კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა გაანებივრონ ცოლებმა ქმრები და რამ „გაუტეხა“ სახელი ნანული სარაჯიშვილს


ერთმა კინოროლმა სახელი ისე „გაუტეხა“, დღემდე ყველას სჯერა, რომ სიცელქეში ბიჭებს არ უდებდა ტოლს. სინამდვილეში საკმაოდ მშვიდი, მორიდებული და წესიერი ბავშვი ყოფილა – სწორედ ისეთი, გოგოს რომ შეეფერება. ნანული სარაჯიშვილი არც ახლა გამოირჩევა კაცებისთვის დამახასიათებელი სითამამით. თუმცა იმაზე უფიქრია, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება, კაცად რომ დაბადებულიყო. დაახლოებით ისიც აქვს წარმოდგენილი, როგორი მამაკაცი იქნებოდა და იმაშიც დარწმუნებულია, რომ ქალებს არასოდეს მოატყუებდა.


ნანული სარაჯიშვილი: სრულებით არ ვყოფილვარ ცელქი ბავშვი (იცინის). ვიყავი აბსოლუტურად საპირისპირო ჩემი კინოგმირისგან, მაგრამ ხალხისთვის დავრჩი ცელქ გოგოდ. მამაკაცებს, რა თქმა უნდა, აქვთ ჩვენზე მეტი შესაძლებლობები. ეს არავისთვის საიდუმლო არ არის. მართალია, ახლა ქალები ძალიან გააქტიურდნენ, მაგრამ მამაკაცი მაინც რჩება წამყვან ძალად.

– ეს იმის ბრალი ხომ არ არის, რომ ჩვენი საზოგადოება მაინც კაცის მხარესაა.

– ესეც არის და თანაც მამაკაცი ფიზიკურად ქალზე ძლიერია. რაც ბევრ უპირატესობას ანიჭებს. მის მიმართ სხვა მოთხოვნები აქვს ბუნებას. შესაბამისად, საზოგადოებასაც. არც მამაკაცად ყოფნაა ადვილი. მასაც იმდენი პასუხისმგებლობა აკისრია, ღირსეულად რომ გაართვას ყველაფერს თავი, დიდი ძალისხმევაა საჭირო.

– სამაგიეროდ, მას გაცილებით მეტს პატიობენ, ვიდრე ქალს.

– რასაკვირველია. ჩვენ, ქალებიც ვპატიობთ. მაგრამ, ვერ გეტყვი, რომ ეს პრეცედენტი აუცილებლად ჩვენ დავუშვით, არ მგონია. აქ უფრო სხვაგვარადაა საქმე. ყოველთვის, კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, ეს ასე იყო და ჩვენ „მემკვიდრეობით მივიღეთ“ რეალობა. ჩვენი ადათ-წესებიდან გამომდინარეც, მამაკაცს ყოველთვის ჰქონდა მეტი უფლებები, რაღაც საკითხების გადაწყვეტაში, მაგრამ, მე ამაში პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ. პირიქით, მიმაჩნია, რომ კაცი ქალზე გაცილებით აქტიურიც უნდა იყოს და გაცილებით შემტევიც. ქალი ხომ არ არის მეომარი. მეომარი არის მამაკაცი. მთავარია, მას ეს არ დაავიწყდეს (იცინის).

– რატომ გვაბრალებენ, რომ სამოთხე ჩვენს გამო დაკარგეს?

– იმიტომ, რომ მამაკაცის თვისებაა ყველაფერი ქალს გადააბრალოს, ან სხვას, ოღონდ თვითონ არ დაიბრალოს (იცინის). არ უნდა გვიკვირდეს, რომ ამ შემთხვევაშიც ცდილობენ „გამოძვრომას“.

– მითხარით, გიფიქრიათ, რა იქნებოდა კაცად რომ დაბადებულიყავით?

