რა წყაროს გადაკეტვას ცდილობს ნიკო გომელაურის ცოლი და ვის შეიძლება უჩივლოს მან
დიდი ხნის განმავლობაში ნიკო გომელაურის მეუღლე ნინა ჩოდრიშვილი, ჟურნალისტებთან ურთიერთობას გაურბოდა. არადა, სრულიად ქართულ პრესასა თუ ტელევიზიას, სწორედ მისი, ნიკოს საყვარელი ქალის მოსმენა უნდოდა – თუ რას განიცდის ის, როგორ ხედავს მომავალს, როგორია მისი ცხოვრება ნიკოს გარეშე. თუმცა, შეთავაზებულ ინტერვიუზე ყოველთვის უარს ვიღებდით. როგორც აღმოჩნდა, ნინასთან ინტერვიუს თხოვნის მიზნით სწორედ იმ დროს დავრეკეთ, როდესაც მასაც ჰქონდა კონკრეტული სათქმელი საზოგადოებისთვის.
– ნინა, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით, მაგრამ მაინც მაინტერესებს, რა არის ამის მიზეზი, მით უფრო რომ ნიკოზე საუბარს და მოგონებებს ყოველთვის გაურბიხართ.
– საკმაოდ დიდი ხანია უარს ვამბობ ყოველნაირ ინტერვიუზე. ვერაფერს მოვიგონებ, რადგან მოგონებებს ისედაც გავურბივარ. სად ჩავრგო თავი და სად გავექცე მოგონებებს, არ ვიცი. ნეტავ, ერთი წამი მაინც არ მაგიჟებდეს ეს მოგონებები. გული რომ არ გამისკდეს, ხელოვნურად ვუხმობ ნეგატიურ მეხსიერებას...
– რას გულისხმობთ ამაში?
– ვცდილობ, ხშირად გავიხსენო ის, რაზეც ნიკოს ვუბრაზდებოდი ხოლმე, რის გამოც გვიჩხუბია, რაც მწყენია. მაგრამ, არაფერი მშველის. ღრმად ქვეცნობიერში ჩაიმალა წყენა, ცნობიერში კი, ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი განცდაა ნიკოს გარეშე ცხოვრების. ამიტომ, გახსენება და მოგონება ჩემთვის დამატებით დიდი ტკივილის მომნიჭებელი პროცესია. უარს ვეუბნები ჟურნალისტებს, არა იმიტომ, რომ ვებრძვი მათ, არამედ, როგორც ჩანს, ელემენტარული თვითგადარჩენის ინსტინქტი მათქმევინებს ამას.
– ამ ინტერვიუზე დათანხმების მიზეზი რა გახდა?
– ეს მხოლოდ ერთი მოსაზრების გამო გადავწყვიტე. ვცდილობ, როგორმე გადავარჩინო ნიკოს სახელი, წინდაუხედავი ქმედებისგან, რომელსაც ამ ბოლო დროს ვაწყდები. რამდენიმე ჟურნალისტმა და შემდეგ ერთი თვის ინტერვალით, ნიკოს შემოქმედების თაყვანისმცემელმა შემომთავაზეს, მედიაში გამოქვეყნებული მასალა, რომელიც 1998-2010 წლების პერიოდს მოიცავს, დაბეჭდილიყო. ღმერთის წყალობით, ეს რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა. მათ ავუხსენი, ამ რთული საქმის ვითარება და საბედნიეროდ, იმ კონკრეტული მასალის დაბეჭდვაზე უარი თქვეს. თუმცა, აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც ჩემთვის არ მოუმართავთ და სულ შემთხვევით გავიგე, რომ ნიკოს სხვადასხვა დროს მიცემული ინტერვიუების შეგროვებული ვერსიის გამოცემას აპირებდნენ. თანაც, უფლების დაპატენტებასაც ითხოვდნენ.
– რაში იყო ამ საქმის სირთულე?
– მინდა აგიხსნათ, რომ ნიკო ძალიან ხშირად აძლევდა ინტერვიუს თითქმის ყველა ქართულ გამოცემას. ყოველთვის წინ აყენებდა ვალდებულებას, პატივი ეცა ჟურნალისტების პროფესიონალური მოვალეობისთვის. თუმცა, ხშირად უკმაყოფილო რჩებოდა წაკითხულით და ძირითადად კი საკუთარი თავით. ნიკო ძალიან ბევრს მუშაობდა – გადაღებები, რეკლამები, პოეზიის საღამოები, შეხვედრები სტუდენტებთან, სკოლის მოწაფეებთან... დილით რეპეტიციები ორ თეატრში, საღამოს სპექტაკლები ორ თეატრში, თან ხშირად ზედიზედ, ერთი საათის ინტერვალით. ამიტომ ჟურნალისტებს შუალედში, დასვენების მონაკვეთში, ან სპექტაკლის ბოლოს იბარებდა, როდესაც „რელაქსაციის“ აუცილებელ სიტუაციაში სიტყვებისა და აზრების კონტროლი არცთუ ისე ადვილია. შემდეგ კი თავის თავზე გაბრაზებული, ჟურნალით ან გაზეთით ხელში ყვიროდა – „რას ბოდავ ნიკოლოზ!“ ან ოჯახის წევრებს გვესმოდა მისი მქუხარე ხმა – „რა სირცხვილი, რა სისულელეა, ჩემი..!“ ხშირად პაპამისის სიტყვებს იშველიებდა საკუთარ თავზე გაბრაზებული – „ღმერთო, ჩემ ჭკუაზე მომკალი!“ ერთხელ მახსოვს, დაგვიძახა მე და ნენეს და გვითხრა, ეს ინტერვიუ სხვას რომ დაეწერა, სახლში შემოუშვებდითო?! ამ ყველაფრის მონაწილემ ახლა, გულხელდაკრეფილმა ვუყურო, როგორ ამზეურებენ ნიკოსგან დაწუნებულ მასალებს – ჩემგან ღალატის ტოლფასად მეჩვენება.
