როგორ ცხოვრობს პარიზში ქრისტინე ძიძიგური და რით მოხიბლა მან ერთ-ერთი ცნობილი სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელი
ქრისტინე ძიძიგურის ცხოვრება ერთმა შეხვედრამ, შეიძლება ითქვას, მთლიანად შეცვალა და ახლა მშვენიერი „ვიცე-მის საქართველო“ უკვე ერთი თვეა, პარიზში ცხოვრობს, ერთ-ერთი პრესტიჟული სააგენტოს მოდელია, სადაც მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.
ქრისტინე ძიძიგური: უნივერსიტეტში ვსწავლობ სოციოლოგიის ფაკულტეტზე. წელს ვამთავრებ და, სანამ წამოვიდოდი, აქტიურად ვემზადებოდი გამოცდებისთვის. ასევე, „ერისიონში“ დავდიოდი. ზუსტად მაშინ, როდესაც „ჯორჯიან ფეშენ-ვიქის“ ქასთინგები იყო, უცხოეთში ვიყავი საიუველირო ნაწარმის ჩვენებაზე, ამიტომ „ჯორჯიან ფეშენ-ვიქზე“ მივედი, როგორც სტუმარი. იქ პარიზის სამოდელო სააგენტო „ელის მოდელის“ მენეჯერს მოვეწონე, გამეცნო, მკითხა, რას საქმიანობ, მოდელი თუ ხარო. შენი სახე და სხეული მომეწონა, თუ წინააღმდეგი არ ხარ, ფოტოებს გადაგიღებ, პარიზში წავიღებ და ვნახოთ, რა იქნებაო. „ჯორჯიან ფეშენ-ვიქზე“ დეიდასთან ერთად ვიყავი და შოუს დამთავრებისთანავე წავედით „კოპალაში“ და გადამიღეს ფოტოები. მოკლედ, ყველანაირი კადრი გააკეთეს, ყველა ნაკვთი გადამიღეს, ზომები ამიღეს, ყველაფერი შემიმოწმეს... სასაცილო ის იყო, რომ ჩემი თვალების ფერი ლინზები ეგონათ, მოვიდნენ და ლამპით ჩამანათეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, მართლა ჩემი თვალების ფერი იყო თუ ლინზების. შემდეგ წაიღეს ფოტოები და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ, რაც შეიძლება, მალე ჩავსულიყავი პარიზში.
– პასუხი მალე შეგატყობინეს?
– რამდენიმე დღეში მომწერეს, ჩვენ უკვე გიგზავნით მოწვევას, საელჩოში მიდი, აიღე გრძელვადიანი ვიზა და ჩამოდიო. თავიდანვე შემპირდნენ, რომ ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიქნებოდი და არანაირი პრობლემა არ შემექმნებოდა. მიქირავეს პარიზში ბინა, ფანჯრებით ეიფელისკენ, ასევე, დამახვედრეს ყველაფერი, რაც ნორმალური ცხოვრებისთვის არის საჭირო.
– როგორია კონტრაქტის პირობები?
– ახლახან მოვაწერე კონტრაქტს ხელი. თმა ოდნავ გამიღიავეს, იმ ფერზე დააყენეს, როგორიც ფოტოებისთვის სჭირდებათ. პირველი გადაღების შემდეგ ფოტოგრაფმა დარეკა სააგენტოში, ჩემზე ძალიან კარგად ილაპარაკა, ძალიან ფოტოგენურიაო და ესეც ბევრ რამეში დამეხმარა. რამდენიმე დღეში კი მითხრეს, კონტრაქტს უნდა მოაწერო ხელიო და მეც მოვაწერე. ძალიან კარგი პირობებია. პირველი ის არის, რომ შემიძლია, ნებისმიერი პროფესიით ვიმუშაო, მაგრამ, როგორც სააგენტომ უნდა იზრუნოს ჩემს იმიჯზე, ასევე, მეც უნდა ვიზრუნო მათ იმიჯზე – ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინო. კონტრაქტის ვადა ერთწლიანია. რაც შეეხება ფინანსებს, მოდელის, ანუ ჩემი იმიჯის ერთჯერადად გამოყენება საკმაოდ სოლიდური თანხა ღირს, ანუ, ეს გულისხმობს იმას, რომ, როდესაც სააგენტო კლიენტთან დებს კონტრაქტს, ჩემი იმიჯის ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში, უნდა გადაიხადონ სოლიდური თანხა და აქედან დიდი პროცენტი ჩემია.
– კონტრაქტის მიხედვით რამე გეკრძალება?
– ერთადერთი პირობა ისაა, რომ უნდა შევინარჩუნო სხეულის ფორმები და ამაში თავადაც ძალიან მიწყობენ ხელს. რაც შეეხება იმიჯის შეცვლას, ეს არ შემიძლია, ჩემით გადავწყვიტო. აბსოლუტური შეზღუდვა არაფერში არ მაქვს, უბრალოდ, ყველაფერი შეთანხმების დონეზე ხდება. ერთადერთი, რაც აუცილებელია, როგორც უკვე ვთქვი, არის ის, რომ ერთმანეთის იმიჯზე ვიზრუნოთ.
– მომიყევი, როგორი იყო სააგენტოში შენი პირველი დღე?
