ვისთვის არის მაკა ცინცაძე მძიმე ხასიათის და როდის უჩნდება მას საყვარელი ადამიანის მხარზე ტირილის სურვილი
სალომე გველესიანი
ლამაზი, ქერა გოგონა, რომელიც საქართველოს „ცნობაში“ ცნობილ ადამიანებს ამოწმებდა, დღეს რადიკალურად განსხვავებულ ამპლუაში მოგვევლინა – მას განახლებული „მაესტროს“ საინფორმაციო მიჰყავს. მაკა ცინცაძე ახალ ამპლუას არაჩვეულებრივად მოერგო. რადიო „უცნობში“ წლების განმავლობაში მიჰყავდა გადაცემა ახალ ამბებზე, თუმცა, აღიარებს, რომ სატელევიზიო მასშტაბი გაცილებით დიდია და მას ბევრად მეტი ადამიანის დაინტერესება ევალება.
მაკა ცინცაძე: „დიდ ავიაციაში“ „პირველი რადიოდან“ მოვედი, რომელიც ერთგვარი წარმატების სიმბოლოდაც იქცა, რადგან, ძალიან ბევრი ადამიანი იმათგან, ვინც დღეს მედიასივრცეში ჩანს, სწორედ „პირველი რადიოდან“ მოდის, ვაჟას გამოზრდილები ვართ ყველა. ამის შემდეგ გადავედი რადიო „უცნობში“, რადიოს პარალელურად იყო „პირველი არხი“ და ახლა გადმოვედი „მაესტროში“.
– რამ განაპირობა ასეთი კეთილი გადაცემიდან, როგორიც იყო „მე მიყვარს საქართველო“, ისეთ არხზე გადასვლა, სადაც მშვიდად მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია?
– საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ჩვენმა არხმა რაღაც განსაკუთრებული მისია იტვირთა, მართლა გულწრფელად ვამბობ ამას. საზოგადოების ნაწილი „მაესტროს“ ოპოზიციურად აღიქვამს, სინამდვილეში, უბრალოდ, რეალობას ავსახავთ და ვართ ცოტა კრიტიკულები, როგორიც საერთოდ უნდა იყოს მედია. არავისთან ჩასაფრებულ მდგომარეობაში არ ვართ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ამ არხზე ჩემი მუშაობა ძალიან მშვიდი იქნება. თავს მართლა კომფორტულად ვგრძნობ. არც გადაწყვეტილების მიღება ყოფილა რთული. შემოთავაზება „მაესტროს“ ხელმძღვანელებისგან, კონკრეტულად კახა ბექაურისგან მივიღე. მას შევხვდი, ვისაუბრეთ და, ამ საუბრიდან გამომდინარე, ბევრი ფიქრი არ დამჭირდა. „უცნობში“ ნიუსში მუშაობის გამოცდილება მქონდა და მეც გამიჩნდა იმის სურვილი, რომ ისევ საინფორმაციოში დავბრუნებულიყავი, წამოვსულიყავი გასართობი გადაცემიდან. ისიც ძალიან მომწონდა, სადაც ვიყავი, მაგრამ უფრო სხვა სფეროში მინდოდა ძალების მოსინჯვა.
– სახლშიც იყო შენ გადაწყვეტილებაზე საუბარი?
– კი, მაგრამ, არავის უთქვამს, მაკა, კარგად დაფიქრდი, შენი მომავალი სამსახური საფრთხეს შეიცავსო და სხვა მსგავსი ფრაზები, უბრალოდ, ავუხსენი, რომ ახლა ამ ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო. არავის უცდია, აზრი შემეცვალა. ნამდვილად აღარ ვარ იმ ასაკში, რომ გადაწყვეტილებას ასე იოლად ვცვლიდე. საქმის კურსში ვაყენებ ოჯახის წევრებს, მაგრამ, ვიღაცამ რამე ამიკრძალოს – ასეთი რაღაცეები ჩემთან ნამდვილად არ ხდება.
– თავს როგორ გრძნობ ამ ამპლუაში?
