ცუდად დავიწყებული
ადრე წახვალ, ადრე მოხვალ
მომავალი სასწავლო წლიდან დიდი სიახლეები გველის (რა თქმა უნდა, განრეფორმის მეორე ტალღის ეგიდით!), გველის რა, საქართველოს განსისტემას ელის. სიახლეების შესახებ ინფორმაცია პირადად მოახსენა განათლების მინისტრმა დედაქალაქისა და რეგიონების 200-მდე პედაგოგს (სავარაუდოდ, იმ 200-მდე ბედნიერს, რომლებიც პედაგოგთა შემცირების ტალღაში არ მოხვდებიან, ამიტომაც სახეზე კმაყოფილების ნათელი გადაჰფენოდათ). მეორე მხრივ, სიახლეებს ვამბობთ, თორემ მათი უმეტესობა ცუდად დავიწყებული ძველია (ანუ განრეფორმის პირველ ტალღაში დანგრეული). კერძოდ, პირველი ტალღის მონაპოვარი ტრიმესტრი მეორე ტალღის სემესტრით შეიცვლება; ისევე, როგორც მოსწავლეთა შეფასების სისტემაც (პედაგოგებს აღარ მოუწევთ პირველ ტალღაში დანერგილი რთული გამოთვლითი სისტემით შეფასების გამოყვანა); ახალი სასწავლო დისციპლინებიც შემოვა; სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება (სულ მალე, ალბათ, პირველ სექტემბერსაც მივუჩოჩდებით); ძალაში შევა როგორც მასწავლებელთა, ისე მოსწავლეთა და დირექტორთა ეთიკის კოდექსებიც და, რაც მთავარია, სკოლების ბრენდირების პროგრამაც დაიწყება (ანუ კარგი სკოლა უნდა იყოს, როგორც, მაგალითად, „კოკა-კოლა“).
მეტიც, ამიერიდან მინიმალურ სასკოლო ასაკად 5 წელიც განისაზღვრება. ოპონენტთა პასუხად, მინისტრი ამაყად და რიტორიკულად ბრძანებს, რომ ქართველი ბავშვები გერმანელსა თუ ამერიკელ ბავშვებზე ნაკლებად ნიჭიერები არ ჰგონია, ამიტომაც ამ გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს. ბუნებრივია, დრო და მხოლოდ დრო გვიჩვენებს, არის თუ არა მართებული 5 წლის ბალღთა სკოლის მერხებზე დასხმა, თუმცა სასკოლო ასაკის გაახალგაზრდავებას ერთი დადებითი ტენდენცია ამთავითვე ეტყობა (ძველი ანეკდოტის პრინციპით, სკოლაში ადრე წახვალ, ადრე მოხვალო): რაც უფრო ადრეულ ასაკში დაამთავრებს სკოლას ჩვენი მომავალი თაობა, მით უფრო ადრე დაეუფლებიან მინისტრების, პარლამენტარების, პრეზიდენტების და თვით პრემიერ-მინისტრის სავარძლებს.