კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სჭირდება სერულატას ვიწრო ქოთანი და როგორ მზეს ვერ იტანს ნერტერა


ზოგიერთი მცენარე საკმაოდ პრეტენზიულია ზაფხულის პერიოდში, რადგანაც მათზე ცუდად მოქმედებს მწველი მზე. „ფლორა ინტერნაციონალის“ მეცნიერ-მუშაკი-ბატონი ამირან ბიწაძე, აგვიხსნის, როგორ მოვუაროთ ამ სეზონზე სერულატასა და ნერტერას და პრეტენზიულია თუ არა ეს მცენარეები მზის მიმართ.


– ბატონო ამირან, როგორი მცენარეა სერულატა და რას გვეტყვით მის შესახებ?

– სერულატა მარადმწვანე მცენარეა და ნახევრად გვიმრების ოჯახს მიეკუთვნება. მას ტანი არ აქვს, ბურთისმაგვარი ფორმისაა. ამ მცენარეს უვითარდება, დაახლოებით, 30 ცალი ფოთოლი, რომელიც დაბოლოებულია მცირე ზომის ეკლებით.

– ხშირად სჭირდება ამ მცენარეს მორწყვა?

– სერულატას ხშირი მორწყვა არ უყვარს. ამიტომ, ეცადეთ, ზამთარში ძალიან იშვიათად მორწყათ, ზაფხულში კი შედარებით მოუმატეთ. თუმცა არც ძალიან მშრალი ნიადაგი მოსწონს. სასურველია, ნიადაგში შეიტანოთ პერლიტი, მიწა რომ არ გამოშრეს.

– ამის გარდა კიდევ რა უნდა შედიოდეს მის ნიადაგში?

– აუცილებელია, მიწაში იყოს მეტი წილი ქვიშა და ტორფი. სერულატა, რაც უფრო ვიწრო ქოთანში იქნება, მით უფრო კარგად განვითარდება. რაც შეეხება სასუქს, მცენარეს მიეწოდება მხოლოდ ადრე გაზაფხულზე. მინერალური სასუქი ნიადაგში უნდა შეიტანოთ ისე, რომ გადაჭარბებული არ იყოს, თორემ ამით შეიძლება მცენარე დაღუპოთ.

– როდის ყვავილობს ეს მცენარე?

– სერულატა ძალიან გვიან ყვავილობს. თქვენი მცენარე, სულ მცირე, 10-15 წლის მაინც უნდა იყოს, რომ იყვავილოს. მართალია, ამ მცენარის ყვავილობა დიდი ფუფუნებაა, მაგრამ ის ამის გარეშეც ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავია. თუ თქვენ სერულატა უკვე გაქვთ ბინაში, ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან იოლი მოსავლელია და დიდ სირთულეებს არ უქმნის პატრონს.

– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ სერულატა და როგორ მრავლდება ის?

– მცენარე არც ამ მხრივაა პრეტენზიული. მისთვის ნორმალურია მთელი წლის განმავლობაში ოთახის ტემპერატურა. ზამთარში სითბო უყვარს და თუ 20 გრადუსზე ამყოფებთ, საკმაოდ კარგად იგრძნობს თავს ასეთ პირობებში. მის გასამრავლებლად აუცილებლად უნდა შეიძინოთ თესლი. სერულატას არ აქვს ამონაყარი და ამიტომ მხოლოდ თესლის მეშვეობით მრავლდება. სერულატას თესლს რომ დათესავთ, ორი თვის შემდეგ ამოვა მცენარე.

– რითი შეიძლება დაავადდეს მცენარე?

– სერულატას სუსტი ფესვთა სისტემა აქვს. მას ძირითადად ფქვილისებრი ფარიანა და ფრთათეთრა ემტერება, რაც აზიანებს მცენარის ღეროსა და ახალი ფოთლების ჩანასახს. დაავადების შემთხვევაში, ის უნდა შეწამლოთ შხამებით: კარატეთი და დეცისით.

– რას გვირჩევთ, ზაფხულში როგორ მივხედოთ სერულატას?

– მორწყეთ ზომიერად, დადგით განათებულ ადგილას და გაიტანეთ აივანზე ან ეზოში. ასეთ დროს სერულატა უკეთ იზრდება და ხარობს.

– რომელი მცენარის გახარებას გვირჩევთ, ზაფხულში რომ იყვავილოს?

– ასეთი მცენარე ნერტერაა, რომელიც ზაფხულის დასაწყისში იწყებს ყვავილობას. ამ დროს მას მოყვითალო-მომწვანო ყვავილები გამოსდის. მოგვიანებით, ყვავილების ადგილას წვრილი ნაყოფი – კენკრა ვითარდება, რომელიც თანდათან მუქდება და რამდენიმე თვის განმავლობაში აქვს მცენარეს.

– საჭმელად ვარგისი თუ არის ნერტერას ნაყოფი და იოლი გასაზრდელია ეს მცენარე?

– ნერტერას ნაყოფი საკვებად უვარგისია. თუმცა, ის იმდენად ლამაზია ყვავილობისას, რომ აუცილებლად უნდა გაახაროთ. ამავე დროს, ის ძალიან იოლად მოსავლელია და დიდ ყურადღებას არ ითხოვს.

– როგორ სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფოთ ნერტერა?

– ამ მცენარეს ძალიან უყვარს სინათლე და მზე, ამიტომ ყოველთვის ეცადეთ, რომ არ მოაკლდეს, თუმცა, არ უყვარს მწველი მზის სხივები და მოარიდეთ მას. მცენარეს უყვარს სიგრილე: ზაფხულში 14-15 გრადუსი, ხოლო ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 5-6 გრადუსი.

– ხშირად უნდა მოვრწყათ ნერტერა?

– ამ მცენარის ნიადაგი, სასურველია, თუ მუდამ ტენიანი იქნება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ტემპერატურა იმატებს. ზაფხულში ხშირად მორწყეთ, რომ მიწა არ გამოშრეს. ზამთარში კი, მორწყვა შედარებით შეამცირეთ. რადგანაც ქოთანს მთლიანად ფარავს მცენარე, გირჩევთ, ქვემოდან მორწყათ. ეს უფრო გაგიიოლდებათ.

– როგორ გავუხანგრძლივოთ ნერტერას ყვავილობის პროცესი?

– ტენი ხელს უწყობს მცენარის უხვ ყვავილობასა და კენკრის სწრაფად დამწიფებას. ამიტომ, ყვავილობის პერიოდში, ნაყოფის განვითარებამდე, ყოველდღე დანამეთ.

– სად გვირჩევთ, რომ დავდგათ ნერტერა ამ ზაფხულს?

– საერთოდ კარგია, თუ მცენარეს აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარაზე მოათავსებთ. მთავარია, ივლისსა და აგვისტოში ნერტერა მწველ მზეს მოარიდოთ, რომ არ დაზიანდეს. ეს მცენარე ძალიან დაბალი იზრდება, ამიტომ მისი დადგმა კომფორტული და მოსახერხებელია ბინის ნებისმიერ ნათელ ადგილას.


скачать dle 11.3