– არაჩვეულებრივად, თუმცა, თავისი სირთულეები ამ ყველაფერს ნამდვილად ახლავს. თან გააჩნია, რას აკეთებ. თუ არ გიწევს ტექსტის წერა და მხოლოდ რაღაცის წაკითხვაა შენი მოვალეობა, მაშინ ყველაფერი უფრო ადვილია, მაგრამ ჩემთან ასე არ ხდება. თანაც, საინფორმაციოს წამყვანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამაჯერებლობა, რის გარეშეც მუშაობას აზრი არ აქვს. აუცილებელია რაღაც მუხტი, რომელიც ეკრანიდან მოდის იმისთვის, რომ შენი მონაყოლის სიმართლეში დაარწმუნო ადამიანი. მიხარია, რომ ყოველთვის დარწმუნებული ვარ იმ ინფორმაციის სისწორეში, რომელსაც მაყურებელს ვაწვდი. ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიზებული ვიყავი, ეს სფერო აბსოლუტურად არ მაინტერესებდა. საქართველოში რა მდგომარეობაა, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი ვინ არის – ეს პატარა ბავშვმაც იცის და არც მე ვიყავი გამონაკლისი, მაგრამ, ის, რომ რაღაც პოლიტიკურ მსჯელობებში ჩავრთულიყავი, კონკრეტული აგრესია მქონოდა ამა თუ იმ მხარის მიმართ – ასეთი რამ არ ყოფილა. ახლა უკვე იმდენად ვარ ინფორმირებული და იმდენ რაღაცაში ვარ ჩახედული, რომ, შეუძლებელია, პოლიტიკური საკითხების მიმართ გულგრილი დავრჩე.
– შენს ხასიათში თუ არის ის სიძლიერე და თვითდაჯერებულობა, რაც ეკრანზეა საჭირო?
– არ ვიცი, ეს მაყურებელს ჰკითხეთ. თუ შეფასებებიდან გამომდინარე ვისაუბრებთ, კარგი შეფასებები მქონდა და მეც მიხარია. რა თქმა უნდა, ყველა გადაცემას ნერვიულობა ახლავს, მინდა, რომ ჩემი სათქმელი მაყურებლამდე სწორად მივიტანო, არ მოხდეს რაიმე ტექნიკური ხარვეზი, არ ვისაუბრო არც ძალიან ჩქარა და არც ისე, რომ მაყურებელს ჩემი ყურება და მოსმენა მოსწყინდეს, მაგრამ, სულ ვცდილობ, ეს ნერვიულობა არ დამეტყოს. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ძლიერი ნატურა ვარ, თუ მაინცდამაინც საკუთარი შეფასება გაინტერესებთ.
– როგორია სხვანაირი მაკა, საინფორმაციოს წამყვანის მკაცრი სახის გარეშე?
– არ მიცნობ?! (იცინის) ჩვეულებრივი გოგო ვიყავი და ვარ. კარგ გარემოში ვიზრდებოდი, კარგი მეგობრები მყავდა, ყოველთვის ვიყავი თავისუფალი. ჩემი მეგობრების ნაწილი ამბობს, რომ საკმაოდ მძიმე ხასიათი მაქვს, მეორე ნაწილი კი პირიქით, ამტკიცებს, რომ საოცრად რბილი, ლოიალური ვარ და დათმობაზეც იოლად მივდივარ. რატომ მაფასებენ ასე, ეს ჩემთვისაც გაუგებარი იყო და არის. სხვათა შორის, პროფესიით ეკონომისტი ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია. 17 წლის ვხდებოდი, რადიოში რომ მივედი და მას შემდეგ ამ გზიდან არ გადამიხვევია.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება? ვიცი, რომ გათხოვილი ხარ.
