რატომ თხოვდებიან ქალები მამაკაცებზე, რომლებიც არ უყვართ და რას ეძებენ მერე ისინი
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გვინდა მივიღოთ ურთიერთობისგან, როგორ ვუყურებთ იმ ადამიანთან ცხოვრებას, რომელთან ერთადაც ერთ ჭერქვეშ დიდხანს უნდა ვიცხოვროთ, საერთო ყოველდღიურობით და პრობლემებით. თუ თქვენი დამაკავშირებელი მხოლოდ სიყვარულია, მაშინ, ნუ მოითხოვთ „სრულ პაკეტს“, რადგან ყველაფერი ერთად არ შეიძლება იყოს. კეთილდღეობა, სტაბილური გარემო, ერთგული და საიმედო პარტნიორი, ზოგჯერ შეუთავსებელია „გიჟურ“ გრძნობასთან, მძაფრ ემოციებთან და ყველაფერ იმასთან, რაც ხანმოკლე, მაგრამ მძაფრ სიხარულს გვანიჭებს. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ მყარი ოჯახის შესაქმნელად ხშირად გაცილებით მნიშვნელოვანია გაწონასწორებული, მშვიდი გრძნობა და მეუღლეებს შორის ურთიერთპატივისცემა. თუმცა, ზოგიერთი ქალისთვის, როცა დრო გადის, ეს საკმარისი აღარ არის. იწყებს იმ მძაფრი ემოციის ძებნას და ოჯახის ყოფნა-არყოფნის საკითხს სასწორზე დებს. ზოგჯერ ხვდება, რომ შეცდომას უშვებს, ზოგჯერ კი, ფიქრობს, პირადი ბედნიერების სრული უფლება აქვს და გახთოვილსაც კი შეუძლია, იცხოვროს ისე, როგორც თავად მიაჩნია გამართლებულად.
ირმა (29 წლის): არც კი ვიცი, ჩემს დღევანდელ მდგომარეობას რა ჰქვია და საერთოდ, უნდა ვილაპარაკო თუ არა ამაზე. მაგრამ, რა არის, იცით, რატომღაც მგონია, რომ მარტო მე არ ვარ ასეთ დღეში. ბევრი ქალი ზუსტად იგივეს ფიქრობს და განიცდის. უბრალოდ, ამაზე არ ლაპარაკობს. ზოგს რცხვენია, ზოგი კი, დარწმუნებულია, რომ ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენი ცხოვრება ცოტა უცნაურად არის მოწყობილი. ზოგჯერ იცი, რომ ყველაფერი გაქვს ბედნიერებისთვის, მაგრამ ბედნიერებას მაინც ვერ გრძნობ. ვერ განიცდი. დედაჩემი სულ იმას მიმეორებდა, ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება კარგი ოჯახი, მზრუნველი ქმარი და ჯანმრთელი შვილებიაო. მეც მჯეროდა.
– და, ასე არ აღმოჩნდა?
– ამ კითხვაზე რომ გიპასუხოთ, ჯერ ჩემი ცხოვრების შესახებ უნდა მოვყვე. ალბათ, განსაკუთრებული და ახალი არაფერი იქნება იმაში, თუ ვიტყვი, რომ როგორც ყველა ქალი, მეც ვოცნებობდი დიდ სიყვარულზე. პაემნებზე, ყვავილებზე, რომანტიკულ კოცნაზე... მაგრამ თან დედაჩემის სიტყვებიც სულ მახსოვდა და შეიძლება, სწორედ ამიტომაც დავუშვი შეცდომა. ცოლად გავყევი ადამიანს, რომელიც არ მიყვარდა. ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხები, რატომ გავაკეთე ეს-მეთქი და მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს: დედას დავუჯერე. არჩევანი სტაბილური ოჯახისა და იმ ადამიანის სასარგებლოდ გავაკეთე, რომელიც არ მიყვარდა. ეს ხუთი წლის წინ იყო. დღეს სამი წლის შვილიც გვყავს. ჩემი ქმარი თავზე გვევლება, თვალებში კითხულობს ჩემს სურვილებს. ყველაფერს აკეთებს, რომ უზრუნველად, კომფორტში ვიცხოვროთ. არასოდეს მოუცია ჩემთვის ეჭვიანობის საბაბი. რა მინდა მეტი ხომ?! მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე მარტივად ყველაფერი. სინამდვილეში, საქმე გაცილებით რთულად არის.
