კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ჩატარდება ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი და რატომ უნდა აარიდონ იოჰანესბურგის რამდენიმე რაიონში ვიზიტს თავი ტურისტებმა


პირველად, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, აფრიკის კონტინენტი უდიდეს საფეხბურთო ფორუმს, ფეხბურთში მსოფლიოს მე-19 ჩემპიონატს მასპინძლობს. 2004 წელს „ფიფას“ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მუნდიალის მასპინძლად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა გამოცხადდა და მას შემდეგ არ შემწყდარა „ფიფას“ კრიტიკა. კრიტიკის მიზეზი კი სამხრეთ აფრიკაში გამეფებული კრიმინოგენური ვითარება და შიდსის ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთა კატასტროფული რაოდენობაა. ამ და სხვა ფაქტების გათვალისწინებით, ჟურნალი „თბილისელები“ გთავაზობთ მცირე ექსკურსს მუნდიალის მასპინძელ ქალაქებში და ასევე შემოგთავაზებთ მასპინძელი სტადიონების მონაცემებს.

ქალაქი – იოჰანესბურგი.

მოსახლეობა – 3 200 მილიონი.

სტადიონები – „სოკერ სითი“ (ტევადობა 94 700) და „კოკა-კოლა პარკი“ (ტევადობა 62 567).

„იობურგ“, „იოზი“ და „ეგოლი“ ასე უწოდებს ადგილობრივი მოსახლეობა სამხრეთ აფრიკის უმსხვილეს ქალაქს და ქვეყნის ფინანსურ ცენტრს იოჰანესბურგს, რომელიც ოქროთი და ალმასით ვაჭრობის ცენტრია და სადაც, ყველა გარე მეტროპოლიის გათვალისწინებით, 8 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. იოჰანესბურგი გამოირჩევა იმითაც, რომ ყოველწლიურად იქ მილიონობით მიგრანტი ჩადის, ქალაქთან ახლომდებარე მთებში ყველაზე ძვირფასი ლითონის, ოქროს მოსაპოვებლად. იოჰანესბურგში დღემდეა შემორჩენილი რამდენიმე ქუჩა, რომელთაც ძველი მაღაროების სახელწოდებები აქვს. მიუხედავად ამისა, იოჰანესბურგი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქალაქია აფრიკის კონტინენტზე თავისი ცათამბჯენებითა და ელიტური რაიონებით – ბრიქსტონით და სანდტონით. თუმცა, იქ არის ასევე ერთ-ერთი ყველაზე საშიში და კრიმინალური უბნები მსოფლიოში – ჰილბროუთი და ბერეითი, სადაც 24 საათი ქაოსი სუფევს და იქ მოხვედრას უნდა მოერიდოს ფეხბურთელიც და ტურისტიც. ლოგიკურია, რომ სამხრეთ აფრიკის უმსხვილესი ქალაქი მუნდიალის ყველაზე მეტ მატჩს უმასპინძლებს. იქ გაიმართება გახსნის ცერემონიალიც და ფინალიც. ჩემპიონატის მთავარი სარბიელი „სოკერ სითი“ 94 700 ადამიანს იტევს და მისი რეკონსტრუქცია 2009 წელს დასრულდა, ხოლო „კოკა-კოლა პარკი“, რომელიც 1928 წელს აშენდა, გაცილებით ნაკლებს – 62 567 ადამიანს იტევს. თუმცა, ის ერთ-ერთ ყველაზე ძველ სტადიონად ითვლება აფრიკის კონტინენტზე. აღსანიშნავია, რომ 2008 წლამდე სტადიონს „ელის პარკი“ ეწოდებოდა. „კოკა-კოლას“ მიერ გადახდილი 65 მილიონი ევროს შემდეგ, სტადიონს სახელი გადაერქვა და ყველაზე ცნობილი უალკოჰოლი სასმელის სახელი დაერქვა. საინტერესოა, რომ 2009 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფანტასტიკური ჟანრის ფილმი „რაიონი ¹9“, რომელიც უცხოპლანეტელებისთვის დედამიწაზე აგებული სპეციალური რაიონის ისტორიაზე მოგვითხრობს, სწორედ იოჰანესბურგში გადაიღეს.

ქალაქი – კეიპტაუნი.

