სად იპარება ეროვნული გვარდიის სარდალი ზურა არსოშვილი წელიწადში ერთხელ და რა საგამოძიებო სამუშაოები დასჭირდა მას ცოლთან
თამუნა სამადაშვილი
ერთი წელია, რაც თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას ზურაბ არსოშვილი ხელმძღვანელობს. ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი სახე ის წლების წინ გახდა, როდესაც შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის უფროსის რანგში კონტრაბანდისტების წინააღმდეგ ძალიან ბევრი ხმაურიანი სპეცოპერაცია მოაწყო. მას შემდეგ ახალგაზრდა სარდლის ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი საპასუხისმგებლო სამსახური იყო, თუმცა იმას აღიარებს, რომ სარდლობა მაინც ყველაზე რთული გამოცდა აღმოჩნდა მისთვის. ფათერაკებისა და რისკის მოყვარულ ზურა არსოშვილს, რომელიც ძალიან კომუნიკაბელური და ხალისიანი ადამიანია, სპეცოპერაცია არა მხოლოდ საქმეში, პირად ცხოვრებაშიც დაებედა – ასე მოიგო მან მომხიბვლელი თათა ქართველიშვილის გული, რომელიც წლების წინ „მის საქართველოს“ ერთ-ერთი ფინალისტი იყო.
– ბატონო ზურა, თქვენი კარიერა ფინანსური პოლიციიდან დაიწყო და ძალიან სწრაფად განვითარდა, რა არის ამ კარიერის „საიდუმლო“?
– მე ვერ ვიტყვი, რომ ჩემი კარიერა ისე განვითარდა, რომ რამეს იოლად მივაღწიე. ჩემს ცხოვრებაში წარმატება მარტივად ნამდვილად არ მოსულა. წინააღმდეგობაც ბევრი იყო და სასიამოვნო მოულოდნელობაც. თუმცა, ეს წინააღმდეგობები უფრო მეტად გამომადგა. მე თავადაც ხშირად მივდიოდი რისკზე. მახსოვს, პანკისში ანტიტერორისტული ოპერაცია ტარდებოდა და ყველა დანაყოფიდან თითო ადამიანს უშვებდნენ. ჩვენი სამმართველოს უფროსმა, კენჭი ყარა – ვისაც ასანთის გატეხილი ღერი შეხვდებოდა, პანკისში ის წავიდოდა. მე პირველი წავედი ასანთის ღერის ამოსაღებად, რადგან უფრო მეტი შანსი მქონდა და მართლაც ის გატეხილი ღერი მე შემხვდა. ასეთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში ბევრი იყო. ჩემი შრომითი ბიოგრაფია დაიწყო სატრანსპორტო პოლიციაში, სადაც ვმუშაობდი რიგით ოპერატიულ თანამშრომლად. ჩვენ არ გვქონდა უფლება, რომ ვაგზლის ტერიტორიას გავშორებოდით. მახსოვს, როგორ ვოცნებობდი, რომ ჩემი მოქმედების იმ პატარა არეალს გავცდენოდი. მერე იმდენი მოვახერხე, რომ ვაგზლიდან თბილისის პოლიციის სამმართველოში აღმოვჩნდი, სადაც ჩემი სამოქმედო არეალიც გაიზარდა და პროფესიული გამოცდილებაც. ამის შემდეგ გადავედი ახალჩამოყალიბებულ ფინანსურ პოლიციაში ოპერატიულ თანამშრომლად – ჯერ განყოფილების უფროსი გავხდი, შემდეგ შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსი. იმ პერიოდში ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო კონტრაბანდასთან ბრძოლა და ამ ბრძოლის წინა ხაზი შიდა ქართლში გახლდათ. ამის მერე ერთი წელი ვიყავი აჭარაში, საიდანაც გადმოვედი თბილისში და მუშაობა დავიწყე დედაქალაქის მერიაში, ვიცე-მერად. ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო ეტაპი, რადგან მომეცა შანსი ბევრი კარგი საქმე გამეკეთებინა ჩემი ქალაქისთვის. შემდეგ გავხდი პარლამენტის წევრი, ამასთან ერთად ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. ამის შემდეგ გადავედი თავდაცვის სამინისტროში და უკვე ერთი წელია, ეროვნულ გვარდიას ვხელმძღვანელობ. ეს არის ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე მათ შორის, რაც კი მიკეთებია.
