ვის დაუკავშირა ბესო ზანგურმა თავისი მესამე ქორწინება და რით დააბნია მან გია ბურჯანაძის ოჯახი
შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გაბედნიერდა – მან ცოლად ცნობილი ქართველი მსახიობის, გია ბურჯანაძის ქალიშვილი, რუსკა შეირთო. ბესოს 28 აგვისტოს ოქროს იუბილე აქვს, ამ პერიოდისთვის კი მან უკვე მესამედ იქორწინა და ორი ვაჟის მამაა. წყვილი ქორწინებას, სავარაუდოდ, აგვისტოში დააკანონებს, რის შემდეგაც საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრებიან. ბესოს თეატრში შევხვდით, რუსკა კი საპატიო მიზეზის გამო ინტერვიუს ვერ დაესწრო.
– რამდენი ხანია, რუსკა ბურჯანაძეს იცნობ, და, საერთოდ, როდის დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?
– ჩემი და რუსკას სიყვარულის ისტორია ორი წლის წინ დაიწყო, სანამ ნინო მაყაშვილს მოვიყვანდი ცოლად. ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ ვიჩხუბეთ და დავშორდით. ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში ნინო გამოჩნდა და ცოტა ხანში ცოლადაც შევირთე. ახლა მე და ნინუცას მოგვივიდა ჩხუბი, დავშორდით და ცოლად რუსკა მოვიყვანე.
– გამოდის, რომ შენთან ჩხუბი ცუდად მთავრდება.
– არა, ჩხუბი არაფერ შუაშია, უბრალოდ მე და ნინომ, ორივემ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვისთვის უკეთესი იქნებოდა, ერთად არ ვყოფილიყავით. მას არაფერში არ ვამტყუნებ, ის მართლა ღირსეულად და კარგად წავიდა ჩემი ცხოვრებიდან. თუკი რამეა, რასაც ვერ ვამბობ, ეს არის ჩემი დანაშაული. ამის გამო ჯობდა, წასულიყო და წავიდა კიდეც.
– ნინუცასთან რა ხნის ბავშვი გყავს?
– 7 თვის.
– ორივე ოჯახის დანგრევა იმის ბრალი ხომ არ არის, რომ თავად შენ ხარ მძიმე ხასიათის?
– დიახ, ჩემი ბრალია ყველაფერი, პირველ ცოლთან დაშორებაც, მეორესთანაც და, იმედია, მესამე ცოლი გამიგებს, რადგან მან კარგად იცის ჩემი ხასიათი. თავის დროზე ჩემს ორივე ექსმეუღლეს ვუთხარი, რომ შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს უცებ სულ უბრალო მიზეზის გამო გული გატკინო-მეთქი. რატომღაც, ამას ქალები არ იჯერებენ, ჰგონიათ, რომ ამ სიტყვებს ჰაერში ვამბობ, ან ვაშინებ. არა, არავისაც არ ვაშინებ, უბრალოდ, დგება ჩემს ცხოვრებაში ეს დღე. ერთხელ ეტყვი, ორჯერ ეტყვი, სამჯერ... თუ გიყვარვარ შენც უნდა მოუფრთხილდე ურთიერთობას. ამ შემთხვევაში მე არ მოვუფრთხილდი ჩემს მეორე მეუღლესთან ურთიერთობას. მობეზრდა ეს სიტუაცია, ადგა და წავიდა.
– ანუ, სკანდალით არ დაშორებულხართ?
– სკანდალი თავისებურად ყველა დაშორებას მოჰყვება, მაგრამ სასკანდალო არაფერი აღარ არის. რომელი საუკუნეა, „ხლაპუშკების“ სროლას ხომ არ დავუწყებთ ოჯახები ერთმანეთს?! უბრალოდ, ასე მოხდა, დამნაშავე ვარ, გოგო წავიდა და აღარც მე მინდა, რომ მობრუნდეს. მოვიყვანე ცოლი და ამ ადამიანთან ძალიან ბედნიერი ვარ. ნიკო გომელაურის ფოტოს ხომ ხედავთ, რა აწერია (საგრიმიორო ოთახში) – „მი პრარვიომსა“. ყოველთვის არის რაღაც შანსი და გამოსავალი. გამოსავალი კი სიყვარულით უნდა ვეძებოთ.