მოსახლეობა – 2 890 მილიონი.

სტადიონი – „კეიპტაუნი“ (ტევადობა 69 070).

მსოფლიოს ჩემპიონატამდე კეიპტაუნი სამხრეთ აფრიკის ულამაზეს ქალაქად და ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ადგილად ითვლებოდა. კეიპტაუნში მდებარეობს სამხრეთ აფრიკის პარლამენტის შენობა და მრავალი სახელმწიფო უწყება. მის მთავარ ღირსშესანიშნაობად კი კეთილი იმედის კონცხი და კეიპპოინტი ითვლება. კეიპტაუნი, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებთან შედარებით, უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს და სუეცის არხის გახსნამდე ის ყველა ხომალდისთვის მეგზური ქალაქი იყო, რომელიც ევროპიდან აზიის მიმართულებით მიცურავდა. კეიპტაუნში ყოველთვის შავკანიანები დომინირებდნენ. აპარტეიდის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, ქალაქში ვიჩის, შიდსის ინფექციებმა იფეთქა, ხოლო კრიმინოგენურმა ვითარებამ კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია. გარდა იმისა, რომ მიმზიდველია ტურისტებისთვის, კეიპტაუნი აფრიკის სამედიცინო ცენტრადაც ითვლება. სწორედ აქ, 1967 წელს გრუთ შუთის ჰოსპიტალში ჩატარდა გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია მსოფლიოში. ყველაზე აღსანიშნავი კი ის არის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პერიოდში კეიპტაუნი სტუმრებს შედარებით გრილი ამინდით შეხვდება. ახლა იქ ზამთარია და დღიური ტემპერატურა მაქსიმუმ 25 გრადუსს აღწევს. რაც შეეხება სტადიონს, 69 070-იანი ტევადობის „კეიპტაუნი“ ძველი „გრინ პოინტის“ ადგილას აშენდა, რომელიც 2007 წელს დაანგრიეს. სტადიონი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური ინჟინრული მიდგომების გამოყენებით არის აშენებული. ის მუნდიალის უმნიშვნელოვანეს მატჩებს უმასპინძლებს. სხვათა შორის, ჰოლანდიის ნაკრებს, რომელიც „კეიპტაუნზე“ კამერუნს შეხვდება, თავისი ლიდერის, არიენ რობენის თამადობით, შეუძლია, ეწვიოს ლეგენდარულ ციხეს რობენის კუნძულზე, სადაც პატიმრობაში თვით ნელსონ მანდელა იმყოფებოდა.

ქალაქი – დურბანი

მოსახლეობა – 3,5 მილიონი.

სტადიონი – „მოზეს მაბიდა“ (ტევადობა 70 000)

დურბანი – სამხრეთ აფრიკის და მთლიანად აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ქალაქია. ის არის სიდიდით მეორე და განვითარებით პირველი ქალაქი სამხრეთ აფრიკაში. გართობის მხრივ კი დურბანს ანალოგი არ ჰყავს მთელ აფრიკაში. აქ არის აუთენტიკური პარკი „შაკალენდი“, მღვიმეები ბუშმენების მოხატული ნახატებით, ოკენარიუმი – „ზღვის სამყარო“, სადაც ზვიგენების, დელფინებისა და სხვა ათასამდე სახეობის ზღვის ბინადარს შეხვდებით. დურბანშია ლუნაპარკი „მინითაუნი“ და ქალაქი ქალაქში – დურბანის და ახლო მდებარე ნაციონალური ძეგლების მინიატურული ვერსია, შესრულებული 1:25 მასშტაბით. და, რაც მთავარია, ასკილომეტრიანი სანაპირო ზოლი ინდოეთის ოკეანეზე, სადაც წელიწადში 320 დღე მზიანი ამინდია. სტადიონი „მოზეს მაბიდა“ 70 000 ადამიანზე არის გათვლილი და იერით „უემბლის“ ლეგენდარულ სარბიელს წააგავს. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დურბანიდან 55 კილომეტრის დაშორებით აშენდა ახლი აეროპორტი „კინგ შაკა“, რომელიც მოემსახურება ტურისტებს და ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს.

ქალაქი – პორტ-ელიზაბეტი.

