როგორ მოხვდა ოთარ ტატიშვილი ელტონ ჯონის სახლში და რა კონტრაბანდას ინახავდა ის სახლში
უკვე ათეული წლებია, რაც ცნობილი მომღერალი და პიანისტი ელტონ ჯონი ცოცხალ ლეგენდად იქცა. მას მსოფლიოს ყველა კუთხეში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მათ შორის არის ცნობილი კომპოზიტორი და შემსრულებელი ოთარ ტატიშვილი. მას ეს რეგალია ოფიციალურად ერგო. ბატონი ოთარი ელტონ ჯონის ცნობილი, საერთაშორისო ფანკლუბის წევრი წლების წინ გახდა, ის ისე ასრულებს ცნობილი ინგლისელის სიმღერებს, რომ ლონდონში „ქართველი ელტონ ჯონიც“ კი უწოდეს. როგორ დაიწყო ოთარ ტატიშვილის ელტონ ჯონთან დაკავშირებული ისტორია, ამის შესახებ თავად ბატონ ოთარს გავესაუბრეთ, რომელიც სულ ახლახან 55 წლის გახდა. ჟურნალის სახელით ვულოცავთ მას იუბილეს და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ.
ოთარ ტატიშვილი: 70-იანი წლები ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი იყო როკ-მუსიკისთვის. მსოფლიო ასპარეზზე უამრავი ბუმბერაზი შემოქმედი გამოჩნდა, თუმცა დროს ყველამ ვერ გაუძლო. თბილისში რთულად, მაგრამ მაინც აღწევდა მათი მუსიკა. გაჭირვებით, მაგრამ მაინც ვუსმენდით „ბი ბი სის“ რუსულ გადაცემებს, ძალიან ცნობილ რადიოსადგურ „მონტეკარლოს.“ მე მაშინ კონსერვატორიის სტუდენტი ვიყავი, ნიჭიერი ხალხი იყო ჩემს თაობაში. შესვენებებზე აუდიტორიაში ვიკრიბებოდით, ვუკრავდით და ვუკრავდით. იმ პერიოდში კლასიკურ მუსიკასთან ერთად როკ-მუსიკამ გამიტაცა. ერთხელ ჩემმა მეგობარმა, ლეონიდ გრიგოლიამ, რომელიც ფაქტობრივად პირველი დიჯეი იყო საქართველოში, რამდენიმე დისკი მომიტანა. ლონია ძალიან ენამახვილი, პროგრესულად მოაზროვნე ბიჭი გახლდათ, სხვადასხვა სფეროს იყო მოდებული. ჰყავდა ნაცნობების დიდი წრე და მათი მეშვეობით უფრო იოლად შოულობდა უცხოურ დისკებს. ფირფიტების დიდი ნაწილი კონტრაბანდული გზით იყო შემოტანილი და ერთ დღეს ეს კონტრაბანდა ჩემთანაც მოხვდა. მახსოვს, როდესაც პირველად მოვუსმინე ელტონ ჯონის ერთ-ერთ კონცერტს, ამან ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება დატოვა. მისი ჩანაწერიდან ისეთი ენერგია მოდიოდა, რომ ამან ძალიან დამაინტრიგა. როცა ლონიას ჩემი შთაბეჭდილება გავანდე, დიდი არაფერიო, მითხრა და სხვა ჯგუფის მოსმენა მირჩია. ამაზე ცოტა ვიკამათეთ კიდეც, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ინტუიციამ არ მიმტყუნა – გავიდა დრო და როცა ელტონ ჯონი დიდი ვარსკვლავი გახდა, ლონია თვითონ მოვიდა ჩემთან მისი სიმღერების გადასაწერად (იცინის). მე დავიწყე ელტონ ჯონის სიმღერების შეგროვება, უამრავ ფულს ვიხდიდი მის ფირფიტებში. დეზერტირების ბაზრის ქვეშ იყო „მელოდია“, რომლის მეპატრონეც საინტერესო ფირფიტებს მინახავდა ხოლმე. ჩემი მომმარაგებელი იყო დეიდაჩემი – ცისანა ტატიშვილიც. ის ხშირად დადიოდა უცხოეთში გასტროლებზე და ჩემთვის ყოველთვის ჩამოჰქონდა დისკები. მეტყოდა ხოლმე: ოთარიკო ფეხსაცმელს ჩამოგიტანო და მე საშინლად ვაპროტესტებდი, ვეუბნებოდი: არ მინდა ფეხსაცმელი, დისკი ჩამომიტანე-მეთქი. ის დისკი ჩემთვის ყველანაირ ფეხსაცმელზე ძვირფასი იყო. მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში, ელტონ ჯონის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა, 1975 წელს ის პოპულარობის ზენიტში იყო, ელტონ ჯონის ორი ალბომი მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა.
