რატომ დააჯარიმეს მამუკა ონაშვილი სტამბულის სასტუმროში და როგორ იქცა ის ცოტა ხნით სანდომიან შეიხად
ყველასთვის საყვარელი მომღერალი მამუკა ონაშვილი, როგორც ყოველთვის, ჩვეულ ტემპში განაგრძობს მუშაობას. მისი ახალი ალბომი გამოსაშვებად უკვე მზად არის. დიდი გეგმები აქვს, თუმცა წინასწარ არ სურს ამაზე საუბარი. როგორია მამუკა ონაშვილის ცხოვრების სტილი და რა პრინციპებით ცხოვრობს ის, ამას და კიდევ ბევრ სხვა რამეს, მისივე ნაამბობიდან შეიტყობთ.
– როგორია მამუკა ონაშვილის ცხოვრების სტილი?
– მივეკუთვნები ადამიანთა იმ კატეგორიას, ადრე რომ ვერ იძინებს. ჩემი რეჟიმით შეიძლება ღამის 3-4 საათზე დავიძინო. თუ საქმე არ მაქვს, ვცდილობ, გამოვიძინო, თუ ადრე ვარ ასადგომი, არც მაგის პრობლემა მაქვს, მიჭირს, მაგრამ მაინც ვდგები. სულ რამდენიმე ადამიანია, ვის გამოც შეიძლება, ადრე ავდგე, წავიდე გადაღებაზე ან სხვა საქმეზე.
– ანუ, ყველას გამო თავს არ შეიწუხებ?
– არა, კი არა, ვერ შევიწუხებ.
– რის უფლებას არ მისცემ საკუთარ თავს არასდროს?
– საკუთარ თავს რაღაც-რაღაც შეცდომების უფლებას არ ვაძლევ. ყველანაირად ვცდილობ შეცდომა არ დავუშვა, მაგრამ ხანდახან შეიძლება, ცხელ გულზე, დაუფიქრებლად, ისეთი რაღაც გააკეთო, რაც მერე სანანებელი გაგიხდეს და საკუთარ თავს ვერ აპატიო. ასეთი მომენტი ერთი-ორჯერ მეც მქონდა და თუ ამით ვინმეს რამე დავუშავე და გული ვატკინე შემიძლია, ბოდიში მოვუხადო.
– წყენას მალე ივიწყებ თუ იმახსოვრებ?
– წყენას გულში არ ვიტოვებ, ბოღმიანი არ ვარ.
– მამუკა ონაშვილი ყველას ძალიან უყვარს, მით უმეტეს ბავშვებს და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. როგორია ბავშვებთან ურთიერთობა, „მხიარულ ოჯახში“ სხვა პიროვნება ხდები?
– ყოველთვის აღვნიშნავ, რომ მე თვითონ ვარ პატარა ბავშვი. მართალია ასაკით დიდი ვარ, მაგრამ ბუნებით – ბავშვი. მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, ძალიან ამყოლი ვარ. ბავშვებთან მუშაობა არც ისე იოლია, მაგრამ გეფიცები, მთელ შემოქმედებით ჯგუფს, ბავშვების ჩათვლით, ერთი გადახედვით გვესმის ერთმანეთის. ურთიერთობა ძალიან კარგად გვაქვს აწყობილი და მსიამოვნებს მათთან მუშაობა.
– ბავშვთა დაცვის დღეს, 1 ივნისს ხარ დაბადებული. როგორ აღნიშნავ ამ დღეს?
– ზოგი ამბობს, რომ საკუთარი დაბადების დღე არ უყვარს, მაგრამ არ მესმის, დღე, როცა ამ ქვეყანას მოევლინე, როგორ შეიძლება, არ გიყვარდეს? ვცდილობ, დაბადების დღე მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად აღვნიშნო. ეს არის და ეს.
– როგორც კი თავშეყრის ადგილზე გამოჩნდები, ყველას უხარია შენი დანახვა. შეიძლება, სულ არ იყო ხუმრობისა და დროის ტარების ხასიათზე. ასეთ სიტუაციაში როგორ იქცევი, არ იმჩნევ?
– ყოფილა შემთხვევა, როცა სიმღერის, კონცერტზე გასვლისა და ღადაობის ხასიათზე არ ვყოფილვარ, მაგრამ რა დააშავეს იმ ადამიანებმა, იმ წუთას ჩემს ირგვლივ რომ არიან. რატომ უნდა გადავდო ჩემი არაშესაფერისი განწყობა სხვას? ამიტომ, ასეთ დროს ვერავინ ხვდება, რომ მამუკა ონაშვილი ცუდ ხასიათზეა. იქიდან რომ გამოვალ, შეიძლება ცრემლიც გადმომვარდეს, მაგრამ ამას არავის დავანახებ, ეს ჩემი პირადულია.
