რატომ აქვს გარუჯვა აკრძალული ანა კოვაჩს და ვისი გაკეთებული მასაჟებით ისიამოვნა მან
იმიჯ-ცენტრის“ მოდელი ანა კოვაჩი, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობს უცხოეთში და ცნობილ სამოდელო სახლებთან მუშაობდა, თავის მოვლას საკმაოდ დიდ დროს უთმობს და ცდილობს, ყოველთვის ფორმაში იყოს.
ანა კოვაჩი: ახლა უფრო მეტ დროს ვუთმობ საკუთარ თავზე ზრუნვას, მოვლას, ვიდრე ადრე ვუთმობდი. ვისვამ ნიღბებს, კრემებს, ვიღებ სხვადასხვანაირ აბაზანას. ბევრი შამპუნი მაქვს და დედაჩემი გაკვირვებული მიყურებს ხოლმე. ძალიან ბევრ რაღაცას ვიდებ, ვისვამ თმაზე, რომ ჯანსაღად გამოიყურებოდეს და ბზინავდეს. გადაღებების დროს მოდელებს თმას გვიჩეჩავენ, სხვადასხვანაირ ვარცხნილობას გვიკეთებენ, მუსს გვისვამენ, ლაკს გვასხამენ, რაც თმას ძალიან აფუჭებს და ამიტომ ბევრ კონდიციონერს, ბალზამს, ნიღაბს ვხმარობ. შესაბამისად, თმა ბზინავს და კარგად გამოიყურება. თანაც, ძალიან სწორი თმა მაქვს და გასწორება არ მჭირდება. როგორც გამიშრება, ისე ვიტოვებ.
– როგორ უვლი სახის კანს?
– კოსმეტოლოგთან ვიყავი, რომელმაც გამომიწერა სპეციალური წამალი, ის უნდა მოამზადო და წაისვა, რადგან ხშირად მიწევს მოგზაურობა, კლიმატის შეცვლა და ამან იცის სახის კანზე პრობლემების შექმნა. თანაც, გადაღებებზე ძალიან ხშირად გვიწევს გრიმების, მაკიაჟის გაკეთება და რომ არ გამიფუჭდეს სახის კანი, ვისვამ კოსმეტოლოგის მიერ გამოწერილ წამალს. ასევე ვხმარობ სახის კრემებს, ნიღბებს.
– ყიდულობ ნიღბებს თუ ხილისგან ამზადებ?
– ვყიდულობ ან სპეციალურ მაღაზიაში, ან აფთიაქში. უცხოეთში არის სპეციალური მაღაზია, სადაც თავის მოვლის ყველანაირი საშუალება იყიდება. შესაბამისად, სულ ვყიდულობ ასეთ რაღაცეებს, კვირაში რამდენჯერმე ვიდებ ნიღაბს და ვასვენებ სახეს.
– ყოველდღიურად როგორ მაკიაჟს ხმარობ?
– ყოველდღიურად ძალიან მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ. თვალებზე, ძირითადად ღია ფერის „ჩრდილებს“ ვისვამ. როდესაც საღამოს სადმე მივდივარ, მაშინ მუქ მაკიაჟს ვიკეთებ და თვალებზე ვაკეთებ აქცენტს. დღისით ვცდილობ, ან არ ვიხმარო მაკიაჟი, ან მსუბუქად გავიკეთო.
– გიყვარს ექსპერიმენტები?
– მიყვარს მაკიაჟთან დაკავშირებული ექსპერიმენტები, თმაზე უფრო ვერიდები. მაგრამ, გადაღებების დროს ხშირად მიტარებენ ექსპერიმენტებს, როგორც თმაზე, ისე სახეზე, მაგრამ არანაირი პრეტენზია არ მაქვს, საქმეს სჭირდება.
– როგორ უვლი სხეულს?
– სხეულს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, შესაბამისად, სულ ვუვლი. ვხმარობ დუშ-გელებს, ლოსიონებს, კრემებს, რომლებიც ატენიანებს კანს და თან კარგი სურნელი ამდის. ხშირად ვიღებ სხვადასხვა სახის აბაზანას, მაგალითად ვარდის, ხილის აბაზანებს. სპეციალური, სურნელოვანი ზეთები იყიდება, რომელსაც ვასხამ აბაზანაში. დაბანის შემდეგ აუცილებლად ვისვამ კრემს, ზეთს, რომ კანი არ გამოშრეს, რბილი იყოს და კარგად გამოიყურებოდეს.
