რატომ ითმენენ ქართველი ქალები მამაკაცებისგან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და რატომ სჯის საზოგადოება მოძალადე მამაკაცის ნაცვლად მოძალადის მსხვერპლ ქალს
გასულ კვირას ინტერნეტით მეტად საინტერესო ინფორმაციას მივაკვლიე, საქართველოში მოძალადე ქალთა რაოდენობამაც იმატაო, თუმცა, თუ სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ, ამას მატებას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. 70 მოძალადე მამაკაცზე მხოლოდ ორი მოძალადე ქალი მოდის. რა მდგომარეობაა საქართველოში ოჯახური ძალადობის მხრივ, განიცდიან თუ არა ქალები ძალადობას სამსახურში და საზოგადოების მხრიდან, ამ მეტად აქტუალურ და თითქმის ტაბუირებულ თემაზე საკონსულტაციო ცენტრ „სახლის“ ხელმძღვანელს, რუსუდან ფხაკაძეს გავესაუბრეთ.
– სანამ ოჯახურ ძალადობაზე ვისაუბრებთ, როგორ მდგომარეობაში არიან ქალები სამსახურებში?
– გვაქვს ინფორმაცია ქალებზე ძალადობის ფაქტებზე სამსახურებში, რაც უკვე ინსტიტუციურ ძალადობას მიეკუთვნება, მაგრამ ეს თემა ჩვენთან ბევრი მიზეზის გამო არ არის გაფიარებული. ეს არის მთელი სისტემა. მაგალითად, სულ ბოლოს გამოვერკვიეთ ასეთი ფაქტი: არის ოთხი მეპატრონე – მამაკაცები, ჰყავთ დამხმარე პერსონალი – ახალგაზრდები, რომლებსაც შედარებით ნორმალური ანაზღაურება აქვთ და სრული განუკითხაობა ხდება.
– შრომითი ძალადობაა თუ სექსუალური?
– ლაპარაკია სექსუალურ ძალადობაზე. ძალადობის მსხვერპლნი ვერაფერს აკეთებენ, არც გახმაურება უნდათ ეკონომიკური ფაქტორის გამო, არც ალტერნატიული სამუშაო აქვთ. ძალადობის აღკვეთისა თუ ასეთი ფაქტების შემცირების მიზნით ჩვენ ვეძებთ გზებს. ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: მოძალადეს ეშინია ძალადობის ფაქტის გახმაურების, საერთოდ, ამიტომაც ძალადობს. ჩვენმა ორგანიზაციამ პირველმა დაიწყო მუშაობა საქართველოში ქალთა ძალადობის თემაზე ჯერ კიდევ 1997 წელს და მაშინ ვერც ვიფიქრებდით, რომ ასეთი ფორმის ძალადობები იქნებოდა, თუმცა კარგა ხნის ფსიქოლოგი ვარ და 30 წელია, ვისმენ ქალების ისტორიებს. მთელ მსოფლიოში, მათ შორის თვით ამერიკაშიც კი, ძალადობა ოჯახში ნარკობიზნესისა და იარაღით ვაჭრობის შემდეგ მესამე პრობლემაა. მაგრამ იქ ამის საწინააღმდეგოდ ბევრი მექანიზმი აქვთ: თავშესაფრები, გატრენინგებული პოლიცია, სოციალური მუშაკების მთელი არმია, მაგრამ ეს პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ მაინც არსებობს. ჩვენც გვაქვს კანონი, რომელიც 2006 წელს მივიღეთ, რაც ძალიან კარგია. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამან რამე შეცვალა, მაგრამ კანონის მიღებით სახელმწიფომ მაინც აღიარა ეს პრობლემა.
– 1997 წლიდან მუშაობთ ძალადობის თემაზე. ძალადობის რა ფორმებმა გაგაოცათ ყველაზე მეტად და რა მოხდა ამ 13 წლის განმავლობაში? შემცირდა ძალადობის ფაქტები, გამრავალფეროვნდა, დაიხვეწა?
