როგორ გააკახელა ესპანელი გლეხი გერმანე გუკასოვმა და რამდენი ნივთია თავმოყრილი მის კოლექციაში
ეკა სალაღაია
ამ მშვენიერი კოლექციის ავტორი პროფესიით ფიზიკოსი გერმანე გუკასოვი გახლავთ, რომელსაც მართალია ფერწერა იტაცებდა, მაგრამ მხატვრობა ან მოქანდაკეობა არასდროს უფიქრია, ეს ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა და ბატონი გერმანეს კოლექციაც უფრო გაიზარდა. დღეს იგი ჩვენი რესპონდენტია.
გერმანე გუკასოვი: ფიზიკოსი გახლავართ. ფიგურების შექმნა სრულიად შემთხვევით დავიწყე. შვილიშვილს სკოლაში დაავალეს, პლასტელინისგან ცხენის გაკეთება. იჯდა ბავშვი, წვალობდა და ვიფიქრე, დავეხმარები-მეთქი. სწორედ დახმარების პროცესში აღმოვაჩინე, რომ ყველაფერს შესანიშნავად ვგრძნობ: ფიგურის ფორმას, კარკასს. ამ ყველაფერმა გამიტაცა და შევუდექი დამოუკიდებლად ძერწვას. საერთოდ, ბავშვობიდან ხატვა მეხერხებოდა, მაგრამ ძერწვა არასოდეს მისინჯავს. ასე შევბედე და ნელ-ნელა ჩემი კოლექციაც შეგროვდა.
– თავიდანვე მინი-ფიგურების შექმნა დაიწყეთ კოლექციისთვის?
– ოროთახიან ბინაში ვცხოვრობ, დიდი ფართი არ მაქვს. სამზარეულოში პატარა კუთხე გამოვძებნე, მეუღლეს წავართვი მაგიდა და მცირე სახელოსნო მოვიწყვე სამუშაოდ. ფიგურებიც იმ ზომისაა, რამხელა ადგილიც მაქვს მათ შესაქმნელად. თან ისიცაა, რომ პატარა ფიგურების შექმნა უფრო მეხერხება.
– რატომ?
– ალბათ, იმიტომ რომ უფრო სწრაფად ვხედავ შედეგს.
ვაკეში გავიზარდე. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში წყნეთიდან რომ ჩამოდიოდნენ მემაწვნეები. ერთი გლეხი, მაწონს რომ ჩამოარიგებდა, აღებული თანხით სასმელს ყიდულობდა, დალევდა, შემდეგ მთვრალი სახლში წასვლას ვეღარ მოიფიქრებდა და მზის გადასვლამდე ჩვენ ეზოში ვირზე შემჯდარს ეძინა ხოლმე. იმდროინდელი, ანუ ბავშვობის ემოციები გავაცოცხლე ამ ორ ნამუშევარში. ამას ჰქვია „მემაწვნე“, ამას კი – „ტკბილი ძილი“.
ამ ფიგურას „თამადა“ დავარქვი. მიყვარს საერთოდ თბილისი და ძველთბილისურ მოტივებს ხშირად ვაცოცხლებ და ადგილს ვუჩენ ჩემს კოლექციაში. ეს არის „პაემანი ცის ქვეშ“.
– ძველთბილისურ მოტივებზე ჭადრაკის ფიგურების შექმნის იდეა როდის მოგივიდათ?
– როდესაც კინტო გავაკეთე, ვიფიქრე, ამ კინტოს „პაიკად“ გამოვიყენებ-მეთქი. რადგან კინტო ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი პერსონაჟია, დედოფლად მაჭანკალი შევქმენი. მოგეხსენებათ, კინტოების დროს მაჭანკალი მაჭანკლობდა. მეფის მაგივრად, პოლიცმეისტერი გამოვიყენე. ცხენზე ბევრი ვიფიქრე და ბოლოს ვირი გავაკეთე, თან დავარქვი, – ეს ის ვირია, რომელსაც თავის თავი ცხენი ჰგონია-მეთქი. ასე შეიქმნა ჭადრაკი ძველთბილისურ მოტივებზე. საერთოდ, მიყვარს ძველი თბილისური მოტივები და ეს ჩემს კოლექციასაც ეტყობა.
გამოფენებში ვიღებ ხოლმე მონაწილეობას და ყველაზე დიდი სითბოთი და კითხვებით მომმართავენ თბილისის თემაზე შექმნილ ნამუშევრებთან დაკავშირებით. მეც ძირძველი თბილისელი ვარ. ბებია მყავდა კნეინა ივლიტა ჯაფარიძე. პაპაჩემი ყარაბაღიდან ჩამოსულა და ის გიმნაზიაში გაუცვნია. მერე იქორწინეს და ცხოვრობდნენ თბილისში. ვიზრდებოდი ქართულ ეზოში, მეგრულიც ვიცი. ყველა ქართული ტრადიცია ჩემთვის საყვარელი და ახლობელია, ჩემია.
– დღეისთვის რამდენი ფუგურაა თავმოყრილი ამ კოლექციაში?
– იქნება ასორმოცდაათამდე, სიმართლე გითხრათ, არასდროს დამითვლია. ბევრი ნამუშევარი გამიჩუქებია, რამდენიმე გამიყიდია კიდეც. თუმცა, ეს უფრო ომის წლებში ხდებოდა. მოგეხსენებათ, მაშინ როგორ უჭირდა ნებისმიერ ჩვენგანს.
– თითო ნიმუშის შესაქმნელად რა დროა საჭირო?
– ეს დამოკიდებულია ფიგურის ზომასა და სირთულეზე. დაახლოებით, ორი კვირიდან ერთ თვემდე.
ეს არის ცოლ-ქმრის უღელი. ყველას ჩვენ-ჩვენი ჯვარი დაგვაქვს ცხოვრებაში.
– ძირითადად რა მასალისგანაა ეს ფიგურები დამზადებული?
– ყველაზე ხშირად კალას ვიყენებ, რბილია და ხელს კარგად ემორჩილება. რაც ასაკი მემეტება, ხელებსაც უჭირს (იცინის). აგრეთვე ვმუშაობ თითბერზე, ვერცხლზე.
ეს ფიგურა, გლეხს რომ ვირი ჰყავს მოკიდებული ზურგზე, ჩვენს გლეხებს მივუძღვენი. ძველი ესპანური ხალხური გადმოცემის მიხედვით, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია, ვირს უთქვამს გლეხისთვის, შენ მაინც გიჭირს და ბარემ მეც შემისვი ზურგზეო. ამ მოტივებზე გოიას მთელი სერია აქვს შექმნილი, რომელსაც ჰქვია „კაპრიჩიოს“. ჩემი ესპანელი გლეხი გააკახელა.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– ეს არის ის, რაც მე მხიბლავს და რაც ჩემს შინაგან სამყაროსთან ძალიან ახლოსაა. მე ეს კოლექცია უზომოდ მიყვარს.