– შენ და რუსკამ როდის განაახლეთ ურთიერთობა?
– ბოლო ერთი თვე ერთმანეთს ვწერდით. რუსკა ის ადამიანი არ არის, ცოლიან კაცთან რომ ემესიჯა. მან კონკრეტულად მითხრა, საკუთარ თავში გავრკვეულიყავი.
– ანუ, არჩევანი გააკეთე?
– არჩევანი რუსკაზე გავაკეთე, ისევე, როგორც ორი წლის წინ ავირჩიე ნინუცა. ეს არის და ეს.
– რამდენი წლის ხარ?
– 28 აგვისტოს 28 წლის ვხდები.
– რუსკაზე მოგვიყევი, რას საქმიანობს?
– თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა, სწავლობდა მაგისტრატურაშიც. ჯერჯერობით არ მუშაობს. როგორც ვიცი, თავიდან ძალიან უნდოდა მსახიობობა, მაგრამ ოჯახმა ჩაუკლა ამის სურვილი. მეც ასე ვიზამ, ორივე შვილს აუცილებლად ჩავუკლავ ამის სურვილს, რადგან მსახიობობაზე დაუფასებელი პროფესია არ არსებობს.
– ბურჯანაძეების ოჯახმა როგორ მიგიღო?
– ცოტა დაიბნენ. ბატონ გიას პირველად რომ შევხვდი, მის თვალებში ამოვიკითხე, ოღონდ შენ არ დამენახე და სხვა ვინც გინდა ყოფილიყოო (იცინის). რაც შეეხება რუსკას დედას, ქალბატონ ნინოს, არ მეგონა, ამ დონეზე შეგნებულ, თავმდაბალ და აზრიან ადამიანს თუ შევხვდებოდი. ბატონმა გიამ მითხრა, არ გემუქრები, რომ ჩემს შვილს თუ გულს ატკენ, მოვალ და ამას გიზამ და იმას გიზამ, უბრალოდ, გახსოვდეს, მაგის მეტი არავინ გამაჩნია, ერთადერთი შვილი გვყავს მთელ ოჯახს და, როგორც ადამიანი ადამიანს ისე გეუბნები, არ დამღუპოო! პირობა მივეცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ერთმანეთი ძალიან გვიყვარს.
– ამ ეტაპზე იდეალური ქალი იპოვე?
– იდეალური ქალი ჩემთვის არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობენ იდეალური მამაკაცები.
– მაშინ, ის მითხარი, რუსკა ბოლომდე აკმაყოფილებს შენს სასურველ კრიტერიუმებს?
– რუსკა რამდენიმე დღეა, რაც ცოლად შევირთე. ამ შემთხვევაში ის ყველაზე მთავარ კრიტერიუმს აკმაყოფილებს – ვიცი რომ მიყვარს. დანარჩენი ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ მაინტერესებს. თუ ადამიანი გიყვარს, სხვა ყველაფერი მოგვარებადია. თავიდან არც ნინო აკმაყოფილებდა ჩემს ყველა კრიტერიუმს, მაგრამ, შეძლო და ერთ წელიწადში ყველაფერი დააკმაყოფილა, თუკი რამე არსებობს.
– კი მაგრამ, როცა ეს შეძლო, მაშინ დაშორდი?
– ჰო.
– გამოდის, რომ როცა ყველაფერში გაგიგო, საფრთხეც მაშინ შეიქმნა?
