ნუ იცხოვრებ ილუზიებით
ბავშვობაში ყველა ქალი ოცნებობს – ამაში ცუდი და საშიში არაფერია. ვოცნებობთ ჯერ ლამაზ და ახალ თოჯინაზე, მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე... მერე – უფლისწულზე, რომელიც თეთრი ცხენით მოგვაკითხავს და თავის ჯადოსნურ ქვეყანაში გაგვაქროლებს... იდეალური სიყვარული, იდეალური ცხოვრების თანამგზავრი... საერთოდაც, ყველაფერი იდეალური ყველა ქალის ოცნება და სურვილია, მაგრამ ცხოვრება ილუზიებით, ნიშნავს იმას, რომ საკუთარი თავი რეალობას მოსწყვიტოთ. ერთი ადგილის ტკეპნა, თანაც ღრუბლებზე, შედეგად მოგიტანთ იმას, რომ ვერასოდეს ისწავლით, როგორ გახდეთ წარმატებული, როგორ მიაღწიოთ ჩვეულებრივ, ადამიანურ ბედნიერებას და როგორ შეასხათ ხორცი თქვენს ოცნებებს.
არა, თუ გინდათ, რომ თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები არ მოხდეს, მაშინ დარჩით თქვენს ილუზიებთან, მაგრამ მერე ნუ იწუწუნებთ.
ილუზიაა, თუკი გგონიათ, რომ თქვენს გასაკეთებელს ვიღაც სხვა გააკეთებს. იცით, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ყველაფერი კარგად იყოს? – იოცნებეთ მამაკაცზე, რომელიც ნამდვილად იქნება დაინტერესებული თქვენი ცხოვრებით, გაიზიარებს თქვენს ინტერესებს, პრობლემებს და იქნება ჭეშმარიტად თქვენი გულშემატკივარი. ის მართლა შეცვლის თქვენს რეალობას უკეთესობისკენ.