კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის უმღეროდა სამშობიაროში გუჯა ბურდული სერენადებს და რატომ უნდოდათ მის ოჯახში უმცროსი ვაჟის გაშვილება



„მოცურავე“, „ბეღურების გადაფრენა“, „უძინართა მზე“... – ეს ის ფილმებია, რომლებითაც გუჯა ბურდულს საზოგადოება კარგად იცნობს. ბატონი გუჯა უაღრესად საინტერესო ადამიანია და მისმა შვილებმაც – ლადომ, ბაკურმა და მაკამ, ცხოვრებაში ბევრი გააკეთეს, რომ მათი ოჯახი კიდევ უფრო საინტერესო გამხდარიყო.



– ბატონო გუჯა, გაიხსენეთ თქვენი ახალგაზრდობა, როგორი ბიჭი იყავით?

– ბავშვობაში პიონერთა სასახლეში დავდიოდი, ვცეკვავდი, სხვადასხვა ანსამბლში ვმღეროდი. კრივზე დავდიოდი მალულად, მშობლებს რომ არ გაეგოთ. ხოკეისაც ვსწავლობდი, საქართველოს ნაკრებში ვიყავი. მერე ეს ყველაფერი ძალიან გამომადგა. თეატრალურ ინსტიტუტში რაც უნდა მესწავლა, უკვე ნასწავლი მქონდა. ავლაბარში, მტკვარზე, ძველ ელექტროსადგურთან ახლოს, სპორტული ბაზა იყო და იქ ვვარჯიშობდით ჯომარდობაში მე და ჩემი მეგობრები. წყალს მაზუთი მოჰქონდა და რომ ამოვყირავდებოდით, სულ მაზუთში ვიყავით ამოსვრილები. ნავთი გვქონდა და იმით ვიწმენდდით. მერე სავარჯიშოდ თბილისის ზღვაზე წაგვიყვანეს. ინსტიტუტში რომ მოხვედრილიყავი, მუშაობის ერთი წლის სტაჟი მაინც უნდა გქონოდა. ამიტომ მაშველად მოვეწყვე.

– თქვენს მშობლებზეც გვიამბეთ.

– სასწაული მშობლები მყავდა. იმ ცხოვრების ადამიანები იყვნენ, რომლებმაც საქართველო ასეთი ლამაზი შეგვინარჩუნა აქამდე. ყველა უყვარდათ. ჩვენს ოჯახში პურმარილი არ ილეოდა. იმ სიყვარულმა მთელ სანათესაოს შემოუნახა ერთმანეთი. დედაჩემი, როცა ქალები შეიკრიბებოდნენ სუფრასთან, თამადობდა. ვაჟკაცური ქალი იყო და კარგად გამოსდიოდა. სხვათა შორის, მამაკაცებს თავისუფლად ათრობდა. მის გაკეთებულ კერძებს ახლაც ვნატრობ. ჩემი მეუღლეც არაჩვეულებრივად ამზადებს, მაგრამ დედის მომზადებული სულ სხვა იყო. ნათქვამია – სანამ დედა მყავს, არ დავბერდებიო. 22 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები რომ გარდაიცვალნენ.

– როგორ გახდით მსახიობი?

– მსახიობობაზე არასდროს მიფიქრია. კარგად ვუკრავდი გიტარაზე და ვმღეროდი. მეგობარმა მოინდომა, ჩემი სიმღერა, როგორც თილისმა, ისე ყოფილიყო მის ფილმში. როცა თამაში შემომთავაზა, ვუთხარი – მეორედ ამაზე აღარაფერი მითხრა, თორემ, შეიძლება, დაგკარგო-მეთქი. ფილმს „რეისი პირველი, რეისი უკანასკნელი“ ჰქვია, ბუხუტი ზაქარიაძე და რუსი მსახიობები თამაშობენ. მერე მითხრა: ორი სახალხო არტისტია და ერთი სიმღერა უმღერეო. ჯერ პურმარილი გავუწყვე, ფული არ ჰქონდათ. ჩემი თავი თქვენ გენაცვალოთ, მაგრამ გადაღებაზე უარზე ვარ-მეთქი. ჩუმად მოილაპარაკეს, გუჯის ამ ადგილას დავსვამთო. დავჯექი. კამერა მომზადებული იყო. მერე მთხოვეს, თუ შეიძლება, ბარემ მწვადთანაც მიდიო და ასე გადამიღეს. მასალა რომ ვნახე, მომეწონა. ვიფიქრე, კარგია, ამას ჩემი შვილიშვილები, შვილთაშვილები ნახავენ, ეკრანს შემოვრჩები ისეთი, როგორიც ვარ-მეთქი და საკუთარ თავს აღარ გავუწიე წინააღმდეგობა. მას შემდეგ უამრავი ფილმი იყო – ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, მოსკოვში, კიევში. უკვე მოთხოვნილებაში გადამივიდა, კინოში მეტი და მეტი სახე შემექმნა. მეტწილად ბანდიტებს მათამაშებდნენ.