– სხვათა შორის მიფიქრია. ვერ უარვყოფ, მაგრამ ეს უფრო ადრე იყო. დღეს ცოტა სხვანაირად ვაფასებ სიტუაციას და მიმაჩნია, რომ ახლა კაცებს უფრო უჭირთ, ვიდრე ქალებს. დრო შეიცვალა და სადღაც მეცოდებიან კიდეც. საკუთარი ადგილის პოვნა ძალიან უძნელდებათ. ვერ შოულობენ სამსახურს და, ფაქტობრივად, ბევრმა მათგანმა ფუნქცია დაკარგა. მართლა მებრალებიან.

– ცოტა ხომ არ დაგვეჩაგრნენ?

– ცოტა კი არა, კარგად დაგვეჩაგრნენ (იცინის). მართალია, პასიურობენ, მაგრამ მთლად მაგათ აქტიურობაზეც არ არის ყველაფერი დამოკიდებული.

– მე მაინც მგონია, რომ თუ მამაკაცი გქვია, ყველაფერი უნდა შეძლო.

– ალბათ, ასე უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ქალი უფრო ყოჩაღი აღმოჩნდა კრიზისულ პირობებში. ხომ ხედავთ, დღეს და ღამეს ასწორებენ მუშაობაში აქ, თუ უცხოეთში, რომ ოჯახები შეინახონ. კაცმა ვერ შეძლო ამდენი. თანაც არც არის კაცების სამუშაო. უცხოეთში მშენებლობაზე თუ იმუშავებს მუშად კაცი, თორემ ოჯახებში ვის უნდა. ამიტომაც, ზოგჯერ მამაკაცებს ვერ ვამტყუნებ და პირიქით, მებრალებიან კიდეც.

ძალიან ბევრს უნდა, რომ იმუშაოს, რაღაც გააკეთოს, მაგრამ არ გამოსდის.

– მამაკაცებისთვის საუკეთესო მეგობარი ხართ?

– ვარ, იმიტომ, რომ თვითონაც ძალიან კარგი მეგობრობა იციან. ყოველთვის ვმეგობრობდი ბიჭებთან და ძალიან ბევრი ძმაკაცი მყავდა და მყავს. ბავშვობიდან მათი მესაიდუმლე ვიყავი. ლამის მათ უფრო კარგად ვუგებდი, ვიდრე ქალებს.

– მანქანას როგორ მართავთ, კაცივით?

– (იცინის) არა, არა. რომ გითხრათ, რომ ნიკი ლაუდა ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. ნორმალური მძღოლი ვარ. ნელა დავდივარ. საერთოდ არ ვარ სიჩქარის მოყვარული. სულერთია, მე ვზივარ საჭესთან, თუ ვინმე სხვა, მირჩევნია ნელა ვიაროთ. ვცდილობ, დავიცვა მოძრაობის წესები, რაც ამ ქალაქში მოძრაობისას ძალიან ძნელია. ძალიან ვნერვიულობ, როცა სხვა ზის საჭესთან. ამ დროს ისეთი დაძაბული ვარ, ვიღლები. გამოცდილი მძღოლის გვერდითაც რომ ვიჯდე, ასე ვარ. ამიტომ მირჩევნია, ისევ მე ვმართო.

– კაცების უმრავლესობა დღემდე ვერ შეეგუა ქალს საჭესთან.

– მართალია. ცოფდებიან, ქალს რომ საჭესთან ხედავენ. ვერაფრით შეეგუვნენ (იცინის). ძალიან აღიზიანებთ და გიჟდებიან. მე კი მგონია, საჭესთან ქალი უფრო უსაფრთხოა. ქალები უფრო იშვიათად დადიან ძალიან ჩქარა და ბუნებრივია, ნაკლებადაც თვრებიან. მაგრამ, ყველა კაცი მაინც ამბობს, რომ, ქალებმა არ იციან მანქანის ტარება.

– შარვალი უფრო უმტკივნეულოდ დათმეს.

