რატომ იკრძალება „მარწყვის ტუჩების“ მარტო ჭამა, რა მივაყოლოთ „თეთრ ღამეებს“ და როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი „სასანი“ სოკოთი და ნიგვზით
ახლა ყველა ცდილობს, ისე იკვებოს, რომ ზედმეტი კილოგრამები არ აკრიფოს და შვებულებაში, კურორტზე საკუთარი გარეგნობით ყურადღება მიიქციოს. სწორედ, სეზონური ხილ-ბოსტნეულით შეგვიძლია, მოვამზადოთ „ფეშენ“ საკვები, რომელიც დიეტურია და ჩვენს კულინარიულ გემოვნებასაც გაუსვამს ხაზს. ამიტომ, სომელიე თეიმურაზ ბენიძე, ისეთ კერძებს შემოგთავაზებთ, რომელიც დიეტურია, სამარხვოც, გემრიელად მისართმევიც და საზაფხულო სეზონზე მორგებულიც.
თეიმურაზ ბენიძე: ზაფხულში ადამიანის კვების რაციონი მკვეთრად იცვლება. ჯანსაღი საკვები და ხარისხიანი პროდუქტები, რომლებიც სწორედ ახლა შემოდის, ითხოვს ჩვენგან, რომ გადავიდეთ სეზონური პროდუქტების მოხმარებაზე. შემიძლია, შემოგთავაზოთ ისეთი სამარხვო კერძების რეცეპტები, რომლებიც, დიეტურია და ყველაზე „ფეშენ“ გემოვნების ადამიანსაც არ გაუჩენს პრეტენზიის გამოთქმის საბაბს. მაგალითად, ასეთი „ფეშენ“ საჭმელია, მოხარშული ლოქო თეთრი საწებლით, რომელსაც „თეთრი ღამეები“ ჰქვია და მართლაც ისეთია, ბნელ ღამეს რომ თეთრად დაგანახვებს (იცინის). მის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი კოლოგრამი ლოქო, ორი კონა ოხრახუში, ორი ცალი სტაფილო, ორი თავი ხახვი, ერთი სუფრის კოვზი ერბო, ან თუ მარხვაზე ხართ, სამარხვო ცხიმი, ერთი სუფრის კოვზი პურის ფქვილი, ერთი მეორედი ლიმონი, პილპილი და მარილი გემოვნებით. მოკლედ, ლოქო მოხარშეთ ჩვეულებრივი წესით. ერთ კოვზ ცხიმში მოშუშეთ ერთი კოვზი პურის ფქვილი, და გახსენით ორ ჩაის ჭიქა თევზის წვენში. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი სტაფილო, ხახვი, ოხრახუში, პილპილი, ლიმონის წვენი და ადუღეთ. დაჭრილი, მოხარშული ლოქო ლანგარზე დადეთ და გადაასხით ზემოდან გამზადებული საწებელი.
– ამ სამარხვო კერძს, რომელი სასმელი უხდება?
– შეგიძლიათ „თეთრ ღამეებს“ მიაყოლოთ 11 გრადუსზე ჩაციებული, თეთრი, კასრში დავარგებული ღვინო. ეს ფანტასტიკური ტემპერატურაა ამ სეზონზე თეთრი ღვინისთვის.
– სეზონური ხილისგან მომზადებული სუპები ძალიან პოპულარულია უცხოეთში და იქ დასასვენებლად ჩასულ ტურისტებს ხშირად სთავაზობენ. ხომ ვერ შემოგვთავაზებთ გემრიელი და ტკბილი სუპის რეცეპტს?
