლოვის დანიშვნის შესახებ. „ბერია შეგნებულად ანაგვიანებს საქართველოს ხელმძღვანელ ორგანიზაციებს უცხო ელემენტებით. აშკარად მიმდინარეობს მზადება საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოსაყოფად. ქართველი ნაციონალისტების დასავლეთისკენ სწრაფვა განპირობებულია მათი გაუმაძღარი მისწრაფებით მომხვეჭელობისკენ. მათ მოიპარეს ფულის გარკვეული რაოდენობა, მაგრამ მის დატრიალებას, როგორც სურთ, სოციალისტური წყობის პირობებში ვერ ახერხებენ, ვერ ახერხებენ ნაქურდალი ფულის ხარჯვასაც. საქართველოში უხეშად ირღვევა საკოლმეურნეო ცხოვრების წესდება. ბევრ კოლმეურნეობაში კოლმეურნეები თითქმის არაფერს იღებენ, ყველაფერს ადგილობრივი უფროსები ართმევენ. მე რამდენჯერმე დავაყენე თქვენ წინაშე საკითხი ბერიას დაპატიმრებისა და აქტიური დაკითხვის შესახებ, მაგრამ დღემდე თქვენი სანქცია არ მიმიღია. კიდევ ერთხელ ვაყენებ საკითხს ბერიას დაპატიმრების შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ თავის ნებაზე მიშვებული, იგი ფრიად საშიშია, როგორც პოტენციური შეთქმული“, – ნათქვამია ჯუღას მიერ „ამხანაგ ივანოვისთვის“ საიდუმლოდ გაგზავნილ სპეცშეტყობინებაში. სტალინის რეზოლუცია: „ბერიას დაპატიმრება ჯერ ნაადრევია, რადგან იგი წარმატებით მუშაობს წყალბადის ბომბის შექმნაზე. განაგრძეთ მისი დამუშავება და თვალი არ მოაცილოთ. რაც შეეხება სხვა პირებს, ვინც თქვენს შეტყობინებაშია ნახსენები, გულდასმით შემოწმების შემდეგ, მათი დაპატიმრებისა და დაკითხვის ნებას გრთავთ. ბოსტანი დროზე უნდა გაიმარგლოს. საქართველოში ახალი წმენდის ჩატარების ნებას გრთავთ“. ბერიას ყოფილმა საყვარელმა, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს პირველი მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა – ვარდო მაქსიმალიშვილმა, რომელიც პარიზში იყო მივლინებული, ქართული ემიგრაციის დღეების გასაშუქებლად, სამშობლოს უღალატა. არის მეგრელთა იმ შეთქმულების აქტიური მონაწილე, რომელსაც უნდა მოემზადებინა საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფა და ამ ტერიტორიაზე ბურჟუაზიული სახელმწიფოს შექმნა. როცა აბაკუმოვმა ბერიას შეატყობინა მაქსიმალიშვილის დაპატიმრება, მან „ჩაისვარა“. 1952 წელს აგრეთვე დააპატიმრეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი – რუხაძე, რომელიც სტალინის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილეობდა.
ბერიაზე საქმე-ფორმულარის გახსნის საფუძველი გახდა ეჭვი, რომ ის ინგლისის აგენტია, შემდეგ თითქოს ნიუ-იორკის ანტისაბჭოთა ცენტრმა გადაიბირა იმ მიზნით, რომ დროთა განმავლობაში, როცა პარტიასა და სახელმწიფოს უმაღლეს პოსტს მიაღწევდა – სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო, საბჭოთა კავშირში აღედგინა კაპიტალიზმი, მიეღწია მისი დაშლისთვის და გადაექცია იგი მეორეხარისხოვან ქვეყნად, განვითარებული კაპიტალისტური დასავლეთის დანამატად. ბერიასა და მისი უახლოესი გარემოცვის აგენტურულ-ოპერატიული დამუშავების დროს, დადგინდა მისი მთელი რიგი კავშირები, რაც უეჭველი ოპერატიული ინტერესი იყო. ბერიას სახლს მოსკოვში, კაჩალოვის ქუჩაზე რამდენჯერმე ესტუმრა მოსკოვში ამერიკის სამხედრო ატაშეს თანაშემწის – ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლის ცოლი. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაცვის სამმართველოსგან ბერიაზე მისი პირადი დაცვის უფროსად მიმაგრებულმა პოლკოვნიკმა სარქისოვმა, რომელიც ამხანაგ სტალინის პირადი ბრძანებით ახორციელებს ბერიაზე ყოველდღიურ თვალთვალს, მოგვახსენა, რომ არ იცოდა, თუ ეს ქალი, რომელსაც ინტიმური მიზნებისთვის იყენებდა ბერია როგორც ჩვეულებრივ მეძავს, ამერიკელი დიპლომატის ცოლი იყო. სარქისოვმა ეს ქალი გაიცნო მოსკოვის სტოლეშნიკოვის შესახვევში და პირადად მიიყვანა ბერიასთან სახლში. პოლკოვნიკ სარქისოვის პატაკიდან: „ბერიას ასობით ქალი ჰყავს, ყველა მოსახვევში, ყველა ქუჩაზე. სპეციალურად დადის მანქანით მოსკოვის ქუჩებში, განსაკუთრებით გორკის ქუჩასა და სტოლეშნიკოვის შესახვევში, ეძებს ლამაზი გარეგნობის ქალებს. მე და დაცვის სხვა თანამშრომლებს გვაიძულებს, გავიგოთ ამ ქალების გვარები და მისამართები. შემდეგ გაეცნობა მათ, მიჰყავს თავისთან სახლში და ცხოვრობს მათთან. მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა არასრულწლოვან, მეშვიდეკლასელ გოგონასთან, რომელმაც მისგან ბავშვი გააჩინა და ამჟამად დედამისთან ერთად ერთ-ერთ სახელმწიფო აგარაკზე ცხოვრობს. სხვა ბავშვებს, რომლებიც ქალებთან მრავალრიცხოვანი კავშირების შემდეგ იბადებიან, ბავშვთა სახლში გზავნის. 1943 წელს კავკასიაში სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნისას შემთხვევითი სქესობრივი კავშირები ჰქონდა მეძავებთან, რის შედეგადაც ათაშანგით დაავადდა“. გარკვეულ ინტერესს იწვევს ბერიას ცოლის კავშირებიც, რომლებიც მას დამყარებული აქვს პარიზში ქართული ემიგრაციის წარმომადგენელთან. ბერიას ცოლს, ნინა გეგეჭკორს მიმოწერა აქვს პარიზში ბიძამისთან, თავად ევგენი გეგეჭკორთან. პარიზიდან ბერიას ცოლისთვის გამოგზავნილ წერილებში კი, ის სწერდა: „დროდადრო, ბევრი რამის მიუხედავად, რაც ერთმანეთისგან გვყოფს, შენი ბებერი ბიძისადმი ყურადღებას მაინც იჩენ“. ბერიას ცოლის წერილები გეგეჭკორისადმი პარიზში არ აღმოჩნდა. შესაძლებელია, ადრესატი მათ წაკითხვისთანავე ანადგურებდა.
