რატომ შედიოდა კარიდან გამოშვებული გიორგი გურგულია პოლიციის განყოფილებაში ფანჯრიდან და როგორ უშრობდა ის სომეხ ქართულის მასწავლებელს სისხლს
არ მეგულება ადამიანი, ვისაც მსახიობი გიორგი გურგულია არ უყვარს. ის ძალიან ერთგული, ხალისიანი და კომუნიკაბელური პიროვნებაა. უამრავი მეგობარი და ნაცნობი ჰყავს და მათთან ბევრი საინტერესო ისტორია აკავშირებს.
როგორც თავად ამბობს, გიორგი ძალიან ცელქი ბავშვი ყოფილა და ამის გამო სულ შარში ყოფდა თავს. მეგობრის გამოც ბევრჯერ გაბმულა ხიფათში. და, ერთი სიტყვით, დღეს ამ ამბებს გიორგი სიამოვნებით და სიცილით იხსენებს.
გიორგი გურგულია: თუ ადამიანი ხარ, შესაბამისად, ისე უნდა იცხოვრო, რომ გასახსენებელიც ბევრი გქონდეს. მაგრამ, უკან მიხედვის და წარსულის გახსენების არ უნდა შეგრცხვეს. პირადად მე, ძალიან მიყვარს, როცა ჩემს თავს გადახდენილ ამბებს ვიხსენებ. არც ჩხუბის დროს დამიხევია უკან, აგურიც მომხვედრია, დაწვასაც გადავრჩენილვარ, კურიოზულ სიტუაციებშიც ხშირად გავხვეულვარ და არც გამოუვალი მდგომარეობიდან გამჭირვებია თავის დახსნა.
– ამბობენ, გიორგი ძნელად აღსაზრდელი ბავშვი იყო და ამის გამო ხშირად ხვდებოდა საინტერესო და სასაცილო სიტუაციებშიო. მართლა ასეა?
– ძნელად აღსაზრდელი კი არა, საზიზღარი ბავშვი ვიყავი (იცინის). მიკვირს, როგორ მიძლებდნენ. გამუდმებით ვჩხუბობდი და ამის გამო ბევრი სკოლის გამოცვლა დამჭირდა. სულ მრიცხავდნენ. ვაკის, ვერის, მთაწმინდის, პლეხანოვის, საბურთალოს სკოლები მოვიარე და ყველგან შევიძინე მეგობრები. რასაკვირველია, ყველგან თავისებური გაგება იყო და ჩხუბიც ხდებოდა. ამის გამო ისეთ შარში ვყოფდი ხოლმე თავს, ახლა რომ მახსენდება, მეცინება. ხან დანას მირტყამდნენ, ხან აგურს თავში და რა ვიცი, კიდევ რას აღარ. მაგრამ, მერწმუნეთ, უსამართლოდ არავინ დამიჩაგრავს. ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო ბავშვობის წლები მაქვს გავლილი – ჩხუბებით, ურთიერთობებით და საქმის გარჩევა-გამორჩევით. თან, მაგარი „მეძაღლე“ ბავშვი ვიყავი. მოვიჩვევდი ხოლმე უპატრონო, ქუჩის ძაღლებს და ჩემს „პადიეზდში“ ეძინათ მთელი უბნის „დვარნიაშკებს“. სკოლაში რომ მივდიოდი, მიმაცილებდნენ, მერე იქ მელოდებოდნენ და უკან მომაცილებდნენ ხოლმე სახლამდე. დაცვასავით მყავდა (იცინის). ისეთი ბავშვი ვიყავი, რომ ერთხელ უბნელებმა ჩემი დაწვაც კი სცადეს. ეტყობა იფიქრეს, ამას ისე ვერ მოვიცილებთ თავიდანო. დამიჭირეს, გამკოჭეს, დიდ ქვაბში ჩამსვეს და ცეცხლი დამინთეს დაბლიდან. თან, დაცვაში დააყენეს ერთი, სადმე რომ არ გავპარულიყავი და თვითონ წავიდნენ. აქაც ჩემმა მეგობარმა ძაღლმა მიხსნა. ღობეზე გადმოხტა, ის დაცვაში დაყენებული ტიპი დაკბინა და სიკვდილისგან მიხსნა. სიგიჟეებს მაშინ ჩავდიოდით თუ ჩავდიოდით. წარმოიდგინეთ, ფიცარზე ლურსმანს ვარჭობდით, ზედ რეზინას გადავჭიმავდით „შპილკით“ და ასე ვესროდით ერთმანეთს ტომსიკაში ჩაყრილ ქვიშას. მერე კი ტონობით წყალი გვჭირდებოდა, რომ ეს ქვიშა ჩამოგვებანა (იცინის).
