კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას შეცვლის ქართველი გამომგონებლის „ნოუ ჰაუ“ მსოფლიო ავტომშენებელ წარმოებაში და რაზე ვერ დაითანხმეს ჯემალ ბაწელაშვილი, რომელმაც ვაკუუმის ძრავა შექმნა



თამუნა ნიჟარაძე



ქართველი მანქანათმშენებელი მსოფლიოს სენსაციურ გამოგონებას სთავაზობს – რუსთავში მცხოვრებმა ჯემალ ბაწელაშვილმა ვაკუუმზე მომუშავე ძრავა შექმნა, რომელიც, როგორც გამომგონებელი ამბობს, ეკოლოგიურადაც უსაფრთხოა და ეკონომიურადაც მომგებიანი. თუ ჯემალ ბაწელაშვილის გამოგონება პრაქტიკაში დაინერგა, მის მიერ შექმნილ ძრავიან ავტომობილებს არც საწვავი დასჭირდებათ და არც უამრავი ნაწილი, ვაკუუმიანი ძრავა განსაკუთრებით მოსახერხებელი საქართველოსთვის უნდა იყოს, სადაც საწვავის ფასის ზრდა უკვე ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. რა პერსპექტივა ელის ახალ გამოგონებას, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, თავად კონსტრუქტორი იმედიანად აცხადებს, რომ ქართული „ნოუ ჰაუ“ მსოფლიოს შეუმჩნეველი არ დარჩება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მთელი მსოფლიო ნავთობის ბიზნესზე დგას, ჯემალ ბაწელაშვილი ახალი გამოგონებით, ალბათ, დედამიწის პოლიტიკის შეცვლასაც კი შეძლებს.



ჯემალ ბაწელაშვილი: პროფესიით მანქანათმშენებელი ვარ, ძალიან დიდი ხანია, რაც ამ სფეროში ვსაქმიანობ. როგორც ინჟინერ-მეტალისტმა დიდხანს ვიმუშავე ენერგეტიკაში და იმ პერიოდში ორი გამოგონების ავტორი გავხდი, საბჭოთა პერიოდში მანქანათმშენებლობა აწყობილი დარგი იყო, მაგრამ ჩვენი სპეციალისტების დაფასება მაინცდამაინც არ ხდებოდა. 70-იან წლებში შევქმენი ორი დანადგარი, რომლებითაც გარდაბნის თბილსრესის გაჩერებამდე მუშაობდა ბლოკები, ამ გამოგონებას ყოველწლიურად მილიონ-ნახევარი-ორი მილიონი მანეთის ეკონომია მოჰქონდა, მე კი პრემია 90 მანეთი გამომიწერეს, თუმცა, ამ გამოგონებით თბილსრესის ათასი თანამშრომელი მაინც იღებდა ხელფასს. ეს იყო რაციონალური წინადადებები, თუმცა, როცა რაციონალური წინადადების მიერ მოტანილი მოგება დიდ თანხებს ეხება, უკვე გამოგონებად ითვლება. იმ პერიოდში ჩემგან რაიმეს მოთხოვნა გამორიცხული იყო, არც მე შემიწუხებია თავი. ჩემი გამოგონებები დაინერგა მთელ საბჭოთა კავშირში და აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში. იმის მიუხედავად, რომ მე არანაირი მატერიალური სარგებელი არ მიმიღია, გამოგონებებზე ფიქრი მაინც არ შემიწყვეტია. მეორე გამოგონება მეგობართან ერთად შევქმენი, სწორედ მას გავანდე ჩემი იდეა, რომ ჩვენი შექმნილი მოდელები ვაკუუმით იმუშავებდა. გამომგონებლის ტვინი ვერ ისვენებს, ერთი-ორი თვე გავჩერდები ხოლმე, მერე შემომიჩნდება რაღაც და ახალ კონსტრუქციაზე ფიქრს ვიწყებ.

– თუმცა, როგორც ვიცი, ერთ-ერთი თქვენი გამოგონება ჯართში ჩააბარეთ.