– ადრე გქონდათ რამე კავშირი სამხედრო საქმესთან?
– არა, მაგრამ როგორც ყველა ბიჭი მეც ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი, მიყვარდა იარაღი, სამხედრო ფორმა. ჯარი და ჯარისკაცობა არის ყველაზე უფრო კაცური და პრინციპული საქმე. ადრე ჩემთან ვინმე რომ დაიწუწუნებდა და რამეზე იტყოდა, ამის გაკეთება შეუძლებელიაო, სულ ვამბობდი: რას ჰქვია შეუძლებელია, ჯარისკაცი უნდა იყო, ყველაფერს გაუძლო და ის, რაც გინდა, აუცილებლად გამოგივა-მეთქი. იმდენი ვიძახე ჯარისკაცი ვარ-მეთქი, რომ მართლაც გავხდი ჯარისკაცი. თუმცა, ამისი გამოცდილება მქონდა სამხედრო სამსახურში, რომელიც ქართულ ჯარში გავიარე. მე ვირიცხებოდი მეთერთმეტე ბრიგადის ერთ-ერთ ბატალიონში, რიგით ჯარისკაცად. ჩვენი ბატალიონი იყო კოდაში, მაშინ ჩვენს ჯარში საკმაოდ ცუდი პერიოდი იყო. მახსოვს, ჯარში სახლიდან წავიღე დანა-ჩანგალი და კოვზი. სამხედრო ნაწილში გამზადებულ საჭმელს ვერ ვჭამდი, კოდაში გლეხებისგან მაწონს ვყიდულობდი ქილით, კოვზიც სწორედ ამისთვის მჭირდებოდა, ვჭამდი მაწონს, გავრეცხავდი კოვზს, რომელიც მუდმივად ჯიბით დამქონდა და ასე გავდიოდი იოლას.
– ასეთი პრეტენზიული საველე პირობებს უძლებთ?
– არა, პრეტენზიული არ ვარ. საველე პირობებსაც მაგრად ვუძლებ, სიცხესაც და სიცივესაც.
თათა ქართველიშვილი: მხოლოდ შიმშილის ატანა უჭირს, თუ მშიერია, ხასიათი უფუჭდება.
– თათა, სარდალი სახლში ყველა საზრუნავისგან გათავისუფლებული გყავთ?
– ვინაიდან ზურას მშობლებთან ერთად ვცხოვრობთ და ისინი გვეხმარებიან, ზურას ყველა საოჯახო პრობლემა მოხსნილი აქვს. თუმცა, მე მაინც არ ვზოგავ და ხშირად თუ რამე მჭირდება ბავშვისთვის, ზურას ვავალებ. როცა დამოუკიდებლად ვიცხოვრებთ, მერე მოემატება საზრუნავი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერს თავს გაართმევს, საკმაოდ ხელმარჯვეა. უკვე ოთხი წელია სახლში რემონტი გვაქვს და მუშებს ძალიან კომპეტენტურ რჩევებს აძლევს. თუმცა, რემონტის პროცესი მთლიანად მე გადმომაბარა.
– ოჯახი როგორ შექმენით, როგორ მოიგეთ „მის საქართველოს“ ფინალისტის გული?
ზურა: სულ ორიოდე სპეცოპერაცია დამჭიდა (იცინის).
თათა: იოლად არ მოუგია, პირველად ერთმანეთი რესტორანში ვნახეთ. ზურა თავის მეგობრებთან ერთად იყო, მე ჩემი მეგობრის წვეულებაზე ვიყავი. კლასიკური თბილისური ისტორიაა – ზურამ დამინახა, მოვეწონე, გაიგო ჩემი ტელეფონის ნომერი. ეს არ გაუჭირდებოდა, თავისი სამსახურიდან გამომდინარე (იცინის). მერე ერთი წელი მირეკავდა, მეუბნებოდა თავის სახელს და გვარს და მთხოვდა, შევხვედროდი. მე უნივერსიტეტში ვსწავლობდი, საერთოდ არ ვფიქრობდი ზურაზე, გაგონილიც კი არ მქონდა ფინანსური პოლიციის არსებობა. მაშინ 17 წლის ვიყავი, ზურა ძალიან დიდი მეჩვენებოდა და სერიოზულად არ აღვიქვამდი. ზურა მაინც რეკავდა და რეკავდა, სპეცოპერაციებსაც აწყობდა, მერე მეც გამიჩნდა სურვილი, რომ გამეცნო...