– გიორგი, პოლიციელებთან როგორი ურთიერთობა გქონდა? მართლა ყოველდღე საჩივარი საჩივარზე იდებოდა ვაკის პოლიციის განყოფილებაში შენი „საგმირო“ ქცევების გამო?
– რაც შეეხება პოლიციასთან ურთიერთობას, იმდენჯერ მომიწია, რომ ალბათ ვეღარც დავთვლი (იცინის). საჩივრები მართლა ყოველდღე მიდიოდა ჩემზე ასეთი ტექსტით: გურგულიამ ფანჯარა ჩაამსხვრია... გურგულიამ ცეცხლი გააჩინა... გურგულიამ ქვა ისროლა... გურგულიამ სცემა... და რა ვიცი, კიდევ რა აღარ ეწერა იქ. რომ მიმიყვანდნენ, მილიციელები ხელებს ირტყამდნენ თავში – ვა, კაცო, ისევ ეს მოიყვანეთ! რა გინდა შვილო, სისხლი გინდა გაგვიშროო. ახლა რომ ვუფიქრდები, მართლა საინტერესო ცხოვრების გზა მაქვს გავლილი. არ დამავიწყდება, ერთხელ, ჩხუბი მოხდა სკოლაში. რასაკვირველია, მეც ჩავები და დარტყმის დროს ერთმა ტვინის შერყევა მიიღო. მეორე დღეს სკოლაში არ წავედი, ვიცოდი, რაც ატყდებოდა და ვიფიქრე, ავცდები შარს-მეთქი. მოკლედ, მეორე დილით, სკოლაში მისულა მილიცია და მთელი ჩემი კლასი დაკითხვაზე წაუყვანიათ ვაკის პოლიციაში. შორიახლოს მივედი სკოლასთან და კლასელ გოგონებს გამოვკითხე ამბები. თან ვინმეს რომ არ შევემჩნიეთ, ვაკის პარკში გადავწყვიტეთ წასვლა და იქ საუბარი. დავჯექით თუ არა სკამზე, მომიახლოვდა ერთი ცნობილი მილიციელი, რომელსაც „კენჭიას“ ეძახდნენ და მითხრა, წავედით ახლა ვაკის პოლიციაში, დაკითხვაზეო. მოკლედ, ვერ ავცდი შარს. მიმიყვანა და რომ დამინახეს, გადაირივნენ. თან, გავიჭიმე, კლასელებს დავუწყე გაქაჩვა, არ დაწეროთ ახსნა-განმარტებები, არ გახდეთ ჩამშვებები-მეთქი. მიკრეს თავი ცალკე ოთახში. ავდექი, ფანჯრიდან გადავძვერი და მეორე ფანჯრიდან იქ შევედი, სადაც ჩემი კლასელები ისხდნენ და სულ ნაკუწებად ვაქციე მათი დაწერილი ახსნა-განმარტებები. გადაირია პოლიციის უფროსი, ეს ვინ არის, კაცო, ამან უნდა მომკლას? მოაშორეთ აქედან ეს უბედური ბავშვი, ამის გადამკიდე მშვიდად ვეღარ გვიმუშავია, კარიდან ვუშვებთ და ფანჯრიდან შემოდისო (იცინის). ერთი სომეხი ქართულის მასწავლებელი მყავდა, სახელად სონია. მე მოფერებით სონიჩკას ვეძახდი. მაგარი სასაცილო ქალი იყო, რომ გამწარდებოდა და ყვირილს იწყებდა, მე სიცილით ვიხეოდი. სულ ვამწარებდი. ცქვიტი