რა კომპლექსები დაუტოვა უმამობამ მარიკო ებრალიძეს, რას ვერ აპატიებდა დედას და როდის ზის ის უემოციოდ მამაკაცთან პაემანზე
უმამოდ გაზრდილი, მამის სითბოსა და ზრუნვას მოკლებულ მარიკო ებრალიძეს მზრუნველი მამები მოსწონს, რომლებიც ქუჩაში შვილებს ასეირნებენ და საკუთარ თავზე აქვთ აღებული ბავშვის აღზრდა. თუ როგორი ცოლი იქნება თავად მარიკო და რას მოითხოვს მომავალი მეუღლისგან, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ჟურნალიდან გადმოსული ბიჭები მოგწონს თუ უფრო მოკრძალებული?
– ვერ გეტყვი, როგორი მომწონს. ჩემთვის მთავარია მამაკაცი ჯენტლმენი იყოს, მომწონს სერიოზული ბიჭები, ანუ, რომლებიც ჯერ ფიქრობენ და მერე ამბობენ. შეიძლება, გავიდეს დრო და სულ სხვანაირი ადამიანი გახდეს ჩემი მეუღლე, რადგან ჩამოყალიბებული კრიტერიუმი არ მაქვს, მაგრამ, ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ. საერთოდ, ამბობენ, რომ მეოჯახე გოგო ვარ, ანუ, მიყვარს საოჯახო ნივთების შეძენა, ავეჯის გადაადგილება და ყოველთვის ვცდილობ, ოჯახური სიმყუდროვე იგრძნობოდეს სახლში, მაგრამ, მირჩევნია, ჩემი მეუღლე იყოს წამყვანი და ის მმართავდეს, ვიდრე საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა, ზრუნვა. თუმცა, რაც მე მეხება, ანუ, რაც ქალის გასაკეთებელი იქნება, რა თქმა უნდა, იმას პირნათლად შევასრულებ. იმედია, მისი სიყვარული ისე არ დამაბრმავებს, რომ ვერაფერი დავინახო. დიდი სურვილი მაქვს, დავინახო მისი უარყოფითი თვისებები, რომლის შეფასებაც სწორი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას მომცემს. დღემდე არ ვყოფილვარ დაბრმავებული შეყვარებული და რაღა ახლა დამემართება?
– ჩვენი რუბრიკის მკითხველისგან მოვისმინე ისტორია, რომ ბიჭმა პირველ პაემანზე სახინკლეში დაპატიჟა, მერე სახლში წასაღებად შეუკვეთა ხინკალი და წასვლისას, მაგიდაზე დარჩენილი ხინკალიც ქვაბში ჩადო და წაიღო. ამის მერე ამ გოგომ მის ზარს აღარ უპასუხა და მთხოვა, რომელიმე რესპონდენტისთვის მეკითხა – ასეთ შემთხვევაში როგორ მოიქცეოდა?
– ეს იმდენად წარმოუდგენელი ამბავია, არც ვიცი, რა ვთქვა. თუმცა, შეიძლება, ეს იყო იმ ბიჭისგან ერთგვარი გამოცდა, რა რეაქცია ექნებოდა მის ასეთ საქციელზე, რაც ნაკლებად სავარაუდოა. ძნელია ამ გოგოს ადგილას თავის წარმოდგენა, თუმცა, შეიძლება, მე ეს ხუმრობად ჩამეთვალა და შევეცდებოდი გარკვევას, რატომ გაუჩნდა სურვილი პირველი პაემნის ხარჯზე ოჯახი გამოეკვება (იცინის).
– შენ რას აკვირდები ბიჭთან ურთიერთობაში?
– პირველ ყოვლისა, ვაკვირდები ღიმილს, ვაკვირდები ხელებს და, საერთოდ კიდურებს, როგორი მოყვანილობა აქვს, თუმცა ეს გადამწყვეტ ან მთავარ როლს არ თამაშობს. რა თქმა უნდა, მთავარია, იუმორის გრძნობა ჰქონდეს და ურთიერთობაში იყოს სასიამოვნო ადამიანი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად თავისუფლად და ლაღად ვიგრძნობ თავს მის გვერდით, ყოფილა შემთხვევები, რომ ხათრით წავსულვარ პაემანზე, რადგან პატივს ვცემდი მის გრძნობებს და არ მინდოდა სწყენოდა, მაგრამ, როცა ვგრძნობ, რომ ეს ჩემი არ არის და მე არაფერში მჭირდება, ძალიან კორექტულად და ნელ-ნელა ვახვედრებ ამ ადამიანებს, რომ, ურთიერთობის გაგრძელებას, უბრალოდ, აზრი არ აქვს. როცა ორი ადამიანი ერთ ენაზე არ მეტყველებს, ძალიან ძნელია ურთიერთობის აწყობა.
– საერთოდ, აქტიური გოგო ხარ, მიეკუთვნები ლიდერთა კატეგორიას?
– რაც შეეხება მამაკაცებთან ურთიერთობას, ძალიან პასიური ვარ, არ ვიცი, რატომ, ალბათ, რაღაც შინაგანი კომპლექსი მაქვს, ქართული მენტალიტეტის გავლენით, რომ ბიჭს პირველად მე არ უნდა გამოვუტყდე, ჩემი გრძნობები არ უნდა გამოვამჟღავნო და ინიციატორი არ უნდა ვიყო. თუმცა, მინდა გითხრა, რომ ჩემი ამგვარი პოზიცია ხშირად გამართლებულა და საკუთარი თავი შემიქია: ყოჩაღ, მარიკო, კარგი გოგო ხარ, რომ პირველმა შენ არ გამოამჟღავნე ინტერესი-მეთქი.
