კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღარ ახსოვს ქმარი მაიკო დობორჯგინიძეს და ვისთან ენატრება ხშირი ურთიერთობა გოგა ბარბაქაძეს


პოპულარული სერიალი „შუა ქალაქში“ უკვე მესამე წელია არავის უთმობს პირველობას და გამოჩენისთანავე რეიტინგში ლიდერ პოზიციას იკავებს. სერიალის გმირები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა ხუმრობითა და ისტორიებით ართობენ მაყურებელს, ძალიან შეიყვარეს და მათ დანახვაზე ყოველთვის სასიამოვნო განწყობაზე დგებიან. ამჯერად ჩვენი რესპონდენტები მარიკა და დათო, ანუ მაიკო დობორჯგინიძე და გოგა ბარბაქაძე არიან. „შუა ქალაქში“ – ბიძაშვილები, რეალურ ცხოვრებაში კი – მეუღლეები, თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ, დროის უმეტეს ნაწილს ერთად რომ ატარებენ. დისკომფორტს მხოლოდ ის ფაქტი უქმნით, რომ დღის განმავლობაში შვილთან ერთად დიდი დროის გატარებას ვერ ახერხებენ.


– რით ხართ ამჟამად დაკავებული, იმის გარდა, რასაც მაყურებელი ყოველ შაბათ-კვირას ხედავს?

მაიკო დობორჯგინიძე: მაგისტრატურის პირველ კურსს ვამთავრებ და გამოცდები მაქვს. ვწერ თემებს, ვათენებ ღამეებს და სულ მეძინება.

გოგა ბაქრაძე: ქმარი არავის ახსოვს.

მაიკო: ქმარი მართლა არავის ახსოვს და დიდად ვერც შვილის ნახვას ვახერხებ. აი, ასეთ დღეში ვარ, მე პირადად.

გოგა: მართალია, მე მაგისტრატურაში არა, მაგრამ მაინც დაკავებული ვარ. მაქვს რეპეტიციები, ცოტა ხნის წინ „თავისუფალ თეატრში“ პრემიერა მქონდა სპექტაკლის „ფასტ ფუდი“ ანუ „სწრაფი კვება“. ბატონ ავთოს, ნიკო გომელაურის მაგივრად შევყავარ სპექტაკლში „კავკასიური ცარცის წრე,“ აზდაკის როლზე. ნიკო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, ჩემი მეჯვარე იყო და მისი მეუღლე ჩემი შვილის ნათლიაა. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია ჩემთვის იმ როლის თამაში, რომელსაც ნიკო ასრულებდა. ძალიან ვნერვიულობ.

– მართლა ძალიან დაკავებულები ხართ ორივე. თქვენი ყველა საქმე, რომელსაც აკეთებთ, ძალიან ბევრ დროს მოითხოვს. აკეთო ბევრი და ხარისხიანად რთულია. როგორ უთავსებთ ერთმანეთს ამ ყველაფერს?

– მე თვითონ მიკვირს, როგორ ვასწრებთ ყველაფერს.

მაიკო: რთულია ძალიან, დაღლილობისგან სულ გვეძინება, მაგრამ ამასაც თავის ხიბლი აქვს, ბედნიერებაც ეს არის.

გოგა: როცა ბევრი საქმე გაქვს ძალიან მაგარია, უბრალოდ, ჩემს შვილთანაც მინდა ხშირი ურთიერთობა.

– არ აპროტესტებს?

– როგორ არა, უკვე აპროტესტებს.

მაიკო: პირველად რომ დაგვინახავს, ძალიან უხარია, მერე კი ჩვენი ყურადღება რომ მიიქციოს, რაღაცეებს აკეთებს და მავნებლობებს სჩადის. ძალიან ცელქია.

– რომელს უფრო გგავთ?

გოგა: ორივეს გვამსგავსებენ, მაგრამ სიცელქით, ალბათ, მე უფრო მგავს. როგორც ამბობენ, ჩემზე უფრო ცელქია.

მაიკო: გოგა ახლაც ხიმანდრობს რაღაცეებს, რეპეტიციებზე ნერვებს უშლის ყველას, განსაკუთრებით „კოხის“ („შუა ქალაქის“ რეჟისორს). ბოლო დროს მივხვდი, ვის ჰგავს გაბრიელი სიცელქით.