– და რას აპირებთ, როგორ შეგიძლიათ, ამას ებრძოლოთ. ეს მასალები ხომ ყველასთვის ხელმისაწვდომია?
– გადავწყვიტე შემდეგი – დავიქირავე სამუშაო ჯგუფი, გადავახარისხეთ მთელი ამ წლების მასალა. ჩატარდა ტიტანური შრომა, იმისთვის, რომ ოპტიმალურად გადაგვეხარისხებინა, ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები სისტემაში მოგვეყვანა და შედარებით რეალურად გვეჩვენებინა ამ ფონზე გამოკვეთილი ნიკოს პორტრეტი. გამოგვექვეყნებინა ის გამონათქვამები, რომლებსაც ამ ბოლო დროს თვითონ ნიკო „ბოდვებს“ არ უწოდებდა.
– და რა მიიღეთ ამ სამუშაოს შედეგად?
– პატარა წიგნაკი, მონოლოგის სახით, რომელიც უკვე იბეჭდება და სულ ცოტა ხანში გამოვა. ისევე როგორც ნიკოს ყველა წიგნი, ესეც არ იქნება ძვირად ღირებული. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ თურმე ნიკოს წიგნებს გადამყიდველები სამმაგ ფასად ყიდიან. შეაქვთ სკოლებში და სხვა სასწავლო დაწესებულებებში. ამაზრზენი ფაქტია, ჩემი აზრით. მით უმეტეს მაშინ, როცა თვითონ ნიკომ სთხოვა წიგნის გამყიდველებს ფიქსირებული დაბალი ფასი. მე ვცდილობ, წიგნებით მოვამარაგო მაღაზიები და ფასიც არ მომიმატებია. ეს ნიკოს თხოვნა იყო...
– კარგი იდეაა.
– კი, მგონი, ჭკვიანურად მოვიქეცი, არა?! იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებით გადავკეტე წყარო, რომლის გამოყენებაც ნიკოს ხსოვნისადმი, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკური იქნება. „თუ წყარომ ისევ იდინა“, სხვა გამოსავალი არ დამრჩება და უფლების დასაცავად, იძულებული გავხდები საჩივრის ოფიციალურ ფორმას მივმართო. მერწმუნეთ, ძალიან არ მინდა, ამის გაკეთება, რიგი მოსაზრებების გამო.
– გამოდის, ნიკო განაგრძობს ცხოვრებას...
– ასე გამოდის. მე კი ისევ სიყვარულის სადარაჯოზე მიხდება დგომა და ისევ გუშაგის როლში (იცინის).
– კიდევ სხვა გეგმები ხომ არ გაქვთ ნიკოს შემოქმედებასთან დაკავშირებით?
– გეგმები არსებობს. მესიჯად მივიღე ალექსი ჩიქოვანის (კომპანია „ნატახტარი“ – ავტორი) ასეთი სიტყვები – ნიკოს სახელი არ დაავიწყოთ ხალხს! თან ეს იმ მომენტში, როდესაც არაფერი მახსოვდა, საკუთარი სახელიც კი... ერთ კვირაში მზად იქნება მეუფე ნიკოლოზის მიერ გადაღებული ვიდეოფილმი სახელწოდებით „ნიკოს პოეზიის საღამო“. ვმუშაობ კიდევ ერთ წიგნზე, რომელიც იქნება ისეთი, როგორიც მე და ნიკომ, სიძვირის გამო, ვერასდროს გამოვეცით. ახლა კი, კომპანია „ნატახტარმა“ შემომთავაზა კარგი, სქელტანიანი, ძვირად ღირებული წიგნის გამოცემა. თორმეტ ივლისს, რუსთაველის თეატრში ეწყობა ნიკოს დაბადების დღე და კიდევ ვეცდები, შევასრულო მესიჯად მოწერილი მოთხოვნა. ძალას მმატებს აურაცხელი რაოდენობა ლექსების, წერილების, რომლებიც დღემდე მოაქვთ თეატრში, ტოვებენ სასაფლაოზე, მიგზავნიან სახლში, რაიონებიდან... ამას წინათ, ქალაქ წნორის საერო სკოლა-ლიცეუმიდან გამომიგზავნეს მთელი ყუთი „დაგვიანებული წერილებისა“.
– ანუ, ცხოვრება გრძელდება...
– ცხოვრება არ არის ნიკოს გარეშე! ამას ცხოვრება არ ჰქვია. მითხრა კიდევაც ბოლოს – „მეცოდები, ნინ, უჩემოდ როგორ იქნებიო?!“ ვარ უგულოდ, უყუროდ, უთვალოდ, უხერხემლოდ. მიდი და იცხოვრე, აბა...