როგორ მოხვდა ანა გადელია შვარცენეგერის მიერ ორგანიზებულ ხელოვნების ფესტივალზე ჰოლივუდში და როგორ ცეკვავდა ის ნიუ-იორკის ცნობილ დარბაზებში
ბალერინა ანა გადელია ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს მეუღლესთან, „ვერნისაჟის“ ყოფილ მოცეკვავესთან, ლევან მეტრეველთან და პატარა შვილთან ერთად. ანა ამჟამად ფეხმძიმედ არის და მეორე შვილს ელოდება, რის შემდეგაც ისევ აპირებს საცეკვაო კარიერის გაგრძელებას.
ანა გადელია: 6 წლის ასაკში დედამ შემიყვანა ფიგურულ სრიალზე, რადგან ძალიან სუსტი ბავშვი ვიყავი. ოთხი წელი ვიარე, მყავდა პედაგოგი გიულო თავაძე, რომელიც ხშირად მესაუბრებოდა ნინო ანანიაშვილზე, რადგან ის პატარაობისას მასთან დადიოდა და მეუბნებოდა, იქნებ შენც ნინოსავით გვასახელოო. მაგდენი ვერ შევძელი, მაგრამ, იმ ეტაპზე ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე. შემდეგ მასწავლებელმა მითხრა, კარგი იქნება, თუ სწავლას ბალეტის განხრით გააგრძელებო და, ასე, 10 წლის ასაკში, დიდი ყოყმანის შემდეგ, ჩავაბარე ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. ჩემი დებიუტი შედგა ოპერის საბალეტო სცენაზე „დონ კიხოტში“ და ეს ყოველთვის დიდი ემოციებით მახსენდება. მაშინ ნინო ანანიაშვილი და ირმა ნიორაძე უკვე მთელ მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები იყვნენ, ჩამოდიოდნენ თბილისში, მართავდნენ სპექტაკლებს და მეც დიდი სიამოვნებით ვცეკვავდი მათთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან უმნიშვნელო, საბავშვო პარტიას, მაგრამ რამდენიმე მოსწავლეს სასწავლებელი გვარჩევდა და სპექტაკლებში გვაცეკვებდა. სცენაზე ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ მსახიობები სულ გვამხნევებდნენ, გვასწავლიდნენ და მერე შევეჩვიეთ ამ ყველაფერს. იმავდროულად, დავდიოდი კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სკოლაში, ფორტეპიანოზე. ძალიან ვიყავი მუსიკით გატაცებული და არ ვიცოდი, რომელს ავირჩევდი. მთელი დღე საბალეტო სკოლაში ვიყავი, მერე კონსერვატორიაში გავრბოდი და ასეთი დაძაბული, დატვირთული რეჟიმი მქონდა. დედაჩემს უბრაზდებოდნენ, დაღალე ბავშვი, ბავშვობა ამას აღარ აქვს, იქნებ შეიცოდოო, მაგრამ, ახლა ვფიქრობ, რომ სწორად მოიქცა. რადგან იმ დროს ტრანსპორტი არ იყო, სულ ფეხით მიწევდა სიარული, დედა ბუტერბროდებს მიმზადებდა, მატანდა და იმას ვჭამდი გზაში. ჩემი ფორტეპიანოს მასწავლებელი იყო კონსერვატორიის პრორექტორი ლონდა სამსონაძე. სამწუხაროდ იგი გარდაიცვალა და ნამდვილად გამიჭირდებოდა სხვა