რა ტრადიციას არ ღალატობს კოტე მახარაძის ოჯახის თოთხმეტი თაობა და როგორ ერგო მას პრინცის როლი
თამუნა ნიჟარაძე
ის ცნობილი ოჯახის შვილია. იმის მიუხედავად, რომ ჯერ 18 წლისაა, გაცნობიერებული აქვს პასუხისმგებლობა, რასაც დიდი და ცნობილი ოჯახი აკისრებს. მედეა ჩახავასა და კოტე მახარაძის შვილიშვილს, პატარა კოტე მახარაძეს ცნობილი ბებია-ბაბუისგან მემკვიდრეობით ბევრი რამ ერგო – არჩევანი სპორტსა და ხელოვნებას შორის თავადაც გაუჭირდა. ამიტომ ვერც კინოს შეელია და ვერც სპორტს. მომავალი კინორეჟისორი პროფესიულ სპორტშიც ცდის ძალებს. დარწმუნებულია, რომ მისი კარიერა წარმატებული იქნება, ნიჭიერება და გამარჯვება ხომ მისი ოჯახის სავიზიტო ბარათი ყოველთვის იყო.
კოტე მახარაძე: ბაბუაჩემის შვილიშვილებს შორის მე პირველი ბიჭი ვარ, ისე უნდოდათ სახლში, ბაბუას სეხნია ვყოფილიყავი, მგონი, გოგოდ რომ დავბადებულიყავი, მაინც კოტეს დამარქმევდნენ, პირველივე შანსი გამოიყენეს და არ გაუშვეს ხელიდან (იცინის). ჩვენს ოჯახში უკვე მეთოთხმეტე თაობაზე გადადის ტრადიცია, რომ ვაჟი შვილს ან კოტეს არქმევს, ან ივას. მოკლედ, უკვე წლებია, რაც ეს ორი სახელი მეორდება და ამ ტრადიციას, თავის დროზე ალბათ, არც მე დავარღვევ. როცა ცნობილი ადამიანების შთამომავალი ხარ, ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ საკმაოდ რთულიც. ვიღაცას რაღაც უფრო იოლად ეპატიება, ვიდრე – შენ. ის, რომ კოტე მახარაძის სეხნია ვარ, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. როცა უცხო გარემოში ვხვდები, სადაც იგებენ, რომ კოტე მახარაძე ვარ, მაშინვე ჩნდება შეკითხვა: შენ იმ კოტე მახარაძის... და მე ვასრულებ წინადადებას, დიახ, მისი შვილიშვილი ვარ. მაქვს განცდა, რომ თითქოს, მე უფრო მეტს მომთხოვს საზოგადოება. ერთი შეხედვით, ჩემს წინ კარი უფრო იოლად იხსნება, მაგრამ როგორც კი შეხვალ იმ კარში, შენ უფრო მეტი უნდა გააკეთო და იმ შანსის კარგად გამოყენება უნდა შეძლო, რომელიც შენი ოჯახიშვილობით გეძლევა. ჩემს წრეში მე თავად ვიმკვიდრებ თავს, ჩემს თანატოლებში არავის არ აინტერესებს ვისი შვილი და შვილიშვილი ხარ. თანამედროვე თინეიჯერებში „ნომერი“, რომ კოტე მახარაძის შვილიშვილი ხარ, ისე ძალიან არ „მუშაობს“, ეს უფროს თაობებში ჭრიდა, ჩვენთან სხვა რამეების დამტკიცებაა საჭირო (იცინის).
– ბაბუასთან ურთიერთობის წლებს ახლა როგორ იხსენებ?
– თერთმეტი წლის ვიყავი, როცა ბაბუა გარდაიცვალა. იმის მიუხედავად, რომ ბებიაჩემის სახლში ვიზრდებოდი, კოტეს ძალიან ხშირად ვნახულობდი. მართალია, ბებია და ბაბუა ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მაგრამ შვილების სიყვარულის გამო, ერთმანეთთან ბოლომდე შეინარჩუნეს თბილი და მეგობრული დამოკიდებულება. მე ძალიან ახლოს ვიყავი სოფიკო ჭიაურელთანაც, ეს ურთიერთობა ბაბუას გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა. ჭირმა თითქოს უფრო დააკავშირა ეს ორი ოჯახი. მე ხშირად მივდიოდი მათ სახლში, ხშირად ვესწრებოდი სოფიკოს სპექტაკლებს. ჩვენთან წლების განმავლობაში გაფუჭებული იყო ლიფტი, ამიტომ კოტეს უჭირდა ამოსვლა და ძირითადად შვილიშვილები მივყავდით თავისთან. ახლა ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ ბაბუასთან სერიოზულ თემებზე საუბარი ვერ მოვასწარი. სამწუხაროდ, ჩვენი ურთიერთობა ვერ გადავიდა ზრდასრული ადამიანების ურთიერთობაში. კოტე იყო ადამიანი, ვისაც ყველა თემაზე შეეძლო საუბარი, ჰქონდა ფანტასტიკური იუმორი, სულ კარგ ხასიათზე იყო, უყვარდა გართობა, „ცენტრი ადამიანი“ იყო. ახლა როცა ოჯახში ყვებიან ძველ ხალისიან ისტორიებს, სულ მეუბნებიან ხოლმე: ნეტავ, ეს ყველაფერი შენც გენახა და შენც მოსწრებოდიო.