– რა არის რთულად, ურთიერთობა ვერ ააწყვეთ?
– როგორ გითხრათ, ვერ ავაწყვეთ-მეთქი, ასეც არ არის საქმე. მე სანამ ჩემს ქმარს გავიცნობდი, სერიოზული ურთიერთობა, რომანი რასაც ჰქვია, არავისთან მქონია. რატომღაც არ გამომდიოდა.
– მაგასაც დედათქვენს ხომ არ აბრალებთ?
– სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი. არ მიფიქრია ამაზე, არ გამოვრიცხავ, რომ ასეც იყოს.
– იყავით მზად სიყვარულისთვის და მაინც არ მოვიდა?
– მზად ყოფნა არ ვიცი რას ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში, მინდოდა, ვიღაც შემყვარებოდა. თუმცა, ალბათ იმას გულისხმობთ, რომ ბიჭებს უნდა შევხვედროდი – ერთს, მეორეს... მესამეს და სიყვარულიც მოვიდოდა. თუ დამიჯერებთ, ვისთანაც პირველად სიარული დავიწყე, ჩემი ქმარი იყო. სრულიად შემთხვევით მოხდა ჩვენი შეხვედრაც და გაცნობაც. სამსახურის ლიფტში გავიცანი პირველივე დღეს. ჩემზე თხუთმეტი წლით არის უფროსი. ოღონდ, არ იფიქროთ, რომ ეს არის მიზეზი, რის გამოც მე ის ვერ შევიყვარე. ეს არაფერ შუაშია. პირველად რომ დავინახე, გავიფიქრე, როგორი სიმპათიურია-მეთქი.
– ესე იგი, გარეგნულადაც არ იწუნებთ.
– არა, არა! არაფერი აქვს დასაწუნი ნამდვილად. ლიფტში რომ ვიდექით, პირველად თვითონ გამომელაპარაკა, ეტყობა, რაღაც ძალიან გიხარიათ, ისეთი გაბრწყინებული სახე გაქვთო. დიახ, მიხარია, სამსახური დავიწყე, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი-მეთქი. ამ შენობაში ხომ არაო. ჰო. ერთ-ერთ იურიდიულ კომპანიაში-მეთქი. მეზობლებიც ვყოფილვართ და ეს ამბავი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთო. მეც არ ვიცი, რატომ დავთანხმდი და წავყევი რესტორანში. არ ვიტყვი, ბედისწერა იყო-მეთქი, ძალიან ბანალურად გამომივა. მაგრამ ქვეცნობიერში, მაინც მაქვს ამის განცდა.
საერთოდ ძალიან რთულია, იმსჯელო იმაზე, რასაც კარგად ვერ ხვდები, მაგრამ გამორიცხვა ხომ არაფრის შეიძლება. განცდა მაქვს-მეთქი, იმიტომ გითხარით, რომ ბედისწერა მაინც არსებობს, გვჯერა ჩვენ მისი თუ არა. უბრალოდ, ჩვენი შეცდომებიც მას არ უნდა გადავაბრალოთ. თორემ, შემთხვევით რომ არაფერი ხდება, ესეც ხომ ფაქტია. უნდა მომხდარიყო ჩვენი ამბავი და მოხდა. ამიტომაც ვერ ვუთხარი უარი. პატარა რესტორანში აღვნიშნეთ ჩემი სამსახურის დაწყება და ამის მერე დაიწყო... ფაქტობრივად, ყოველდღე ვხედავდი.