პედაგოგთან სიარული. ამიტომ, თავი დავანებე მუსიკას. იმასაც მივხვდი, რომ ორ ასეთ დიდ პროფესიასთან შეჭიდება არ იქნებოდა ადვილი. თანაც, იმ წელს საბალეტო სასწავლებელში კურსებზე გადავედი და დაიწყო ბრძოლა იმისთვის, ვინ მოხვდებოდა ოპერის თეატრში. პარალელურად გამოცდები ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში თარჯიმან-რეფერენტის სპეციალობაზე. ოთხი წელი ვიყავი ოპერის მსახიობი და შემდეგ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, ლევან მეტრეველი, რომელიც იმ დროს შოუ-ბალეტ „ვერნისაჟში“ ცეკვავდა. როგორც მერე შევიტყვე, მან ფოტოზე მნახა და გადაწყვიტა ჩემი გაცნობა, ხშირად მოდიოდა სპექტაკლებზე, სარეპეტიციო დარბაზთან იდგა, მაკვირდებოდა, მათვალიერებდა. რა თქმა უნდა, მე მაშინ არც შემიმჩნევია. ერთხელაც, უნივერსიტეტში მომაკითხა და იქ გავიცანით ერთმანეთი. იმ დროს თაყვანისმცემლებით ძალიან ვიყავი განებივრებული, ამიტომ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. მაგრამ შემდეგში ჩვენი ურთიერთობა ძალიან მალე განვითარდა და შევუღლდით კიდეც. მაშინ ძალიან პოპულარული იყო „ვერნისაჟი“, წურწუმიას, უცნობის კონცერტები ტარდებოდა, „არტ-იმედი“ ბევრ კონცერტს ატარებდა და ლევანი მასში სულ იღებდა მონაწილეობას. თუმცა, თავიდან მიმალავდა, რომ მოცეკვავე იყო. შემთხვევით მითხრა მეგობარმა, რომ ის „ვერნისაჟში“ ცეკვავდა და, სხვათა შორის, საკმაოდ დადებითი რეაქცია მქონდა. ლევანი იმავდროულად „ლომისის“ წევრიც იყო, ის ყველა სპექტაკლში მონაწილეობდა: „ფიროსმანში“, „ჩხიკვთა ქორწილში“...
– როგორ აღმოჩნდით ამერიკის შეერთებულ შტატებში?
– ჩვენი გაცნობიდან ოთხი თვის შემდეგ ლევანი წავიდა ამერიკაში და შვიდი თვე ვიყავით ცალ-ცალკე. თავიდან სტუდიაში ბავშვებს ამეცადინებდა და, როცა ცოტათი ფეხზე დადგა, კერძო ბიზნესი წამოიწყო. ერთ დღესაც, შემატყობინა, რომ ჰოლივუდში ტარდებოდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც სათავეში ედგა შვარცენეგერი. წარვადგინე ჩემი მონაცემები, გამომიგზავნეს ვიზა, ჩავედი ლოს-ანჯელესში ფესტივალზე და, სასტუმრო „ჰილტონში“ დავბინავდი. კოსტიუმიც შევიკერე და „კარმენიც“ მოვამზადე, მაგრამ, სამწუხაროდ, რაღაც ინციდენტი მოხდა და ვერ მივიღე ფესტივალში მონაწილეობა. სამი დღე იქ დავრჩი, შემდეგ ჩავჯექი ავტობუსში, სამი დღე ვიარე ნიუ-იორკამდე, ჩავედი ლევანთან და მას შემდეგ ერთად ვცხოვრობთ. ჯვარი დავიწერეთ წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაში.
– მომიყევი, როგორ განვითარდა შენი კარიერა?
