რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „სუზუკი სვიფტი“, რომელსაც ძრავის ღვედი გაუწყდა. ხომ არ დააზიანებდა ეს ავტომობილის სხვა რომელიმე დეტალს და პრობლემის აღმოსაფხვრელად საკმარისი იქნება თუ არა მხოლოდ ახალი ღვედის შეძენა და შეცვლა?
პასუხი: თქვენ კითხვა არასწორად გაქვთ დასმული. ძრავს რამდენიმე ტიპის ღვედი აქვს და ყველა მათგანი კონკრეტული დანიშნულებისაა. ზოგიერთი მათგანის გაწყვეტა ან დაზიანება ნაკლებ პრობლემურია, ზოგი კი, ძალიან სერიოზულ პრობლემებამდე მიგიყვანთ. მაგალითისთვის, თუ გაწყდა ღვედი, რომელიც გენერატორს და ამავდროულად, წყლის პომპას აბრუნებს, თქვენ კი მისი გაწყვეტა დროულად შეამჩნიეთ, (ამას მიანიშნებს ხელსაწყოების დაფაზე წითელი ნათურა, რომელსაც აკუმულატორის გამოსახულება აქვს. სწორედ ეს ნათურა აინთება), მაშინ საშიში არც არაფერია. ღვედის შეცვლით პრობლემა აღმოიფხვრება. იგივე შეიძლება, ითქვას, თუკი თქვენი ავტომობილი საჭის ჰიდროგამაძლიერებლითაა აღჭურვილი და მისი ბრუნვაში მომყვანი ღვედი გაწყდა. თუ ეგრეთ წოდებული „ზუბჩატი“ რემენი, ანუ ძრავის კბილებიანი ღვედი გაწყდა, მაშინ პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ ჟურნალის მთელი ორი გვერდი დასჭირდება დაზიანებული დეტალების ჩამოთვლას. რიგ ავტომობილებში, მაგალითისთვის, „ჰონდის“ მოდელების თითქმის 95 პროცენტში ამ ტიპის ღვედის გაწყვეტა თითქმის არაფერს დააზიანებს. უბრალოდ, მის შესაცვლელად უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ, ვიდრე გენერატორის ღვედის შეცვლისას. ავტომობილის შეძენისას ჩვენ ასეთ ნიუანსებს, რა თქმა უნდა, არ ვითვალისწინებთ და ყურადღებას არ ვაქცევთ, სანამ კონკრეტული პრობლემის წინაშე არ დავდგებით. კარგი იქნებოდა, ამა თუ იმ მოდელის შეძენამდე, ამ საქმის პროფესიონალებს მსგავს დეტალებზე ინფორმაციას თუ გამოჰკითხავთ. აქვე გეტყვით, რომ ავტომობილის ეკონომიურობა – თუ რამდენად იაფი შესანახია ის, სწორედ ასეთი ნიუანსებიდან მომდინარეობს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ნისან ზეტ 350“. ამ ავტომობილისთვის შევიძინე სპორტული ტიპის საჭე, მაგრამ მისი შეცვლის დროს აღმოჩნდა, რომ ჩემს ავტომობილს არ მიესადაგებოდა. არადა, მისი შეძენისას (საჭე საფრანგეთში ვიყიდე) მითხრეს, რომ ის უნივერსალურია და ყველა ტიპის ავტომობილზე მიდისო. შეცდომაში შემიყვანეს თუ რამეს არასწორად ვაკეთებ?
პასუხი: თქვენ არავის მოუტყუებიხართ. მართლაც არსებობს უნივერსალური ტიპის საჭე, უბრალოდ, მას დამხმარე დეტალი ესაჭიროება. ეს არის ეგრეთ წოდებული გადამყვანი, რომელიც თქვენი ავტომობილის საჭის ღერძზე დამაგრდება და მასზე დგება საჭე. თქვენ სწორედ ეს გადამყვანი გჭირდებათ და კარგი იქნებოდა თუ მას იქვე, საფრანგეთშივე შეიძენდით, რადგან საქართველოში არ მეგულება ამ კონკრეტული ავტომობილის, „ზეტ 350-ის“ გადამყვანი.