– ხედავდით როგორც ერთ შენობაში მომუშავეს, თუ ეს საგანგებო შეხვედრები იყო.
– საგანგებოდ მხვდებოდა. მე ვხვდებოდი, რომ მოვწონდი. რომელი ქალი ვერ ხვდება, მოსწონს, თუ არა მამაკაცს. ვერ ვიტყვი, რომ არ მსიამოვნებდა მისი ყურადღება. ესეც ქალისთვის დამახასიათებელი ჩვევაა. შეიძლება, თავად არ მოსწონდეს მამაკაცი, მაგრამ მისი ყურადღება ძალიანაც ესიამოვნება. ეს თითქოს შენი ქალურობის აღიარებაა. სულ სადღაც მპატიჟებდა. ახალი ფილმი გამოსვლას ვერ ასწრებდა, რომ მას უკვე ბილეთები ჰქონდა ნაყიდი. თეატრშიც დავყავდი, კაფეებშიც. საჩუქრებზე აღარაფერს ვამბობ. მართლა არაფერს ინანებდა. რა უნდა მომწონებოდა, რომ ჩემთვის არ ეყიდა. ყვავილებს არ ჩავთვლი. იმიტომ, რომ ფაქტობრივად, დაჭკნობას ვერ ასწრებდა, მისი ნაჩუქარი თაიგულები...
– მიუხედავად იმისა, რომ არ გიყვარდათ, აძლევდით უფლებას, ჰყვარებოდით, ეზრუნა თქვენზე და ყოველთვის თქვენს გვერდით ყოფილიყო.
– გინდათ მითხრათ, რომ დამნაშავე ვარ იმაში, მას რომ ასე ძალიან შევუყვარდი? პირველივე შეხვედრაზე უხეშად უნდა მოვქცეოდი და მერე, გამარჯობაც კი არ უნდა მეთქვა? მაშინ არც ჩვენი ოჯახი შეიქმნებოდა. მე როგორც ქმარი, ის აბსოლუტურად მაკმაყოფილებს. ქმარი ასეთი უნდა იყოს, ამ სიტყვის ყველაზე საუკეთესო გაგებით. უკეთესი ვერც წარმომიდგენია და ჩემი დაქალები გიჟდებიან, ისე მოსწონთ. ცოლად რომ მივყვებოდი, ზუსტად ვიცოდი, რომ უკეთეს ვარიანტს ვერ შევხვდებოდი. არაჩვეულებრივი მამაკაცია. ისეთი, როგორიც კაცი უნდა იყოს. უზარმაზარი პასუხისმგებლობა აქვს. წარმატებულია, შეძლებული. კარგი თანამდებობა აქვს და საზოგადოებაშიც პრესტიჟული ადგილი უკავია. ისეთი ყურადღებიანია, მეეჭვება მეორე მოიძებნოს მსგავსი. როგორც გინდათ, ის გაიგეთ... აბსოლუტურად შეგნებულად გადავდგი ის ნაბიჯი, რომელიც გადავდგი. თუმცა, საკმაოდ ბევრი ვიფიქრე. ვხედავდი, რომ ძალიან ვუყვარდი ამ ადამიანს და ხელი არ შევუშალე, მიეღო გადაწყვეტილება. ვიფიქრე, ვაითუ ბედმა ასეთი ვარიანტი მეორე აღარ შემომთავაზოს-მეთქი.
– მიუხედავად იმისა, რომ არ გიყვარდათ?
– დიახ. მიუხედავად ამისა. ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ოჯახი იქმნება ასე და მეორეც, უმეტეს შემთხვევაში, მეუღლეებიდან ერთს ძალიან უყვარს, მეორე კი იტანს მის სიყვარულს. დავმჯდარიყავი და დამეწყო ლოდინი, როდის შემიყვარდებოდა ვინმე? საერთოდ რომ არ შემყვარებოდა, გასათხოვარი ხომ არ დავრჩებოდი.
