რას უკრძალავენ მწვრთნელები ჩემპიონატზე ფეხბურთელებს
მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ 736-მა ფეხბურთელმა 32 მწვრთნელის მითითება უნდა შეასრულოს. ზოგი ნაკრების თავკაცი ბევრ რამეს ყურადღებას არ აქცევს და ეს ძირითადად იმათზე ითქმის, რომელ გუნდებსაც წარმატების დიდი შანსი არ აქვთ. აი, ვისაც წარმატების მცირე შანსი მაინც აქვს, იმ ნაკრებების თავკაცები ისეთ რამეებს იგონებენ, რომ ფეხბურთელები სიგიჟის ზღვარზე არიან, თუმცა, სხვა გზა არ აქვთ – თუ მუნდიალზე თამაში სურთ, მწვრთნელის ხუშტურები უნდა აიტანონ.
ყველაზე გამორჩეული ამ მხრივ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ფაბიო კაპელოა. იტალიელმა სპეციალისტმა, ექიმიდან დაწყებული, ფიზმომზადების მწვრთნელისა და თავის თანაშემწით დამთავრებული, სამწვრთნელო შტაბი მთლიანად თანამემამულე სპეციალისტებით დააკომპლექტა და ისინი დონ ფაბიოს მითითებებს უსიტყვოდ ასრულებენ. მთავარი აკრძალვა ქალებს უკავშირდება: კაპელომ კატეგორიულად მოითხოვა, რომ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა ცოლებთან თუ მეგობარ გოგონებთან ურთიერთობაზე უარი თქვან და ისინი მხოლოდ დღისით და, თან, აუცილებლად საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ნახონ, რათა სექსის დრო და შესაძლებლობა არ ჰქონდეთ. ანალოგიური აკრძალვა ბევრი ნაკრების მწვრთნელმა დააწესა, მაგრამ მათ წინააღმდეგ ბრაზილიის ნაკრების ექიმმა გაილაშქრა – მთავარი ძილია და არა სექსი, ქალებთან ურთიერთობა ხელს არავის შეუშლისო. პასუხად ნაკრების სამედიცინო შტაბმა დასკვნა დადო, სადაც წერია, რომ სექსი ძილის ხანგრძლივობაზე მოქმედებს, ესე იგი, ფეხბურთელებს პრობლემებს უქმნისო.
სექსის გარდა, კაპელომ ნაკრების მოთამაშეებს ჩიპსების ჭამაც აუკრძალა და განაცხადა, გარდა იმისა, რომ ჩიპსები მავნებელია, ისინი სუნთქვასაც უშლიან ხელსო. არადა, თურმე ფეხბურთელებს ჩიპსები ძალიან უყვართ და ეს ამბავი გააპროტესტეს, მაგრამ კაპელომ თავისი მაინც გაიტანა და ჩიპსების გარდა, მენიუდან კეტჩუპიც ამოაღებინა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, ასე რატომ მოიქცა.
უკეთეს დღეში არც ევროპის მოქმედი ჩემპიონები – ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები არიან. ვისენტე დელ ბოსკემ მოთამაშეებს არა მარტო სექსი, არამედ ინტერნეტთან ურთიერთობაც აუკრძალა – აქაოდა, ისინი „ფეისბუქში“ შეძვრებიან და ფეხბურთზე არ იფიქრებენო. საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ ფეხბურთელებს ოთახებში კომპიუტერები კი ექნებათ, მაგრამ „ფეისბუქი“ ოფიციალურად იქნება დაბლოკილი.
სამაგიეროდ, არგენტინის ნაკრების მოთამაშეებს აქვთ ზეიმი: დიეგო მარადონამ ხმამაღლა განაცხადა, ნებისმიერი შეზღუდვა ფეხბურთელებს ზედმეტად ძაბავსო და მათ სრული თავისუფლება მიანიჭა. დიეგომ ისიც თქვა, არ გავაპროტესტებ, თუ საღამოს, მატჩის შემდეგ, ფეხბურთელები თითო ჭიქა ღვინოს დალევენ და, თუ სურვილი ექნებათ, სიგარასაც გააბოლებენო.
