რატომ ითვლება ბრედლი კუპერის საცოლე უიღბლო ვარსკვლავად ჰოლივუდში და სად გამოიჭირეს ისინი პაპარაცებმა
„სულაც არ არის აუცილებელი, მსახიობი რეალურ ცხოვრებაშიც ისევე იქცეოდეს, როგორც – ეკრანზე,“ – ეს ფრაზა ჰოლივუდის ახალ ვარსკვლავს და მძაფრსიუჟეტიანი ფილმების მოყვარული კინომანების ფავორიტ მსახიობს, ბრედლი კუპერს ეკუთვნის. ახლახან მსახიობი მსოფლიოში ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფიფლმა“ პლანეტის ასი ყველაზე სექსუალური ადამიანის რეიტინგში მე-8 პოზიციაზე განათავსა. ჰოლივუდელი პროდიუსერები კი ახლო მომავალში დიდ კარიერულ წინსვლას უწინასწარმეტყველებენ.
ბრედლი კუპერი 1975 წელს პენსილვანიის შტატში, ფილადელფიაში დაიბადა. იგი კათოლიკურ ოჯახში იზრდებოდა, დედა – გლორია კამპანო წარმოშობით იტალიელია, ხოლო მამა – ჩარლი კუპერი ირლანდიელი ემიგრანტების შთამომავალი. ბრედლის მამა „ბენქ ოფ ამერიკას“ „მერილ ლინჩის“ განყოფილებაში საბირჟო მაკლერად მუშაობდა. მშობლები 1963 წლიდან ცხოვრობენ ერთად და მათ საოჯახო იდილიას ბრედლი სანიმუშოდ მიიჩნევს. „ნამდვილი რომანტიკოსი ვარ და ეს თვისება მე ჩემი მშობლებისგან და ბებია-ბაბუისგან მერგო წილად. თუ დღევანდელ დღეს რომანტიკა ვინმეს ძველმოდურად ეჩვენება, მაშინ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მეც ძველმოდური ვარ“ – აღნიშნავს ბრედლი. სხვათა შორის, მისი ბებია-ბაბუა დღესაც ცოცხლები არიან და საკუთარი შვილიშვილი სამაგალითო ადამიანად მიაჩნიათ. სწორედ ბებიისგან ისწავლა საუცხოო მზარეულობა ბრედლიმ. ბავშვობაში ის ბევრ დროს ატარებდა სამზარეულოში იტალიელ ბებიასთან ერთად და პასტის და სხვა კერძების მომზადება ისწავლა. ბრედლი კუპერი ერთ-ერთი საუკეთესო მზარეულია თანამედროვე ჰოლივუდის მსახიობებს შორის.
1993 წელს ჯორჯთაუნის აკადემიის დამთავრების შემდეგ, ბრედლიმ სწავლა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ინგლისური ენის ფაკულტეტზე განაგრძო, რომელიც ბაკალავრის დიპლომით 1997 წელს დაასრულა. უნივერსიტეტიდან ბრედლი ნიუ-იორკში გაემგზავრა და სწავლა დაიწყო სამსახიობო დრამის უმაღლეს სკოლაში. იმ პერიოდში ბრედლი გატაცებული იყო ფრანგული ენის შესწავლით. ჯერ კიდევ ბავშვობაში ნახა მან 1924 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის, ორი ბრიტანელი ათლეტის შესახებ გადაღებული მხატვრული ფილმი „ცეცხლოვანი ეტლები“ და მას შემდეგ ოცნებად ჰქონდა პარიზში მოგზაურობა და ენის შესწავლა. ეს ნატვრა ბრედლიმ 90-იანი წლების ბოლოს აისრულა, როდესაც ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდა პარიზში და გაძლიერებული კურსით მსოფლიოში ყველაზე რომანტიკულ ენას სწავლობდა.
„ადამიანი-სპილო“ ეს არის ფილმი, რომლის ხილვის შემდეგაც, ბრედლიმ გადაწყვიტა მსახიობობა. ერთ-ერთ ინტერვიუში კუპერი იხსენებდა – „12 წლის ვიყავი, პირველად რომ ვნახე „ადამიანი-სპილო“ და ჩემზე იმდენად იმოქმედა მსახიობ ჯონ ჰერთის თამაშმა, იმ საოცარი სამყაროს ნაწილის წევრობა მომინდა, რომელსაც კინემატოგრაფია ეწოდება“. 1998 წელს ბრედლის დებიუტი შედგა ტელევიზიით. მან გახმაურებულ და პოპულარულ ტელესერიალში „სექსი დიდ ქალაქში“ ერთ-ერთი ეპიზოდური პერსონაჟის – კერის რიგითი ბოიფრენდის როლი შეასრულა. გარდა ამისა, ბრედლის ტელეარხ „დისქავერიზე“ მიყავდა გადაცემა „საგანგებო მოგზაურობა ველურ სამყაროში“. ამ გადაცემასთან ერთად მან მსოფლიოს მრავალ ადგილას იმოგზაურა. 2001 წლიდან კი ბრედლიმ ასევე ცნობილ ტელესერიალ „ჯაშუშში“ დაიწყო თამაში, სადაც მთავარ როლს ჯენიფერ გარნერი ასრულებდა. ბრედლიმ მოწვეული ვარსკვლავის სტატუსით სერიალის 46 ეპიზოდში შეასრულა უილ ტიპინის როლი. რაც შეეხება მის დებიუტს დიდ კინოში, ის 2001 წელს შედგა ფილმში „ცხელი ამერიკული ზაფხული“. ფილმს დიდი გამოხმაურება მოჰყვა დამოუკიდებელი ფილმების ფესტივალზე, ხოლო ბრედლი კუპერი წამყვანმა საპროდიუსერო კომპანიებმა შეამჩნიეს.