– დიდი სიამოვნებით. რადგან ახლა მარწყვის სეზონია, შემოგთავაზებთ მარწყვის სუპს. ეს ფრანგების „ფეშენ“ საკვებია და მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ღვინო, მარწყვი, პიტნის ახალი, ქორფა ფოთლები და შაქარი. ღვინო უნდა იყოს ნახევრად ტკბილი და წითელი. შაქრის ნაცვლად შეგიძლიათ ნატურალური თაფლიც გამოიყენოთ. მოკლედ, გაარჩიეთ მარწყვი, ჩაყარეთ მასში პიტნის ფოთლები, მოაყარეთ შაქარი გემოვნებით ან მოასხით თაფლი და შედგით მაცივარში დილამდე. დილით გამოიღეთ გაყინული მასა, დაასხით წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო. ოდნავ რომ გალღვება, მოათავსეთ ბუთხუზა ღვინის ბოკლებში და მიირთვით. შეგიძლიათ, ზემოდან დარიჩინი მოაყაროთ. პირადად მე, მარწყვის სუპის ჭამის დროს მიღებული სიამოვნება დიდხანს გამყვება ხოლმე. ერთ იტალიელ სტუმარს გავასინჯე მარწყვის სუპი და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, შეამჩნევდით, რაღაც მისთვის მნიშვნელოვანი რომ აღმოაჩინა. აღნიშნა კიდეც, სად არ ვყოფილვარ და ასეთი გემრიელი ხილის სუპი ჯერ არავის შემოუთავაზებია. მგონი, მომავალ მარწყვის სეზონამდე ისე ჩავტკბი, მთელი წელი არ დამტოვებს ეს გემოო (იცინის). აქვე გამახსენდა ინგლისური, თავადური დესერტი „მარწყვის ტუჩები“, რომელიც ძალიან ადვილად მზადდება და მისი მარტო ჭამა კატეგორიულად იკრძალება. „მარწყვის ტუჩების“ ჭამის შემდეგ აუცილებელია, ორმა შეყვარებულმა ადამიანმა ერთმანეთს კოცნით, კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს სიყვარული. ეს რეცეპტი შეყვარებულ წყვილზეა გათვლილი. მის მოსამზადებლად კი საჭიროა: ორი ჩაის ჭიქა მარწყვი, ერთი ჩაის ჭიქა შაქარი და ერთი სუფრის კოვზი ჟელატინი. მარწყვი გარეცხეთ და გათქვიფეთ ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ შაქარი და ამოურიეთ. ჟელატინი ჩაალბეთ ცივ ანადუღარ წყალში (1:8) მარცვლების გაფუებამდე. შემდეგ, წყალი გადაღვარეთ, ჟელატინი გაალღვეთ წყლის აბაზანაზე და შეურიეთ მარწყვის პიურეს. ჟელე ჩაასხით ფორმებში და გააცივეთ მაცივარში შედედებამდე. სუფრაზე გატანის წინ გადმოიღეთ დესერტი ლამაზ თეფშზე, ორ პორციად. ჟელეს ადვილად გადმოიღებთ თუ მის ჩასხმამდე ფორმას რამდენიმე წამი ცხელ წყალში ჩადებთ. ჟელე გააფორმეთ ნაღებით და მარწყვით. შეგიძლიათ, ზემოდან პიტნის ფოთოლიც დაადოთ და ვიზუალურად უფრო გაახალისოთ და გააფერადოთ. ასე რომ, ნუ შეჭამთ „მარწყვის ტუჩებს“ მარტო, სანამ მის კეთებას შეუდგებით, დაურეკეთ საყვარელ ადამიანს, ისიც აზიარეთ ამ სიტკბოებას და შემდეგ ორივე დატკბით ერთმანეთის კოცნით. (იცინის).
– ყველა ერიდება, რომ ზედმეტი კილოგრამები არ აკრიფოს და უნდათ ზაფხულის კურორტზე დამსვენებლებს, ხალვათად ჩაცმულმა, საკუთარი სხეულით მოაწონონ თავი. ისეთი რეცეპტიც გაგვანდეთ, რომელიც მსუბუქია, დიეტური და ზედმეტ კალორიებსაც არ შეიცავს.
– ასეთია სოკოს სალათა ნიგვზით, რომელსაც „სასანი“ ჰქვია და მას ჩინელები შეუდარებლად ამზადებენ. თუმცა, მათ არც ქართველი მზარეულები ჩამოუვარდებიან. მოკლედ, საჭირო ინგრედიენტებია: 100 გრამი დაკონსერვებული ქამა სოკო, 20 გრამი მცენარეული ზეთი, 30 გრამი სალათის ფურცლები, 100 გრამი ზეითუნის ზეთი, 30 გრამი 3-პროცენტიანი ძმარი, 10 გრამი მარილი, 50 გრამი გატარებული ნიგოზი და 30 გრამი მწვანილი. დაჭერით წვრილად და გრძლად სოკო და შეწვით მცენარეულ ზეთში. დაუმატეთ წვრილად და გრძლად დაჭრილი სალათის ფურცლები. შეკაზმეთ ზეითუნის