კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გაიცნო პოლიკარპე კაკაბაძემ მომავალი მეუღლე და რატომ ხარხარებდნენ „ყვარყვარეს“ ჩვენებაზე ბობოლა კომუნისტები


პოლიკარპე კაკაბაძე ის გენიოსი იყო, რომელმაც ნაცარქექიას მაგალითზე საკუთარ ქვეყანაში არსებული წყობა გააკრიტიკა და შემდეგ, როდესაც ეს ნაწარმოები სცენაზე დაიდგა, ბობოლა კომუნისტები და სახელმწიფოს პირველი პირები საკუთარ თავზე ხმამაღლა აცინა. ყოველივე ეს, მით უმეტეს ოცდაათიან წლებში, ცეცხლთან თამაშის ტოლფასი იყო. მიუხედავად ამისა „ყვარყვარეს“ ავტორი რამდენჯერმე გადაურჩა დახვრეტასა და რეპრესიებს. ვინ იხსნა დასახვრეტთა ოცკაციანი სიის თავში მოქცეული მწერალი და როგორი ცხოვრება განვლო მისმა ოჯახმა, ამას პოლიკარპე კაკაბაძის ქალიშვილი, მანანა კაკაბაძე გაიხსენებს.


მანანა კაკაბაძე: პოლიკარპე კაკაბაძის შვილობა არ არის იოლი. მე, რასაკვირველია, ბედნიერი ვარ იმით, რომ მამაჩემის შვილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება თან გვდევდა ის სიმძიმე, რომელიც მეტ-ნაკლებად ყოველთვის ახლავს დიდ ადამიანთა შთამომავლებს. მამაჩემმა რთული ცხოვრება განვლო.

ის დაიბადა ხონში. ძალიან კარგი მშობლები ჰყავდა. მამამისი, მალხაზ კაკაბაძე, შეძლებული კაცი გახლდათ, ხე-ტყის მრეწველი იყო; დედა, – შესანიშნავი დარბაისელი ქალი, განთქმული თავისი სილამაზითა და კეთილშობილებით. მამა უფროსი იყო თავის შვიდ დედმამიშვილს შორის. მისი დაბადებიდან ძალიან მალევე ოჯახი ბათუმში გადასულა საცხოვრებლად.

– როდის გადადგა პოლიკარპე კაკაბაძემ პირველი ნაბიჯები შემოქმედებაში?

– ყმაწვილობის ასაკში პოლიკარპე კაკაბაძე ლექსებს წერდა. ბევრს მუშაობდა თავის თავზე. უყვარდა კითხვა. გადაბმულად შეეძლო რამდენიმე ღამე კითხვაში გაეთენებინა. ლოგინთან მაგიდა ედგა, წამოწოლილი იყო და თან მუშაობდა. ეს თვისება მას ბოლომდე შერჩა. ერთხელ, როდესაც ჯერ კიდევ ყმაწვილი გახლდათ, მოხდა ისე, რომ ღამით კითხვის დროს ჩაეძინა. სანთელი ჩაიწვა და ცეცხლი მოედო ნაწერებს. მთელი მისი ახალგაზრდობის შემოქმედება დაიწვა. შემდგომ ამბობდა, ბევრი აღარ მიდარდია ამის გამო, რადგან მე უკვე ჩემი სათქმელის ამ ლიტერატურული ფორმით გადმოცემა აღარ მაკმაყოფილებდა და დრამის დაწერას ვფიქრობდიო.

1915 წელს მან პირველად დაბეჭდა თავისი მინიატურები ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“. „სისხლი სინათლემდე“ პოლიკარპეს პირველი სრულყოფილი დრამატული ნაწარმოებია, რომელიც 1919 წელს დაბეჭდა მისსავე დაარსებულ ჟურნალში „შვიდი მნათობი“.

– გვიამბეთ „შვიდ მნათობზე“?

