იაღლიში
„თხაზე“ მეტი
საქართველოს სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიამ ერთწლიანი მუშაობის 6-გვერდიანი პროდუქტი არა მხოლოდ მაგიდაზე დადო, თვით ვენეციის კომისიასაც გადაუგზავნა, ერთი ისაა, რომ იაღლიში მაინც მოუვიდა: ტექსტის ქართული და ინგლისური ვერსიები ერთმანეთს არ დაემთხვა (კერძოდ, ინგლისურ ვარიანტში საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების ვადა იყო მითითებული). ხარვეზი, რა თქმა უნდა, გასწორდა და ახლა ვენეციის კომისიის ვერდიქტის მოლოდინში ვბრძანდებით.
მანამდე კი, ანუ ვერდიქტამდე უმრავლესოელი ბ-ნი დარჩიაშვილი გარდაუვლად მიიჩნევს მეორე საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ ბ-ნი სააკაშვილის პოლიტიკაში დარჩენას და მეტად საფუძვლიანი მოტივით: 2013 წელს ორგზის მოქმედი პრეზიდენტი, სულ რაღაც, 45 წლისა იქნებაო (აი, რა შორსმჭვრეტელური იყო თანამდებობებზე ჯეელ-ჯეელი კადრების დანიშვნა-არჩევა?!). მეორე მხრივ, ბ-ნ დარჩიაშვილამდეც ამბობდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მოტივი, სწორედაც რომ, ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ბ-ნი სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად მოვლინება იყო. მით უფრო, რომ რუსეთში მსგავსი პრაქტიკა უკვე არსებობს; მეტიც, ორგზის ნაპრეზიდენტალი პრემიერ-მინისტრი პუტინი მომავალ არჩევნებში კვლავაც პრეზიდენტობისთვის ემზადება. თუმცა, მაგალითად, ზემოხსენებული ბ-ნი დარჩიაშვილი გვირჩევს, არ დავასახელოთ ანალოგად, მაინცდამაინც, რუსეთი და თურქეთისკენ მიგვითითებს. ციტატა დავით დარჩიაშვილისა: „მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით თურქეთთან გარკვეული პრობლემები არსებობს (დავძენ, ისევე, როგორც საქართველოში), ეს არის ქვეყანა, რომელიც დემოკრატიული განვითარების გზით მიდის (ისევ დავძენ, საქართველოსავით). თურქეთში კი შესაძლებელია, ერთი და იგივე პოლიტიკური ფიგურა სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკვანძო თანამდებობაზე ვიხილოთ“. აშკარაა, ბ-ნი დარჩიაშვილის პათოსი შემდეგნაირია: თუ თურქეთში შეიძლება, საქართველო ვისზე ნაკლებიაო. მართლაც, ვისზე ნაკლებია, რომ არა ერთი მაგრამ, რაღა თურქეთს ვედარებით?!
მეორე მხრივ, არც თავად პრეზიდენტმა დაგვიმალა, უფრო ზუსტად „ლე მონდს“ არ დაუმალა, რომ პრემიერ-მინისტრობაზეც უფიქრია. ჰოდა, რაკი უფიქრია, შესაძლოა, ზემოხსენებულ საკონსტიტუციო კომისიას კიდევ ერთი თავსატეხიც დაემატოს: ვინ უნდა იცხოვროს სასახლეში – მომავალმა პრეზიდენტმა თუ პრემიერმა?!