– სამაგიეროდ, ძალიან ბევრი დრო გაატარე ბებიასთან, მედეა ჩახავასთან. რა შეიცვალა თქვენს ოჯახში მისი გარდაცვალების შემდეგ?
– ბებია იყო საოცარი ადამიანი, ძალიან ბევრჯერ მიფიქრია: უი, ეს ისაა, ხალხი რომ ასე ხვდება, ასე რომ თამაშობს სცენაზე? სახლში იყო ძალიან უბრალო. სულ ცდილობდა, რომ ჩემთვის ყველაფერი თავისი ხელით გაეკეთებინა. მუდამ იმას მეკითხებოდა, აბა, რა გინდა, რა გაგიკეთო? თან ყველაფერი ეხერხებოდა. ძალიან მიყვარდა მისი გამომცხვარი მჭადები. ის იყო ჩემი მფარველი. ბებია ჯობდა ჩვენი ოჯახის ყველა ქალს, ის სხვანაირ ოჯახურ იდილიას ქმნიდა, რაც ძალიან დაგვაკლდა. სახლში ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ბებიას გარდაცვალებამდე იყო, მათ შორის მისი ნაქონი ნივთებიც. ის ბევრ ტრადიციას ინახავდა ჩვენს დიდ ოჯახში, პირველ იანვარს ყველა ერთად უნდა ვყოფილიყავით. ჩვენ ეს ტრადიცია წელსაც გავაგრძელეთ. ისე გავატარეთ ეს დღე, როგორც მას უყვარდა. ბებია იყო ჩვენი ოჯახის სული და გული. ძალიან აზარტული გახლდათ, განსაკუთრებით უყვარდა ჭადრაკის თამაში, მეც მასწავლა. ჩვენ გვქონდა მუდმივი ტურნირები და ბატალიები. თავიდან ბებია მიგებდა ხოლმე, მერე ისე გავიწაფე, რომ წეროვანში, მამიდაჩემის აგარაკზე გამართულ „ტურნირებში“, ბებია ოჯახის ყველა წევრს ამარცხებდა ჩემს გარდა. ეს ძალიან უხაროდა.
– ცნობილი ხელოვანების შთამომავალმა თავად რატომ არ აირჩიე მათი გზა?
– მგონი, ავირჩიე. მართალია, მსახიობობა არ მიფიქრია, მაგრამ ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, ვსწავლობ კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. ჩემი არჩევანი დროით იყო განპირობებული. კინო უფრო მიტაცებს, ვიდრე თეატრი. მიმაჩნია, რომ თეატრი დასრულებული სახეა, კინო კი ძიებისა და გართობის პროცესი. ჩემი აზრით, ოჯახის პროფესიულ ტრადიციებს მაინცდამაინც არ ვღალატობ. ის ერთადერთი რასთანაც გენეტიკური კავშირი არ მაქვს, ბალეტია. მე არ გავხდი ბალეტის „მსხვერპლი“. თუმცა, მამიდაჩემის წყალობით, მეც ვიდექი სცენაზე. ბალერონობის პერსპექტივა ძალიან ადრეულ ასაკში დასრულდა, მამიდაჩემის სტუდიაში მხოლოდ იმიტომ ვთამაშობდი ხოლმე, რომ ბიჭები არ ჰყავდათ. სანათესაოდან ყველა ბიჭს მოგვიწია ვალის მოხდა ოჯახის წინაშე. განსაკუთრებული მოძრაობები არ გვევალებოდა, უბრალოდ, სცენაზე უნდა ვმდგარიყავით. ეს ვალი ძალიან მძიმე არ იყო – განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდით, უბრალოდ დავდიოდით სცენაზე, თუმცა მე, მეასე სოკოს გარდა, პრინცის როლიც შემხვდა (იცინის).
– ჰონორარს არ გაძლევდა მამიდა?
