კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გააკრეს ზალიკო ბერგერი პიონერთა ბანაკში „ბოძზე“ და რის გაკეთებას აიძულებდნენ მას იქ



ეკა პატარაია



საქართველოში ყველას კარგად ახსოვს „დამპალი საბჭოთა რეჟიმი“, როცა ადამიანებს შიოდათ, სწყუროდათ, არ ჰქონდათ შუქი, გაზი, ყინვაში პურისა და ნავთის უსაშველო რიგებში აღამებდნენ და ათენებდნენ, ძარცვავდნენ, ატერორებდნენ... ის პერიოდი განსაკუთრებით ახალგაზრდობაზე აისახა. ზალიკო ბერგერმა მაშინ მოჰკიდა ხელი დიზაინერობას, მაგრამ მანამდე უნივერსიტეტის სოციოლოგიური ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტს ცხოვრებისეული გამოცდა უნდა ჩაებარებინა. ყველაფერი მოსინჯა, რითაც შეიძლებოდა, უმუშევრად დარჩენილი მშობლებისთვის ყოფა შეემსუბუქებინა. როგორ დაიწყო დღე-ღამის გასწორებაში აღებული ლარით და ლამპის შუქზე იატაკზე თარგების გამოჭრით გატაცებული პატარა ბიჭის ცხოვრება, ამაზე თავად დიზაინერი მოგიყვებათ.

ზალიკო ბერგერი: არც დედაჩემს ვგავარ, არც მამაჩემს და გარდატეხის ასაკში უცნაური აზრები რომ გაწუხებს, ხომ იცი, ვიკითხე, ნაშვილები ხომ არ ვარ-მეთქი. დედაჩემი შეწუხდა, წავიდა და სამშობიარო სახლიდან ბავშვებს ხელზე რომ უკეთებენ ნიშანს, ის მოიტანა. ცხოვრებაში ეგ მეტი აღარ გაიფიქროო. ყველა რომ გეუბნება, არც დედას ჰგავხარ, არც მამას, ვის ჰგავხარო, უცებ ჩაგაფიქრებს – მართლაც, ნეტავ, ვის ვგავარ? ასე დამიმტკიცეს, რომ ნამდვილად მათი შვილი ვარ.

– რომ არა დიზაინერი, რა შეიძლებოდა, გამოსულიყავი?

– ძალიან მინდოდა კინორეჟისორობა. ბოლო კლასებში ვიყავი, ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო. საბჭოთა კავშირი დაიშალა და ბევრი ისეთი ლიტერატურა, ფილმი შემოვიდა, რაც ადრე ნანახი არ გვქონდა. უცბად, ყველაფერ ამის საშუალება მოგვეცა და ინტერესი გამიჩნდა ბევრი ინტელექტუალური რეჟისორის მიმართ. ვფიქრობდი, ჩემს მეგობრებთან ერთად სცენები დამეწერა და მხატვრული ფილმები გადამეღო. ცალკე, ტელეეკრანებზე გამოჩნდა ახალი გადაცემები სერგი გვარჯალაძის, გოგი გვახარიას თუ ირაკლი ჩარკვიანის. მეც მათი ფანი გავხდი. ასევე ვწერდი სცენარებს გადაცემისთვის. მაშინ „იბერვიზია“ იყო, „თამარიონი“. იქ გვინდოდა, გადაცემა გაგვეკეთებინა, რომელსაც ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას“ მიხედვით, „ფაბოტი“ დავარქვით. სამწუხაროდ, უცებ თბილისის ომი დაიწყო და ამის გამო, ჩვენი იდეები ვერ განვახორციელეთ.

– შენმა ბავშვობამ, ისევე როგორც იმ დროს სხვა დანარჩენის, საბჭოთა წნეხის ქვეშ გაიარა. მოგვიყევი მაშინდელი შთაბეჭდილებების შესახებ.