– ბაბლუანის „უძინართა მზეზე“ როგორი აღმოჩნდა მუშაობა?

– „უძინართა მზე“ – ეს იყო პიკი ჩემი შემოქმედების. თემურ ბაბლუანთან მუშაობა ყველა ადამიანს მოუნდებოდა. ამ ფილმის სცენარისტიც, ოპერატორიც, კომპოზიტორიც და ყველაფერი თვითონ არის. იყო შემთხვევები, როცა ოცდაათი დუბლის გადაღება დასჭირდა. მაშინ ფირის საშუალება იყო და არ ენანებოდათ მისი დახარჯვა. გინესის წიგნშია შესაყვანი ამ თავისი დუბლებით და ისედაც, ძალიან ნიჭიერი კაცია.

– რამდენიმე წლის წინ მოსკოვში კინოფესტივალზე „ნიკას“ პრიზი აიღეთ ამ ფილმში თამაშისთვის. რას გაიხსენებთ?

– დიახ! „ნიკას“ პრიზი – ეს გახლავთ აკადემიური პრიზი. თემურ ბაბლუანს სცენარისთვის მისცეს, მე – მსახიობობისთვის. რეჟისურაში ნიკიტა მიხალკოვს მისცეს, თორემ, შეიძლებოდა, რეჟისურაშიც თემური გასულიყო. ხომ იცი, თავიანთ ქვეყანაში თავიანთ პირობებს გიქმნიან.

ქალბატონი ინეზა (გუჯა ბურდულის მეუღლე): ლადო 26 ივლისს ყოფილ ლენინის ქუჩაზე მდებარე სამშობიაროში დაიბადა. კინოკადრივით მახსოვს, გუჯი როგორ შემოიპარა სამშობიაროში და ერთმანეთს მარმარილოს დიდ კიბეებზე შევეგებეთ. ისიც მახსოვს, რა ეცვა – თეთრი, ლამაზი პერანგი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ლადო რომ დაიბადა, მეგონა, პატარა უფლისწული გაჩნდა-მეთქი. ერთი წლის მერე, ზუსტად ლადოს დაბადების დღეს, გაჩნდა მაკა. დაბადების დღეს ვერ იყოფდნენ. მეგობრები გუჯის ეუბნებოდნენ – ბიჭო, როგორ მოარტყი ასე ზუსტადო. ათი წლის შემდეგ ბაკური გაჩნდა, ლადოს და მაკას არ უნდოდათ მისი გაჩენა. რა საჭიროაო, – ამბობდნენ. გუჯის ჰყავდა ერთი შესანიშნავი, ულამაზესი, უშვილო დეიდა და ბავშვებს ვეუბნებოდი, თუ არ გინდათ, მაშინ, მას შვილი არ ჰყავს და ვაჩუქებ-მეთქი. ბოლოს დამთანხმდნენ – ჰო, კარგი იყოსო. ლადო უფრო გულმოწყალე ბავშვი იყო. ბაკურიც ლენინის ქუჩაზე დაიბადა. სკოლიდან გამოივლიდნენ და ბავშვს ფანჯრიდან ვანახვებდი. გუჯი თავის მეგობრებთან ერთად მოდიოდა და სერენადებს მიმღეროდა. ექიმები მეხვეწებოდნენ, უთხარი, არ წავიდნენ, კიდევ იმღერონო.

– არ იყო რთული სამი შვილის აღზრდა, განსაკუთრებით, როცა მათი სწავლა-განათლების დრო დადგა?