– ანუ, გათხოვება იყო თქვენთვის მთავარი?
– იმ ეტაპზე კი, და ყველა ქალისთვის არის ეს მთავარი. ნურავინ იტყვის, რომ არ უნდა გვერდით ისეთი ადამიანი ჰყავდეს, რომელიც პრობლემებს მოუგვარებს და მისი საიმედო დასაყრდენი იქნება. ჩემი ქმარი სწორედ ასეთია. ყოველთვის, ყველაფერში შემიძლია, მქონდეს მისი იმედი.
– მაგრამ არ გიყვართ.
– ძალიან ხშირად მიმეორებთ ამ სიტყვას. სიყვარული არ არის ერთგვაროვანი და გააჩნია, თქვენ რომელ სიყვარულს გულისხმობთ.
– მე ერთი სიყვარული ვიცი. ის, რომელიც ერთგულებას გულისხმობს.
– მე ვარ ჩემი ქმრის ერთგული. მასზე წინ სხვას არასოდეს დავაყენებ, თუ არჩევანის გაკეთებაზე მიდგება საქმე. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე პირად ბედნიერებაზე არ უნდა ვიფიქრო. სხვანაირად აგიხსნით. წარმოიდგინეთ, დიდი სიყვარულით გათხოვილი ქალი, რომელმაც ყველაფერზე წინ სიყვარული დააყენა და სხვას აღარაფერს მიაქცია ყურადღება – არც მამაკაცის ხასიათს, არც მის პიროვნულ ღირსებებს, თუ მატერიალურ მდგომარეობას. ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, „სტავკა“ სიყვარულზე გააკეთა. როგორ ცხოვრობს მერე? – თავად უწევს ამ ყველაფრის შევსებაზე ზრუნვა. მის კისერზე გადადის მთელი სიძნელეები. ფულიც მისი საშოვნელია, ოჯახიც და ქმარიც მისი სათრევია... ყველაფერი ერთად არ მოდის. სრულ „პაკეტს“ ვერ მიიღებ. გამორიცხულია, ასე გაგიმართლოს. ანუ, ან სიყვარული უნდა აირჩიო (თუ გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხარ, სწორედ ამას აკეთებ) და მერე მთელი დარჩენილი ცხოვრება „იპახავო“, ამ სიყვარულის სახელით; ან პრაქტიკულად უნდა მიუდგე საკითხს. უზრუნველყო შენი და შენი შვილების ბედნიერი მომავალი. უარი უნდა თქვა მძაფრ ვნებებზე, სიყვარულის ვნებათაღელვაზე, ემოციებზე, გულის ფრიალზე... მაგრამ, მერე გადის დრო და ხვდები, რომ ეს ყველაფერიც საჭირო ყოფილა, რაღაც დოზით და რაღაც მომენტში. სხვანაირად შენი ბედნიერება სრულფასოვანი ვერ იქნება.
– თუ სწორად მივხვდი, ქალის ბედნიერებისთვის ერთი მამაკაცი საკმარისი არ ყოფილა.
– თუ იდეალურ ვარიანტს იპოვით, რაშიც პირადად მე, ძალიან მეპარება ეჭვი, მაშინ შესაძლებელია. მაგრამ სად არის ასე. ჩემს შემთხვევაში, ვნებათაღელვა არ ყოფილა. ჩემი მხრიდან ვამბობ, თორემ ჩემი ქმარი პირველივე დღიდან ირეოდა ჩემზე. მეც ეს ვარიანტი მერჩივნა, ვიდრე მე გადავრეულიყავი ვინმეზე და მერე მთელი ცხოვრება ზურგზე აკიდებულს მეთრია. ზოგ ქალს ასე ურჩევნია და ღმერთმა გაუმარჯოს. მერე ასეთი ქალები ან ფულიან საყვარლებს იჩენენ, ან წუწუნით და ოხვრით კვდებიან. გეუბნებით, სრულფასოვანი ბედნიერება მიუღწეველია ერთ კაცთან, თუკი ის მართლაც გამონაკლისი და იშვიათი ინდივიდი არ არის.