– არ არსებობს არანაირი სტატისტიკა ქვეყნის მასშტაბით, თუმცა კანონის მიღების შემდეგ სტატისტიკური მონაცემები მაინც გაუმჯობესდა, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე ფლობს ამ მონაცემებს. როდესაც გავეცანი, ძალიან გამიკვირდა, რომ ჩამონათვალში გაუპატიურება არ არის მოხსენიებული.
– რატომ? ჩვენთან ძალადობად არ მიიჩნევა გაუპატიურება?
– უბრალოდ არავინ ჩივის ამის გამო. ვიდეოპატრულშიც, როდესაც კვირის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებს მიმოიხილავენ, არ არის გაუპატიურების შემთხვევები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დევნილებთან ომის შემდეგ, კრიზისული ცენტრი გვაქვს გორშიც, ზუგდიდშიც და თბილისშიც, გვაქვს თავშესაფარიც სექსუალური და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი დევნილებისთვის. მაგრამ იმდენად ტაბუირებულია ეს თემა, რომ თითქოს არ არის. ისე არ გამიგოთ, ჩვენ ვეძებდეთ ძალადობის ფაქტებს, მაგრამ საომარი მოქმედებების შემდეგ, მთელ მსოფლიოში, გაუპატიურება არის მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენებული საბრძოლო იარაღი. სადაც ომია, ეს ყოველთვის ხდება და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი. ჩვენ ვიცით, რა ხდება გორის რაიონის სოფლებში, მაგრამ ვერ ვახერხებთ ამ ადამიანების გამოყვანას სოფლებიდან, მათ თავშესაფარში წაყვანას და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კურსის ჩატარებას. იქ თუ ამ ფაქტის იგნორირება არ გააკეთე, თითქოს არაფერი მომხდარა, შენ ვეღარ იქნები იმ საზოგადოების წევრი. სამწუხაროდ, ოცდამეერთე საუკუნეშიც კი ჩვენთან ძალიან არაცივილიზებული ურთიერთობებია.
– ის, რომ სოციუმი ივიწყებს ამ ფაქტს, ნიშნავს, გაუპატიურების მსხვერპლიც ივიწყებს მას?
– გაუპატიურება ისეთი სახის დანაშაულია, რომელსაც მსხვერპლი ვერ ივიწყებს, იმ შემთხვევების გარდა, თუ ეს პატარა ასაკში მოხდა და ბუნდოვნად ახსოვს. გაუპატიურება ისეთი ფსიქიკური ტრავმაა, რომ აუცილებლად იჩენს თავს 20 წლის შემდეგაც კი და ეს ვლინდება სხვადასხვა ქმედებებში. დღეს გოგონებში გავრცელებულია ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ცუდი დედობა, პასუხისმგებლობას არ იღებენ შვილზე. ეს ტრავმების შედეგია. არ ვამბობ, ვისაც ეს აწუხებს, ყველა გაუპატიურების მსხვერპლია-მეთქი, მაგრამ ეს ქცევები ძალადობის შედეგია. ძალადობის კვალი არ ქრება და ფსიქიკა აუცილებლად აძლევს რეაქციას, ოღონდ სხვადასხვანაირად.
– ისევ ძალადობის მსხვერპლი დევნილების თემას დავუბრუნდეთ: თუკი საზოგადოება იგნორირებას უკეთებს ამ ფაქტს, ეს ნიშნავს, რომ გაუპატიურების მსხვერპლს ეს ხელს არ უშლის მომავალი ცხოვრების მოწყობაში?
– სოფელი თუ თემი გაუპატიურების მსხვერპლისადმი თანაგრძნობას არ იჩენს.
– გაუპატიურებულს არ ჩამოეწერება ის, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო?!
– არ ჩამოეწერება არაფრით.
– რატომ, მისი ბრალი იყო, მტრებმა თუ გააუპატიურეს?