ბრედლი კუპერის სამსახიობო ნიჭის ხილვა შეგიძლიათ ბოლო პერიოდის პოტენციურ ბლოკბასტერებში „შუაღამის ექსპრესი“, „საქმე ¹39“, „ვალენტინის დღე“ და სუპერპოპულარულ – „წვეულება ვეგასში“, რომელიც 2009 წლის ერთ-ერთ საუკეთესო კომედიად აღიარეს. ახლო მომავალში იგეგმება კიდევ ერთი ფილმის პრემიერა, სადაც მთავარ როლს ბრედლი ასრულებს. ამჯერად მისი პარტნიორი გადასაღებ მოედანზე განთქმული ლიამ ნისონია, ხოლო ფილმს „ჯგუფი ა“ ეწოდება და პენსიაზე გასული სპეცრაზმელების თავგადასავლებზე მოგვითხრობს.
რაც შეეხება მსახიობის პირად ცხოვრებას. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბრედლი ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ მიიჩნეოდა ჰოლივუდში, სანამ მსახიობ ჯენიფერ ესპოზიტოზე არ დაქორწინდა. თუმცა მასთან ერთად სულ რაღაც 4 თვე იცხოვრა და შემდეგ განქორწინდა. ესპოზიტოს შემდეგ ბრედლის მიაწერდნენ რომანებს კამერონ დიასთან და ბრედ პიტის ყოფილ ცოლთან, ჯენიფერ ანისტონთან. თუმცა, ბოლო პერიოდია მას ჰოლივუდში ყველაზე უიღბლო ვარსკვლავთან, რენე ზელვეგერთან ერთად ხედავენ. წყვილმა ერთმანეთი თრილერის „საქმე ¹39-ის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო და მას შემდეგ ისინი ერთად არიან. თუმცა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჟურნალისტები კითხვაზე, აქვთ თუ არა მათ რომანი, პასუხის მიღებას, ვერ ახერხებდნენ. ერთხელ კი პაპარაცებმა დააფიქსირეს რენე და ბრედლი, – ხელჩაკიდებულები და ბედნიერი სახეებით ბარსელონას ქუჩებში რომ სეირნობდნენ. ცნობილია კიდევ ერთი ფაქტი წყვილის შესახებ. 2010 წლის იანვარში რენე ბრედლის სახლის კარებთან ავარიაში მოჰყვა. მის „ტოიოტას“ მარკის ავტომობილს „ბეემვე იქს 5“ დაეჯახა, რომელსაც უცნობი ქალბატონი მართავდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, თუმცა ხმაურზე სახლიდან ბრედლი გამოვიდა, რომელიც რენეს ავტომობილის საჭეს მიუჯდა და ახლომდებარე პროფილაქტიკაში წაიყვანა. საინტერესოა, რომ ახლახან პრესაში გავრცელდა ცნობა, რენემ ბრედლის ულტიმატუმი წაუყენა, თუკი უახლოეს ერთ წელიწადში მათ შვილი არ ეყოლებათ, ქალი გაწყვეტს მასთან კავშირსო.
ბრედლი კუპერის სახელს უკავშირდება ერთი სახალისო ფაქტიც. ფილმ „ვალენტინის დღის“ პრემიერაზე, რომელშიც მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა, მსახიობი სახეზე უცნაური რუჯით მივიდა. საქმე ისაა, რომ დაგვიანებულმა ბრედლიმ წითელ ხალიჩაზე გასასვლელად არასწორად დაისხა სახეზე ავტორუჯი და სახის 1/3 რუჯის გარეშე იყო. ბრედლის ნიკაპი ნატურალური ფერის იყო, ხოლო დანარჩენი სახე გარუჯული, ამ ყველაფერს კი ისიც დაემატა, რომ მსახიობი გაუპარსავი იყო, როგორც ყოველთვის და წვერზე გადასულმა გარუჯვამ სრულიად სხვა ტონალობა მიიღო. უცნაურად გარუჯულ კუპერზე დიდხანს ხუმრობდნენ ჰოლივუდში და მის გარეთაც.