– ამ მცირეხნიან კონტრაქტს ოფიციალური ჰონორარი არ მოსდევდა, მაგრამ მამიდა ხშირად მაძლევდა ფულს, რომელსაც უფრო საჩუქრის სახე ჰქონდა (იცინის). მამიდაჩემი კლასიკური ტიპის მამიდაა, გატაცებებიც ასეთი აქვს – ბალეტი, კლასიკური მუსიკა. საერთოდ არ ჰგავს მამას, რომელიც ჩემსავით მწყრალადაა კლასიკასთან. მამამ გამწვრთნა მძიმე მუსიკაზე, „ლედ ზეპელინზე“ ისე ვიძინებ, იავნანა მგონია (იცინის).
– რით ჰგავს პატარა კოტე მახარაძე სეხნია ბაბუას?
– ბაბუასავით არც მე ვარ გულგრილი გოგონების მიმართ. როგორც გამიგია, ბაბუა ქალების დიდი მუსუსი იყო (იცინის). ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ. აბა, კაცი როგორი უნდა იყოს? თუმცა, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ბაბუას მასშტაბებს ვერ შევედრები. მეც ვხვდებოდი გოგონებს, მაგრამ ახლა შეყვარებული არ ვარ. არ ვიცი, როგორი გემოვნება ჰქონდა ბაბუას, მაგრამ მე მომწონს ქერა, მხიარული და გართობის მოყვარული გოგონები. (იცინის). ის, რითაც მე და ბაბუა ერთმანეთს საერთოდ არ ვგავართ, ქეიფია. ბაბუას ძალიან უყვარდა ქეიფი, მე საერთოდ არ ვსვამ, მაგრამ ბაბუას მსგავსად, მეც ძალიან მიყვარს ადამიანებთან უშუალო და მეგობრული ურთიერთობები.
– დიდი კოტე მახარაძისგან ფეხბურთის სიყვარული არ გამოგყვა გენეტიკურად?
– ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ ისე არა, როგორც მამას და ბაბუას. მეც დიდი გულშემატკივარი ვარ. მე და მამაჩემი ხშირად ვუყურებთ ერთად ფეხბურთს, მე „ჩელსის“ გულშემატკივარი ვარ, მამა – „მანჩესტერ იუნაიტედის“ და ამის გამო მაგარი დებატები გვაქვს ხოლმე. სულ ვამბობთ, რომ ჩვენს კამპანიას ბაბუა აკლია, რომელიც ალბათ, ხშირად იტყოდა გადამწყვეტ სიტყვას. მე მამის და ბაბუის გზას ასე თუ ისე გადავუხვიე. პატარა ვიყავი, როცა მამამ ჩოგბურთსა და თხილამურებზე მიმიყვანა. ჩოგბურთს ძალიან ბევრი ვარჯიში სჭირდება, ძალიან დიდხანს უნდა „ეთამაშო“ კედელს, ამისთვის ვერ გავიმეტე საკუთარი თავი (იცინის) და თხილამურებს გავყევი. სრიალი უფრო უკეთესად გამომდიოდა. უკვე თორმეტი წელია, რაც თხილამურებზე ვდგავარ, მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა ტურნირებში, ჩემპიონატებში. ძალიან მინდა, რომ სპორტის ამ სახეობას გავყვე, ამ მხრივ დიდი გეგმები მაქვს.
– მერე კინო?
– ერთმანეთს როგორმე შევუთავსებ კინოსა და სპორტს, რატომაც არა? სპორტი იძლევა ფინანსური უზრუნველყოფის უფრო მეტ საშუალებას, ვიდრე კინო. თუ კარგი სპორტსმენი ხარ კარგი კონტრაქტების მონაწილეც შეიძლება გახდე. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. მე არც კინოსთვის ვაპირებ თავის დანებებას. ძალიან მინდა, რომ გადავიღო კომედიური ჟანრის ფილმი, შენგელაიების სტილში. ძალიან მომწონს მათი ფილმები. შენგელაიების ფენომენი ქართულ კინოში განსაკუთრებულია.
– შენი სპორტული კარიერა უცხოეთში გაგრძელდება?
– არ ვიცი, ვნახოთ, როგორ იქნება. უცხოეთში ამ სფეროში ფულიც მეტი იშოვება, სპორტსმენები მოდელებივით ცხოვრობენ, სარეკლამო სფეროდანაც დიდ შემოსავლებს იღებენ. მინდა, მქონდეს სპორტული კარიერა, თუმცა იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, უცხოეთისკენ განსაკუთრებით რომ ილტვიან, ასე მგონია, თბილისის გარდა ვერსად გავძლებ. სადაც არ უნდა ვიყო, აქ დავბრუნდები. თბილისში ბევრი რამ „მაბამს“, მაგრამ, ბაბუა რომ ცოცხალი იყოს, მასთან ერთად სადმე სიამოვნებით წავიდოდი. თან, როგორც ამბობენ, კოტე მოგზაურობისას ძალიან მაგარი კომპანიონი იყო.