– დიახ, მყავს მეუღლე, ნოდო. ჩვენი სიყვარულის ისტორია ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით მეგობრები და ამიტომ ზუსტად გამიჭირდება იმის თქმა, რამდენი წლის წინ დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია. უბრალოდ, მივხვდით, რომ ჩვენი გრძნობა მეგობრობაზე გაცილებით დიდი და ძლიერია. მგონია, რომ მრავალი წელია, ერთად ვართ, თუმცა ეს, ალბათ, დიდი ხნის მეგობრობისა და შემდეგ უკვე შეყვარებულობის წლების გაერთიანების ბრალია (იცინის), სამი წლის წინ კი ეს სიყვარული ქორწინებით დასრულდა.
– ამდენს ხანს რატომ გაგრძელდა ეს ამბავი?
– მართლა არ ვიცი. საერთოდ, გადაწყვეტილების მიღება საშინლად მიჭირს. ადრე კიდევ უფრო მიჭირდა ეს ამბავი. ახლა ცხოვრების ტემპი ისე აჩქარდა, რომ დიდხანს ფიქრისთვის დრო არც მე მაქვს და არც სხვას, რომ ჩემს გადაწყვეტილებას დაელოდოს. ადრე მართლა ვიტანჯებოდი რაღაც თემაზე ფიქრით.
– ვიცი, რომ თქვენი სიყვარულის პერიოდი ძალიან საინტერესო იყო.
– მართლა განსაკუთრებული პერიოდი იყო, საჩუქრებით, სიურპრიზებით, უცნაური და ორიგინალური მოლოცვებით – მართლა მანებივრებდა ნოდო ამით, მაგრამ, სიმართლე გითხრა, ეს არ იყო ჩემთვის გადამწყვეტი. არა იმიტომ, რომ ეს დაიწერება და მინდა მკითხველზე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინო, მართლა გულწრფელად ვამბობ, საერთოდ არ მაინტერესებს ეს საჩუქრები და სიურპრიზები. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – დამოკიდებულებაა, ადამიანი როგორ გექცევა, რამდენად ყურადღებიანია, როგორ შეუძლია, ესა თუ ის საჩუქარი მოგართვას. ანუ ფორმას უფრო აქვს მნიშვნელობა, ვიდრე საჩუქრის ღირებულებას.
– ტელევიზია არის სფერო, რომელსაც ძალიან დიდი დრო მიაქვს. არიან ქალები, რომელთათვისაც კარიერული წინსვლა და წარმატება ყველაფერზე მნიშვნელოვანია და, პირიქით – ვინც ბედნიერებას მხოლოდ ოჯახში ხედავს...
– იცი, რა, არც ერთზე არ უნდა „ჩაიციკლო“. კარიერული წინსვლა არ უნდა გახდეს ცხოვრების ერთადერთი მიზანი, ყოველ შემთხვევაში, ფანატიკოსი არ უნდა იყო. არც ის მგონია, რომ მხოლოდ საქმეში ვიპოვი საკუთარ თავს, ან მხოლოდ სამზარეულოში. შესაძლოა, ბალანსის დაცვა და ამ ორივე სფეროს მიხედვა იმიტომ გამომდის, რომ ჯერჯერობით არ მყავს პატარა, რომელიც, ალბათ, მთელ ჩემს დღეს მოითხოვს და ეს ყველაზე სასიამოვნო „დროის წართმევა“ იქნება. ახლა უკვე სერიოზულად ვფიქრობ შვილზე და, მერე რა იქნება ნამდვილად არ ვიცი, თუმცა სახლში დაჯდომას, სამსახურისთვის თავის დანებებას, მაშინაც არ ვაპირებ – მგონია, რომ დროის განაწილებას შევძლებ. საერთოდ, თუ სურვილი გაქვს, შეუძლებელი არაფერია. ვერც იმას ვიტყვი, რომ სამსახურში საშინლად ვიღლები. არ ვიცი, შესაძლოა, მე ვარ ზედმეტად ენერგიული, მაგრამ, მართლა არ მაწუხებს ის, რომ სულ გადაღლილი ვარ და არაფრისთვის დრო არ მრჩება. იმ დროს, რაც მრჩება, სრულფასოვნად ვუთმობ ჩემს მეუღლეს და, შესაბამისად, საკუთარ თავსაც.