გერმანიის ნაკრების თავკაცმა, იოახიმ ლიოვმა კი გამოაცხადა: ის ფეხბურთელი, რომელიც ალკოჰოლის მინიმალურ დოზას მაინც მიიღებს, მსოფლიოს ჩემპიონატს ვადაზე ადრე დაემშვიდობება და მას გუნდიდან, უბრალოდ, გავაგდებო. გერმანელებს იმედი ჰქონდათ, რომ ლუდს მალულად დალევდნენ, მაგრამ ლიოვმა ექიმებს დაავალა, რომ ფეხბურთელებს სისხლი და შარდი ყოველდღიურად შეუმოწმონ და მინიმალური დარღვევის შესახებაც კი აცნობონ.
იტალიის ნაკრების თავკაცმა, მარჩელო ლიპიმ კი, წინა ჩემპიონატის დარად, მენიუ პირადად შეადგინა. აუცილებელი პირობაა, რომ სადილზე ფეხბურთელებმა ქათმის თეთრი ხორცი, სალათის ფურცლები და სპაგეტი მიირთვან და ულუფა ბოლომდე დაამთავრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიპი მათ დასჯას არ მოერიდება.
თავისი „ოფოფები“ ჰყავს ჰოლანდიის ნაკრების თავკაც ბერტ ვან მავრეიკსაც. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ იგი ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელებს ბალახზე ფეხშიშველებს არბენინებს, საქმე უფრო სერიოზულადაა, როცა საუბარი ფეხბურთელების ძილს ეხება: მოთამაშეებს ძილის წინ ემოციური ფილმის ნახვა ეკრძალებათ და, როგორ გგონიათ, რომელია ემოციური ფილმი? რომელი და, ამას უშუალოდ მწვრთნელი წყვეტს – თუ ფილმი თვითონ არ აქვს ნანახი, მაშინ მას პირდაპირ „ემოციურთა“ სიაში წერს, ანუ, ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელებს მხოლოდ იმ ფილმების ნახვის უფლება აქვთ, რომლებიც მავრეიკს აქვს ნანახი და, თანაც, „ემოციურად“ არ მიაჩნია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰოლანდიელები სოსო ჯაჭვლიანის „სვანს“ ნამდვილად ვერ ნახავენ.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი, რაიმონ დომენეკი, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თანამდებობიდან მიდის და მას ლორან ბლანი შეცვლის. ამიტომ, დომენეკს შეუძლია, ბოლომდე „გაახუროს“ და ამ უფლებას იყენებს კიდეც. მან ფეხბურთელებს პრაქტიკულად ყველაფერი აუკრძალა: პრესასთან საუბარი, ნაკრების მენიუს გარდა სხვა საკვების ჭამა და... კომპიუტერზე თამაში, რადგან, სჯერა, რომ დამარცხებული ფეხბურთელი გამარჯვებულს დაემდურება და თამაშის დროს პასს აღარ მიაწოდებს.
ყველაზე უცნაურ მდგომარეობაში კი, ჩრდილოეთ კორეის თავდამსხმელი, კიმ მენ ვონია. წესითა და რიგით, ფორვარდმა შემტევ პოზიციაზე უნდა ითამაშოს, მაგრამ ვონს ესეც აკრძალული აქვს. საქმე ისაა, რომ კორეელთა თავკაცმა 23-კაციან განაცხადში მხოლოდ ორი მეკარე შეიყვანა, „ფიფას“ წესდებაში კი შავით თეთრზე წერია, რომ 23-კაციან განაცხადში მინიმუმ სამი მეკარე უნდა იყოს, რადგან განაცხადის ვადები გასული იყო, მწვრთნელი იძულებული გახდა, რომელიმე ფეხბურთელი მეკარედ დაეწერა და ეს „პატივი“ ვონს ერგო. შედეგად, ვონი მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მოედანზე ფეხბურთელის რანგში ვერ გავა და მხოლოდ კარში ჩადგომის უფლება აქვს. თავდამსხმელს კარში რომ არ ჩააყენებენ, ადვილი მისახვედრია და ამიტომ, თამამად შეგვიძლია, ვონი რიგით მაყურებლად ჩავთვალოთ.