რა ოცნებები დაემსხვრა თავზე ერთ დღეში რატი დურგლიშვილს და სად დატოვეს ერთ წამში სულები მან და მაკა ზამბახიძემ
ამ ორმა ადამიანმა ერთმანეთისგან ინტერვიუ მაშინ აიღო, როდესაც „ახალი ტალღის“ მოსაგებად ემზადებოდნენ. მას შემდეგ რატი დურგლიშვილისა და მაკა ზამბახიძის ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, რაზე საუბარიც ორივე მათგანმა ძალიან სერიოზულად დაიწყო და შემდეგ კი, ის ხუმრობაში გადავიდა.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია
მაკა ზამბახიძე
– რატი, სამი წლის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს... (იცინიან). პირველად ამ ინტერვიუს ჩაწერა მოგვიწია, როდესაც იურმალაში მივდიოდით, გადარეულები და აჟიტირებულები ვიყავით ორივე, უზომოდ ბედნიერები. მინდა, შენი თავი გაიხსენო, როგორი იყავი მაშინ, რას ფიქრობდი, რა გეგმები გქონდა, რა ემოციებით იყავი?
– შენს გამოჩენამდე ბარში ვმუშაობდი და საკმაოდ დატანჯული ვიყავი. დატანჯული რა, უზომოდ მიხაროდა, რომ საყვარელი საქმის კეთების საშუალება მქონდა, მაგრამ ღმერთმა იმისთვის მოგვცა ნიჭი, გასაქანი, სურვილები, რომ წინ და წინ წავიდეთ. ეს წინსვლა კი, პრაქტიკულად, არ იყო. „იურმალამდე“ ბავშვი ვიყავი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელსაც სრულიად ელემენტარული რაღაცეები უხაროდა, თუნდაც რომელიმე ცნობილი და კომპეტენტური მომღერლის კომპლიმენტი, შექება. უზომოდ გვიხაროდა ყველაფერი. მახსოვს, რესტორან „მატრიოშკაში“ ჩვენი სიმღერა, სადაც ხალხი ფეხზე ადგა. ამის შემდეგ ერთი კვირა ყველაზე ბედნიერები ვიყავით. დავდიოდი და არ მჯეროდა, რომ ჩვენი ოცნება ახდა და ხალხს მოეწონა ის, რასაც ვაკეთებთ. ხალხის სიყვარული იყო ჩვენი მთავარი მიზანი და ამას მივაღწიეთ.
– თუმცა, ამ კონკურსის მოგებამ არ მოიტანა ის შედეგი, რომელიც ჩვენ და ძალიან ბევრ ადამიანს უნდოდა.
– ისე ჩანდა, რომ ეს კონკურსი ძალიან უბრალოდ, მოკლე დროში მომზადების შედეგად მოვიგეთ, სინამდვილეში, ჩვენ ორივემ ვიცით, ეს რა შრომის და საქმისადმი როგორი სიყვარულის შედეგად მოხდა. უდიდესი მიზანი გვქონდა და ამას მივაღწიეთ. ერთი შემიძლია, ვთქვა, მართლა მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისა, რისთვისაც საქართველოში მომღერალს შეეძლო მიეღწია. იმის იქით აღარ არის. იმ წლებში „იურმალა“ ყველაზე პოპულარული იყო და მართლა ბედნიერი ვარ, რომ ეს სიხარული მოვუტანეთ ადამიანებს.
– ხასიათი თუ შეგეცვალა ამ დროის განმავლობაში?
– ერთადერთი, რაც შეიცვალა – საქმეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდები, უფრო მეტი ადამიანის აზრს ვითვალისწინებ. ადრე ასე არ იყო. მაგრამ, ეს ყველაფერი საშინლად დამღლელია. დღის განმავლობაში უამრავ ადგილას მიწევს მისვლა, უამრავი საქმის კეთება, რაც მღლის და ამ ბოლო დროს ვამჩნევ, რომ სულ უენერგიოდ და დაღლილი ვარ. სიყვარული იგივე დამრჩა – მეგობრები, ადამიანები ისევ ისე მიყვარს. მაგრამ, აი, ისეთი მარტივი რაღაცეები მართლა აღარ მახარებს, რაც ადრე მახარებდა. რატომ მოხდა ასე, მართლა არ ვიცი. ერთი პერიოდი ისე ვიყავი, არანაირი შთაგონება და ფანტაზია არ მქონდა შემოქმედებისთვის. ვეღარც სიმღერებს ვწერდი, ვეღარც ვმუშაობდი ისე, როგორც საჭირო იყო, თითქოს სულიერად გამოვიფიტე. როდესაც რაღაც კონკრეტული ოცნება, მიზანი გაქვს და იმას აღწევ, მერე ცოტა ხნით იკარგები, არ იცი, რა აკეთო, რისკენ წახვიდე. ერთგვარად სივრცეში დავიკარგე. რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, ღამეები არ მეძინა და საკუთარ თავს წარმოვიდგენდი – ეს იყო „იურმალის“ სცენა და საქართველოს წარმატება... ეს ამიხდა.