– ხშირად ამბობენ, რომ როცა ცოლ-ქმარი ერთად მუშაობს, მოსაწყენიაო. თქვენს შემთხვევაში როგორ არის?

გოგა: პირიქით, სულაც არ არის მოსაწყენი. საკმაოდ განვიცდით იმ ფაქტს, რომ ბავშვთან დიდ დროს ვერ ვატარებთ და ერთმანეთსაც რომ ვერ ვხედავდეთ, წარმოიდგინეთ, რა იქნება. ჩვენთვის ის უფრო მოსაწყენი იქნებოდა, ერთად რომ არ ვმუშაობდეთ.

მაიკო: არანაირად არ გვიშლის ხელს ის, რომ ერთად ვმუშაობთ. პირიქით, ერთმანეთზე ვზრუნავთ. უკვე ვერც წარმომიდგენია სხვადასხვა სამსახური რომ გვქონდეს. ერთმანეთს რაღაც რჩევებსაც ვაძლევთ.

– ითვალისწინებთ?

გოგა: რა თქმა უნდა.

– დროის ის მცირე მონაკვეთი, რომელსაც სახლში ატარებთ, რითი ხართ დაკავებული?

– გვძინავს და ვისვენებთ. ძირითადად მაინც ბავშვთან გვაქვს ურთიერთობა.

– რაიმე ტრადიცია თუ გაქვთ, რომელსაც ყოველთვის იცავთ? თუნდაც რაღაცის აღნიშვნა.

მაიკო: აღნიშვნა საერთოდ გვიყვარს. 2 მაისს ჩემი დაბადების დღე იყო. გოგას სპექტაკლი ჰქონდა და აღნიშვნა ვერ მოვახერხეთ. რომ მოვიცალეთ, უკვე ღამის 11 საათი იყო. ახალგაზრდობა გავიხსენეთ და მექსიკურ რესტორანში მარტო წასვლა გადავწყვიტეთ. ძალიან კარგი იყო. სულ არ არის საჭირო ყოველთვის ბევრი ხალხი გყავდეს ირგვლივ, განმარტოებაც კარგია.

გოგა: სულ სამნი ვიყავით, მე, მაიკო და ოფიციანტი.

– სახელები, მარიკა და დათო თქვენთვის ალბათ უკვე იმდენად ახლობელია, რომ ვინმემ რომ დაგიძახოთ, დაუფიქრებლად გაიხედავთ.

– შეიძლება ვინმე დათოს ეძახდნენ, მაგრამ მე ინსტინქტურად ვიხედები.

მაიკო: მართლა, ყველა მარიკას და დათოს გვეძახის. ეს ძალიან სასიამოვნოა.

– რა მსგავსებას ხედავთ გოგასა და დათოს შორის, ისევე როგორც – მაიკოსა და მარიკას შორის?

გოგა: ჩემსა და დათოს შორის ის მსგავსებაა, რომ ორივე ხალისიანები და ხმაურიანები ვართ. არ ვართ ბოროტები.

მაიკო: იქ ყველა მხიარულია. მე მგონი, ყველა ვგავართ ერთმანეთს. მე და მარიკა ორივე მხიარულები, კეთილები, წესიერები, ხალასები, გულუბრყვილოები ვართ. ცოტა თავის ქება გამომივიდა, მაგრამ „შუა ქალაქში“ ყველანი ასეთები ვართ.

– უკვე მესამე წელია, მაყურებელი ყოველ შაბათ-კვირას ელის „შუა ქალაქს.“ ამ დროის განმავლობაში „შუა ქალაქში“ არაერთი ბავშვი დაიბადა. ქეთა ლორთქიფანიძემ (ეკამ) ორი შვილი გააჩინა, თქვენი გაბრიელი დაიბადა და მალე კიდევ ერთი ახალი წევრიც შეგემატებათ.

– მსახიობებში მეოთხე ბავშვს ველოდებით, თორემ ისე, შემოქმედებითი ჯგუფის წევრებსაც შეეძინათ ბავშვები, გავმრავლდით „შუა ქალაქში.“ ახლა ყველა თათულიკოს (თამარ ღლონტის) ბავშვს ველოდებით. ძალიან საყვარელია, რეპეტიციების დროს იღლება და სულ წამოწოლა უნდა. ახლა ვფიქრობ, ფეხმძიმობის დროს როგორ ვუძლებდი ასეთ დატვირთვას. თან მე საკმაოდ დიდი მუცელი მქონდა. 5 თვის უკვე ძალიან მომატებული ვიყავი წონაში, თათულის კი თითქოს არც ეტყობა.