– საფრთხე არაფერ შუაშია, უბრალოდ, არ უნდა გააცივო მამაკაცი და არ უნდა მოდუნდე. როგორც კაცი უნდა იყოს ქალის მიმართ ყურადღებიანი და აქტიური, ასევე, არც ქალი არ უნდა მოდუნდეს. ქართველ ქალს ერთი სენი სჭირს; რომ თხოვდებიან, თითქოს თავს აღარ უვლიან; შვილს რომ გააჩენენ, მაშინ საერთოდ ამაყები ხდებიან და ჰგონიათ, რომ საბოლოოდ დამკვიდრდნენ ამ ოჯახში და ყველაფრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს. ქალი რომ შვილს აჩენს, მთელი ყურადღება მასზე გადააქვს. მაგრამ ეს ყურადღება რომ შვილს მოაკლდეს, მაშინ კაცი აპროტესტებს, რატომ გადმოაქვს მასზე ცოლს შვილის წილი ყურადღება. ქალები რომ ამბობთ, ამოუცნობი პიროვნებები ვართ და კაცები ვერასდროს გაგვიგებენო, არ ვეთანხმები. ჯერ საკუთარი თავი უნდა ამოიცნოთ და მერე მოსთხოვოთ ეს მამაკაცს. მამაკაცი კი ყველაზე საშიში მაშინ ხდება, როცა ცოლი მოჰყავს და მას როგორც შეყვარებულს აღარ უყურებს.
– შენ თუ ამოიცანი საკუთარი თავი?
– მე კი ამოვიცანი საკუთარი თავი, მაგრამ, სხვა ვერასოდეს ამომიცნობს.
– ეჭვიანი ხარ?
– პათოლოგიური ეჭვიანი არ ვარ, მაგრამ, ღალატს ვერ ვაპატიებ ადამიანს.
– ღალატი ისეთი რამაა, რომელიც არც იგულისხმება, რადგან მისი პატიება ნორმალური ადამიანისთვის წარმოუდგენელია. სხვა მხრივ?
– სხვა მხრივ, განსაკუთრებულად არასდროს არაფერზე ვეჭვიანობ.
– ბუნებრივია, შენ მიმართ რუსკაც ეჭვიანი უნდა იყოს.
– რუსკამ პირდაპირ განმიცხადა, რომ ძალიან ეჭვიანია, რაც ძალიან მომწონს. ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როცა შენზე ეჭვიანობენ. მიუხედავად ამისა, მე ამის საბაბს ნამდვილად არ მივცემ. ვერც ერთი ჩემი ყოფილი ცოლი ვერ იტყვის და ერთ მაგალითს ვერ დამისახელებს, რომ მას ცოლქმრობის პერიოდში ვუღალატე.
– კი მაგრამ, შენი და რუსკას რომანი ხომ მაშინ განახლდა, როცა შენ ჯერ კიდევ ნინუცას ქმარი იყავი?
– მერე, ეს მაშინვე ვთქვი და ნინუცას დავშორდი, მე მისთვის არ მიღალატია.
– რუსკა რამდენი წლის არის?
– 23-ის.
– გენდობა?
– მენდობა და იმედს არ გავუცრუებ. რუსკა ისეთ ოჯახშია გაზრდილი, რომელსაც ნამდვილად არ მინდა, გული ვატკინო. ძალიან არ მინდა, რაღაც ცუდი მოხდეს, მე თვითონ აღარ შემიძლია, ძალიან გადავიღალე. ახლა ძალიან მიჭირს, მაგრამ, „მი პრარვიომსა“...
– როდის უნდა დააკანონოთ ქორწინება?
– ჯერ ჯვარი უნდა ავიყარო, რის შემდეგაც ჩემი და რუსკას ქორწინება ოფიციალურად დაკანონდება. ეს, სავარაუდოდ, აგვისტოში მოხდება.
– თითქოს ამოუწურავი ადამიანი ხარ. კიდევ რას უნდა ელოდოს ადამიანი შენგან?
– ლექსების წერაც დავიწყე. ძალიან მალე ჩემი ლექსების პრეზენტაციაა დაგეგმილი.