– ბოროტად გამოიყენეთ სამსახურებრივი მდგომარეობა?
ზურა: მთლად ბოროტადაც არ გამომიყენებია, თუმცა საგამოძიებო სამუშაოები ჩავატარე. არ ვიცოდი, თათა რომელ ფაკულტეტზე სწავლობდა. უნივერსიტეტში ყველა აუდიტორიას ხომ არ დავივლიდი? დაცვის ბიჭს ვთხოვე, რომ რაღაც მოემიზეზებინა და თათასთვის სტუდბილეთი ჩამოერთმია. თურმე თათას სტუდბილეთი დაკარგული ჰქონდა. თუმცა, წელიწად-ნახევრის შემდეგ ყველაფერი კარგად დასრულდა.
– მაშინ რამდენი ვარსკვლავის მფლობელი იყავით?
– მაიორი ვიყავი, ახლა მაქვს ორი დიდი ვარსკვლავი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვარ. ჩინისთვის მებრძოლი არ გახლავარ, პოლკოვნიკიც ისეთი ვიქნები, როგორიც ვიცე-პოლკოვნიკი ვარ, თუმცა ისიც მართალია, რომ ყველა ჯარისკაცი გენერლობისთვის იბრძვის. ჩემი წოდება გენერლის ჩინის ტოლფასია. ასე რომ, უვარსკვლავო გენერალი ვარ (იცინის).
– სამაგიეროდ, ცოლს აქვს „მის საქართველოს“ „ვარსკვლავი“.
ზურა: თათაც უგვირგვინო მისია, ისე როგორც მე ვარ უვარსკვლავო გენერალი, სამაგიეროდ ორივეს გამოგვივიდა ერთი გვირგვინი – პატარა მარიამი, რომელიც ყველა ჩინს მირჩევნია. თან კოჭებში ეტყობა, რომ ვაჟკაცი გოგოა. ის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში, აგვისტოს ომის დღეებში დაიბადა. ზუსტად იმ დღეს, როცა რუსებმა თბილისში ბომბი ჩამოაგდეს. მე მაშინ თავდაცვის სამინისტროში არ ვმუშაობდი, მაგრამ როგორც ყველა ქართველი, ვისაც გული შესტკივა თავის ქვეყანაზე, გორში ვიყავი. მე იქ ჩემი გაჭირვება მქონდა, თათას კი – თბილისში თავისი, ალბათ, ამიტომაც არის მარიამი ასეთი მაგარი გოგო.
– თათა, რატომ არ მუშაობთ, ეს მეუღლის მოთხოვნა ხომ არ იყო?
– არა, ზურას ამაში არ მიუძღვის წვლილი. ნამდვილად არაა წინააღმდეგი, რომ ვიმუშავო. რატომღაც ასე გამოვიდა. საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, თუმცა ამ სფეროში არ მიმუშავია. როცა ზურას გავყევი, ჟურნალისტად ვმუშაობდი. მერე აჭარაში მოგვიწია გადასვლა, მერე ფეხმძიმედ ვიყავი. ახლა მინდა, რომ საფუძვლიანი განათლება მივიღო, მაგისტრატურაში ვსწავლობ, თან ბავშვი გვყავს პატარა და ყველაფერს ერთად თავს ვერ გავართმევ. მუშაობას დავიწყებ, ოღონდ არ ვიცი, როდის. თავიდან სამ შვილზე ვიყავით შეთანხმებულები, ახლა მეოთხეც შემომაპარა. მგონი, უნდა რომ პატარა არმია გვყავდეს (იცინის).
– თათა, მეუღლე სიურპრიზებს ხშირად გიწყობთ?