– მაინტერესებს, როგორი ცხოვრების წესი გაქვს და აქვს თუ არა შენთვის მნიშვნელობა იმ „იქს“ პიროვნების მატერიალურ შესაძლებლობას.
– საკმაოდ მდიდარი უნდა იყოს, იმიტომ რომ, ვარ არცთუ ისე ცუდი მომღერალი, ვარ შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ამისთვის, სასურველია, რომ ჩემს ქმარს კარგი ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდეს, გარდა ამისა, უნდა იყოს ჭკვიანი, ნაკითხი, განათლებული. ჰქონდეს იუმორის გრძნობა, ჯენტლმენი უნდა იყოს და არა – „ჰა, ქალო, შენ 5 ლარი და ჩადი კარტოშკა მოიტანე!“ (იცინის). არ უნდა იყოს „უცხოპლანეტელი“. ყურადღებიან მამაკაცს რაც შეეხება, ხშირად ყურადღებისგანაც ვყოფილვარ შეწუხებული. ზედმეტად ყურადღებიანი და ზედმეტად მზრუნველი მამაკაცები მაღიზიანებს – ვაიმე წვიმაა და არ დასველდე, არ შეგცივდეს, ქუჩაში თმას რომ უსწორებენ და ეფერებიან – ეს საერთოდ მაცოფებს. ყურადღება არ ნიშნავს იმას, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს.
– ნამდვილი ოჯახი რა ასაკში ყალიბდება და როდის არის ქალი დედობისთვის მზად?
– სხვათა შორის, ჩვენი ბომონდის ზოგიერთი წარმომადგენლისგან მსმენია, რომ პირველი დედობის განცდა, როცა შვილს ნაადრევ ასაკში აჩენენ, განსხვავდება უკვე მოწიფულ ასაკში განცდილი დედობრივი გრძნობისგან. ახალგაზრდა დედობა იმით არის კარგი, რომ ახალგაზრდა ბებია იქნები, მაგრამ, მაინც მიმაჩნია, რომ ქალიც და კაციც მომწიფებულები უნდა იყვნენ და სრული შეგნებით უნდა შექმნან ოჯახი. ყველანაირად ჩამოყალიბებული და მზად უნდა იყო დედობისთვისაც და მამობისთვისაც. მარტო ცოლქმრული ურთიერთობა ხომ არ არის, ან მარტო სიყვარული და, უხეშად რომ ვთქვათ, მარტო ლოგინი?! იქ არის მთელი რიგი პასუხისმგებლობა. სხვათა შორის, როდესაც ქუჩაში ვხედავ, რომ მამა ასეირნებს შვილს, საწოვარას ჩაუდებს, ეთამაშება და მზრუნველობას იჩენს, ეს სიგიჟემდე მომწონს, ვაფრენ ასეთ მამებზე. მაგ დროს, შემიძლია, უაზროდ დავჯდე და ვუყურო მათ, გულგრილად ვერ ჩავუვლი, ამაზე შოკი მემართება. ჩემი ბიძაშვილები რომ წაიქცეოდნენ, „ვაიმე მამას“ ყვიროდნენ და სულ ვგიჟდებოდი ამაზე. ალბათ, იმიტომ, რომ დედაჩემი და მამაჩემი გაშორებულები არიან. ყოველთვის მაკლდა მამის სითბო, რომელიც იზრუნებდა ჩემზე და გამათამამებდა. მიუხედავად იმისა, რომ დედას არაფერი დაუკლია ჩემთვის, მამის დანაკლისი, ალბათ, დღემდე მაქვს.
– რას იზამ, თუ, ვთქვათ, დედაშენი მოვიდა და გითხრა, ამ ასაკში მე ვიპოვე ბედნიერება და მყავს ისეთი ადამიანი, ვისთან ერთადაც ყოფნა მინდაო?
– სხვათა შორის, ბავშვობაში ამის წინააღმდეგი ვიყავი და ვეჭვიანობდი, იმის წარმოდგენაც კი მიჭირდა, დედას გვერდით სხვა მამაკაცი მენახა. ის კი არა, ზოგჯერ მამაჩემის გვერდით რომ დავინახავდი, იმაზეც ვეჭვიანობდი, იმდენად უცხო იყო ჩემთვის ქალისა და კაცის სიახლოვე. მამასთანაც გაუცხოება მქონდა. ჩვენი თაობა უფრო ჩაკეტილად ვიზრდებოდით – ტელევიზორში თუ ვინმე ვინმეს ჰკოცნიდა, თვალები უნდა დაგვეხუჭა და, ალბათ, უფრო ამიტომაც იყო წარმოუდგენელი ჩემთვის ასეთი რამ, მაგრამ, მოგვიანებით, როცა უკვე წამოვიზარდე და ცოტა ჭკუა მომეცა, იმ დღიდან ვეუბნები, მიგეხედა საკუთარი თავისთვის, აგეწყო პირადი ცხოვრება, ვიღაც გაგეჩინა, ვისთანაც ბედნიერებას იპოვიდი და ახლა ასე აღარ იქნებოდი-მეთქი. დედა ჩემი საუკეთესო მეგობარია, რომელთანაც დამალული არაფერი მაქვს და ხშირად ერთმანეთს რჩევა-დარიგებებს ვაძლევთ, თუმცა, მე ძალიან დამყოლი ბავშვი ვიყავი, ახლაც ასეთი ვარ და, თუ დედას ცხოვრებაში რამე იქნებოდა და ამას ამიხსნიდა, ალბათ, მაშინაც არ მექნებოდა პრობლემა.