– არა, მისი ბრალი არ იყო, მაგრამ არ ჩამოეწერება. ჩვენთან არიან ძალადობის მსხვერპლნი, რომლებმაც დამალვა ვერ მოასწრეს, ან მოწინააღმდეგე დაელაპარაკა ქართულად და არ დაიმალნენ. გვაქვს ძალიან მძიმე შემთხვევა, როდესაც დედა-შვილი გახდა საშინელი და მრავალგზის გაუპატიურების მსხვერპლი. მათ ვერ მოასწრეს გამოქცევა, როდესაც სოფელში მოწინააღმდეგე შევიდა.
– რა გამოდის? მთელი სოფელი, მათ შორის, სოფლის მამაკაცებიც გამოიქცნენ და დატოვეს ქალებისა და გოგონების ნაწილი. ისინი მტერმა გააუპატიურა და ახლა ეს სოფელი არ იღებს მათ?!
– თვითონ მამაკაციც ვერ გაუწევს ვერანაირ წინააღმდეგობას, როდესაც სამკაციან ოჯახს თავს დაესხმის მოწინააღმდეგის 7-კაციანი ჯგუფი.
– მესმის, მაგრამ თანაგრძნობა ხომ შეუძლია? აი, ეს ლოგიკა არ მესმის.
– იგივე ლოგიკაა, რაც მათხოვრების მიმართ არსებობს. ხანდახან მათ მიმართ აგრესიულები ვხდებით, იმიტომ რომ ისინი გვავალდებულებენ, პასუხისმგებლობა ავიღოთ მათ მდგომარეობაზე. ჩვენ ამას არ ვიღებთ შინაგანად და ვამბობთ, გაინძერი, დახვეტე და ფული იშოვეო. ანუ აქ დგება პასუხისმგებლობის აღების მომენტი სხვის მიერ გადატანილ უბედურებაზე. შეიძლება, სხვა მონაცემებიც არსებობს, მაგრამ ჩვენ ყველგან მეტ-ნაკლებად ერთნაირ სიტუაციას ვხვდებით: ოჯახური ძალადობის თუ გაუპატიურების მსხვერპლის მიმართ კოლექტიური თანაგრძნობის მომენტები თითქმის არ არის. გავიხსენოთ ვაჟა, თემისა და პიროვნების დაპირისპირების პრობლემა მხოლოდ ალუდამ და ჯოყოლამ გადაჭრეს, ყველა დანარჩენმა გაიზიარა კოლექტიური აზრი. საერთოდ, ბევრად უფრო ადვილია მსხვერპლის დადანაშაულება.
– იმიტომ რომ დაბალი ღობეა?
– დიახ, ის უკვე მსხვერპლია, ამიტომაც გვიჭირს, ავუხსნათ იმ ორგანიზაციებს, რომელთა წინაშეც ანგარიშვალდებული ვართ, თუ რატომ არის ჩვენთან ძალადობა ტაბუირებული თემა; რომ მსხვერპლს არანაირი დაცვის მექანიზმი არ აქვს და მისი მომავალი სავალალო იქნება, თუ ძალადობის ფაქტი ლეგალიზდება.
– და ეს შობს მეორე სიმახინჯეს: გინეკოლოგის დახმარებით ქალწულობის აღდგენას?