– ასეთი შემთხვევაც მქონდა. ოფიციალურად დაპატენტებული მაქვს ორი გამოგონება, ორივე შიდაწვის, როტორულ-დგუშიან ძრავებს ეხება, რომლებიც დიდ ეკონომიკურ ეფექტს იძლევა. პირველად ასეთი ძრავა 30-იან წლებში შექმნა გერმანელმა ვანკელმა შვილთან ერთად, მისგან ეს გამოგონება იაპონელებმა შეისყიდეს, რომლებმაც შემდეგ 80 მილიონ დოლარად ისევ გერმანელებს მიჰყიდეს. ეს იმ პერიოდისთვის დიდ მიღწევად ითვლებოდა და ბევრ ქვეყანაში დაინერგა, მაგრამ, ბოლოს გამომგონებლები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ვანკელის ძრავა ავტომშენებლობაში არის ტექნიკური ჩიხი. წარმოებაში ვერა და ვერ იქნა მიღწეული საწვავის ეკონომიის 17 პროცენტი, რა მიზნითაც ეს ძრავა შეიქმნა. ჩემ მიერ შექმნილი მოდელი ვანკელის ძრავას სჯობდა, ის ტექნიკურად მარტივი იყო, ნაკლებ ლითონს შეიცავდა, თუმცა იმ ძრავს ჰქონდა თავისი ხარვეზები. ვანკელის ძრავას სამკუთხა როტორს ჰქონდა შიდა კბილანები, რომლებიც პლანეტარულად მოძრაობს ორ ცილინდრს შორის. ჩემი მოდელის შემთხვევაში კი ცილინდრები კორპუსთან ერთად ბრუნავდა და ძრავა ტექნიკურად უფრო გამარტივებული იყო. ჩემს გამოგონებაში არ ხდებოდა საწვავის ისეთი გადინება, როგორიც ვანკელის ძრავაში, რომელიც ეკოლოგიურ საფრთხეს უფრო მეტად ზრდიდა. მე დავაპატენტე ჩემი გამოგონება, მაგრამ არ მქონდა იმისი საშუალება, რომ ის ევროპაში წამეღო. მოგვიანებით დავამზადე ცივი მოდელი, რომელმაც ისე იმუშავა, როგორც გავთვალე. მე თავად დამიკავშირდნენ სხვადასხვა ფირმების წარმომადგენლები ინგლისიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან. თარჯიმნობას ჩემი შვილი მიწევდა. როგორც შევატყვე, მათ უნდოდათ, რომ ჩემგან კონსტრუქციის ტექნიკური საიდუმლო გამოეტყუათ, თუ რა პრინციპით მუშაობდა ძრავა, რის შემდეგაც მათთვის ძალიან იოლი იყო ასეთი მოდელის გაკეთება. ინგლისელები იმასაც მთავაზობდნენ, რომ მათთან ჩავსულიყავი – ბინასაც მოგცემთ და ხელფასსაცო, დამპირდნენ, მაგრამ ბოლოს ჩვენი ურთიერთობა არ გამოვიდა. მერე სახლი გავყიდე, აღარ ვიცოდი, სად წამეღო ჩემი მოდელი, რომელიც 35 კილოგრამს იწონიდა და ჯართში ჩავაბარე.

– თქვენი ახალი გამოგონება – ძრავა ვაკუუმით, საკმაოდ სენსაციურად გამოიყურება. როგორ ფიქრობთ, მსოფლიოს ცნობილ კონსტრუქტორებს არ უფიქრიათ ამაზე და თქვენ რუსთავში გააკეთეთ ასეთი აღმოჩენა?

– მსოფლიოს ცნობილი გამომგონებლები იმდენად არიან დარწმუნებულები, რომ მათ მაქსიმუმს მიაღწიეს, მეტს აღარც ფიქრობენ. მათი შექმნილი ავტომობილები უკვე ავტომობილები კი არ არის, ანტიკვარებია – მხოლოდ უნდა უყურო და შიგნით არ ჩაჯდე. მთელი მსოფლიო ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას – ამას უკვე ყველა ქვეყნის ხელისუფლება აღიარებს, რასაც ხელს უწყობს ენერგომატარებლების მოხმარება, გამონაბოლქვი. ვერ გაამართლა ვერც ბიოსაწვავმა, – მისი ძრავა საშინლად ხმაურიანი და არაეკონომიურია, რადგან წყალბადის დაშლა ძვირი ჯდება. დღეს მთელი მსოფლიო გადასულია ავტომობილების ელექტროძრავებზე, თუმცა, ამ მექანიზმსაც ბევრი ნაკლი აქვს – მანქანაში იმდენი დამუხტული აკუმულატორი დევს, რომ ადამიანი თითქოს დამუხტულ კარადაში ზის, რაც მისი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. არსებობს ჰიბრიდული ძრავებიც, რომლებიც ერთდროულად მუშაობს როგორც ელექტროძრავაზე, ასევე – საწვავზე და ხან ერთს ენიჭება წამყვანი როლი, ხან – მეორეს, მაღალ სიჩქარეზე კი ელექტროძრავა ირთვება. ასეთ ძრავებს უშვებენ მსოფლიოს ცნობილი ბრენდები; „ბეემვე“, „მერსედესი“, „ნისანი“, „ტოიოტა“, „კრაისლერი“, „ჰონდა“, „პეჟო“ და სხვები. მე მინდა, ვაკუუმის ძრავა დაინერგოს მანამ, სანამ ელექტროძრავები ბოლომდე გადაფარავს მსოფლიო ავტომშენებლობას. ვერ გეტყვით, რომ მსოფლიოს ცნობილი ავტომწარმოებლების გამომგონებლებს ვაკუუმის ძრავაზე არ უფიქრიათ, თუმცა ისინი მაინც უფრო დიზაინზე აკეთებენ აქცენტს. ვაკუუმის ძრავა მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს, შეკუმშული ჰაერის ენერგიაზე ინდოეთში მუშაობს ცნობილი ფირმა, მაგრამ ისინი ბალონს ავსებენ შეკუმშული ჰაერით, რომელსაც მუდმივად სჭირდება დატენა. ჩემი გამოგონების შემთხვევაში კი ჰაერის თვითწარმოქმნა ხდება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩემს გამოგონებას ინდოელებსაც შევთავაზებ.