– ბედნიერება ფარდობითი თემაა. ანუ, გააჩნია ვისთვის რა არის ბედნიერება.
– ვერ დაგეთანხმებით. არ მჯერა იმის, რომ შეყვარებული ცოლ-ქმარი ცულის ტარზე დაეტია და ნახევარი ხმელი მჭადი ეყოთ. კარგით, რაა. ასეთი სისულელეების ჩემი სამი წლის შვილს აღარ სჯერა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჭამა ხომ გინდა. ცხოვრება ისედაც არ არის ადვილი და ჩვენ ხელოვნურად აღარ უნდა „დავიხლართოთ“ ყოველდღიურობა. ვის რას უშავებ იმით, რომ ჩემი ემოციების „შევსებას“ ვცდილობ.
– გააჩნია, ეს რის ხარჯზე ხდება. თუკი ამით კონკრეტული ადამიანი ზარალდება?
– არავინაც არ ზარალდება. ჩემი ქმრისთვის მთავარია, გვერდით ვყავდე და მისი ცოლი მერქვას. იამაყოს, რომ ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი მეუღლე ჰყავს, რომელმაც არაჩვეულებრივი შვილი გაუჩინა. მე არ ვარ ცუდი ცოლი, არც ყურადღებას ვაკლებ ჩემს ქმარს და არც ზრუნვას. რაც მევალება ვაკეთებ, მაგრამ მაქვს ჩემი „სივრცე“, სადაც მას არაფერი ესაქმება. ცოლქმრობა ორი ადამიანის ერთმანეთში ათქვეფას არ გულისხმობს. ეს არის ორი სრულფასოვანი ადამიანის თავისუფალი კავშირი, რა თქმა უნდა, ძალდაუტანებელი. არც ერთი არ არის ვალდებული, მარტო იმის გამო შეიცვალოს, რომ მეორეს რაღაც არ მოსწონს მასში. მე საერთოდ, მიმაჩნია, რომ მარტო ქმარი კი არა, ადამიანებიც ისეთები უნდა მიიღო და გინდოდეს, როგორებიც სინამდვილეში არიან. რა უბედურებაა, როცა ხედავენ ცხოვრების მომავალ თანამგზავრში თავისთვის მიუღებელ ჩვევას და თვალს ხუჭავენ ამაზე. თანაც, ხუჭავენ დროებით, თორემ თუ ერთხელ დახუჭავ, მაშინ ყოველთვის დახუჭული უნდა გქონდეს. ადამიანები ხომ არ იცვლებიან. მერე რომ მოუნდებათ ცოლების, ქმრების გადაკეთება ამაზე ვგიჟდები. ჩემმა ქმარმა ძალიან კარგად იცის, როგორიც ვარ და ზუსტად ასეთი ვუნდივარ.
– იცის, საყვარელი რომ გყავთ?