– მახსოვს, ერთხელ ბავშვთა პიონერულ ბანაკ „არტეკში“ მოვხვდი. ბავშვები ყველა ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსულები და ერთმანეთთან ვამხანაგობდით. ერთ დღეს ერთ რაზმს ევალებოდა ბუფეტში ბავშვების მომსახურება, მეორე დღეს – მეორეს. ჩემი რაზმი იყო ერთ დღეს: ავდექი, ყველა ქართველი შევკრიბე და ხუთას ბავშვზე გათვალისწინებული ყურძენი სულ შევჭამეთ. გამომიყვანეს რაზმეულის წინ და „სამარცხვინო ბოძზე“ გამაკრეს. აქ ისეთი ბავშვები არიან ჩამოსულები, ვისაც ყურძენი თვალითაც არ აქვს ნანახი. ქართველებს არც კი გრცხვენიათ, ადექით და მთელი ყურძენი შეჭამეთო – გვითხრეს. ფილმებს გვაყურებინებდნენ. ყველას თავისი აზრი უნდა დაეწერა, როგორც რეცენზია და მერე არჩევდნენ. რომელიც უფრო კომუნისტურად იყო განწყობილი, რაზმელებს საუკეთესოდ ის უნდა დაესახელებინათ. მაშინ ეკრანზე ახალი გამოსული იყო „ჩუჩელა“ და მახსოვს, იმაზე დაგვაწერინეს. რომ მახსენდება, მეცინება. მართლა დიქტატორულ ფილმებს გვაჩვენებდნენ. იქიდან რომ ჩამოვედი, მედლები ჩამოვიტანე – ბრეჟნევივით ვიყავი. სხვათა შორის, ახლა დიზაინერებში მოდაში შემოვიდა ბებიის სკივრიდან ამოღებული მაქმანები და ზემოდან დამაგრებული გულსაბნევები. შეიძლება, გამომადგეს. (იცინის).

– როდის გიჭირდათ ყველაზე მეტად?

– დედაჩემი გეოლოგიის დეპარტამენტში ეკონომისტი იყო, მამაჩემი კი – სამთო მექანიკის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომელი, მაგრამ ხელფასს ვეღარ აძლევდნენ. მერე კუპონები შემოვიდა და ინფლაცია წავიდა. ყველაფერი დაინგრა და მოისპო. იმ დროს უნივერსიტეტში ვსწავლობდი, სოციოლოგიურზე. როგორ ვახერხებდი ყველაფერს, მართლა საინტერესოა. ალბათ, წიგნებისკენ მიდრეკილება რომ მქონდა, ამით. მეგობრები ერთმანეთთან სახლში ვიკრიბებოდით. ზოგს ჩაი ჰქონდა, ზოგს – ყავა და ერთმანეთს ვუმასპინძლდებოდით, წიგნებს ვკითხულობდით, საინტერესო თემებზე ვსაუბრობდით. ყინვაში და უბედურებაში პურის რიგებში ვიდექით, თონის პურს ძლივს ვყიდულობდით. მერე მარილიან წყალში ვალბობდით და ვწვავდით. უცებ მამაჩემი გახდა ავად. სულ ვამბობ, რომ ამ პურის რიგებმა დააავადმყოფა და შეიწირა მამაჩემი-მეთქი. სიცივეში გავიდოდა და საათობით იდგა რიგში. მართლა ჯოჯოხეთში ვიცხოვრეთ. რადიოს ვუსმენდი, მაგრამ რომ ჩაგერთო, ელემენტები ხომ უნდოდა, დენი არ იყო. შესაბამისად, ტელევიზორს ვერ ვრთავდით. აი, ამიტომაც გახდნენ მაშინდელი დიჯეები პოპულარულები. ნუცუბიძის პლატოდან უნივერსიტეტში ფეხით მივდიოდი და მოვდიოდი. ვინმესთან სტუმრად თუ მიხვიდოდი და შედარებით კარგი „კერასინკა“ ჰქონდა ან „გენერატორი“, ხომ საერთოდ, მილიონრად ითვლებოდა. ისეთ პერიოდში გვაცხოვრეს, რომ დედა გვიტირეს. ვიღაცამ ეს ყველაფერი შეჭამა, ჯიბეში ჩაიდო და ჩვენ, ამდენი ხალხი მშიერი დაგვტოვა.

– როგორ გამოხვედით მძიმე მდგომარეობიდან?

