კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად აწყობდა გიორგი უშიკიშვილი 20 კაპიკად ხის ყუთებს და როგორ მოხვდა ის თბილისის ავლით ახმეტიდან ტოკიოში



მარიკა ხიდურელი



ხალხური სიმღერის უბადლო შემსრულებელს, გიორგი უშიკიშვილს, ცხოვრებაში საკუთარი პრინციპები გააჩნია, რომლებსაც არასდროს ღალატობს. გარდა ამისა, ხალასი იუმორითაც გამოირჩევა. როგორც თავად აღნიშნა, ვერ წარმოუდგენია, მის გარშემო ისეთი ადამიანი არსებობდეს, რომელსაც იუმორის გრძნობა არ აქვს. გიორგი უშიკიშვილის ოჯახში სიმღერა ყველას უყვარს და ყველანი არაჩვეულებრივად მღერიან. ჩვენი რესპონდენტი ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელია, ასევე, ხელმძღვანელობს ყველასთვის კარგად ცნობილ ანსამბლ „ლაშარს.“ ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ გიორგი პარიზში საქართველოს კულტურის დღეებზე გაემგზავრა, სადაც ქართველები განსხვავებული პროგრამით წარდგნენ და კიდევ ერთხელ გააოცეს ევროპა.



– როგორია გიორგი უშიკიშვილის ცხოვრების სტილი?

– რაც ჩემს საქმიანობას ეხება, ზარმაცი ნამდვილად არ ვარ, რასაც ვაკეთებ, ძალიან მომწონს და მნიშვნელოვანია ჩემთვის. მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, რეგიონებში სიარული, მოხუცების ნახვა, მათგან სიმღერის შესწავლა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ძალიან აქტიური და დატვირთული რეჟიმით ვცხოვრობ. ვერ წარმომიდგენია, იყო ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი ან, ზოგადად, ქართული სიმღერის შემსრულებელი და თბილისს არ გასცდე. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში ხშირად დავდივარ, თბილისშიც აქტიურად ვცხოვრობ. სხვათა შორის, ვინც არ მიცნობს, რატომღაც ყველას ჰგონია რომ მხოლოდ ქართულ ხალხურ სიმღერებს ვუსმენ და სხვა ყველა მიმდინარეობა მეზიზღება. ეს ასე არ არის. ძალიან ბევრ რამეს ვუსმენ და მაქსიმალურ ინფორმაციას ვიღებ. შეიძლება, ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ მანქანაში ხალხური სიმღერების არც ერთი დისკი არ მაქვს.

– რატომ?

– ხალხურ სიმღერებს სახლში და სამსახურში ვისმენ და ნამდვილად არ შემიძლია, სულ ხალხურ სიმღერებს ვუსმინო, სხვა ინფორმაციაც მჭირდება. ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა და ჯაზი, ასევე, პოპ-მუსიკაც, ოღონდ ყველა შემსრულებელი არ მომწონს. აქტიურად ვაკვირდები თანამედროვე მიმდინარეობებს, როგორიც არის ელექტრონული მუსიკა და ასე შემდეგ.

– როგორც აღნიშნეთ, აქტიური ცხოვრების სტილი გაქვთ. თქვენი დილა ადრე იწყება?

– ჩემი დილა ადრე არ იწყება, რადგან ძალიან გვიან ღამით მთავრდება. დაახლოებით დილის 11 საათისთვის უკვე ფორმაში ვარ და სახლიდან გავდივარ: ჯერ მივდივარ სამსახურში, სადაც ძალიან ბევრ რამეს ვგეგმავთ, შემდეგ – რადიოში („ფოლკ-რადიო“), საღამოს სხვადასხვა ღონისძიებაზე მეპატიჟებიან, იქნება ეს კონცერტი, სპექტაკლი და ასე შემდეგ. მოგვიანებით კი მეგობრებთან ერთად ყავას ან ჩაის მივირთმევ.

– ბავშვობის ასაკიდან თუ გადმოგყვათ რომელიმე თვისება?

– ძალიან ბევრი, ის კი არა, ვფიქრობ ბევრი არაფერი შეცვლილა. მიმაჩნია, რომ ადამიანს ბავშობის დროინდელი თვისებები ბოლომდე მიჰყვება. შეიძლება, გამოცდილება შეიძინო და მანერები დაგეხვეწოს, მაგრამ, ზოგადად, ისეთივე რჩები, როგორიც ბავშვობაში იყავი. ბავშვმა თავიდანვე თუ არ შეიგრძნო მშობლებისადმი სიყვარული და პატივისცემა, მერე არც ერთ შემთხვევაში აღარ ჩამოუყალიბდება ეს თვისება. ადამიანი თავიდანვე უნდა იზრდებოდეს ოჯახში – ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 60 წლის კაცსაც ეტყობა, როგორ ოჯახშია გაზრდილი და 16 წლის ბავშვსაც ეტყობა, როგორ ოჯახში იზრდება. ბუნებრივია, ოჯახურ გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც სულ მღეროდნენ. დედაჩემისა და მამაჩემის მხრიდან ყველა მღეროდა. მყავდა პაპა, იორდანე, რომელიც სიმღერას მასწავლიდა. მასთან ერთად ვენახში მივდიოდი, ნახირშიც ვყოფილვართ ერთად. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის წლები მასთან ერთად გავატარე. ჩვენ ახმეტაში ვცხოვრობდით და როცა ძალიან გაჭირვებული პერიოდი იყო დედა შვიდი წლის განმავლობაში, კვირაში სამჯერ, ავტობუსით მატარებდა თბილისში სიმღერის რეპეტიციაზე. პლუს ამას, 12-13 წლის ვიყავი, როცა საკონსერვო ქარხანაში ვმუშაობდი – მეხერხებოდა დურგლობა – ქილებისთვის ხის ყუთებს ვაკეთებდი და ერთ ყუთში 20 კაპიკს მაძლევდნენ.