ბერიას დაპატიმრების შესახებ მორიგ წინადადებაზე ჯუღამ სტალინისგან კვლავ უარი მიიღო. უკიდურესად განაწყენებულმა ჯუღამ, რომელიც მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ სტალინის სიცოცხლეს ბერიას მხრიდან საშიშროება ემუქრებოდა, თავზეხელაღებული ნაბიჯი გადადგა. გადაწყვიტა, სტალინის დაუკითხავად, თვითმკვლელობის ინსცენირებით მოეკლა ბერია. სარქისოვის მეშვეობით ჯუღამ ხელთ იგდო ბერიას კუთვნილი პისტოლეტი და შეხვდა თავის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომლის ფსევდონიმი „ლილიანი“ იყო და საოცარი სილამაზით გამოირჩეოდა. ოცი წლისამ შესანიშნავად იმუშავა პოლონეთში, უკრაინასა და ლიტვაში, მინიჭებული ჰქონდა სახელმწიფო უშიშროების კაპიტნის წოდება. ჯუღასა და „ლილიანის“ მრავალწლიანი კავშირის შესახებ მხოლოდ ლავროვმა იცოდა. ჯუღა „ლილიანს“ ოპერეტის თეატრთან შეხვდა, ბერიას პისტოლეტი გადასცა, რომელიც საქაღალდეში იყო ჩადებული და ბერიას ლიკვიდაციის დავალება მისცა. დაგეგმილი იყო: სტოლეშნიკოვის შესახვევში „ლილიანს“ ჯუღას აგენტი და ბერიას დაცვის უფროსი სარქისოვი უნდა შეხვედროდა და ბერიას სახლში წაეყვანა. როცა ბერია „ლილიანს“ შეუჩნდებოდა, ქალს პირდაპირ საფეთქელში უნდა ესროლა მისთვის. შემდეგ პისტოლეტი ბერიასთვის მარჯვენა ხელში ჩაედო და სახლიდან წასულიყო. 20 საათსა და 30 წუთზე „ლილიანმა“ ჯუღას დაურეკა და უთხრა, რომ სარქისოვი სტოლეშნიკოვის შესახვევში შეხვედრაზე არ მოვიდა. როგორც შემდეგ გაირკვა, სარქისოვმა გამოიყენა სტალინის მიერ მიცემული უფლება – განსაკუთრებულ შემთხვევაში მისთვის დაერეკა. მან სტალინს ჯუღას ოპერაციის შესახებ მოახსენა. პოსკრებიშევმა ჯუღას დაურეკა და სტალინის ბრძანება გადასცა – სასწრაფოდ გამოცხადებულიყო მასთან ახლო აგარაკზე ვოლონსკოეში. ასეთი განრისხებული და აღშფოთებული სტალინი ჯუღას არასდროს ენახა.
– როგორ გაბედე ჩემი ნებართვის გარეშე გადაგეწყვიტა ბერიას ლიკვიდაცია, თანაც, ასეთი ბანდიტური საშუალებებით? ნუთუ მართლა არ გესმის, რომ პოლიტბიუროს წევრების ლიკვიდაცია არ შეიძლება სასამართლოს გარეშე, თანაც მხოლოდ ეჭვების საფუძველზე? შენ და ლავროვს არ გაქვთ არც ერთი სარწმუნო ფაქტი, რომელიც ბერიას ღალატს დაადასტურებდა. განა დაგავიწყდა, რომ სწორედ ბერიას ხელმძღვანელობით შეიქმნა ატომური ბომბი?
– თქვენი ხელმძღვანელობით, ამხანაგო სტალინ, – შეეპასუხა ჯუღა.
– რა მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად ამისა, ატომური ბომბის შექმნაში ბერიას წვლილი ძალიან დიდია. თუ ბერია მართლაც არის დამნაშავე, მას გაასამართლებს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგია. ჯუღამ მოინდომა რაღაცის თქმა, მაგრამ სტალინმა არ მოისურვა მისი თავის მართლებისა და შეპასუხების მოსმენა და დაასკვნა: ერთი სიტყვით, გათავისუფლებ სამუშაოდან. თვალით არ დამენახო, მაგრამ მოსკოვიდან არსად წახვიდე!
აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას მასალების მიხედვით