– ვაკუუმის ძრავა არ არის საფრთხის შემცველი?

– საფრთხეს შეიცავს მაღალი ხარისხის ვაკუუმი, ამიტომ, მანქანის ძრავებში ასეთი ხარისხის ვაკუუმის გამოყენება არ მოხდება. მათში ყოველთვის იქნება ჰაერის რაღაც პროცენტი, რომელიც გაანეიტრალებს პატარა საფრთხესაც კი. ამდენად, ვაკუუმის ძრავა არის ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე ბენზინისა და წყალბადის ძრავები.

– რამდენად მძლავრი იქნება ვაკუუმის ძრავა, გაუწევს ის კონკურენციას ელექტრო და ენერგო ძრავებს?

– ვაკუუმის ენერგია ძალიან მძლავრია. ერთი კუბური მეტრი ვაკუუმის ენერგია 119-ჯერ ძლიერია იმავე მოცულობის ატომურ ენერგიაზე. დედამიწაზე კოსმოსური ვაკუუმის ტოლის შექმნა ძალიან ძნელია, მაგრამ ტექნიკური საჭიროებისთვის გამოსაყენებელი ვაკუუმის მოპოვება რთული არაა. ჩემი გამოგონების მიხედვით, თუ ვაკუუმს მივუერთებთ ძრავას, რომლის მოდელიც წლების წინ შევქმენი, აღარ იქნება საჭირო არანაირი საწვავი – ამ ძრავით იმუშავებს ნებისმიერი სიმძლავრის მანქანა. ვაკუუმის ენერგიაზე ძლიერი არც ბენზინია, არც ორთქლი და არც მზის ენერგია. ეს არის იოლად მოსაპოვებელი და ძალიან იაფი ენერგია, რომელსაც, პრაქტიკულად, არ სჭირდება განახლება, თუ დაცული იქნება პირობა, მასში ჰაერი არ უნდა შეიპაროს. ასეთ შემთხვევებში ძრავა და, შესაბამისად, ავტომანქანა, გაჩერდება. ვაკუუმით მანქანა შეიძლება დაიტენოს ისეთ ადგილებში, როგორიც დღეს ბენზინგასამართი სადგურებია, მაგრამ ვაკუუმი იქნება უფრო იაფი და, შეიძლება, დამატება მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ დასჭირდეს. ამის გარდა, ვაკუუმზე მომუშავე ძრავა იქნება 50 პროცენტით მარტივი, ამოვარდება ბევრი დეტალი და დარჩება მხოლოდ ის, რაც აუცილებელია. ამ ძრავით მომუშავე მანქანას არ სჭირდება რადიატორი, გამანაწილებელი, აკუმულატორი, ბენზინისა და ჰაერის ფილტრები. ეს იქნება უმარტივესი მოწყობილობა, მაგრამ, ტექნიკურ საკითხებს ვერ მოვყვები.

– გამომგონებლები ხშირად თეორიულად აწყობენ მოდელს, პრაქტიკაში კი მისი დანერგვა შეუძლებელია. როგორ ფიქრობთ, რა ბედი ელის თქვენს ახალ გამოგონებას?

– მე ორ თვეში მზად მექნება ვაკუუმის ძრავის საცდელი მოდელი, მინდა სპეციალისტებმა და ხალხმა ნახოს, როგორ იმუშავებს ეს მოდელი. ვაკუუმმა შეიძლება ამუშაოს არა მხოლოდ ავტომანქანა, არამედ, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გენერატორები და დენის სხვა წყაროები. ასე რომ, ვაკუუმის ენერგია შეიძლება უფრო ფართოდაც იქნეს გამოყენებული. მინდა, დავაინტერესო ვინმე და ეს გამოგონება დაინერგოს პრაქტიკაში, იქნებ ერთხელ საქართველოშიც გაჩნდეს მსოფლიო „ნოუ-ჰაუ“ და, იმის მიუხედავად, რომ ბევრი პრობლემა გვაქვს, ავტომშენებლობაში ჩვენც გავხდეთ პირველები. იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოგონება მსოფლიო პრაქტიკაში დაინერგება და თუნდაც ჰიბრიდულ ძრავაში ჩაერთვება ბენზინთან ან ენერგომატარებლებთან ერთად, ეს მთელი მსოფლიოსთვის ეკონომიურადაც მომგებიანი იქნება და ეკოლოგიურ საფრთხესაც ავირიდებთ თავიდან.


скачать dle 11.3