– საბჭოთა პროპაგანდა როკ-მუსიკით გატაცებას იოლად გპატიობდათ?
– 70-იან წლებში საბჭოთა სივრცე აღარ იყო ისე ჩაკეტილი, როგორც ადრე. როდესაც მეგობრები ვიკრიბებოდით, შემოვუსხდებოდით ხოლმე ფორტეპიანოს და მთხოვდნენ, ელტონ ჯონის მუსიკა დამეკრა. ერთხელ „ბლუზ მობილის“ ვოვა მოგელაძემ მომისმინა და ამ არაჩვეულებრივ ბენდში ამიყვანა. ელტონ ჯონის ისეთ სიმღერებს ვირჩევდი, რაც ამ ჯგუფის სტილს ერგებოდა. ხშირად გვქონდა კონცერტები დიდუბეში, ცნობილ კლუბ „კოსმოსში“. კონსერვატორიის სტუდენტებს, რომლებიც კლასიკურ მუსიკას ვუკრავდით, გვიშლიდნენ საესტრადო ჟანრში შესრულებას, ერთხელ თურმე ჩუმად მოსულა ჩვენს კონცერტზე ჩემი პედაგოგი ქსენია ჯიქია. მე იქ ერთ ამბავში ვიყავი, დედაჩემმა რომ მითხრა: ქსენია იყო კონცერტზეო, გული გამისკდა, მაგრამ მეორე დღეს ქსენიამ შემაქო, თან „ლაითად“ დამიტატანა (იცინის). მოგვიანებით, შევქმენი ანსამბლი „მერანი“, ფაქტობრივად, ქუჩიდან ავიყვანე მუსიკოსები, მაგრამ სამ თვეში ისეთი ანსამბლი ჩამოყალიბდა, ბიჭვინთის ფესტივალზე, უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ. იქ ტელევიზიის წარმომადგენლებმა შეგვამჩნიეს და სისტემატურად გვიწვევდნენ ახალგაზრდულ მუსიკალურ გადაცემებში. ვუკრავდი კლასიკურ მუსიკას, მაგრამ არ ვღალატობდი როკს და ელტონ ჯონს. მის ყველა ნაწარმოებს ისე ვუკრავდი, როგორც თვითონ უკრავდა. როცა კონსერვატორიას ვამთავრებდი, ელტონ ჯონი რუსეთში ჩამოვიდა. უცხოეთის არც ერთი, ასეთი მაღალი დონის ვარსკვლავი რუსეთში ნამყოფი არ იყო. ამას დიდი რეზონანსი მოჰყვა, ბილეთების შოვნა წარმოუდგენელი იყო. მაშინ მე ბევრი ახლობელი მყავდა მოსკოვში, სადაც ხშირად ჩავდიოდი ხოლმე კონცერტებზე. ერთმა ახლობელმა ქალმა, როგორც იქნა, მიშოვა ორი ბილეთი, მაგრამ მოსკოვში ვერ წავედი, სახელმწიფო გამოცდა მქონდა და რომ არ ჩამებარებინა კონსერვატორიას ვერ დავამთავრებდი. მახსოვს, როგორ ვტიროდი სიმწრისგან. ეს დიდხანს დამრჩა ტკივილად.
