რატომ ჩააცვა „კრიზიამ“ ქალბატონებს ტყავის ბიუსტჰალტერები
სამოდელო სახლი „კრიზია” იტალიური მაღალი მოდის გრანდებში ნამდვილად არ შედის, მაგრამ მისი დიზაინერების დახვეწილი გემოვნებისა და ყოველთვის ძალიან საინტერესო, ახალი და ორიგინალური შტრიხების წყალობით ნელ-ნელა იმკვიდრებს თავს მათ შორის. ასეა თუ ისე, „კრიზიას“ ყოველთვის აქვს საკუთარი ადგილი მილანის მოდის კვირეულზე და მსოფლიოს მოდის დედაქალაქებში – საკუთარი ბუტიკები. რაც შეეხება მოდის სახლს, მარუჩია მანდელიმ „კრიზია“ ჯერ კიდევ 1950 წელს შექმნა, როგორც ხელჩანთებისა და სამოსის დიზაინერ-მწარმოებელი ფირმა. „კრიზიას“ სამშობლო იტალიაშია, კონკრეტულად კი – ქალაქ ბერგამოში. ყოველწლიურად „კრიზია“ თავის ისედაც მრავალფეროვან წარმოებას, სადაც შედის მამაკაცის სამოსი, საცურაო კოსტიუმები, პარფიუმერია და სათვალეები, კიდევ ახალ ლეიბლებს ამატებს.
„კრიზიას“ სამოდელო სახლის მიმართულება არ არის „მოდა მოდისთვის”, როგორც ეს ხდება, ვთქვათ, „ჯონ გალიანოს“ ან „ჰუსეინ ჩალაიანის“ შემთხვევაში, ეს არის მოდა ხალხისთვის, მოდა სამოსის მოყვარულებისთვის, მოდა მათთვის, ვისაც უნდა, ყველა სეზონზე ლამაზად, თანამედროვედ და გამომწვევად გამოიყურებოდეს. „კრიზიას“ ჩვენებებში იშვიათად თუ ნახავთ ისეთ ქალბატონებს, რომელთაც „ოტ-კუტიურის“ პოდიუმებს უთმობენ – ფერმკრთალი სახე, ლურჯი პომადა, არავითარი ღიმილი და სხვა იდეური ჩანაფიქრებით სავსე. ისევე, როგორც „ბლუმარინი“, „კრიზია“ აქცენტს აკეთებს გარუჯულ, ჯანმრთელ გარეგნობაზე, რომელსაც უხარია სიცოცხლე და მზად არის მამაკაცთა გულების დასაპყრობად, მაშინაც კი, როდესაც გვერდით არაჩვეულებრივი იტალიელი მამაკაცი ჰყავს.
სწორედ ასეთი იყო „კრიზიას“ გასულ სეზონზე წარმოდგენილი 2009 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია. კოლექციაში ფერებიდან აქტუალური იყო ყავისფერი, ლურჯი, ღია კაკაოსფერი და თეთრი. ფერთა ძირითადი თამაშები გამოყენებული იყო თეთრსა და ლურჯში, ლურჯსა და ყავისფერში და ყველაზე უცნაური შეხამება სწორედ ეს იყო – ლურჯი აბრეშუმის მოკლესახელოებიანი ბლუზა და მოკლე, ყავისფერი ტყავის შარვალი. გარდა სტანდარტული ქსოვილებისა, „კრიზიას“ გამოყენებული აქვს პლასტმასის თხელი ფერადი ფირფიტები, რომლებითაც მოკლე კაბებია გაწყობილი. ამ სტილში კაბის გაფორმება წელს ძალიან აქტუალურია, ერთიანობაში ის იღებს ბრწყინვალე, საღამოს კაბის იერს, რომლითაც თავისუფლად შეგიძლიათ წახვიდეთ მაღალი დონის წვეულებაზეც კი. რაც შეეხება კიდევ ერთ, ძალიან ტენდენციურ დეტალს, რომელზეც ჩვენ სხვა მოდის სახლების შემთხვევაშიც ვისაუბრეთ – ეს არის კომბინეზონი. ასეთი ტიპის კომბინეზონები ჩვენ მანქანების ხელოსნების ან მრბოლელებისა და პარაშუტისტების ტანზე გვინახავს: ერთიანი შარვალი და ზედა, რომელიც წინ ელვა-შესაკრავით არის შეკრული, ულამაზესი იტალიელი მოდელების ტანზე არაჩვეულებრივად გამოიყურება. შარვალი მოკლეა, კოჭს ოდნავ ზევით, შარვლისა და ზედა ნაწილის გამყოფი ხაზი წელთან არ არის დაფიქსირებული, რის შემდეგაც პირდაპირ ზედა ნაწილი იწყება, რომელიც თხელ, მოკლესახელოებიან პერანგს ჰგავს. ამ სტილის კომბინეზონზე „კრიზია“ მაღალქუსლიან, ღია ფეხსაცმელს გვთავაზობს, რომელიც ბადესავით არის ფეხზე შემოტმასნილი. გარდა ამისა, „კრიზიას“ დიზაინერებმა შემოგვთავაზეს სტანდარტული, ქვევით მომდგარი, წელთან მინაკაცებიანი შარვალი, ძალიან თხელი პერანგით ან თხელი აბრეშუმის პიჯაკით, რომელიც წელთან ვიწრო ქამრით არის დაფიქსირებული.
კოლექციის დიდი ნაწილი დაეთმო მოკლე კაბებს. მათ შორის ბევრი საკმაოდ უცნაურად იყო შექმნილი: ეგრეთ წოდებული დაგოფრილი ყავისფერი ქსოვილი, ბოლომდე გაშლილი კაბა, ისე, რომ სხეულის არც ერთი ნაწილი არ არის გამოკვეთილი და კარგად დამუშავებული ტყავისგან შეკერილი კაბის მხრები ან კაბის ბიუსტჰალტერი. გარდა ასეთი უცნაური კაბებისა, „კრიზია“ გვთავაზობს ძალიან ნაზ, რძისფერი აბრეშუმის კაბებს, რომლებიც სხეულს ისე ანაზებს, ისეთ ჰაეროვან იერს აძლევს, რომ სუნთქვა გეკვრება.