– მიზნის მიღწევის გზა მგონი, უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე მომდევნო პერიოდი...
– კი, აბსოლუტურად გეთანხმები. ეს ბევრად უფრო საინტერესო და სასიამოვნო პერიოდი იყო. ამას მოჰყვა გამარჯვების ეიფორია, უდიდესი სიხარული და მერე სიცარიელე, როდესაც მართლა აღარ ვიცოდით, რა გვეკეთებინა. დღესაც ვერ ვფიქრობ, რა გავაკეთეთ. იგივენაირად განვაგრძე ცხოვრება, იგივე მეგობრები მყავს და ძალიან ბევრ ადამიანს ვუყვარვარ, ისევე როგორც მე მიყვარს და ეს მაძლევს ძალას. მიხარია, რომ ბევრი საქმეც გამოგვიჩნდა.
– ამაზე მეც მინდა ვთქვა... შენ კარგად იცი, როგორ ვოცნებობდი სცენაზე. მთელი ბავშვობა მეტზე არაფერზე მიფიქრია. წარმოდგენილი მყავდა საკუთარი თავი აბრჭყვიალებულ სცენაზე. ოცდაოთხი საათი სიმღერაზე დავდიოდი, სკოლაშიც ნიშნებს ამის გამო მიმატებდნენ. არ გვინდა შენი გაკვეთილები, ოღონდ იმღერეო. ღმერთის წყალობით, ამიხდა ეს ოცნება. ვდგავარ სცენაზე, ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს, ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად. ველოდი ამ ყველაფერს და ახდა. თუ, ვთქვათ, ჩვენ გამარჯვებას კიდევ უფრო დიდი ამბები მოჰყვებოდა, წავიდოდით და სხვა ქვეყნის შოუ-ბიზნესში ყველაფერი ლანგარზე მორთმეული გვექნებოდა, ეს უკვე ფუფუნება იქნებოდა. ხელს არ გავანძრევდით და ყველაფერი მოგვივიდოდა. მანამდე რაც იყო, ყველაფერს ტვინს ვასხამდით, იმდენს ვშრომობდით.
– არა რატომ?! ფუფუნებაში ტყუილად არავინ გაცხოვრებს. პირიქით, იქ გაცილებით მეტი შრომა მოგიწევდა. ოცდაოთხი საათი ტურნეებში, კონცერტებზე და სხვა.
– შენზე იქ იმდენად ზრუნავენ, ეს აღარ გღლის. შემოქმედებითადაც კი თავისუფალი ხარ – არც ამაზე ხარჯავ ენერგიას, რადგან ვერ ჩაწერ იმას, რაც შენ გინდა. რუსულ ესტრადაზე შენს ბლუზებს და სოულებს ვერ ჩაწერ, ვიმღერებდით იმას, რასაც მასა მღერის. კარგი იქნებოდა, მაგრამ არ ახდა, ვეღარაფერს ვიზამთ. ჩვენი უდიდესი ოცნება და სურვილი რა იყო, რომ დუეტ „ჯორჯიას“ ჰქონოდა საავტორო სიმღერა, რომელიც ჰიტი გახდებოდა. გავაკეთეთ „ესა-მესა“, რომელმაც ასევე უდიდესი სიხარული მოგვიტანა. კარგი, კითხვაზე გადავიდეთ, ამბობენ შოუ-ბიზნესი დაუნდობელია, ვიღაცამ შეიძლება გამარჯობა არ გითხრას...
– შოუ-ბიზნესში არა, მაგრამ ხშირ შემთვევაში უცნობ ადამიანებს რომ ვესალმები, ისინი არ მეუბნებიან გამარჯობას.
– ანუ, ამ სამყაროში დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოიყურები. თუ შეიცვალე, დაიხვეწე ამ მხრივ?