– დედაჩემი ნამცხვრებს აცხობდა და აბარებდა, რაღაცას ახერხებდა. მაშინ დაარსდა „106“ და „104“ და დავიწყე მუშაობა დიჯეიდ. მე და ჩემმა მეგობარმა უტა ბერქაიამ, რომელიც ახლა ამერიკაში ცხოვრობს, რაღაც ზღაპრები დავწერეთ და მთელი ღამე ამ ზღაპრებს ვკითხულობდით ეთერში. მერე ირაკლი ჩარკვიანთან დავრეკეთ. ის ცოცხლად მღეროდა, ჩვენ ერთი „ჩხლართი“ მაგნიტოფონი გვქონდა და იმაში ვიწერდით მის სიმღერებს. საათში ლარი გვქონდა, ანუ ღამის თორმეტი საათიდან დილის რვა საათამდე – რვა ლარი. თვეში 70 ლარამდე გამოგვდიოდა. ამ ცუდ მხარეს, ერთი დადებითიც ჰქონდა. მაშინ გავხდი პოპულარული – დიჯეი ბერგერი. თან, ერთი ასეთი გერმანელი მსახიობი იყო, ჰელმუტ ბერგერი და გარეგნულად იმას მამსგავსებდნენ. იმ პერიოდში უნივერსიტეტში გერმანულს ვსწავლობდი და ზოგჯერ გერმანულადაც ვლაპარაკობდი. კარგია, როცა ენთუზიაზმი გაქვს. სახლში კი არ დავჯექი და დავიწყე მოთქმა – ვაიმე, მამა მიკვდება, არ გვაქვს საჭმელი და სასმელი, რა გვეშველება-მეთქი. რაც შემეძლო, იმას ვცდილობდი და „ვჩალიჩობდი“. მაშინ ძალიან ბევრი მხატვარი მგეობარი გავიჩინე. ზოგს თავისი სამხატვრო სტუდია ჰქონდა და იქ მივდიოდით, ზოგჯერ ერთმანეთის სახლში ვიკრიბებოდით. ძეხვი, პური, რაც გვქონდა, იმას გეახლებოდით. რაღაცეებს ვხატავდით, ვქმნიდით. ამიტომ, დღეს ვინმე რომ მეტყვის, ჩემთან სახლში ავიდეთო, მაღიზიანებს. იმიტომ გაიხსნა თბილისში ამდენი კაფე და რესტორანი, რომ იქ დასხდნენ.

– გახსოვს პირველი ჰონორარით რა იყიდე?

– მე, უტა და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი „სექენდ ჰენდში“ წავედით და მაგარი შოპინგი გავაკეთეთ. უტა „სექენდ ჰენდის“ ისეთი ფანი გახდა, მეორე მეგობარი ყვებოდა: შევედი, ყუთში ხელი ჩავყავი და უტა „ამოვიღეო“. ბაილონის ჟაკეტები იყო მოდაში. ძალიან მაგარი ჟაკეტი ვიყიდე ოთხ ლარად და „ჟივენშის“ როლინგი. ქედმაღლობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ახლა მართლა დიდი ხანია არ ვყოფილვარ „სექენდჰენდში“, მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში ძალიან მოდურია ეს ტენდენცია. იმას რეცხავენ, რაღაცას აწებებენ, აახლებენ. ბევრი დიზაინერი ამაზე მუშაობს, მაგრამ მაშინ, პირველად რომ შემოვიდა, მაგარი რაღაცეები იშოვებოდა. ერთი მეგობარი გოგო გვყავდა, რომელიც ხან ვისთან რჩებოდა სახლში, ხან ვისთან, ერთი-ორი ლუკმა რომ ეჭამა. წავიდა და ლარად იყიდა შარფი, რომელიც ხან „იუბკაზე“ ჰქონდა გაკეთებული, ხან – „ბლუსკაზე“. ვიღაცამ „კაზაჩოკი“ ფეხსაცმელები აჩუქა და ყველა გიჟდებოდა – ამ გოგოს როგორ გემოვნებით აცვიაო. მერე სიტუაცია რომ გამოსწორდა, ის შარფი თავის დაქალს მიჰყიდა 150 დოლარად, თვითონ კი ამერიკაში გათხოვდა.

– მახსოვს, სტატიებსაც წერდი.

– დედაჩემს უნდოდა, ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა, მაგრამ სოციოლოგია ახალი სპეციალობა იყო და იმაზე გადავწყვიტე. პრესაში ნამუშევარი იმ პერიოდში ვარ, როცა რადიოშიც ვმუშაობდი. იყო ასეთი გაზეთი „მოქალაქე“ და იქ დავიწყე კულტურაზე წერა. თაბახის ფურცელში ოთხ ლარს მაძლევდნენ. თვეში ორმოცი ლარი მიგროვდებოდა. ყოველ კაპიკს ვუკეთებდი ეკონომიას, რომ ოჯახს რაღაცით შევშველებოდი. მაშინ ბევრი არც არაფერი ხდებოდა. ავანგარდული მოდის ასამბლეას ვაშუქებდი. კულტურაში კიდევ შეიძლებოდა რაღაც მომხდარიყო, ლადო ბურდულს სახლში დაერეკა და „ტუსოვკა“ მოეწყო. ინტერვიუებს ვწერდი აქაურ თუ რუსეთიდან ჩამოსულ პოპულარულ ხალხთან. უფრო ალტერნატიული კულტურა იყო პოპულარული, ის, რაც მანამდე ნანახი და გაგონილი არ გვქონდა. ახლაც სიამოვნებით დავწერდი სტატიებს, მაგრამ ოთხ ლარად – ვეღარ.