– ჯერ ერთი, საყვარელი ჯერ არ მყავს. ჯერ-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ არაფერს გამოვრიცხავ. ვინც თავის ცხოვრებაში რამეს გამორიცხავს, ის სულელია. არასოდეს არ უნდა ამტკიცო, მე ამას არ გავაკეთებ! შეიძლება, ნათქვამი არ გქონდეს, რომ უკვე გააკეთო. მოკლედ, ჯერ არ მყავს საყვარელი. მაგრამ, არსებობს ადამიანი, რომელიც იმ დეფიციტს მივსებს, ქმართან ურთიერთობაში რომ მაქვს. ვხვდები, რომ თქვენ ამის გაგება გიჭირთ. მაგრამ ზუსტად ვიცი, ძალიან ბევრი ქალი მიხვდება, მე რას ვგულისხმობ. თქვენ გამორიცხავთ ქალის ცხოვრებაში ერთდროულად რამდენიმე მამაკაცის არსებობას, მე – არა. ის ადამიანი შემთხვევით გავიცანი, ერთი ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე და პირველივე ცეკვაზე წამოვიდა ის მუხტი, რაც ქალსა და კაცს ერთმანეთისკენ გიჟურად იზიდავს. ჩემი ქმრის შემთხვევაში ასეთი მიზიდულობა არ არსებობს. გვაქვს ინტიმური ურთიერთობა, მაგრამ ძალიან ჩვეულებრივი. ჩემთვის ის მოვალეობის მოხდაა. ვალდებულება, რომელიც უნდა შესრულდეს და რა არის იმაში გასაკვირი, რომ მძაფრი შეგრძნებები მინდა?!
– თქვენმა ახალმა მეგობარმა იცის, რა გინდათ მისგან?
– რა თქმა უნდა. მე არ დამიმალავს მისთვის, რომ ქმარი მყავს. რა სისულელეა. რატომ უნდა დავმალო. უნდა იცოდეს, სად გავა ჩვენი ურთიერთობის ზღვარი. რა სჭიროა, რამე ილუზია შეიქმნას. არ მინდა, რომ სერიოზული და შორსმიმავალი გეგმები გაუჩნდეს. მე ვარ და დავრჩები ჩემი ქმრის მეუღლედ. ამ მხრივ არაფერი შეიცვლება. როგორც ქმარი, ჩემი მეუღლე შეუცვლელია, მაგრამ სანამ ახალგაზრდა ვარ, არ მინდა, ჩემი წილი სიამოვნება არ მივიღო. მით უმეტეს, რომ მაქვს ამისი შანსი. მეორე მამაკაცი არ მიძებნია შეგნებულად. ეს შემთხვევა იყო და ესე იგი თავისთავად მომეცა შანსი, რომელსაც ხელიდან არ გავუშვბ.
– მას აქვს ოჯახი?
– არა. ცოლიანი კაცი პრობლემაა და მეტი არაფერი. რად მინდა, ვიღაც ქალი მტრად გადავიკიდო. ცოლი რომ ჰყოლოდა, მაშინ არც ვიფიქრებდი მასთან რამე ურთიერთობაზე. ვერ ვიტან, ავხორც მამაკაცებს. ცოლებიც რომ ჰყავთ, საყვარლებიც და მაინც მსუნაგი მელიებივით დასუნსულებენ.
– იქნებ, ისინიც სრულფასოვან ბედნიერებას ეძებენ?
– არა. არ არის ასე. მათ უბრალოდ არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ. უნდათ, რაც შეიძლება, ბევრ ქალს დაუმტკიცონ, თავისი მამაკაცური შესაძლებლობა. ეს სულ სხვა რამეა. ჩემი შემთხვევა რადიკალურად განსხვავებულია. მე მარტო იმ კაცების მესმის და ვაფასებ კიდეც, რომლებიც ცოლებს არ ტოვებენ, იმ პასუხისმგებლობის გამო, მეუღლისა და შვილების წინაშე რომ განიცდიან. კი ჰყავთ მძაფრი შეგრძნებებისთვის სხვა, მაგრამ ამის შესახებ ცოლები ვერც კი იგებენ. ამას ჰქვია კაცი. თორემ, თუ მთელი ქვეყანა აალაპარაკე და ცოლს გული გაუხეთქე, შენი შვილების დედა დაამცირე, ვიღაც უსირცხვილო დედაკაცისთვის, რომელიც მხოლოდ იმას ცდილობს, კანონიერ ცოლს დაუპირისპირდეს, რადგან მისნაირი არ არის, მაშინ კაცი აღარ გქვია. მეც არავითარ შემთხვევაში არ დავამცირებ ჩემს ქმარს მხოლოდ იმიტომ, რომ საუკეთესო ინტიმური ურთიერთობა არ გვაქვს. ვერავინ გაბედავს, მასზე თუნდაც გადაკვრით თქვას რამე ისეთი, რაც მის მამაკაცურ ღირსებას დააკნინებს.