– ყველა ადამიანს საკუთარი სამყარო აქვს, შენ როგორი ხარ შენს სამყაროში?
– მხიარულიც და სევდანარევიც.
– მიზანდასახული ადამიანი ხარ?
– რა თქმა უნდა. რასაც დაისახავ, უნდა ცდილობდე, იმ მიზნის მიღწევას. დაბრკოლებებიც არის, ერთი ხელის მოსმით, არაფერი კეთდება და ყველაფერი კარაქიანი პურივით არ არის. ყველაფერი უფლის ნებით ხდება. მთავარია, ფარ-ხმალი არ დაყარო, არ მოეშვა და ადრე თუ გვიან, მიაღწიო დასახულ მიზანს.
– საკმაოდ დიდი ნებისყოფით გამოირჩევი. მაგალითისთვის, გავიხსენებ იმ პერიოდს, როცა ხანგრძლივი დიეტის შემდეგ წონაში ათეულობით კილოგრამი დაიკელი.
– დიეტის შედეგად 95 კილოგრამი მქონდა დაკლებული, რაც ქალბატონი ელენე გიორგაძის დამსახურება იყო. ნებისყოფა კი მაქვს, მაგრამ იმ პერიოდში კიევში გავემგზავრე ერთი თვით ზურა დოიჯაშვილთან და ზურა კობეშავიძესთან ერთად. იქ კონცერტები გვქონდა. იმ ერთ თვეში ჩემი ნებისყოფა წყალში ჩაიყარა. ყოველდღე ბანკეტები, მიდი-მოდი, ჭამა-სმა... თეთრი შურით მშურს ადამიანების, 20 ხინკალს რომ შეჭამენ, 3 კათხა ლუდს დააყოლებენ და მეორე დღეს წონა დაკლებული აქვთ. მე რომ 4 ცალი ხინკალი ვჭამო და ნახევარი კათხა ლუდი დავლიო, მეორე დღეს 3 კილოგრამი მაინც მაქვს მომატებული. სულ ცოტა ხანი მაცადეთ და მნახავთ, რა ფორმაშიც ჩავდგები.
– ყველაზე მეტად რა განიჭებს სიამოვნებას?
– ძალიან ბევრი რამ მსიამოვნებს. საერთოდ, ცხოვრება მანიჭებს სიამოვნებას – რომ თენდება უკვე მსიამოვნებს. ვიცი, რომ გავალ ქალაქში, მოვეფერები ჩემს საყვარელ ადამიანებს, ჩემს მეგობრებს და ასე შემდეგ. ადამიანს რაც სიამოვნებას ანიჭებს, ყველაფერი ის მეც მსიამოვნებს.
– ძალიან ბევრი მეგობარი გყავს. როგორ ირჩევ მეგობრებს?
– არ ვეთანხმები, როცა ამბობენ, ორი ან სამი მეგობარი უნდა გყავდესო. ცხოვრების განმავლობაში უფალი რამდენ მეგობარსაც მოგცემს, უნდა მიიღო. მხოლოდ ერთმანეთი უნდა ამოიცნოთ, უნდა მიხვდე, რომ შენიანია და ისიც მიხვდეს, რომ მისი ხარ. ცხოვრებაში შეიძლება, მილიარდი კაცი შეგხვდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შენი ძმაკაცი და მეგობარია. უნდა იგრძნო ადამიანი, იმ ადამიანმაც უნდა გიგრძნოს და აი, აქედან ყალიბდება მეგობრობა.
– ადვილად შეგიძლია ადამიანის ამოცნობა?
– ყველანაირად ვცდილობ ადამიანი ამოვიცნო და გავშიფრო. ეს აუცილებელია, რადგან მერე არ უნდა გაგიხდეს რაღაც-რაღაცეები სანანებელი. ასე რამდენიმე მეგობარი მყავს დაკარგული და ძალიან არ მინდა, ანალოგიურ სიტუაციაში კიდევ აღმოვჩნდე.
– რა არის მამუკა ონაშვილის ცხოვრების სლოგანი?
– იცხოვრე ერთგულად და სუფთად, ადამიანურად, უღალატოდ, გიყვარდეს და უყვარდე. ეს არის ყველაზე მთავარი ამ ქვეყანაზე. თესე სიკეთე, ოღონდ არ ელოდო მის მომკას, რადგან უფალი ზემოდან იყურება და ყველაფერს ხედავს, ვინ ვინ არის და ვინ რას აკეთებს. არაფრის თამაში არ არის საჭირო, ვინც ხარ ის უნდა იყო.
– რა პროფესიის ადამიანი არ იქნებოდი არასდროს?