– ისიც გაიხსენე, როგორ გახდი დიზაინერი.

– სულ ქალებს ვხატავდი, სხვადასხვა ტანსაცმელში. ერთი მეგობარი გვყავდა – ირა. ეს ნახატები მასთან სახლში წავიღე, იატაკზე ვიჯექი და სანთლის შუქზე ვჭრიდი თარგებს, რომ მერე იქიდან ტანსაცმელი შემექმნა. მე და ირამ გამოვჭერით „ლიფი“, რომელზეც სახეები დავხატეთ. მერე ჩვენება მოვაწყვეთ, რომელიც ირამ გახსნა. მეორე საპრიზო ადგილი აიღე. მოსკოვიდან იყვნენ ჟურნალისტები ჩამოსულები და მოსკოვში დამპატიჟეს მოდის ფესტივალზე. ერთადერთი ცუდი ამ პროფესიას, ალბათ, ის აქვს, რომ მკერავი გქვია. შტამპივით არის ეს პროფესია. არადა, მიმაჩნია რომ გარდა ამ პროფესიისა, მრავალმხრივი ნიჭის პატრონი ვარ. შეიძლება, წარმატებული ბიზნესმენიც გამოვსულიყავი დიზაინერის ნაცვლად. მოსკოვში დარჩენის შანსი მქონდა და გული მწყდება, რომ არ დავრჩი. იმ ჟურნალისტებიდან, მაშინ რომ დამპატიჟეს, დღეს ერთი ჟურნალ „ვოგის“ მთავარი რედაქტორია, მეორე ჟურნალ – „პრემიერის“ და მესამე – ჟურნალ „ოფისიელის“. ზოგს მეტროში ეძინა, ზოგს – სადღაც, მაგრამ ის, ვინც მაშინ გაიჭირვა ყინვაში და უბედურებაში, დღეს მილიონერია.

– შენს ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც „ქუჩის ბიჭების“ წევრს ზურა ხაჩიძეს უკავშირდება. ის შენი ერთადერთი დეიდაშვილია, მაგრამ მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა გვიან მოგეცა. რატომ მოხდა ასე?

– დედაჩემი ბორჯომელია. ზურა ხუთი წლის იქნებოდა, როცა მისი მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ. მამამისის ოჯახში, ბებიასთან იზრდებოდა. ზაფხულობით ჩვენ რომ ბორჯომში ჩავდიოდით, მაშინ ვნახულობდი და ესეც ძალიან გვიან მოხდა. მრავალი წელი ატყუებდნენ, დედაშენი ცოცხალი აღარ არისო. არ უნდოდათ, რომ დედასთან კონტაქტი ჰქონოდა. ჩვენ სულ გაგვირბოდა. თოთხმეტი წლის იყო, რომ დაგვიბრუნდა. ეს ზურასთან ურთიერთობის მართლა ძალიან ტრაგიკული წლებია, მექსიკური ტელესერიალივით. მაშინ დავმეგობრდით და მერე რომ ჩავდიოდით, სულ ჩვენთან იყო, ჩვენთან რჩებოდა. რომ გაიზარდა მუსიკის მიმართ გაუჩნდა ინტერესი. დედაჩემიც კარგად მღერის და დეიდაჩემიც კარგად მღეროდა. მე, ეტყობა, სპილომ დამაბიჯა ყურზე, სიმღერის ნიჭი რომ არ მაქვს. უცბად, პოპულარობაც მოვიდა. რაღაც პერიოდი, დედასთანაც ცხოვრობდა. დეიდაჩემს მეორე ქმარი ჰყავდა, რომელთანაც გოგონა შეეძინა და ხუთი წლის ასაკში გარდაეცვალა. ზურამ იქ ვეღარ გაძლო, საშუალება რომ მიეცა, ბინა იქირავა და გადავიდა. ძალიან მხიარული, იუმორით სავსე და ლამაზი ქალი იყო. მესამედ გათხოვდა, მაგრამ დიდი უბედურება მოხდა. მთელი ოჯახი, დეიდაჩემი, მისი ქმარი, მშობლები, ბუნებრივი აირით გაიგუდნენ. იმ პერიოდში ზურას ახალი მოყვანილი ჰყავდა ხათუნა და მე საავადმყოფოში ვიწექი ფეხმოტეხილი.


скачать dle 11.3