– ამერიკაში 2004 წელს ჩამოვედი. რა თქმა უნდა, კვლავ გავაგრძელე ცეკვა, სხვა საქმით არც ვყოფილვარ დაკავებული. ბროდვეიზე არის ძალიან დიდი კომპანია „ბროდვეი სტეპ“, სადაც შეგიძლია მიიღო გაკვეთილები ძალიან ცნობილ პედაგოგებთან და იქ დავდიოდი. ვიღებდი ჯაზის, სტეპის გაკვეთილებს, რადგან თუ გინდა, აქ რამეს მიაღწიო, უნდა იცოდე ცეკვის რამდენიმე სახეობა. ეს ყველაფერი, პლუს ოჯახის შენახვა, დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, ამიტომ, მუშაობა დავიწყე საბალეტო დასში, კომპანიებში, ნიუ-ჯერსის საბალეტო დასშიც ვიყავი. შემდეგ ნიუ-იორკში გადმოვედით და აქ რუსულ-ამერიკული საბალეტო კომპანიის დირექტორმა გამიფორმა კონტრაქტი. თვითონ კომპანიას ჰყავს დასი, რომელიც ძირითადად რუსი მოცეკვავეებით არის დაკომპლექტებული და რუსულ-ამერიკული ბალეტის სკოლით არის ცნობილი. აქ, საერთოდ, რუსულ ბალეტს აღმერთებენ და მეც, როგორც რუსული ბალეტის წარმომადგენელი, დასში სიამოვნებით მიმიღეს. ვცეკვავდი და თან ბავშვებს ვასწავლიდი ბალეტს. ნიუ-იორკის ძალიან ბევრ სცენაზე გვქონდა კონცერტები. ამ კომპანიის დახმარებით, როგორც ექსტრაორდინარულმა მოცეკვავემ და ხელოვნების წარმომადგენელმა, „მწვანე ბარათი“ ავიღე. მე და ნათია რთველიაშვილს, რომელიც ახლა „რივერდანსში“ ცეკვავს, ეს კომპანია ამ მხრივ ძალიან დაგვეხმარა, მათთვის იმდენად საჭირო ვიყავით, რომ საემიგრაციო სამსახურს მოსთხოვეს, ჩვენთვის საბუთები მოეცათ. სხვადასხვა ნომერი გვქონდა, ვარიაციები და იმას ვცეკვავდით. კერძოდაც ვასწავლიდი იმ ბავშვებს, რომლებიც მისაღებ გამოცდებზე ცნობილ სკოლაში აბარებდნენ ცეკვას და ძირითადად ყველას იღებდნენ.
– ბავშვებთან ურთიერთობა არ იყო რთული?
– დიახ, ძალიან რთული იყო. აქ გაკვეთილების ჩატარების სულ სხვანაირი პრინციპია. ზედმეტად ხმა რომ ამოიღო, ან შენიშვნა მისცე, მეორე დღეს ან მშობელი მოვა, ან თვითონ ბავშვი ამოიღებს ხმას. ძალიან თავნებები არიან. თავიდან მიჭირდა თავის კონტროლი, თანაც, ბალეტი ისეთი სფეროა, ბავშვს თუ მკაცრად არ მოექეცი, ძნელია, რამე შეაგნებინო. ერთი პერიოდი მანჰეტენზეც ვასწავლიდი სტუდიაში, როგორც კი ჩემი მოსწავლეები გადიოდნენ, დარბაზში მაშინვე ცნობილი მოცეკვავეები შემოდიოდნენ და ხანდახან მეც ვრჩებოდი კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რადგან მათ ძალიან კარგი მასწავლებლები ასწავლიდნენ.
– შენ თქვი, ბროდვეიზეც დავდიოდი ერთ-ერთ კომპანიაშიო.
– დიახ, სხვადასხვა ქასთინგში ვმონაწილეობდი. ერთხელ „მეტროპოლიტენ ოპერის“ ქასთინგზე გავედი და 400 მონაწილიდან ოცდაათ კაცში მოვხვდი, მაგრამ, მალე დავორსულდი, პატარა მეყოლა და ცოტა ხანს გავჩერდი. თუმცა, რამდენიმე ხნის განმავლობაში კვლავ ვასწავლიდი ცეკვას, თან, მივედი კომპანია „ფესვებში“, როგორც ბალეტის მასწავლებელი, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი დადის. ახლა მეორეზე ვარ ფეხმძიმედ და ექიმებმა ამიკრძალეს ცეკვა. რომ გავაჩენ, ისევ დავუბრუნდები ჩემს პროფესიას.