– თქვენ რომ არ გიყვართ და სხვა კაცის მკლავებში გინდათ სიამოვნების მიღება, ეს არ არის ქმრის მამაკაცური ღირსების დაკნინება?
– გააჩნია, საკითხს როგორ შევხედავთ. მე მიმაჩნია, რომ არ ვაკნინებ. თქვენ პირიქით ფიქრობთ, ალბათ. ვერ შეგედავებით. ვერც თქვენს დარწმუნებას შევძლებ, რადგან ამ ცხოვრებას სხვადასხვა თვალით ვუყურებთ. არ ვამბობ, მე ვარ მართალი და თქვენ ცდებით-მეთქი. რა უფლება მაქვს, ვინმეს რამე ვასწავლო, მაგრამ ჩემზეც არავინ თქვას, უზნეო და ამორალურიაო. ნეტა, ბევრი ცოლი სცემდეს თავის ქმარს ისეთ პატივს, მე რომ ვცემ. ის ოჯახში თავს ნამდვილ მამაკაცად გრძნობს – ოჯახის თავია და უფროსი. გადაწყვეტილებებს ყოველთვის ის იღებს და მე ვეთანხმები.
– ასე იქნებოდა, ოჯახში შემომტანი ის რომ არ იყოს?
– ოჯახში შემომტანი ის რომ არ იყოს, მე მის გვერდით არ ვიქნებოდი. უკვე ხომ გითხარით, რის სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი. შემეძლო, დავლოდებოდი დიდ და „გადამრიე“ სიყვარულს, მაგრამ მერე ჩემი ცხოვრება ასეთი უზრუნველყოფილი არ იქნებოდა და არც ჩემს შვილს ეყოლებოდა მამა, რომელსაც შეუძლია, მისი ყველა ოცნება და სურვილი შეასრულოს. რატომ არ უნდა ვთქვა სიმართლე? მე არ მაქვს კომპლექსი იმისა, რომ ვაღიარო, რა მჭირდება. ჩემი ცხოვრება ჩემი ცხოვრებაა და არავის საქმე არ არის, რას გავაკეთებ. მთავარია, რომ სხვას არ ავურიო ცხოვრება. რა არის, იცით? ადამიანებს ძალიან ხშირად ეშლებათ თავისი და სხვისი ცხოვრება ერთმანეთში. უნდა იცოდე, სად გადის ზღვარი ინტერესსა და არამკითხეობას შორის. მე არ ვფიქრობ, რომ ჩემს ქმარს რამე პრობლემას ვუქმნი იმით, რომ ჩემი წილი პატარა სიხარული მინდა. ეს არ იქნება შორსმიმავალი, სერიოზული ურთიერთობა. ამაში დარწმუნებული ვარ. უბრალოდ ცოტა „ჟანგბადი“ მჭირდება, რომ ცხოვრება გავაგრძელო.
– გამორიცხავთ იმას, რომ ის ადამიანი, რომელიც ამ „ჟანგბადს“ მოგაწვდით, სერიოზულად შეგიყვარდეთ და ოჯახი დაანგრიოთ?
– გამოვრიცხავ. ის იმპულსი, რომელიც მისგან მოდის, საკმარისი არ არის იმისთვის, თავი დავკარგო. ეს არ მოხდება. მას არ აქვს ის ღირსებები, რომელიც ჩემს ქმარს. ანუ, სერიოზული ურთიერთობისთვის ნორმალური ქალი არჩევანს მასზე არ გააკეთებს. მე ვიცი, რომ ეს ურთიერთობა ხანმოკლე იქნება, მაგრამ ჩემთვის სრულიად საკმარისი.