– როგორ გახდით ელტონ ჯონის ცნობილი ფანკლუბის წევრი?
– როცა საქართველოს საზღვრები გაიხსნა, მე „ტასისის“ პროგრამით სამთვიან სტაჟირებაზე მოვხვდი „ბი ბი სიში“. იქ დამხვდა საოცრად კარგი კოლექტივი, ძალიან დავმეგობრდი ყველასთან. სწორედ იქ შევხვდი ლეგენდარულ ჟურნალისტს სევა ნოვგოროცევს, რომელსაც „ბი ბი სიზე“ ჩუმად ვუსმენდი. ის კომუნისტების დროს წავიდა საბჭოთა კავშირიდან, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. რას წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე სევას შევხვდებოდი. ერთხელაც რადიოს პირდაპირ ეთერში მომიწია გასვლა. ძალიან ვნერვიულობდი, როგორც მირჩიეს, წავედი პაბში, დავლიე ერთი კათხა ლუდი და პირდაპირმა ეთერმაც მშვენივრად ჩაიარა – ვისაუბრე საქართველოზე, დავუკარი ინგლისური სიმღერები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. სწორედ ინგლისში ყოფნის დროს დავუკავშირდი ელტონ ჯონის ფანკლუბ „ჰერკულესს“, რომელშიც გაწევრიანებულები არიან ელტონ ჯონის ფანები მთელი მსოფლიოდან. ისინი აწყობენ ვიქტორინებს, კონცერტებს, დღესასწაულებზე ჩამოდიან ლონდონში. მე გავწევრიანდი ამ კლუბში, გავგზავნე ჩემი ჩანაწერები. როცა ფანკლუბის ხელმძღვანელმა მოისმინა, როგორ ვმღეროდი ელტონ ჯონის სიმღერებს, ისინი ძალიან დაინტერესდნენ ჩემით. მოგვიანებით, ისიც კი მოხდა, რომ მე ჩამაწერინეს ფანების კლიპი და წლების განმავლობაში ფანკლუბის შეხვედრა ჩემი შესრულებით იხსნებოდა. ელტონ ჯონის დაბადების დღისთვის, ფანკლუბიდან მივიღე მიწვევა. მე სპეციალურად სიმღერაც მივუძღვენი მის 50-წლიან იუბილეს. მეგობრის დახმარებით ჩავედი ლონდონში, სადაც უამრავი ადამიანი იყო ჩამოსული. მოვინახულეთ ის ადგილები, სადაც ის დაიბადა და ცხოვრობდა. ამ ღონისძიებებზე ისე შევასრულე ელტონ ჯონის სიმღერები, რომ შემომთავაზეს, ჩემი და მისი ნაწარმოებების დისკის გამოცემა. ამაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის რა უნდა ყოფილიყო. სწორედ იმ პერიოდში დაიღუპა პრინცესა დაიანა, რომელიც ელტონ ჯონის დიდი მეგობარი იყო. გამოიცა დისკი, რომელიც როგორც მისი რადისტისგან ვიცი, თავად ელტონ ჯონმაც მოისმინა. დისკის პრეზენტაცია ლონდონში შედგა, მე ჩამატარებინეს სამი კონცერტი. მათ შორის იმ პაბშიც ვიმღერე, სადაც ელტონ ჯონი მღეროდა ერთი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ, სანამ ცნობილი გახდებოდა. როდესაც იმ პაბში ვიმღერე, სიმბოლურად ჩემთვისაც ფუნტ სტერლინგებს ყრიდნენ ყუთში. დღეს ეს პაბი მუზეუმს ჰგავს. იქ ის ხალხი იკრიბება, ვინც ელტონ ჯონს წლების წინ იმ პაბში უსმენდა. დისკის გამოცემის შემდეგ უამრავ წერილს ვიღებდი სხვადასხვა ქვეყნებიდან. მე მიწოდებდნენ „ქართველ ელტონ ჯონს“. კლუბის ხელმძღვანელობამ 2050 წლამდე გამათავისუფლა საწევროს გადასახადისგან. როდესაც ბოლოს ჩავედი ლონდონში, წამიყვანეს ელტონ ჯონის კონცერტზე, რომელიც უემბლის არენაზე გაიმართა. ამ კონცერტიდან დიდი სიამოვნება მივიღე.