– როგორ ცდილობ იმ დარჩენილი ორი-სამი საათის გატარებას?
– მაინც მშვიდ სიტუაციაში მირჩევნია ყოფნა. ნოდოსთან ერთად მეგობრებთან, კინოში, თეატრში მივდივარ, ან, უბრალოდ, სახლში ვრჩებით. ისეც არ მინდა, გამიგოთ, რომ დილით ვდგები, სასწრაფოდ სადილს ვამზადებ, მერე სამსახურში გავრბივარ და საღამოს ბედნიერი სახით ვიწყებ ვახშმის თადარიგს. იდეალური ნამდვილად არ ვარ (იცინის). სადილის პრობლემა მოგვარებული გვაქვს, მაგრამ, არის ისეთი დღეებიც, როცა განსაკუთრებულ ხასიათზე ვარ და მინდა ნოდოს ვასიამოვნო, გავახარო და, რამე გემრიელობასაც ვამზადებ.
– რომანტიკული მეუღლე ხარ?
– ვცდილობ, ვიყო. რომანტიკულობა როგორ გამომდის, არ ვიცი, მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის – არ ვიყოთ ერთმანეთისთვის მოსაწყენები – ეს ნამდვილად გამოგვდის. სულ დაღლილი არც ცოლი ვარგა და არც მეგობარი. ყველას გვაქვს ჩვენი პრობლემები, ამ პრობლემებზე საუბარიც შეიძლება, მაგრამ, სამსახურში თუ რაღაცაზე გაღიზიანდი, მერე სახლში შენს საყვარელ ადამიანს არ უნდა ეჩხუბო. პრინციპში, ამას მაინც ზოგადად ვამბობ, რადგან ცუდ ხასიათზე თითქმის არასდროს ვარ და, მადლობა ღმერთს, არც სამსახურში მაქვს პრობლემები (იცინის). თუმცა, ერთი წესი მაქვს: არ არსებობს სახლში პოლიტიკაზე ვილაპარაკო. პოლიტიკა სამსახურში მთავრდება. არადა, ყველგან ამაზე მესაუბრებიან: აი, შენ გეცოდინება, იქ რეალურად რა მოხდა... (იცინის). მეც ვიღლები. ქალი რამდენადაც საქმიანი, დაკავებული, მიზანმიმართული და ძლიერი ჩანს, იმდენად არის სუსტიც. ნებისმიერ ქალს უჩნდება სურვილი, ხანდახან საყვარელი ადამიანის მხარზე იტიროს, რაღაცაზე დაიწუწუნოს, თქვას, რომ ისე დაიღალა, აღარაფერი აღარ უნდა. ანუ, ქალში ეს ორივე მხარე არსებობს, მთავარია, რომ მისი ქცევა არ იყოს ხელოვნური, ეს უნდა იყოს ორგანული. გვინდა – არ გვინდა, ქალები ვართ, და შესაბამისად, სუსტებიც.
– ანუ, შენ გვერდით მდგომი ადამიანი არის ის, ვის მხარზეც იტირებ?
– რა თქმა უნდა. ის ჩემზე გაცილებით ძლიერია და მისგან ზურგს ყოველთვის ვგრძნობ. ნოდო არის ადამიანი, ვისაც, შემიძლია, ნებისმიერ დროს ნებისმიერი თემით მივაკითხო და ნებისმიერ საკითხს მომიგვარებს. იმაზე ძლიერი და მაგარი გრძნობა არ არსებობს, როდესაც ვიღაცის იმედი გაქვს და იცი, მარტო არ ხარ შენს პრობლემებთან. ზუსტად ეს არის, ალბათ, ბედნიერების შეგრძნება, რაც სიყვარულს ახლავს. ბედნიერებაა, როდესაც სახლში მისვლა გიხარია და იცი, რომ მასაც ერთი სული აქვს, როდის გნახავს. მე ეს ყველაფერი მაქვს და მართლა ძალიან ბედნიერი ვარ.