– დიახ, მეტყვის, ხოლმე რომ ღამე არ მოვა, ან სენაკშია, ან სადმე სხვაგან და მერე უცებ გამახარებს, მოულოდნელად მოდის სახლში. წელიწადში ერთხელ მიწყობს უფრო დიდ სიურპრიზს, რამდენიმე დღეს გამოძებნის და უცხოეთში მივდივართ, ყველას და ყველაფერს ვეპარებით თბილისიდან, თუმცა მობილური ტელეფონის გამორთვას მაინც ვერ ახერხებს.
ზურა: პარიზში გვქონდა კიდევ ერთი ინციდენტი. ავიაკომპანია, რომლითაც პარიზში გავფრინდით, ითხოვს ცნობას ფეხმძიმე ქალბატონებისთვის. 12 კვირის ორსულობის შემდეგ მათ თვითმფრინავით მგზავრობის უფლებას არ აძლევენ. მე ეს ვიცოდი და ცნობა წავიღეთ თბილისიდან. ავიაკომპანიას ჰქონია კიდევ ერთი წესი, თუ რომელიმე ქვეყანაში ერთ კვირაზე მეტს დაჰყოფ, ფეხმძიმემ ახალი ცნობა უნდა წარადგინოს. თათას მუცელი არ ემჩნეოდა და შესაბამისად, ცნობა არავის მოუთხოვია ჩვენთვის. თვითონ გავყიდე ჩვენი თავი. რეგისტრაციის გავლის დროს, კარგი ადგილების მოთხოვნით მივადექი მომხიბვლელ ადმინისტრატორს, რომელსაც როგორც კი ორსულობა ვუხსენე, ახალი საბუთი მომთხოვა. არც ჩემმა ღიმილმა გაჭრა, არც კომპლიმენტებმა და ეგრევე დაუძახა პოლიციას. ამ საბუთის გამო ორი დღე კიდევ დაგვტოვეს პარიზში.
თათა: ამ ინციდენტების მიუხედავად, მოგზაურობა ორივეს ძალიან გვიყვარს. ყველაფერში ერთნაირი გემოვნება და ინტერესები გვაქვს. ერთადერთი რაშიც ასაკობრივი სხვაობა ჩანს, ეს კლუბური გართობაა. ზურა ვერ გრძნობს თავს კლუბში კომფორტულად. ეს არ ხიბლავს. მე მინდა, რომ სადმე წავიდეთ, თუმცა ზურას დაყოლიება რთულია. მას და მის მეგობრებს ურჩევნიათ ქართული ქეიფი, სიმღერით, ლექსით, სადღეგრძელოებით. ზურა ახალი გაცნობილი რომ მყავდა, მისი ეს თვისება ძალიან მაღიზიანებდა. ახლა კი მეც მომწონს ამათი ქართული ქეიფი, თავის ტალღაზე გადამიყვანა.
ზურა: აბა, ამას ჰგონია, სახლში თვითონ არჩევს მეტლახის ფერს (იცინის). არ მიყვარს ეს ხმაურიანი „ტუსოვკები“. მე უფრო კაცური გატაცებები მაქვს, ნადირობა მიყვარს. თუმცა, დიდი მონადირე არ ვარ. ეს ჩემთვის მეგობრებთან ერთად ყოფნისა და გართობის საშუალებაა. ნანადირევი ვის ახსოვს, როგორც მივდივართ, ისევე ვბრუნდებით უკან. მეგობრებთან ერთად დავდივარ ფეხბურთისა და რაგბის მნიშვნელოვან მატჩებზეც – მაგარი გულშემატკივრობა ვიცი, ტრადიციული ქართული ყიჟინით, სტვენით. თუ ფეხბურთს ვესწრები, ვიგინები კიდეც (იცინის). ფეხბურთი ჩემი სისუსტეა. ბავშვობიდან ვთამაშობდი ფეხბურთს. მთაწმინდაზე, მესხის და ყიფიანის ქუჩების კვეთაზე ვცხოვრობდი, ფეხბურთს როგორ არ ვითამაშებდი? ახლა ფეხბურთისთვის ვეღარ ვიცლი, მაგრამ რომ ვითამაშო, გამომივა, ვეტერანობამდე ჯერ ბევრი მაკლია... (იცინის).