– ჩვენთან დადიოდა 19 წლის ახალგაზრდა გოგონა, რომელიც 17 წლის ასაკში გახდა ძალადობის მსხვერპლი, ჰყავდა შეყვარებული და ძალიან უჭირდა, მისთვის ეთქვა სიმართლე, დავკარგავო. ტრივიალურ რამეს ვიტყვი: როდესაც ურთიერთობას ასეთი ტყუილით იწყებ, შენ ხელს აწერ იმას, რომ ეს არ არის ნაღდი ურთიერთობა. ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ამ გოგონას ემუშავა თავის პარტნიორთან და პარტნიორმა, რომელსაც ძალიან მძიმე მენტალიტეტი ჰქონდა, ის ცოლად მოიყვანა. მაგრამ გაუპატიურების გამო ფსიქიკური პრობლემები მხოლოდ ახალგაზრდა გოგონებს არ ექმნებათ, ქალბატონებსაც, არცთუ ისე ახალგაზრდებს. მაგალითად, 44 წლის ქალბატონის, მეუღლის სექსუალური ძალადობის მსხვერპლის, ტრავმა იმდენად ძლიერი იყო, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობდა და წელიწად-ნახევარი დასჭირდა, რომ ნელ-ნელა მომხდარიყო მისი ინტეგრირება და მას დაეჯერებინა, რომ ყველა მამაკაცი არ არის მოძალადე. სანტექნიკოსიც კი ვერ შეგვყავდა მის ოთახში. იმის თქმა მინდა, რომ ეს ფაქიზი და ხანგრძლივი სამუშაოა. ამას მხოლოდ ფსიქოლოგების მხარდაჭერა არ ყოფნის, მენტალიტეტიც უნდა შეიცვალოს. არ მინდა, უარყოფით კონტექსტში მოვიხსენიო ჩვენი მენტალიტეტი, რადგან მართლაც ამან შეგვანარჩუნებინა თვითმყოფადობა.
– რატომ უარყოფითში? „სტუმარ-მასპინძლის“, ანუ ჩვენი მენტალიტეტია, როდესაც ჯოყოლა ეუბნება აღაზას: „იტირე, მადლი გიქნიაო“?
– სადღაც წავიკითხე, თვითონ ვაჟამაც კი ამ მომენტზე დიდხანს იფიქრა, თურმე.
– დიახ, სამ დღეს ფიქრობდა, რა უნდა ეთქვა ჯოყოლას ზვიადაურის დატირებისთვის აღაზასთვის.
– აი, რატომ არის ვაჟა კოსმოპოლიტი. გასულ კვირას ვიყავით ერთ-ერთ ჩვენს მაღალმთიან რეგიონში, საზღვართან ახლოს, საიდანაც თავზარდაცემული წამოვედი. მამაკაცებამდე ვერც მივედით და ვერც მივალთ, მხოლოდ ქალებს გავესაუბრეთ. უხუცესი ქალები ამბობდნენ, მერე რა, რომ კაცმა ქალს ტუჩებში მიარტყა შეშის ნაჭერი, ბავშვი ტიროდა და კაცი შეწუხდა. ქალი მაინც არ უნდა გამოქცეულიყო, თუ ოჯახის შენარჩუნება უნდაო; რომ, რაც ხდება, ყველაფერი ქალის ბრალიაო და ასე შემდეგ. კარგა ხნის ფსიქოლოგი ვარ, მაგრამ შემზარა ამის მოსმენამ ოცდამეერთე საუკუნეში.
– თქვენ ეს ჩვენს მაღალმთიან რეგიონში ნახეთ, მე კი დედაქალაქ თბილისში, რომელიც ევროპასთან დიდი ინტეგრაციის პრეტენზია-მოლოდინშია. ერთი შეხედვით ძალიან ცივილიზებული რესპონდენტი მიამბობდა ძველი სვანური ტრადიციის შესახებ, რომ, თუ წყვილს არ უჩნდებოდა ვაჟი ან ქალი ბერწი აღმოჩნდებოდა, თავად ურჩევდა ქმარს მეორე ახალგაზრდა ცოლს და დასძინა, დღესაც ასე უნდა იყოსო. ჩემი პროტესტის გამო რესპონდენტმა და მისმა შემოსწრებულმა სტუმარმა მიმითითეს, რომ მე ვარ არაპატრიოტი, არ ვზრუნავ და არ მადარდებს ჩემი სამშობლოს მომავალი, თუკი ქმრისთვის ცოლის მიერ მეორე ცოლის შერჩევის ფაქტს არ ვიზიარებ ოცდამეერთე საუკუნეში.