– ჩემი სააგენტო შანზელიზეზე მდებარეობს. როდესაც პირველად ჩემმა მენეჯერმა ფილიპმა მიმიყვანა სააგენტოში, მაშინვე ყველაფერში გამარკვია – სად, როგორ უნდა ვიმოძრაო. მე სააგენტოსთან ახლოს ვცხოვრობ, ფეხით შემიძლია, გავიარო მონტენის ქუჩა, სადაც მოდის ცნობილი სახლებია ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებული. ჩვენი სააგენტო ერთ-ერთი ძალიან ცნობილი და წარმატებულია. საოცარი გარემოა, ძალიან მომწონს. როდესაც პირველად მივედი, ყველა მელოდებოდა, აინტერესებდათ, როგორი გამოვიდოდა ჩემი ფოტოები.
– როგორია შენი ყოველდღიური ცხოვრების რიტმი, გაგიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება?
– თავიდან ჩემებთან ერთად ვიყავი და, რომ წავიდნენ, პირველი, რაზეც ფიქრი დავიწყე, ის იყო, რა მეშველება, მარტო რომ დავრჩები უცხო ქალაქში-მეთქი. მაგრამ, ჩემში იმდენად დიდია პარიზში ცხოვრების, კარიერის გაკეთების სურვილი, მარტო დარჩენა კი არა, არ ვიცი, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ იმ ყველაფერზე ხელი ამაღებინოს, უარი მათქმევინოს. რაც შეეხება ჩემი ცხოვრების რიტმს, მაქსიმალურად ვუვლი თავს, ვისვენებ, ვმეცადინეობ. რაც პარიზში ჩამოვედი, სულ სხვა გეგმები და მიზნები დამესახა. როგორც უკვე გითხარი, უნივერსიტეტს ვამთავრებ. ჩემი ჯგუფელები გამოცდების საკითხებს ელექტრონული ფოსტით მიგზავნიან და ვმეცადინეობ, გამოცდების დროს ჩამოვალ და ჩავაბარებ. საბაკალავრო თემა მაქვს დასაწერი: „დევიაცია და სოციალური კონტროლი“, ამაზეც ვმუშაობ. კიდევ, დავიწყე ფრანგული ენის სწავლა, ჩემი მასწავლებელი პარიზში დაბადებული ქართველია, ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ორივე ენა კარგად იცის. ასევე, მაქვს გადაღებები, ჩემი „ბუქისთვის“ ვიღებ ფოტოებს და შემდეგ ქასთინგებზე გავალ. კიდევ, მინდა, მომავალში სორბონაში განვაგრძო სწავლა.
– როგორც მივხვდი, სააგენტოში შენზე დიდ იმედებს ამყარებენ. შენი აზრით, რა მოეწონათ შენში ყველაზე მეტად? ალბათ, უფრო ბუნებრივი სილამაზე.
– აქ ძალიან დიდ მნიშვნელობას სწორედ ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებენ. პირველ გადაღებაზე საერთოდ არ მქონდა მაკიაჟი, მეორე გადაღებაზე კი, მხოლოდ მსუბუქი მაკიაჟი გამიკეთეს.
– შენი სილამაზე ქუჩაშიც არავის რჩება შეუმჩნეველი, ბევრი რომი შნაიდერსაც გადარებს...
– უცხოეთში, ხომ იცი, ყველა თავის საქმეშია ჩართული, სხვა არაფერი აინტერესებთ, თუმცა, ხანდახან ისეც ხდება, რომ მაქცევენ ყურადღებას. სხვათა შორის, საქართველოშიც მეუბნებოდნენ, რომი შნაიდერს ჰგავხარო. აქაც, როდესაც მონმარტრზე დამხატეს, მხატვარმაც იგივე მითხრა და ეს ძალიან გამიხარდა. მაგრამ, ყველაზე მთავარი ის არის, რომ პარიზში გავიცანი ძალიან ცნობილი ფოტოგრაფი კლაუსი, რომელიც ადრე რომი შნაიდერის ფოტოგრაფი იყო და რომელსაც დღეს მას ჰოლივუდის მსახიობები: უილ სმიტი, შარლიზ ტერონი, ლეტიცია კასტა, ჯუდი ფოსტერი, მერილ სტრიპი, კატრინ დენევი, ჯაკლინ ბისე ჰყავს გადაღებული. მე ის ერთ-ერთ წვეულებაზე გავიცანი და მითხრა, რომი შნაიდერთან ვმუშაობდი, ძალიან მომეწონე, მას მაგონებ და მინდა, ფოტოები გადაგიღოო. კლაუსს ბევრი გადაღება აქვს, სულ მოგზაურობს და, როგორც კი ჩამოვა პარიზში, მაშინვე მოვაწყობთ ფოტოსესიას.
– გართობას თუ ახერხებ?
– როგორ არა, დავდივარ სხვადასხვა გამოფენაზე, წვეულებებზე ჩემს მენეჯერთან ერთად. ის ფრანგულ საღამოებზე მეპატიჟება, მე კი ქართველი მხატვრების გამოფენებზე ვეპატიჟები. როგორ შეიძლება, პარიზში ცხოვრობდე და მუზეუმებში არ წახვიდე?! ამიტომ, ნელ-ნელა ვეჩვევი მარტო სიარულს და საინტერესო ადგილების მონახულებას და დათვალიერებასაც ვახერხებ. აქ იმდენი რამ არის საინტერესო! ცოტა ხნის წინ ივ სენ-ლორანის გამოფენაზე ვიყავი, საოცარი იყო. კინაღამ ვიტირე, ისე მომეწონა.
– ახლო მომავალში რა გეგმები გაქვს?
– ივნის-ივლისი პარიზში ძალიან მნიშვნელოვანი თვეებია, „ფეშენ-ვიქი“ იწყება და მე მისთვის აქტიურად მამზადებენ.