– ეს იყო დაახლოებით, 400-500-გვერდიანი ჟურნალი. 1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს გერბზე, წმიდა გიორგისთან ერთად, გამოსახული იყო შვიდი მნათობი და ჟურნალის სახელწოდებაც იქიდან წამოვიდა. ბევრი საინტერესო განყოფილება იყო „შვიდ მნათობში“, მათ შორის ერთ-ერთი – პუბლიცისტური, სადაც ლენინი და მისი ნაწერები იყო გაკრიტიკებული. დავით კაკაბაძე ამ ჟურნალის მხატვარი გახლდათ. ჟურნალის პირველი ნომერი აპრილში გამოვიდა, მეორე ოქტომბერში, შემდეგ ფინანსების უქონლობის გამო მისი გამოცემა შეწყდა. თუ პირველ ხანებში კომუნისტები ანადგურებდნენ ყველაფერს, მოგვიანებით, მათ გადაწყვიტეს გამოეცათ ახალი ჟურნალი. მოაკითხეს პოლიკარპეს და სთხოვეს, რომ აღედგინა თავისი ჟურნალი.

– რა უპასუხა ამ შეთავაზებაზე პოლიკარპე კაკაბაძემ კომუნისტებს?

– მამაჩემმა, მართლაც, აღადგინა ეს ჟურნალი. ასე შეიქმნა „მნათობი“. მას გასაგები მიზეზების გამო სათაურიდან ჩამოაშორეს სიტყვა „შვიდი“. პოლიტიკური განყოფილების გასაძღოლად მამაჩემმა მისი ბავშვობის ამხანაგი ვალია ბახტაძე მოიწვია. მომავალში ამ ვალიამ, მთავრობის მოთხოვნით, დანარჩენ კომუნისტებთან ერთად თვითონ დაამუშავა პოლიკარპე კაკაბაძე და დახვრეტითაც დაემუქრა.

– რა იყო მათ შორის ჩამოვარდნილი განხეთქილების მიზეზი?

– მთავარი მიზეზი იყო მათ შორის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებანი. მეორე ნომრიდან გალაკტიონიც მიიწვია მამაჩემმა „მნათობში“ სამუშაოდ, ის პოეზიის განყოფილებას უძღვებოდა. შემდეგ ამ ჟურნალში გალაკტიონის ისეთი მასალა დაიბეჭდა, რომელიც კომუნისტებს არ მოეწონათ. ამის გამო, გალაკტიონიც მოხსნეს სამსახურიდან და პოლიკარპეც გაათავისუფლეს თავისივე დაარსებული ჟურნალიდან. ამის შემდეგ, პოლიკარპე მეუღლესთან ერთად აბასთუმანში წავიდა.

– არ გვითქვამს, როგორ გაიცნო პოლიკარპე კაკაბაძემ მომავალი მეუღლე და ვინ იყო იგი...

– პოლიკარპე კაკაბაძის მეუღლე იყო ძალიან ლამაზი და ნიჭიერი ქალბატონი – მილა, ლიუდმილა მიხაილიდი. იგი ბერძნული წარმოშობის ქართველი გახლდათ, თუმცა, რომ გეთქვათ ბერძენი ხარო, ძალიან გაბრაზდებოდა. ის თავს ქართველად მიიჩნევდა. ჯერ კიდევ წმიდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა დედაჩემი, როდესაც მამაჩემი გაიცნო. ეს მოხდა აღდგომა დღეს. დედას ბავშვობაში ასწავლიდა სერგო კაკაბაძე, მამაჩემის ნათესავი. სწორედ მან წაიყვანა დედაჩემი სტუმრად სოფელ კუხში, სააღდგომოდ. დედა ასე აღწერდა ამ შეხვედრას: იმათ სახლთან ვიდექი, ამ დროს გაიღო ჭიშკარი და შემოვიდა პოლიკარპე, დედაჩემს გრძელი ნაწნავები ჰქონდა, ძალიან ლამაზი იყო, და რომ დამინახა შორიდან, შეჩერდა და ყურება დამიწყო. შემდეგ წამოვიდა და როგორც კი გავუსწორეთ თვალი ერთმანეთს, იმ წუთიდან განსაკუთრებული გრძნობა დაგვეუფლა ორივესო. დედა უკვე სტუდენტი იყო, როდესაც ისინი შეუღლდნენ. ეს გაცნობიდან სამი წლის თავზე მოხდა, 1921 წლის მარტში.

– ანუ, იმ დროს შეუღლდნენ, როდესაც კომუნისტები, სულ ერთი თვის შემოსულებიც არ იყვნენ საქართველოში.

– 1921 წლის თებერვალში, როდესაც შემოვიდნენ „წითლები“, მამამ დედას მოჰკიდა ხელი და სასწრაფოდ თბილისიდან ქუთაისში წაიყვანა. მოგეხსენებათ, ზოგიერთი მწერალი პურმარილით შეეგება კომუნისტებს, მამაჩემი კი – გაერიდა.