– ელტონ ჯონი ხვდებოდა თავისი ფანკლუბის წევრებს?
– კი, ხვდებოდა, მაგრამ ხშირად ვერ ახერხებდა ამას. ისეთი დატვირთული რეჟიმი აქვს, ზოგჯერ მათთან ჩასვლას ვერ ახერხებს, თუმცა, ხან ისეთ დროს მიდის ფანკლუბში, როცა საერთოდ არ ელოდებიან. ამით სიურპრიზს უწყობს თავის ფანებს. ისინი გარეგნულადაც ჰბაძავენ ელტონ ჯონს, იცვამენ მის მსგავსად, ატარებენ დიდ სათვალეს. ელტონ ჯონის ერთ-ერთი სათვალე მეც მაქვს რელიკვიად. სიმართლე გითხრათ, მე არც გარეგნულად, არც ჩაცმულობით არასდროს მიმიბაძავს მისთვის. ჩემთვის ის დიდი პიანისტი და დიდი შემსრულებელია, რის გამოც მის მიმართ პროფესიული ინტერესი, წლების მიუხედავად, არ გამნელებია.
– ოდესმე შეხვედრიხართ მას?
– არა. ჩემი ოცნებაა, რომ მასთან ერთად გამოვიდე სცენაზე, მაგრამ ეს ოცნება ჯერ ვერ ავისრულე (იცინის). მან იცის ჩემი არსებობის შესახებ. ქეთა თოფურიას, რომელიც ჩემი აღზრდილია, ჩემთან ავტოგრაფიც კი გამოატანა. ელტონ ჯონთან შეხვედრა იოლი არაა, ის კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ატარებს, ხან სად არის, ხან – სად. ცხოვრობს ისე, როგორც შეეფერება ცოცხალ ლეგენდას. ბევრი სახლი აქვს, ხან საფრანგეთში ცხოვრობს, ხან – ამერიკაში, ხან – ინგლისში. ულამაზესი სახლი აქვს უინძორში, რომელიც დედოფლის სახლის ანალოგია. იმ სახლში მეც ვარ ნამყოფი. როგორც ვიცი, მას შემდეგ, რაც თავის ქმართან ერთად იშვილა უკრაინელი ბავშვი, ხშირად ჩადის უკრაინაშიც. ჩემი ოცნებაა, რომ ელტონ ჯონი ოდესმე საქართველოშიც ჩამოვიდეს. როგორც ამბობენ, ის ამისთვის ძალიან დიდ თანხებს მოითხოვს, ის მართლაც ძალიან პრეტენზიული ადამიანია. მე ვიცი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, სასტუმროს ნომერში, ყველა ოთახის შპალერის ფერი, პირსახოცების რაოდენობა და მათი ფერიც კი შეთანხმებული იყო. თურმე, კონცერტი იწყებოდა და ელტონ ჯონი არ გადის სცენაზე. მოუთხოვია, რუსი ბიჭები მოიყვანეთო. ხელი წაუფათურა თურმე თითოეულს თავზე, მერე გავიდა სცენაზე და დაუკრა (იცინის). ასეთი უცნაური ხასიათის მიუხედავად, ელტონ ჯონი ისეთი ექსცენტრიკული და კეთილი ადამიანია, რომ მისგან გამორიცხული არაფერია.