ზეთით, ძმრით, ნიგვზითა და მარილით. მზა სალათა მორთეთ მწვანილით და ნიგვზის მთელ-მთელი ლებნებით. აქვე გეტყვით ერთი მამაპაპური კერძის რეცეპტს, ეს არის კარტოფილის ყაურმა და ისიც დიეტურია. მისთვის საჭიროა: 1 კილოგრამი კარტოფილი, 5-6 თავი ხახვი, 3-4 ცალი კვერცხი, 4-5 კონა ქინძი, 4 სუფრის კოვზი ერბო და მარილი გემოვნებით. მოკლედ, წვრილად დაჭერით ხახვი, ჩათუთქეთ ერბოში, ხახვი რომ დარბილდება და არა გაწითლდება, ჩაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი. დაასხით იმდენი წყალი, რომ შიგთავსი დაიფაროს და მოიხარშოს. ხარშვის დროს ჩაუმატეთ მარილი, დაკეპილი ქინძი, შემდეგ დაასხით ათქვეფილი კვერცხი და წამოდუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან. რადგან მამაპაპურ და ქართულ კერძებზე ვსაუბრობთ, შემოგთავაზებთ კიდევ ერთ რეცეპტს, რომელიც მართლაც გემრიელი, უცხო და ნამდვილი საზაფხულო სალათაა. ეს არის უძველესი ქართული კულინარიული რეცეპტით მომზადებული სალათა „ყიყლიყო“. მისთვის საჭირო ინგრედიენტებია: 60 გრამი ქათმის მოხარშული რბილობი, 40 გრამი ყველი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 30 გრამი ზეთისხილი, 1 ცალი პომიდორი, 2 სუფრის კოვზი მაიონეზი, მარილი გემოვნებით, 10 გრამი ოხრახუში და კამა. ქათმის რბილობი დაჭერით წვრილად და გრძლად, ყველი გახეხეთ, კვერცხი კი დაჭერით. ქათამი, ყველი და კვერცხი გვერდიგვერდ მოათავსეთ და კარგად შეატყუპეთ, რომ მათ შორის ადგილი არ დარჩეს. მოაყარეთ მარილი და შეანელეთ მაიონეზით. პომიდორი დაჭერით ოთხკუთხედებად და დაუმატეთ დარჩენილი მაიონეზი. სალათა ჩადეთ სასალათე ჭურჭელში და ზემოდან მოასხით მაიონეზით შენელებული პომიდორი, მოაყარეთ ზეთისხილი და მწვანილი. ეს სალათა დილით უნდა ჭამოთ, მთელი დღე თავს მსუბუქად და ენერგიულად იგრძნობთ.
– ვინც იამაიკური სამზარეულო დააგემოვნა, ყველა აღნიშნავს, რომ იქაური რეცეპტით მომზადებული თევზი უგემრიელესია. როგორ მოვახერხოთ მისი მომზადება სახლში და რა არის ამისთვის საჭირო?
– იამაიკური „ზიტო“, რომელიც თევზითა და კომბოსტოთი მზადდება, მართლაც უგემრიელესი და ეგზოტიკური, ცხელი სეზონის ყველაზე გამორჩეული საკვებია. მისთვის დაგჭირდებათ: 400-600 გრამი ახალი თევზი, 1 კილოგრამი კომბოსტო, 2 სუფრის კოვზი ტომატ-პიურე, 2 თავი ხახვი, 2 ცალი მჟავე კიტრი, 1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, 1 სუფრის კოვზი დანაყილი ორცხობილა და 2 სუფრის კოვზი ცხიმი. ცხიმში მოთუშეთ ნედლი ან მჟავე კომბოსტო. თევზი უძვლოდ დაჭერით 40-გრამიან ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ხახვთან ერთად ცხიმიან ტაფაზე. შემწვარი თევზი ხახვთან ერთად ჩააწყვეთ ქვაბში, დაამატეთ ტომატ-პიურე, გაფცქვნილი და თხელ ნაჭრებად დაჭრილი მჟავე კიტრი, დაასხით ნახევარი ჭიქა ბულიონი ან წყალი, ქვაბს დაახურეთ და 15-20 წუთის განმავლობაში ხარშეთ. აიღეთ ღრმა ტაფა, ზედ დადეთ მოხარშული კომბოსტოს ნახევარი, დააწყვეთ ზედ თევზი თავისი საკაზმითა და საწებლით. ზემოდან დააყარეთ დანარჩენი მოთუშული კომბოსტო, დანით შეასწორეთ, მოაყარეთ დანაყილი ორცხობილა და შედგით ჰაერღუმელში. მაგიდასთან მიტანისას, გამზადებულ კერძს ზემოდან მოაყარეთ დაკეპილი კამა, მწვანე ხახვი, დაჭრილი კიტრი, მოხარშული ჭარხალი, ზეთისხილი და სხვა თქვენთვის საყვარელი სეზონური ბოსტნეული. გასინჯეთ იამაიკურად მომზადებული „ზიტო“ და დარწმუნდით, რომ კულინარის ფანტაზიას საზღვარი ნამდვილად არ აქვს.