მოსახლეობა – 1 005 მილიონი.

სტადიონი – „ნელსონ მანდელა ბეი“ (ტევადობა 44 000).

პორტ-ელიზაბეტი საპორტო ქალაქია, რომელიც ცნობილია თავისი თანამედროვე ნაგებობებით, ბირჟებით და წარმატებული ტურისტული კომპანიებით. სწორედ აქედან, 1962 წელს დაიწყო აპარტეიდის სისხლიანი პოლიტიკა, რომელმაც წითლად გადაღება მთელი სამხრეთ აფრიკა. როგორც სხვა ქალაქებში, პორტ-ელიზაბეტშიც არის რაიონები, სადაც ადგილობრივი მთავრობა ტურისტებს წასვლას არ ურჩევს. სტადიონი „ნელსონ მანდელა ბეი“ 2009 წელს აშენდა და მისი მშენებლობა 270 მილიონი ევრო დაჯდა. სტადიონის აშენებით ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ქალაქში ფეხბურთის დონე აიწევს, რადგან აპარტეიდის რეჟიმის შემდგომ პერიოდში სპორტის ამ სახეობას ყურადღებას არავინ აქცევდა. პორტ-ელიზაბეტის მოსახლეობა კი თავის სტადიონზე ისეთი დონის ნაკრებ გუნდებს იხილავს, როგორებიცაა: ინგლისი, გერმანია, პორტუგალია და კოტდივუარი.

ქალაქი – პრეტორია.

მოსახლეობა – 2 345 მილიონი.

სტადიონი – „ლოფტუს ვერსფელდი“ (ტევადობა 51 762).

პრეტორია – სამხრეთ აფრიკის დედაქალაქია და ქვეყნის სამი მეგაპოლისიდან ერთ-ერთი. სწორედ ამ ქალაქშია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საპრეზიდენტო რეზიდენცია „იუნიონ ბილდინგი“. პრეტორია ცნობილია თავისი არქიტექტურით, მუზეუმებით, ისტორიული ძეგლებით, რესტორნებით, გასართობი ადგილებით და მსოფლიოში ყველაზე გრძელი და სწორი ქუჩით – 25-კილომეტრიანი ჩერჩ-სტრიტით. სხვათა შორის, სწორედ პრეტორიაშია პროსტიტუციის ყველაზე მაღალი დონე. პრეტორია ერთ-ერთ ყველაზე „თეთრ“ ქალაქად ითვლება აფრიკის კონტინენტზე, რადგან მისი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თეთრკანიანია. სტადიონი „ლოფტუს ვერსფელდი“ უძველესია სამხრეთ აფრიკაში, ის ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში აიგო, თუმცა შემდეგ რამდენჯერმე განიცადა რეკონსტრუქცია. ამჟამად „ლოფტუს ვერსფელდი“, რომელსაც მეოცე საუკუნის დასაწყისში პრეტორიაში სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორის სახელი ეწოდა, თითქმის 52 ათასს ადამიანს იტევს. სხვადასხვა დროს აქ კონცერტები სელინ დიონსა და რობი უილიამსს გაუმართავთ. სტადიონს ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. სწორედ აქ, 1999 წელს სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა პირველად დაამარცხა ევროპული ნაკრები, ეს იყო შვედეთის ეროვნული გუნდი.

ქალაქი – ბლუმფონტეინი.

მოსახლეობა – 369 568 ათასი.

სტადიონი – „ფრი სთეითი“ (ტევადობა 48 000).

ბლუმფონტეინი – დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავარი ქალაქი და სამხრეთ აფრიკის „სამართლის დედაქალაქია“. სწორედ აქ არის განთავსებული ქვეყნის უზენაესი სასამართლო. ბლუმფონტეინში ტურისტებისთვის უამრავი საინტერესო ადგილია: ნაციონალური პარკი „გოლდენ-გეით-ჰაილდენსი“, სადაც იშვიათი ჯიშის ცხოველები და ფრინველები ბინადრობენ; ქალთა მემორიალი – ქვიშისგან გაკეთებული გიგანტური, 36-მეტრიანი ობელისკი, რომელიც ინგლისელებისა და ბურების ომის პერიოდში, საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპული 26 ათასი ქალისა და ბავშვის ხსოვნის პატივსაცემად აიგო. სწორედ ბლუმფონტეინში დაიბადა ლეგენდარული „ბეჭდების მბრძანებლის“ ავტორი ტოლკიენი. „ფრი სთეითი“ ადგილობრივი სპორტული არენაა და სპეციალურად მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ამჟამად ის 48 ათასს ადამიანს იტევს.