გალაკტიონს აქვს ასეთი ჩანაწერი – კომუნისტებმა გადმოგვცეს მწერალთა კავშირის შენობა და ახლა, სამუშაო კუთხესაც მომცემენო. იმედიანად უყურებდა ის ამ სიტუაციას. იმასაც აღნიშნავს, ყველა აქ არის, არ ჩანს მხოლოდ პოლიო კაკაბაძე. არავინ იცის, რომ ეს პოლიო მამაჩემია. პოლიკარპე და გალაკტიონი 1920-1921 წლების ზამთარში ერთად ცხოვრობდნენ მამაჩემის მიერ დაქირავებულ ბინაში, ქუჩაზე, რომელსაც დღეს გალაკტიონ ტაბიძის სახელი ჰქვია. დედა იხსენებდა ხოლმე, ამ პერიოდში ხშირად მაკითხავდა ხოლმე პოლიკარპე ეტლით და ზოგჯერ გალაკტიონიც ახლდა თანო.

1923 წელს პოლიკარპე კაკაბაძე ჩაება „მნათობის“ დაარსების საქმეში. მომდევნო წელს მან დაწერა ახალი დრამა „ლისაბონის ტუსაღები.“ ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ნაწარმოები, მიუტანა კოტე მარჯანიშვილს თეატრში. კოტე აღფრთოვანებულა. მაშინ მამა მძიმე პირობებში ცხოვრობდა. კოტეს უთქვამს, ჩემს კაბინეტში დაჯექი და აქ იმუშავე, არ გაგიშვებ, სანამ არ დაამთავრებ ამ პიესასო. შემდეგში ეს ნაწარმოები დაიდგა სახელწოდებით „მიწისძვრა“.

– პოლიკარპე კაკაბაძისა და კოტე მარჯანიშვილის, როგორც დრამატურგისა და რეჟისორის ურთიერთობა შემდგომშიც გაგრძელდა და ამის საუკეთესო მაგალითი არის „ყვარყვარე“.

– 1928 წელს დაიწერა „ყვარყვარე“. მამამ მაშინვე კოტე მარჯანიშვილს მიუტანა. ის აღფრთოვანებულა, იღლიაში ამოუდვია: ახლა წავალ სადაც საჭიროა და ნებართვას ავიღებ, რომ ეს დავდგაო. შესულა თურმე ცეკაში და უთქვამს: პოლიკარპემ პიესა მომიტანა, ნამდვილი კონტრრევოლუციაა, მაგრამ რომ არ დავდგა, არ შემიძლიაო. ეს ისე უთქვამს, ყველას გადაუხარხარია და სანქცია მიუციათ. ალბათ, გულში ფიქრობდნენ, დადგას და მერე ორივეს ერთად მოვუვლითო. მართლაც დადგა. სცენაზე ისეთი უცნაური, დროს გასწრებული სიუჟეტები ვითარდებოდა, რომ ადამიანები უყურებდნენ და ვერ იჯერებდნენ, როგორ შეიძლებოდა, ასეთი რამის ან დაწერა, ან დადგმა. იმდენად მოსწონდათ, „ყვარყვარეს“ ესწრებოდა მთელი ცეკა, მთავრობა, ადამიანები, რომლებიც ქუჩაში თუ ვაგონებში ხალხს ხვრეტდნენ და ამ დროს, სპექტაკლზე მოდიოდნენ რევოლვერგარჭობილები. ჰომერული ხარხარი იდგა თეატრში. ხარხარებდნენ და ერთმანეთს ხელით მიუთითებდნენ – შენა ხარ ყვარყვარეო. რა გვიქნა ეს პოლიკარპემ, როგორ დაგვხატაო. თუმცა, ისე მოსწონდათ, რომ გაბრაზებაც აღარ შეეძლოთ. ამ ყველაფერს პერსონალური ლოჟიდან ადევნებდა თვალს ლავრენტი ბერია და თვითონაც ძალიან ბევრს ხარხარებდა. მას ხომ ყველგან მტრები ელანდებოდა და მოწინააღმდეგეებს რომ იჭერდა, საპატიმროებში ყრიდა, ეჩხუბებოდა და ყვარყვარეს უძახდა. ის თითქმის ყოველ სპექტაკლზე მოდიოდა, დაჯდებოდა თავის ლოჟაში და ხარხარებდა.