ბავშვი ვიყავი, იმას კიდევ იმხელა უკანალი ჰქონდა, ძლივს დაჰქონდა. ერთხელაც, გაკვეთილზე გავაბრაზე, აეფოფრა თმა, წამოხტა სკამიდან, გავიქეცი, გამომეკიდა და მერხებს შორის თავისი დიდი უკანალით გაიჭედა. მეტი რა გვინდოდა ბავშვებს, იმდენი ვიცინეთ, კინაღამ გავიგუდეთ. თან, ყვიროდა სონიჩკა მასწავლებელი – რა გაცინებთ თქვე საზიზღრებო, მოდით გამომაძვრინეთ, ხომ ხედავთ გავიჭედეო (იცინის). ახლა რომ მახსენდება ეს ამბები, კი მეცინება, მაგრამ, მიკვირს, როგორ მიძლებდნენ და არ მკლავდნენ. სხვათა შორის, ერთხელ მართლაც მესროლეს. ერთს რომ მოვუყევი ეს ისტორია. მისმინა და ბოლოს შეწუხებულმა მკითხა – უი, გადარჩიო? მე კიდევ სერიოზულად ვუპასუხე, არა, დამხვრიტეს-მეთქი (იცინის).
– ესე იგი, უბანში, შენი ადგილი გეჭირა და უბატონოდ ხმას ვერავინ გცემდა. სხვათა შორის, ისიც გავიგე, გიორგი სულ „საპოჟნიკის“ „ბუტკაში“ იჯდა და ზოგს ეგონა, იქ მუშაობდაო. კი მაგრამ, რას აკეთებდი იქ?
– მართლა საინტერესო უბანში გავიზარდე. მაგრამ, დამიჯერეთ, არც „საპოჟნიკის“ დანით მივლია და არც ვინმესთვის გამირტყამს ხელი უსამართლოდ. არ დამავიწყდება, ერთხელ, ჩემს ქუჩაზე სტუმრად იყო თურქი ბიზნესმენი ჩამოსული. მაგრად აქეიფეს და დილით ადრიანად რომ გამოვიდა უბანში და ცოცხით ხელში დაინახა შავულვაშებაპრეხილი ქურთი მეეზოვე, თვალები ჭყიტა. ვა, ეს რა ხდება, ჩვენ ესენი ტერაქტებით გვიკლებენ და თქვენ აქ ასე როგორ „დააჩმორეთ“ რომ ცოცხი დააჭერინეთ დილაადრიან ხელში და ქუჩას ხვეტავსო (იცინის). ვაკეში ერთი მაგარი „საპოჟნიკი“ იყო, ძველი ვაკელი სომეხი არმენა, თავისი განუმეორებელი „ბუტკით“. ის იყო ჩემი „მოამბეც“, „კურიერიც“, და ერთი სიტყვით ყველა ერთად აღებული საინფორმაციო. მივიდოდი მის „ბუტკაში“, დავჯდებოდი და მიყვებოდა მთელი ვაკის ჭორებს – უბანში ვის ვინ უყვარდა, ვის ვინ ემტერებოდა, ვინ ვისი ნაშა იყო და ასე შემდეგ. ისეთი წებოს სუნი იდგა, იქიდან „კაიფში“ გამოვდიოდი (იცინის). რომ მეკითხებოდნენ, სად მიდიხარო, ვხუმრობდი ხოლმე, არმენასთან მივდივარ „ჩასაკაიფებლად“-მეთქი. ისიც „მაბოლებდა“ ცხელ-ცხელი ჭორებით. მეორე მაგარი „საპოჟნიკი“ კი მთაწმინდაზე იყო, კუნფუისტი მაგარი კაცი. ტიბეტში იყო