ქალაქი – პოლოკვანე.

მოსახლეობა – 50 000.

სტადიონი – „პიტერ მოკაბე“ (ტევადობა 46 000).

პოლოკვანე პროვინცია ლიმპოპოს დედაქალაქია და ადრე მას პიტერსბურგი ეწოდებოდა. ქალაქის ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობაა „ბაკონე მალაპა“ – მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ეს არის ტრადიციული, „ტსონგას“ ტომის სოფელი, სადაც აბორიგენები ისე ცხოვრობენ, თითქოს მეცხრამეტე საუკუნეა. პოლოკვანეს ცენტრიდან 5 კილომეტრით დაშორებული სტადიონი, აპარტეიდის რეჟიმთან მებრძოლი პოლიტიკური აქტივისტის, პიტერ მოკაბეს სახელს ატარებს და რეკონსტრუქციის შემდეგ მისი ტევადობა 46 ათასი გახდა. მის მინდორზე ისეთი ნაკრებები გააგორებენ ბურთს, როგორებიცაა საფრანგეთი, არგენტინა და მექსიკა.

ქალაქი – რუსტენბურგი.

მოსახლეობა – 395 800.

სტადიონი - „როიალ ბაფოკენგი“ (ტევადობა 42 000).

რუსტენბურგი – სამხრეთ აფრიკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პროვინცია ბოჯანალა პლატინუმის დედაქალაქია. რუსტენბურგთან ახლოს მდებარეობს კომპანია „ფრეშას მეტალ რეფინერის“ პლატინის გამამდიდრებელი 2 საწარმო, რომელიც მსოფლიოში მოპოვებული პლატინის 70 პროცენტამდე გადაამუშავებს. გარდა ამისა, რუსტენბურგში მდებარეობს თამბაქოს, ნიკელის, საკვები პროდუქტებისა და ციტრუსის გადამამუშავებელი ცენტრები და ქარხნები. ტურისტებისთვის რუსტენბურგი ყველაზე ნაკლებმიმზიდველი ქალაქია. სტადიონი „როიალ ბაფოკენგი“ ადგილობრივი აბორიგენების ტომის პატივსაცემად დაერქვა და იოჰანესბურგიდან 90 წუთის სავალზე მდებარეობს. სტადიონს რეკონსტრუქცია 2009 წელს ჩაუტარდა და 45 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა.

ქალაქი – მბომბელა (ყოფილი ნელსპრეიტი).

მოსახლეობა – 221 500.

სტადიონი – „მბომბელა სტედიუმ“ (ტევადობა 46 000).

მბომბელა იოჰანესბურგიდან 330 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ქალაქს საკვანძო ადგილი უკავია სამხრეთ აფრიკის ეკონომიკაში. აქ არის განთავსებული ქაღალდის, ხისა და ავეჯის ქარხნები. უნიკალური კლიმატური პირობების მბომბელაში საუკეთესო ციტრუსები მოდის. მბომბელაშია დინოზავრების პარკი „სანდვალა“ და ბოტანიკური ბაღი, ჰეპარდების ფერმა და ბლაიდ-რივერის კანიონი. ქალაქში მსხვილი სასტუმროების ნაკლებობაა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატისთვის რამდენიმე ასეული მცირე ზომის კოტეჯი აშენდა. სპეციალურად მუნდიალისთვის აშენდა „მბომბელა სტედიუმი“, რომლის მშენებლობა ადგილობრივი ვალუტით 1,9 მილიარდი რანდი დაჯდა. სტადიონს „მბომბელა“ ეწოდა, რაც ადგილობრივი ტომის, სვატის ენაზე ნიშნავს „მცირე მონაკვეთზე უამრავი ადამიანის თავშეყრას“. სწორედ ამ სტადიონზე გამართავს თავის ერთ-ერთ თამაშს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იტალიის ეროვნული ნაკრები.


скачать dle 11.3