– კიდევ კარგი. შარვალი მე ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით ჯინსი. მაგის გამომგონებელს ვენაცვალე. რა კარგი რამე მოიგონა. ჩემი ყველაზე საყვარელი ჩასაცმელია და ვერ წარმომიდგენია, მის გარეშე.

– როგორი კაცი იქნებოდა ნანული სარაჯიშვილი?

– (იცინის) კარგი. სიმთვრალეში არ ვიჭინჭყლებდი და არ ვიჩხუბებდი. ქალებს პატივს ვცემდი. გავართობდი და გავამხიარულებდი. არავითარ შემთხვევაში, არ ვიქნებოდი ცერცეტი. ვერ ვიტან, ტრაბახა და ქარაფშუტა კაცებს. არ არის საჭირო ყოველ წუთს თავი მოიწონო. ქალი ისედაც მიხვდება, ვინ ხარ და რა ხარ. ყოყოჩა კაცი საშინელებაა. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს ყველაფერი და არ სჭირდება კაცს კეკლუცობა. მე სერიოზული, „დამჯდარი“ და დინჯი კაცი ვიქნებოდი. მიყვარს მართალი ადამიანები და კაციც მართალი ვიქნებოდი. არ ვიტყოდი ტყუილს და გულს არავის ვატკენდი.

– გული ხომ არ გწყდებათ, კაცად რომ არ დაიბადეთ?

– (იცინის) ცოტა, მაგრამ საკუთარი სქესითაც არ ვარ უკმაყოფილო. მით უმეტეს, ახლა, როცა თითქმის მთელი ცხოვრება გავიარე. ბუნებით ძალიან მოუსვენარი ადამიანი ვარ. ვერ ვჩერდები უსაქმოდ. ახლა ტელესერიალში ვარ დაკავებული და საქმე მაქვს, მაგრამ როცა ნაკლებად ვარ დატვირთული, სულ რაღაცას ვიგონებ. კუს ტბაზე მაინც ავალ და ვირბენ. გამოვიჩენ საქმეს. მამაჩემს ვგავარ. ის იყო მოუსვენარი და ძალიან საქმიანი. რა გააჩერებდა დამჯდარს. ბაზარშიც სულ ის დადიოდა. ძალიან მშრომელი მამა მყავდა. მე გეთანხმებით, რომ ძნელი ასატანია სახლში, ტახტზე, უსაქმოდ წამოწოლილი კაცი. კაცს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და ეს შესაძლებლობები ბოლომდე უნდა გამოიყენოს.

– კაცს მაინც სჭირდება „შემჩიჩხინებელი“ და ეტყობა კიდეც, როგორი „შემჩიჩხინებელი“ ჰყავს.

– მართალია. ყველა კაცს ეტყობა, როგორი ცოლი ჰყავს და ქალი განსაზღვრავს მამაკაცის საქციელს, მის მომავალს. ქმრები ცოტა უნდა გაანებივრონ ცოლებმა. მით უმეტეს, რომელი კაციც მუშაობს და იცის თავისი მოვალეობები. კაცს სჭირდება მოფერება. ღალატის პატიებაც შეიძლება, თუკი ხედავთ, რომ გულწრფელად ინანიებს. საერთოდ, პატიების უნარი ადამიანის ძალიან დიდი ღირსებაა.

– სხვა ცხოვრებაში კაცად დაბადებას ინდომებდით, ეს რომ შესაძლებელი იყოს?

– კი. ნამდვილად მოვინდომებდი. ვერ უარვყოფ და რაც ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში იქნებოდა, ყველაფერს გავაკეთებდი. არაფერს ვითაკილებდი. არანაირი შრომა არ არის სათაკილო. სიამოვნებით დავიბადებოდი „კაცის ტყავში“ და შევივსებდი იმ პატარ-პატარა დანაკლისს, რაც ქალმა ვერ შევძელი. ბოლომდე გამოვიყენებდი ჩემს შანსს (იცინის).


скачать dle 11.3