– ვარჯიშობ?
– კი, „მედიში“ ვვარჯიშობ, მაგრამ, როცა წასვლას ვერ ვახერხებ, სახლში ვაკეთებ აერობიკის ვარჯიშებს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ კარგ ფორმაში იყო, სხეული ტონუსში მოვიდეს.
– მასაჟები გიყვარს?
– ძალიან მიყვარს მასაჟები, არაჩვეულებრივი პროცედურაა. ჩინეთში მე და თამთა შედანიამ ვარდის ზეთის მასაჟები გავიკეთეთ, არაჩვეულებრივი იყო, ძალიან ვისიამოვნე. ძირითადად წელზე ვიკეთებ მასაჟებს, თბილისში „მედიშიც“ გამიკეთებია მასაჟი. მიმაჩნია, რომ ეს განტვირთვის, მოდუნების ძალიან კარგი საშუალებაა, ყველაფერი მავიწყდება ხოლმე.
– იოლად ირუჯები?
– იოლად არ ვირუჯები, მაგრამ არც ვიწვები. თუმცა ახლა აკრძალული მაქვს გარუჯვა, რადგან უცხოეთში უფრო ბუნებრიობა მოსწონთ.
– როგორი სურნელის სუნამო გიყვარს?
– ძალიან მიყვარს „სტელა მაკარტნის“ სუნამო, ვერ გეტყვი, როგორ სურნელი აქვს, მაგრამ ჩემია. საერთოდ არ მიყვარს, როდესაც ადამიანს ძალიან ბევრი ან მძაფრი სურნელის სუნამო ასხია. შესაბამისად, სუნამოს სურნელს დიდ ყურადღებას ვაქცევ. ხანდახან სუნამოს სურნელით ადამიანები და რაღაც მომენტები მამახსოვრდება ხოლმე.
– როგორ ფიქრობ, მამაკაცი არ უნდა უვლიდეს თავს?
– მოუვლელი მამაკაცები არ მომწონს, მე უფრო მოვლილი მამაკაცები მიზიდავს, ოღონდ, არ მიყვარს, როცა ძალიან ბევრი და მძაფრი სურნელის სუნამო ასხიათ. „არმანის“ სუნამო ძალიან კარგია მამაკაცისთვის. ის ასევე მოწესრიგებული უნდა იყოს, განსაკუთრებით კი თითები უნდა ჰქონდეს წესრიგში.
– გახსოვს, პირველად როდის გაგიჩნდა ინსტინქტი, რომ ქალი ხარ და რა გააკეთე?
– დაახლოებით 14-15 წლის ასაკში ვიყავი, როდესაც პირველად დავიწყე გაპრანჭვა, მაგრამ შემდეგში ეს მომენტი გამიქრა და გადავწყვიტე, რომ ბუნებრივი ვყოფილიყავი. მერე, როდესაც მოდელობა, უცხოეთში სიარული, ლამაზი კაბების ჩაცმა, მაკიაჟის გაკეთება დავიწყე და დავინახე, რომ მიხდებოდა, მომხიბლავად გამოვიყურებოდი, გადავწყვიტე, რომ ყოველთვის მომევლო თავისთვის და გავპრანჭულიყავი.
– როდესაც ვიღაც მოგწონს, უფრო მეტად იპრანჭები?
– არა, მე ამას საკუთარი თავისთვის ვაკეთებ, შესაბამისად, ეს არ არის ჩემთვის სტიმული. არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ ვინმეს თავი მოვაწონო-მეთქი, ყოველთვის ის ვარ, ვინც ვარ და ყველაფერი თავისთავად ხდება. მერე მეუბნებიან, რომ, თურმე, მოვეწონე.
რჩევა: ყველა ქალს ვურჩევ, იყვნენ თავდაჯერებულები, ჰქონდეთ ყოველთვის კარგი განწყობა, რაც მათ თვალებზე აისახება. შეუხედავი ქალი არ არსებობს, მთავარი თავდაჯერებულობა და კარგი განწყობაა.
ნათია უტიაშვილი