– იმედს არასდროს კარგავთ?

– არასდროს. ძალიან მიზანდასახული ვარ და, რამეს თუ ჩავიფიქრებ, ყოველთვის ვცდილობ მის მიღწევას, არ მიყვარს მიდებ-მოდება. სხვათა შორის, პაპაჩემი ამბობდა, არ მიყვარს, კაცი ზანტი კამეჩივით რომ არისო. რომ ვკითხე, ეს რას ნიშნავს-მეთქი, მიპასუხა, ზანტი კამეჩი ის არის, ორღობეში რომ მიდის და ყველაფერს მიედ-მოედებაო. კაცი მიზანდასახული უნდა იყო, ერთი გზა აირჩიო და აკეთოო.

– საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ.

– ძალიან ბევრს ცოტა უხეში ვგონივარ, ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ხშირად სერიოზულ კომენტარებსა და განცხადებებს ვაკეთებ. უხეში არ ვარ, რადგან ეს ჩემთვის მიუღებელია. ძალიან არ მიყვარს უჟმური ადამიანები. გამორიცხულია, ვერ ვიმეგობრებ ადამიანთან, რომელსაც არ გააჩნია იუმორის გრძნობა. ჩემ გარშემო სულ იუმორით სავსე ადამიანები არიან. ძალიან მეცოდება ყველა, ვისაც იუმორის გრძნობა არ აქვს. იუმორი ჩემში, ალბათ, უფრო გენეტიკურია – მამაჩემიც ასეთია და პაპაჩემიც ესეთი იყო.

– ბევრისთვის, შეიძლება, წარმოუდგენელი იყოს, მაგრამ, სანამ თბილისის თუნდაც რამდენიმე უბანს ნახავდით, იაპონიაში ამოყავით თავი.

– 10 წლის ასაკში იაპონიაში რომ წავედი, რუსთაველზეც კი არ ვიყავი ნამყოფი. ჩემს მეგობრებს ტოკიოში სურათები ჰქონდათ წამოღებული, რომლებზეც თბილისის ხედები იყო გამოსახული და იქ ვათვალიერებდი. ძალიან უცნაურია, მაგრამ, ასეა. უკან რომ დავბრუნდით, აეროპორტიდან მაშინვე ახმეტაში წავედით. მამაჩემმა რომ მკითხა, ტოკიო როგორ მოგეწონაო, იმდენად დაბნეული ვიყავი, მარტო „აუ, აუს“ ვამბობდი. წარმოიდგინე, 10 წლის ბავშვი ახმეტიდან პირდაპირ ტოკიოში მოვხვდი.

ახმეტაში ჩვენს სახლს მამამ ერთი ნაწილიც კი მოუნგრია და სცენა მიაშენა. მე და ჩემი და სულ სცენაზე გავიზარდეთ. ასე რომ, სიმღერა ჩემთვის ცხოვრების წესია. ვფიქრობ ხოლმე, რომ, გარდა იმისა, რასაც ვაკეთებ, სხვა არაფრის კეთება არ შემიძლია. ალბათ, ამქვეყანად იმიტომ მოვედი, რომ ეს საქმე ვაკეთო.

– რის უფლებას არ მისცემთ საკუთარ თავს?

– არ მიყვარს თავხედი და უზრდელი ადამიანები. რაც უნდა წარმატებას მივაღწიო, ნამდვილად არ მივცემ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ამ წარმატებით ვისარგებლო და სხვა ადამიანებს ზემოდან ყურება დავუწყო; არასდროს მივცემ თავს იმის უფლებას, რომ მეგობრები და გარშემო მყოფი საზოგადოება წარმატებისა და დამსახურებების მიხედვით შევარჩიო; არასდროს მივცემ თავს ისეთი რამის გაკეთების უფლებას, რაც მიუღებელი იქნება ჩემი მშობლებისთვის, ხალხისთვის, საზოგადოებისთვის, მეგობრებისთვის და ასე შემდეგ. ჩემთვის მთავარია, ისე ვიცხოვრო, რომ გარშემო მყოფ ადამიანებს ჩემთან ურთიერთობით მუდმივად კომფორტი შევუქმნა.

– ალბათ, თავადაც გიქმნიან კომფორტს გარშემო მყოფი ადამიანები.

– მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება, ზოგს ძალიან უხეში ვგონივარ, ძალიან მიმნდობი ვარ, მალე ვეხსნები ადამიანებს და საკმაოდ მალე შევდივარ ურთიერთობაში. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს კარგად არ მთავრდება და, ისეც მომხდარა, რომ ის ადამიანი სულაც არ ყოფილა ისეთი, როგორიც მეგონა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ ვნანობ. მიმაჩნია, რომ ადამიანს თავისუფლება უნდა მისცე, რათა საკუთარი თავი გიჩვენოს.

– მთელი ზაფხული წინ არის. როგორია საზაფხულო გეგმები?

– განვაგრძობთ ჩვენს მოგზაურობას და რამდენიმე კონცერტიც გვაქვს დაგეგმილი. ძალიან მიხარია, რომ უცხოეთიდან ქართველი ემიგრანტები გვეხმაურებიან და ჩვენს კონცერტებს ითხოვენ. ამ ზაფხულს მივდივართ პარიზში, შემდეგ კი პოლონეთში, იტალიასა და ვენაში.


скачать dle 11.3