– საინტერესოა, ყოველივე ამის შემდეგ, როგორ გადაურჩა პოლიკარპე კაკაბაძე რეპრესიებს?

– გადაარჩინა განსაკუთრებულმა ადამიანურმა თვისებებმა. იმან, რომ ის არასდროს ითხოვდა თავისი წარმატებისთვის დიდებას, ან ფულად ჯილდოს. ჩვენ ყოველთვის ვცხოვრობდით მოკრძალებულად. არასდროს გამოვირჩეოდით, არც ჩაცმულობით და არც მდიდრული ურთიერთობებით. იმ პერიოდში ამას გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა. მამა იტყოდა ხოლმე, ამ ნაწარმოებების პარალელურად, რომ მქონოდა კარგი ბინა და ტელეფონი, ამას უკვე აღარ მაპატიებდნენო. პოლიკარპე კაკაბაძეს ყოველთვის ებრძოდნენ და ყოველთვის იყო მის წინააღმდეგ დასმენები. როდესაც მწვავე პერიოდმა გაიარა, მამაჩემს უთხრეს: არც ერთ მწერალზე არ არის იმდენი დასმენა შემოსული, რამდენიც შენზე პოლიკარპე. გორები დგას, შენი დასმენებისო. მამაჩემს უთქვამს: ჩემგან ხომ არ არის არავისზე არც ერთი ფურცელი შესულიო. არა, და მაგ მხრივ შენ ერთადერთი გამონაკლისი ხარო. ჯერ კიდევ 1936 წელს მოინდომეს მისი დაჭერა. პროვოკაცია მოუწყვეს.

– როგორ გადარჩა?

– „ყვარყვარეს“ შემდეგ პოლიკარპე კაკაბაძემ მუშაობა დაიწყო „ბახტრიონზე“, ესეც კომედია იყო. „ბახტრიონი“ არის პირველი ვარიანტი „კახაბერის ხმისა“. ეს კომედია მონღოლების პერიოდის საქართველოს აღწერს. ნაწარმოები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული და უკვე დიდი სახელით სარგებლობდა. მისი დადგმა სანდრო ახმეტელს უნდოდა, მარჯანიშვილიც ოცნებობდა, მაგრამ ის დაიღუპა და სხვათა შორის, ძალიან უცნაურ სიტუაციაში. არის ეჭვი, რომ მისი სიკვდილი არ იყო ბუნებრივი. ახმეტელს, 1937 წელს რომ დაიჭირეს, ბრალად წარუდგინეს, შენ გინდოდა ნაციონალისტური პიესის „ბახტრიონის“ დადგმაო. ოფიციალურად, ეს ნაწარმოები არც დაბეჭდილი იყო და არც დადგმული, როცა 1936 წლის ოქტომბერში მწერალთა კავშირში მოაწყვეს მისი განხილვა. ასეთი განხილვებისას, წინასწარ იყო მექანიზმები შემუშავებული, რა ბრალდება უნდა წაეყენებინათ ავტორისთვის, რომ გაენადგურებინათ. მე მაქვს ამ ოქმის ასლი. არ დავასახელებ იმ ადამიანებს, რომლებიც იქ გამოვიდნენ სიტყვით, რადგან გული ძალიან გეტკინებათ.

– რა ბრალდებას უყენებდნენ პოლიკარპე კაკაბაძეს?

– ის, რომ მასში ჩვენი ისტორია ძალიან ცუდად არის წარმოჩენილი, ხალხის როლი არ ჩანს დადებითად. ეს ისეთი ბრალდება იყო, თუ თავს ვერ იმართლებდი, ამას მოჰყვებოდა რეპრესიები. ბოლოს სიტყვით გამოვიდა პოლიკარპე კაკაბაძე და მან ისე ილაპარაკა და ისე გაანადგურა მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება, რომ ხმა აღარავის ჰქონდა ამოსაღები.