– ახლახან „იმედის“ ეთერში გამოჩნდა სერიალი „გოგონა გარეუბნიდან,“ რომელზეც ასევე „ღამის შოუ სტუდიო“ მუშაობს. ბევრს გაუჩნდა ეჭვი, ხომ არ გახდებით ერთმანეთის კონკურენტები?

– მე არ მიმაჩნია, რომ კონკურენტები ვიქნებით, რადგან ფორმატითაც განვსხვავდებით. რასაც ვუყურე მშვენიერი სერიალია. ჩვენი მეგობრები არიან და წარმატებას ვუსურვებთ.

– სეზონს რომ ასრულებთ და სტუდიაში აღარ დადიხართ დროებით, არ გენატრებათ იქაურობა?

გოგა: გადაღებებს 7 ივლისს ვამთავრებთ. სეზონის მიწურულს, სულ იმაზე ფიქრობ, როდის დაისვენებ. დასვენებიდან ერთი კვირის შემდეგ კი უარესი განცდა გეწყება, უკვე იმას ფიქრობ, ნეტა, მალე გავიდეს დრო და გადაღებები განახლდესო. შვებულების შემდეგ ერთმანეთთან შეხვედრა მართლა ძალიან გვიხარია.

– „შუა ქალაქმა“ სატელევიზიო სივრცეში ყველანაირი რეკორდი მოხსნა, არის უზომოდ რეიტინგული, უყურებს ყველა, უყვარხართ ყველას, ყველა გეფერებათ. მართალია ძალიან კარგია ქუჩაში უცნობი ადამიანები რომ გცნობენ, მაგრამ დროთა განმავლობაში, ალბათ, მუდმივი ყურადღებით იზღუდებით კიდეც, რადგან, ფაქტობრივად, მარტო არსად ხართ.

– ხალხის სიყვარულსა და ყურადღებას არაფერი არ ჯობია. ზოგჯერ ადამიანი დაღლილი მოდის და რომ დაგვინახავს, ეღიმება. როცა ადამიანის ბედნიერ სახეს ხედავ და შენი დანახვა კარგ განწყობას უქმნის, ამაზე კარგი რა უნდა იყოს მსახიობისთვის.

– ყველაზე გულახდილები, ალბათ, მაინც ბავშვები არიან.

მაიკო: ძალიან საყვარლები არიან, მოგვსდევენ უკან, ან მანქანიდან გვეძახიან. შეიძლება, უფროსმა ადამიანმა შემოგვხედოს და უცებ ვერ აღიქვას, საიდან ეცნობი, ბავშვები კი ცხვირი რომ გიჩანდეს, მაშინვე გცნობენ.

– თქვენი საზაფხულო გეგმები როგორია?

გოგა: შეიძლება „შუა ქალაქის“ ფილმი გადავიღოთ. არის რაღაც პრობლემები, რის გამოც ცოტა ჭოჭმანობენ, მაგრამ იმედი გვაქვს, გამოვა.

მაიკო: ჩვენ ყველას ძალიან გვინდა და თუ განხორციელდა, მართლა კარგი იქნება.

– „შუა ქალაქში“ დამკვიდრებული ტერმინებიდან რომელს იყენებთ რეალურ ცხოვრებაში?

– ბოლო პერიოდიდან „დათოს“ სიტყვების შემოკლება მახსენდება.

– „ორ კარიან“ და მსგავი ტერმინებით, უკვე მთელი საქართველო ლაპარაკობს. რას ეტყვით მათ, ვისაც ძალიან უყვარხართ და ყოველთვის დიდი ინტერესით ელიან „შუა ქალაქის“ მორიგ სერიას.

გოგა: უპირველესად ყველას დიდ მადლობას გადავუხდი. ყოველი სერიის გადაღების დროს ძალიან ვნერვიულობთ, რადგან არ გვინდა ჩავარდეს და ამით მაყურებელს იმედი გავუცრუოთ. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი პრობლემაა და თუ ჩვენ ამის შემსუბუქებას მაყურებლისთვის, ერთი საათით მაინც ვახერხებთ, საქმე გამოსულია. ხმები მომდის, ასეაო და...

მაიკო: ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან ვცდილობთ.


скачать dle 11.3