– ამაზე არ მიფიქრია. ბავშვობიდან მსახიობობა და მომღერლობა მინდოდა. მაგრამ, ადამიანობას გეფიცები, რაზეც ხელი მომიკიდია ყველაფერი გამომსვლია. შემდუღებელიც ვყოფილვარ, სამზარეულოშიც მიმუშავია, ბიზნესიც მქონდა, ვხატავ და ვძერწავ კიდეც. საკუთარი თავისთვის კითხვაც დამისვამს, მამუკა უცებ რაღაც რომ მოხდეს, დაიკარგები? არ დავიკარგები, რაღაცას მაინც გამოვნახავ, რაღაცას მაინც გავაკეთებ, თუნდაც იმ ნიჭით, რაც ჯერ კიდევ ჩამალულია ჩემში და არ ან ვერ ვამჟღავნებ. ჩემი მეგობრების დახმარებითაც არ დავიკარგები. თუ ბოროტი და ძუნწი არ ხარ, არ დაიკარგები.
– თუ ადამიანმა გიღალატა, დავუშვათ მეგობარმა, როგორია შენი რეაქცია, ფეთქებადი ხარ?
– კი. ღალატი ჩემში არ არის და არც სხვისგან ველი ამას. ვინც არ უნდა იყოს, ღალატს ვერავის ვაპატიებ.
– თავგადასავლების მოყვარული ხარ?
– რა თავგადასავლებიც გადამხდენია იმას ვერ მოგიყვები, რადგან ეს ჟურნალი მაგისთვის არ არის. მე რომ იმ თავგადასავლების შესახებ მოვყვე, ჩემს ძმაკაცებთან ერთად რაებიც გადამხდენია, ვინც წაიკითხავს, შეიძლება თმები ყალყზე დაუდგეს და ჯობია გავჩუმდე.
– ისეთი შემთხვევა თუ გქონია, დილით იღვიძებ და ვერ ხვდები, სად ხარ.
– ასეთი შემთხვევაც იყო. კონცერტი მქონდა „16 რაუნდში,“ მეორე დღეს კი – ბათუმში უნდა მქონოდა. ჩემმა ძმაკაცებმა შემომიარეს და მითხრეს, რაღაც კარგი ამბავი გვაქვს, უნდა წავიდეთ სადმე და კარგად ვიქეიფოთო. იმდენი ვსვით, რომ ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი. თან, სტუმარი მყავდა ჩამოსული ლონდონიდან, ჩემი მეგობარი მიშა. მოკლედ, გათენდა დილა. ერთი თვალი რომ გავახილე, უკვე ვგრძნობდი, ძალიან ცუდად ვიყავი, მეორე რომ გავახილე, მივხვდი, ჩემს სახლში არ ვიყავი. იმას კი მივხვდი, რომ სასტუმროში ვიყავი, მაგრამ რომელში – ვერა. გავიხედე და დავინახე, ჩემი სტუმარი მეწვა გვერდით. ფანჯარასთან მივედი, ფარდას ორივე ხელი მოვკიდე და უცებ გადავწიე... აღმოჩნდა, რომ სტამბულში ვიყავით. ცხადია, არც სხვა ტანსაცმელი გვქონდა წაღებული, იქ ჩემს ზომას რას ვიშოვიდი. რაც მეცვა გავიხადე და გასარეცხად გავატანე სასტუმროს თანამშრომელს. ბიჭებმა ჩვენ რესტორანში ჩავალთო, გამომიცხადეს. კინაღამ გავგიჟდი, მე რა გავაკეთო, მეც მინდა რესტორანში, მეც მშია და მეც „პახმელიაზე“ ვარ-მეთქი. რამე მოიფიქრეო, დამიბარეს და ჩავიდნენ. ავიღე ორი დიდი ზეწარი, ამოვჭერი და ორივე მხრიდან ჩამოვიცვი ტანზე გემრიელად. მერე ფარდა ჩამოვხსენი და ზედ შემოვიხვიე. ფარდის სამაგრი თოკი მოვხსენი და ბუბლიკივით თავზე დავიდე, ფარდის ნაწილი გადავიფარე, სათვალე გავიკეთე და ლიფტში ასე შევედი. ეგონათ შეიხი ჩამოვიდაო და უნდა გენახა, რა დღეში იყვნენ, კარს მიღებდნენ და სულ „იახშამლარ, იახშამლარს“ მეუბნებოდნენ. ჩემებმა რომ დამინახეს, გადავარდნენ, იმდენი იცინეს. ასეთ იდიოტობებს ვაკეთებთ ხოლმე. სასტუმროს ადმინისტრაციამ კი ზეწრების და ფარდის დაჭრისთვის, დამაჯარიმა.