– სამწუხაროდ, ჩვენს ყოფაში შეინიშნება მუსლიმანური ტენდენციები. თბილისში არის ერთი გოგონა, რომელსაც ვერ მივაკვლიე, თუმცა, რომ მივაკვლიო, არ გვაქვს დახმარების მექანიზმი. ის დროდადრო რეკავს ჩვენთან. მის სახლში ცხოვრობს მისი პარტნიორი, რომელიც გარეთ არ უშვებს. ამ ახალგაზრდა ქალს თითები გადამტვრეული აქვს და არასწორად შეუხორცდა. მეზობლებს ეშინიათ და ვერ ერევიან. ხანდახან იმ კაცს, როდესაც სახლიდან გადის, თან მიაქვს ტელეფონიც. მინდა, გითხრათ, რომ დიდი სხვაობა არ არის ძალადობის ფორმებს შორის სოფლად და თბილისში. უბრალოდ შეიძლება, სოფელი პატარაა და ყველამ უფრო კარგად იცის ერთმანეთის ამბავი.
– თვითონ მოძალადე მამაკაცები, რომლებიც ქალებს სახლებში კეტავენ და სცემენ, ავადმყოფები არიან?
– როგორ შეიძლება, ამას დავარქვათ ავადმყოფობა, როდესაც სიმთვრალეშიც კი, თუკი მესამე ადამიანი ჩნდება, მოძალადეს სასწრაფოდ უბრუნდება კონტროლის მექანიზმი?! მით უმეტეს, თუ პოლიცია შემოდის. მართალია, პოლიციის წასვლის შემდეგ, ისევ ეჩხუბებიან ცოლს, ეს როგორ გამიბედეო, მაგრამ პოლიციელებს ემეგობრებიან, ეუბნებიან, კაცი ვარ და გამიგეო.
– კიდევ კარგი, პოლიციელებს იმას არ სთავაზობენ, ერთად ვცემოთო.
– ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ მოძალადეები პათოლოგიური ადამიანები არიან. საერთოდ მთელ მსოფლიოში მოძალადეები არიან მამაკაცები და ისინი არ იცვლებიან. მოძალადე, ქცევის დონეზე რომ შეიცვალოს, ამისთვის ის ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა წავიდეს, ან იძულებით გაიაროს ფსიქორეაბილიტაციის კურსი. ეს უკანასკნელიც დასჯის ფორმაა, რადგან მოძალადეს არ აქვს თავისი ქცევის შეცვლის სურვილი. არის კიდევ მეორე ვარიანტიც, რომ ისევ ქალები არიან დამნაშავეები, რადგან სწორედ ქალები ზრდიან ამ მოძალადეებს.
– კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ მაქვს ეჭვი, რომ ქმრისგან თუ პარტნიორისგან დაჩაგრული ქალი თავის დიქტატს ამყარებს ვაჟზე და ისიც მოძალადედ იზრდება. არის რაციონალური მარცვალი ჩემს ამ ეჭვში?
– ეს იმიტომ ხდება, რომ მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობა ერთმანეთში გადადის და ყოფილი მსხვერპლი შემდეგ მოძალადე ხდება. მან სადღაც ხომ უნდა წაიღოს ეს აგრესია. სწორედ იმიტომაცაა ძალადობა ოჯახში სოციალური პრობლემა, რომ ზარალდებიან ბავშვები. შემდეგ ეს მოდელი მათ ისე აქვთ შესისხლხორცებული, რომ, როდესაც დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ და სხვა ალტერნატივა არ აქვთ, ისინიც მოძალადეები ხდებიან. ასეთივე რამ ემართებათ ქალებსაც, რომლებიც ქმრის ან პარტნიორის მხრიდან ძალადობას განიცდიან.
– მე გულწრფელად არ მესმის, რატომ უნდა მიყვიროს ვიღაცამ და, მით უმეტეს, რატომ უნდა მცემოს. რატომ იტანს ამ შეურაცხყოფას ამდენი ქალი, მხოლოდ მატერიალური მომენტის გამო? არ ჯობია, არაფერი გებადოს, ვიდრე მუდმივად გამცირებდნენ?