– ჩაცმულობა, ფული და მსგავსი რაღაცეები ჩემთვის პირველ პლანზე არასდროს ყოფილა – ეს მინდა, თავიდანვე ვთქვა. რაც შეეხება ჩაცმას, შენ ყოველთვის ძალიან მოწესრიგებულად და ლამაზად იცვამდი. მე ვცდილობ, ზედმეტად არ დავიღალო თავი ამაზე ფიქრით. შეიძლება, შორტებით გავიდე სადღაც შეხვედრაზე...
– მე ვიტყვი, რომ საკმაოდ დაიხვეწე და გაიზარდე. როდესაც გაგიცანი, უფრო ისეთი იყავი – ჩაჩაჩული შარვლით, ხუჭუჭი თმით. ვერასდროს წარმომედგინა, თუ კლასიკურ პიჯაკს მოირგებდი. ახლა უკვე ყველანაირ სტილს ირგებ. შეხედე, რა აცვია, რაღაც „მულტიკები“ ახატია გულზე.
– ჩაცმა მე თვითონ მანიჭებს სიამოვნებას და ყოველთვის ვიცვამ იმას, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ და არა იმისთვის, რას იტყვიან, ან როგორ შეაფასებენ ჩემს ჩაცმულობას. ხანდახან მაქვს ეს ინფანტილური მომენტები, (იცინიან). ბავშვური რაღაცეები მომწონს.
– უნდა მოვყვე. (მე მომმართავს – ავტორი) გუშინ „ლაგუნაზე“ რატი რეზინის სათამაშო კვატით მოვიდა. კვატს ხელს რომ უჭერდი, თვალები ზემოთ უხტებოდა და ატრიალებდა. ერთი გოგო ეკითხება, ეს სახლიდან წამოიღეო? რატი გაოგნებული უყურებდა, არა, აქ რომ შემოვდიოდი, მაშინ ვიყიდეო.
– მართლა, თავიდან ბოლომდე ბავშვობაში ვარ ჩარჩენილი. იცი, რა? ვფიქრობ, თუ რაღაცას ცოტა ბავშვურად, ანუ არარეალურად შეხედავ, გაცილებით უკეთ იქნები. „იურმალის“ შემდეგ ბევრი რაღაც ისე მივიღე, როგორც არის, შევეჯახე რეალობას და დაიმსხვრა ჩემი ვარდისფერი სათვალე. ამან ძალიან ცუდად გამხადა. ახლა ისევ ბავშვურად დავიწყე ყველაფრის აღქმა, იმის, რაც ჩემს პირად ცხოვრებას ეხება. ყველაფერს იოლად ვუყურებ, ნაკლები პრობლემა მაქვს, თითქოს.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია რატი დურგლიშვილი
– ამ სამი წლის განმავლობაში ერთად ძალიან ბევრი რაღაცის გადატანა მოგვიწია. ოჯახის წევრებს არ აქვთ ამდენი საერთო, რაც ჩვენ. რომელი იყო, შენი აზრით, ყველაზე რთული და კრიტიკული პერიოდი ჩვენს ურთიერთობაში? ჩემთვის ასეთი იყო ის მონაკვეთი, როდესაც „იურმალის“ შემდეგ ყველა გეგმა თავზე ჩამოგვემსხვრა. იმდენი ცუდი ამბავი მოხდა, რომ საკუთარ თავზე აღარც ვფიქრობდით, მაგრამ მერე გავაცნობიერეთ, რომ ერთ დღეში ყველაფერი დამთავრდა.
– ეს დუეტისთვის უფრო რთული პერიოდი იყო. საშინელი სტრესი მივიღეთ, შენ თითქოს დეპრესია დაგეწყო, არც მე ვიყავი კარგად...
– მაგრამ სივრცეში ისე დავიკარგე, რომ ჩემზე უფრო ზრუნავდი.
– ჰო, ანუ დუეტისთვის დადგა რთული პერიოდი. ჩვენს ურთიერთობაში ყველაზე კრიზისული იყო პერიოდი, როდესაც გავთხოვდი. კამათები და რაღაცეები სულ იყო, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი, ვერანაირი კამათი და ჩხუბი ვერაფერს დააკლებდა ურთიერთობას. რომ გავთხოვდი, ამ პერიოდს ბევრი რაღაც დაემთხვა, რუსეთში ვერ წავედით, ერთმანეთს იმდენ დროს ვეღარ ვუთმობდით. ორივეს გვყავს მეგობრები, მაგრამ ისეთი, როგორიც ერთმანეთისთვის ვართ, არა. ამიტომ, მესმის, რატომ გაგიჭირდა ეს მომენტი. რამდენიმე თვის შემდეგ ეს ყველაფერი დამთავრდა და მოგვარდა.