ამით არ დასრულებულა ეს ამბავი, პირიქით, დაიწყო ახალი გზების ძიება პოლიკარპე კაკაბაძის წინააღმდეგ. ეს გზა მოინახა 1937 წელს. სხვათა შორის, ამ გზით ბევრი მწერალი დაიჭირეს იმხანად. მწერლებს ხელფასები არ ჰქონდათ და ხშირად ვალს იღებდნენ ხან კინოსტუდიიდან, ხან გამომცემლობიდან... ზოგჯერ ეს ვალები წლობით გრძელდებოდა. ამჯერად, მამაჩემის წინააღმდეგ შევიდა ასეთი საჩივარი, რომ პოლიკარპე კაკაბაძე იღებს ვალს და სახელმწიფოს ძარცვავსო. არადა, კაკაბაძემ წინასწარ განსაზღვრა ეს ყოველივე და ის, ან არ იღებდა ვალებს, თუ იღებდა იმდენს, რომ მაშინვე დაეფარა. ამიტომ, როდესაც ეს ქაღალდი შევიდა, მაშინვე ჩამოიარა ყველა დაწესებულება მამაჩემმა და მიიტანა წერილობითი დასტური, რომ არ აქვს არც ერთი მანეთი ვალი. გაოცებულები დარჩნენ. ეს საკითხიც ასე მოიხსნა.

– როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება?

– ყოველთვის იყო დიდ შევიწროებაში. ომის პერიოდშიც, სულ უტრიალებდნენ დასაჭერად. 1943 წელს მწერალთა კავშირში შეადგინეს დასახვრეტ მწერალთა ოცკაციანი სია. ეს სია იწყებოდა პოლიკარპე კაკაბაძითა და პავლე ინგოროყვათი. მათ შორის იყვნენ აგრეთვე, ლეო ქიაჩელი, გერონტი ქიქოძე და ასე შემდეგ. ამას ხელი მოაწერეს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ და სამთავრობო პოზიციის გამტარებელმა ბობოლა მწერლებმა. მე ამჯერადაც თავს შევიკავებ მათი ჩამოთვლისგან. ხელის მოსაწერად დაიბარეს ალიო მირცხულავა, როგორც აღზევებული მწერალი. ის დეკადაზე სტალინს თავის მაგიდასთან დაუსვამს. მას შემდეგ გაბატონებული იყო მწერალთა კავშირში, როგორც სოციალიზმის მომღერალი პირველი პოეტი. ალიოს უთქვამს: მე ამ სიას ხელს არ მოვაწერო. ის წასულა გამსახურდიასთან და უთქვამს: კოწია, დასახვრეტ მწერალთა სიაა შედგენილი და იქ შენი მეგობარი პავლე ინგოროყვაცააო. კონსტანტინე ბერიას დაკავშირებია მოსკოვში და უთქვამს: ასეთი ამბავია და მე ამ სიას ხელს არ ვაწერ და თუ ამ ადამიანებს დახვრეტთ, დიდი სირცხვილი იქნება. ეს საქციელი არ წაადგება ჩვენს გამარჯვებულ ქვეყანასო. ერთი სიტყვით, ეს მწერლები ამ შემთხვევაში დაინდეს. ბერიამ თურმე, დაურეკა მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს და უთხრა: რა საჭიროა ამ სიის შედგენა, გერონტი ქიქოძე რომელი კონტრრევოლუციონერიაო. ქიქოძეთი იმიტომ დაიწყო საუბარი, რომ იგი სტალინის ნაამხანაგარი იყო და ძველი კომუნისტიც გახლდათ, გარდა იმისა, რომ კარგი პიროვნება და ასეთივე მწერალი იყო. დაანებეთ ახლა მაგას თავიო, თქვა ბერიამ და დასახვრეტთა სიაში მოხვედრილი 20 ცნობილი მწერალიც გადარჩა. ცხადია, სტალინის გარეშე არც ასეთი სიები შედგებოდა და არც მათი გაუქმება მოხდებოდა. როგორც ჩანს, საერთაშორისო ასპარეზზე მათ ახალი რეპრესიების ტალღა აღარ სჭირდებოდათ.

– გავიხსენოთ ბატონი პოლიკარპეს უკანასკნელი წლები...

– ძალიან თბილი ადამიანი იყო, მაგრამ, არავის პატიობდა ეროვნულ საკითხში დათმობას, განსაკუთრებით ნიჭიერ ადამიანებს. მახსოვს, ერთხელ პავლე ინგოროყვამ უთხრა: პოლიკარპე, მოდი ვაპატიოთ, ისინი ხომ ადამიანები არიან და ვერ გაუძლეს წნეხსო.

მამა გარდაიცვალა 1972 წლის 15 ოქტომბერს, დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს. ეს წმიდანები მას განსაკუთრებით უყვარდა და სწორედ მათი მოხსენიების დღეს შეუერთა თავისი სული მარადისობას.


скачать dle 11.3