ნაცხოვრები და დღესაც არ ვიცი, რატომ „საპოჟნიკობდა“. მასთან მისვლა მიყვარდა. დავჯდებოდი და ველოდებოდი, როდის მოვიდოდა პრეტენზიული კლიენტი და ეს როგორ „დააკუნფუისტებდა“ (იცინის). მახსოვს, მაგარი დაბნეული ვინმე იყო. სულ კარგავდა გასაკეთებლად მიტანილ ფეხსაცმელებს. მერე ძველი ბიჭები ჩაერეოდნენ და იყო ერთი ჩხუბი და დაკა-დაკა ამ ძველი ფეხსაცმლის გამო. ის კიდევ კუნფუს ილეთებს იყენებდა და მე მეტი რა მინდოდა? ვიჯექი და ვიცინოდი. ახლა გამახსენდა ერთი მაგარი სასაცილო ამბავი. მოკლედ, იმერეთში გასვენებაში მოვხვდი. გასვენებამდე, ჯერ სუფრა გაშალეს, შესანდობარი თქვეს და მერე გაიდეს მიცვალებული მხარზე. სასაფლაო ცოტა შემაღლებულ ადგილას იყო. ძლივს მიჰქონდათ მხარზე გადებული კუბო. ჭირისუფლები კი ისეთი მთვრალები იყვნენ, გზადაგზა ისვენებდნენ და ვეღარ ეწეოდნენ თავის მიცვალებულს. უცებ, წინ ვინც იდგა, მოუბრუნდა უკან მდგომ კუბოს ამწევს და ჰკითხა, იმდენი დალია ამისმა პატრონმა ქელეხში, გაიხედე ერთი, უკან მოგვდევს, თუ გვაჩუქა ეს საცოდავი მკვდარიო (იცინის).
– ქალებთან ურთიერთობაში როგორი იყავი, თუ იგდებდი შარში თავს მათ გამო?
– რა ვიცი, ჯერ ჩემგან განაწყენებული ქალი არ მინახავს და რა გითხრათ. (იცინის). თუმცა, ერთ საინტერესო და სასაცილო ამბავს კი მოგიყვებით. მოკლედ, ერთ ცნობილ თბილისელ კომენტატორ კაცს საყვარელი ჰყავდა მეზობლად. ერთ დღესაც გამოუცხადა ცოლს, მე მივლინებაში მივდივარ, ჩამილაგე ჩემოდანი და აბა, შენ იცი, კაციც შენ ხარ და ქალიც ოჯახში, სამ დღეში დავბრუნდებიო. თვითონ მეორე სართულზე ცხოვრობდა, ის საყვარელი კი მესამეზე. მოკლედ, გავიდა, ვითომ წავიდა მივლინებაში და სინამდვილეში მესამე სართულზე „გამოიჭიმა“ საყვარელთან. მეორე საღამოს, საყვარელმა სთხოვა, ნაგავი გადაყარეო, ადგა საწოლიდან, შემოიცვა მისი ყვავილებიანი, ფუშფუშა ხალათი, დაავლო ხელი ვედროს და გავიდა გადასაყრელად. გადაყარა, აუყვა კიბეს, დარეკა ზარი, გაიღო კარი და... ცოლი არ შერჩა ხელში? თურმე, სართული არევია. იქ ამბავი ატყდა, მტრისას (იცინის). ასეთი „საგმირო“ საქმე ნამდვილად არ ჩამიდენია, მაგრამ ეს ამბავი რომ მომიყვნენ და წარმოვიდგინე იმ კაცის სახე, კინაღამ გავიგუდე სიცილით.