– იცი, რა მომწონს შენი, ყოველთვის ძალიან მყარად დგახარ მიწაზე, როგორ ახერხებ ამას?
– ასეთი მაგარიც არ ვარ. პირიქით, ასეთ რაღაცეებში ძალიან დებილი ვარ. უბრალოდ, ყოველთვის მოვლენების მიმდინარეობას ველოდები, რაც ხდება იმაზე მეტს წინასწარ არ ვფიქრობ, გეგმებს და ოცნებებს არ ვადგენ, რომ მერე ერთნაირად არ ჩამომემსხვრეს თავზე. ეს არ ნიშნავს, რომ დღევანდელი დღით ვცხოვრობ, უბრალოდ არსებულს ვეგუები და ვცდილობ, მასში კარგი დავინახო. თან, საშინლად არ მიყვარს მომავალზე ლაპარაკი. რაც წინასწარ დამიგეგმავს, სრული კრახით დასრულებულა. სულ ელემენტარულიც კი, დღეს თუ ვიტყვი, ხვალ აუზზე წავალ-მეთქი, აუცილებლად საშინლად იწვიმებს. ასე მაქვს დაცდილი. იურმალაშიც იმიტომ დავდიოდი და ვამბობდი, არ გავიმარჯვებთ, ვერ გავიმარჯვებთ და შენ პირიქით, გჯეროდა.
– რაიმე თილისმა თუ გაქვს მაკა, რომელსაც სულ წარმატება მოაქვს შენთვის?
– ერთადერთი, იურმალაში მქონდა ბეჭედი, რომელიც სამივე დღეს მეკეთა. სულ ვამბობდი, სადმე საპასუხისმგებლო კონცერტი რომ მექნება, ამ ბეჭედს გავიკეთებ-მეთქი. ასე მგონია, როგორც იურმალაში ვიმღერე კარგად, ისე ვიმღერებ მერეც-მეთქი. დამთხვევებს, სიმბოლოებს უფრო ადრე ვაქცევდი ყურადღებას, ახლა ნაკლებად. „იმედის ტალღის“ დროს ჩემი მამიდაშვილი თუ მიმყავდა, სულ მაღალ ქულებს ვიღებდი.
– დაბალი როდის მიიღე?! დაბალი ქულები არასდროს მიგიღია.
– მეორე „იმედის ტალღაში“, წყვილები რომ ვღეროდით, პირველივე გამოვვარდი ჩემს მეწყვილესთან ერთად.
– მეორე მე. (იცინიან) ძალიან სასაცილოები ვიყავით. სულ ვსაუბრობთ, რომ უამრავი შრომა გვაქვს ჩადებული იმაში, რასაც ვაკეთებთ. რას მიიჩნევ შენ ცხოვრებაში სუფთა გამართლებად, რისთვისაც ხელი არ გაგინძრევია და უცებ – ბრახ! და ბედნიერი ხარ.
– ვაიმე, ეგეთი რაღაც, რატი, ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა. სულ „ვტანჯობ და ვწვალობ“.
– როგორ არ გაგიმართლა, ეგრე არ გათხოვდი?!
– გათხოვებაშიც თუ მე ვიწვალებდი და ვიტანჯებდი, ეგ რაღა გათხოვებაა. როდესაც თხოვდები „იმან“ უნდა იწვალოს და იტანჯოს, ეს არის განსხვავება.
– მაგას ვერ ეღირსებით (იცინიან), ცოლის მოყვანისთვისაც რომ ვიტანჯო და ვიწვალო. როდესაც ამხელა მასშტაბური რაღაცეები იგეგმებოდა, შეიძლება თვეობით ყოფილიყავი სახლის გარეთ და, სალომე ვერ გენახა. ამის თუ გეშინოდა მაშინ? შეიძლება ახლაც იყოს ასეთი ტურნე, სადაც დიდი ხნით წასვლა მოგვიწევს.
– არანაირად არ მქონია ამის შიში, თორემ ამის შესახებ შენც გეცოდინებოდა. კონცერტს და გასტროლს ისე ვართ მონატრებულები, ოღონდ იყოს... (იცინიან) არა, რეალურად ამის შიში იმიტომ არ მქონია, რომ მყავს დედა, რომელიც არ მუშაობს და შეუძლია, თავისი დრო სრულფასოვნად სალომეს დაუთმოს. ყოველთვის მშვიდად ვარ, ვიცი, რომ შვილს საიმედო ხელში ვტოვებ.