– არის უამრავი მიზეზი, რის გამოც ქალები ვერ ტოვებენ ამ მოძალადეს. ყბადაღებულია ეკონომიკური პირობები, ბავშვების პრობლემა, ბავშვი, როდესაც გაიზრდება, გისაყვედურებს – უმამოდ რატომ გავიზარდეო. ქალებს აწუხებთ ცხოვრების წინაშე მარტო დარჩენის შიში, გაყრილი ქალის სტატუსი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე გათხოვილის.
– პირადად მე, ვერც ერთ ამ მიზეზს ვერ გავიზიარებ.
– არის კიდევ ერთი მიზეზი: ქალს უყვარს ის მოძალადე. მას არ უყვარს მოძალადის ქცევები.
– ადამიანი ქცევა არ არის?
– მაგრამ ძალადობას აქვს ფაზები. ისე არ ხდება, რომ სულ ძალადობა იყოს. არის შერიგების, შეთანხმების ფაზებიც. ეს ძალიან რთული ფენომენია. არავინ არ არის მაზოხისტი, უხაროდეს, რომ სცემენ. გარდა ფიზიკური ზემოქმედებისა, ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებიც, როდესაც ქმარი ან პარტნიორი ეუბნება ქალს – რას ჰგავხარ, ვინ ხარ, ჩემზე დაბალი წარმოშობის ხარ. მეორე მხრივ, ქალებსაც ახასიათებთ ძალადობის ელემენტები: გაუთავებელი წუწუნი და კონტროლი. სინდრომად მაქვს შენიშნული, რომ ქალები ქმრებს საღამოს 8-დან 9-საათამდე ურეკავენ, არ მოდიხარ? კარტოფილი ცხელიაო და ასე შემდეგ… ძალადობას საფუძვლად უდევს ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვება. ამდენად, არ არის აუცილებელი, მოძალადე მაინცდამაინც მამაკაცი იყოს. ისაა, რომ ქალები ფიზიკურად ვერ ძალადობენ მამაკაცებზე. უბრალოდ ჩვენ ვლაპარაკობთ ქალებზე, რადგან ძალადობის შედეგად ქალები ტოვებენ თავიანთ სამსახურებს, გადადიან ერთი საცხოვრებლიდან მეორეში და თავშესაფარს ეძებენ.
– ქალებს შეუძლიათ, თუ პრინციპულები იქნებიან, გადააფიქრებინონ მამაკაცებს მათზე ძალადობა?
– კანადაში, მაგალითად, პირველად სწორედ მამაკაცებმა თქვეს უარი ქალის მიმართ ძალადობაზე. ამდენად, მხოლოდ ქალები ამას ვერ შეძლებენ. ამასთან, ქალების ერთობაც ვერ ხერხდება.
– კანადამდე შორია, მაგრამ, ვფიქრობ, ჯოყოლამდე ამაღლებაც საკმარისი იქნებოდა პირველ ეტაპზე. რა ვურჩიოთ ქალებს, რომლებზეც მამაკაცები ძალადობენ?
– ძალადობის პირველივე შემთხვევაზე ატეხონ დიდი განგაში, რომ დაანგრიონ მენტალიტეტი, მოითმენ, მოიგებო. ქალებს უნდა ვუთხრათ, რომ ძალადობა ოჯახში დანაშაულია! ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ მოძალადის მიერ ბავშვობაში გადატანილი დაავადებები, ტრავმები არ ამართლებს ძალადობას! ყოველთვის „არა“ უნდა ვუთხრათ ძალადობას და ვახმაურებდეთ ძალადობის ფაქტებს. თუ ამას გავაკეთებთ, ჩვენ თავიდან ავიცილებთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა მოზარდების მიერ დანის ტარება, ნარკომანია და აღარ დაწერენ მწერლები, „ქართველი რომ ქართველს ესვრის, ტყვია მიზანს არ ასცდება“. ერთი სიტყვით, ქალებმა უნდა უთხრან ძალადობას – არა!