– სულ ვამბობ, შვილი რომ მეყოლება მაკასნაირად გავზრდი-მეთქი. არ არის ფათი-ფუთა დედა და ეს დიდი სიყვარულით ხდება. შვილს დამოუკიდებლობას, მარტო თავის გატანას აჩვევს. ხშირად ყოფილა, კონცერტი ან ტურნე და სალომეს მაკას სურათით დაუძინია. ბავშვს ძალიან ენატრება, მაგრამ ამ ყველაფრისგან გამომდინარე, უფრო ბრძოლისუნარიანი იზრდება.
– მართლა გამიმართლა, რომ დედაჩემი მყავს გვერდით. ბევრს ამის საშუალება არ აქვს. ასე რომ არ ყოფილიყო, ჰაერში ვიქნებოდი. დედაჩემს სამსახურისთვის თავი დავანებებინე, რომ მისთვის მიეხედა. მაგრამ, ახლა იმხელაა სალომე, უკვე მისი მარტო დატოვებაც შეიძლება.
– ერთი ამბავი უნდა მოვყვე სალომეზე. ამას წინათ რაღაც ლაპარაკმა მოიტანა და მაკამ მითხრა, გამაკოტრა ამ ბავშვმაო. (მე მომმართავს – ავტორი) თურმე ბავშვები რომ არიან ეზოში, სალომეს მაღაზიიდან ყველასთვის ნაყინი, წვენები, ჩიპსები გამოაქვს „ნისიად“ და ეუბნება, მაკა გადაგიხდისო. ამას როგორ აუკრძალავ. გავგიჟდი, ბავშვის ამ ხასიათზე, უკეთილესია. სხვათა შორის, შენც ასეთი იყავი. მახსოვს, შენი ვიდეოკამერები და რაღაცეები ახლობლებს რომ მიჰქონდათ და ალომბარდებდნენ (იცინიან). ისევ კითხვა უნდა დაგისვა, აღიარე, როგორ ეჭვიანობდი ჩემზე იურმალაში.
– (იცინიან) ესე იგი... იურმალაში ისეთი ამბავი დაგემართა ამ ვარსკვლავ გოგონებთან და ამბებთან, რომ სულ არ გაინტერესებდა, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. ხალხში გავიდა ბიჭი (იცინიან).
– გეთანხმები, ცუდად მოვიქეცი, მარტო იგრძენი თავი და დაითრგუნე. მაგრამ, მერე ხომ გადამიხადე სამაგიერო და გათხოვდი (იცინიან).
– არა, რა სისულელეა. მაშინ კი ვწუწუნებდი, მაგრამ რა უნდა გექნა?! ვაანალიზებდი, რომ მე ვერაფერს ვიზამდი და რატის შეეძლო „ეგულავა“. არ ვარ ეგეთი ტიპი, თორემ იცი, რამდენი შანსი მქონდა?! გერმანიაში, ბელორუსიაში, იტალიაში, სად აღარ მეპატიჟებოდნენ.
– ერთმა ბიჭმა ქართული სიტყვები რომ ისწავლა და ქართულად, აგიხსნა სიყვარული. ძალიან მაგარი იყო.
– ანუ, კი ვხვდებოდი, რომ ასეთი შანსი ხშირად არ გექნებოდა და სხვანაირად ვერც მოიქცეოდი, მაგრამ მაინც მეშლებოდა ნერვები. ისე, ეჭვიანობის მომენტები ახლაც მაქვს.
– გეხვეწები, ბოლოს ჩვენი საოცარ ატრაქციონებზე მოხვედრის ამბები მოვყვეთ. იურმალაში რაღაც „რაგატკაზე“ რომ დავჯექი, გახსოვს?! იმხელაზე გამისროლა, სული ქვემოთ დამრჩა. (იცინიან) რომ ავარდი მოვკვდი და რომ ჩამოვვარდი, სულის ძებნა მერე დავიწყე. ოცდახუთი სართულის სიმაღლეზე გაგდებს, მარტო ვარსკვლავები ჩანდა.
– იგივე დამემართა ათენში. ძალიან ზევით ნელა რომ ადიხარ და მერე წამში რომ ვარდები. შენ რომ ქვემოთ დატოვე სული, მე – ზემოთ. (იცინიან) აი, მართლა წამში, რომ არ დამთავრებულიყო ეს ყველაფერი, ვეღარაფერი მიშველიდა.
– აზარტული კი ვარ, მაგრამ იმ დონეზეც არა, ნახევარი ფეხი სამარეში რომ გიდგას და იქიდან ჩამოსული რომ კანკალებ.