– ძალიან მინდოდა, ლადო მსახიობი ყოფილიყო, იმიტომ, რომ ათამდე ფილმშია გადაღებული გოდერძი ჩოხელთან, ნანა ხატისკაცთან და თენგიზ მაღალაშვილთან არსენას როლში, მაგრამ უარი თქვა მსახიობობაზე და მუსიკას გაჰყვა, კონსერვატორია დაამთავრა. ჩვენ ძალიან დემოკრატიული მშობლები ვართ, არ ვეწინააღმდეგებით მათ სურვილებს, რაც მათ უნდათ, ჩვენც ის გვინდა. ვერ ვიტან, როცა მშობლები ურჩევენ შვილებს პროფესიას. კონსერვატორიაში რომ სწავლობდა, მერე სამხატვრო აკადემია მოინდომა. საბუთები გამოჰქონდა. მაშინ რექტორი სულხან ცინცაძე იყო და უთხრა – მამაშენი მოვიდეს და მან მთხოვოსო. ვეუბნებოდი, ბიჭო, „მალიარი“ უნდა გამოხვიდე-მეთქი? ისეთი რა მხატვარი უნდა გამოსულიყო, რომ ღირებული ყოფილიყო. ვფიქრობდი, რომ მისი ადგილი უფრო მუსიკაში იყო.

– თქვენ და თქვენი შვილები სხვადასხვა თაობის ადამიანები ხართ. არ გიჭირთ მათი მუსიკის, აზრების, თუნდაც, ჩაცმის სტილის გაგება?

– მართალი გითხრათ, არ მესმის მათი მუსიკა, მაგრამ პატივს ვცემ, იმიტომ, რომ თვითონ მოსწონთ. სულ ეუბნებიან – მამათქვენის მერე როგორ მღერითო. რაც შეეხება ჩაცმის სტილს, გუჯიც საოცრად ავანგარდი იყო ახალგაზრდობაში. დაბალწელიანი შარვალი ეცვა, ბრტყელი ქამრით. არ იყო სტანდარტული და შვილებიც მას დაემსგავსნენ. ლადო ყველგან თავისი გარეგნობით და ხვეული, გრძელი თმით იქცევს ყურადღებას. ეტყობა, მუსიკაა ისეთი, რომ თავზე თმა ამოჰყავს. ბაკური, ნაბოლარა რომ იყო, სულ მეცოდებოდა და მინდოდა, რაღაცაში მივხმარებოდი. ისევ ლადოს დამსახურებაა, უბანს, ძველბიჭობას რომ მოსწყვიტა და მუსიკაში ჩართო. ჩემი დევიზია – „ტყუილა ჯდომას ტყუილად შრომა ჯობს“. არ ვიტყვი, რომ ჩემი შვილები გენიოსები არიან, მაგრამ მიმაჩნია, რაღაცას აკეთებენ. ბაკურს სულ ვეუბნებოდი – მამაშენს ჰკითხე, ლადოს ჰკითხე, მოგეხმარებიან-მეთქი. მთიული არ არის?! რომ იტყვის – მორჩა.

– თქვენი სამსახიობო კარიერა რატომ არ შედგა?

– თეატრალური კი დავამთავრე, მაგრამ ყველაფერზე წინ ოჯახი დავაყენე. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რაც გუჯის უნდოდა, რატომღაც, მეც ის მინდოდა. თუ გუჯის არ უნდოდა, არც მე მინდოდა. იყო ბევრი შემოთავაზება, რამდენიმე ფილმშიც გადამიღეს, მაგრამ მაინც... ჩემმა შვილიშვილმა გადაწყვიტა, ავანგარდული ფოტო-ფილმი გადაეღო. ეს იყო გერმანიის დაკვეთა ბერლინის კედელთან დაკავშირებით. გუჯი – ქართველ მებაღეს და მე გერმანელ ქალს ვთამაშობდი, რომელმაც ეს კაცი ბაღის მომვლელად დაიქირავა. ფილმი ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ კანის კინოფესტივალზე ათჯერ აჩვენეს. გადაღებები ბოლნისში, ერთ-ერთ გერმანულ სოფელში, გერმანელების მიერ აშენებულ, ერთ მიტოვებულ სახლში მიდიოდა. არ იყო იმხელა ბიუჯეტი, რომ გერმანიაში წავსულიყავით და ამიტომ აქ გადაიღო.

– ლადომ ბევრჯერ შექმნა ოჯახი და ყველა მისი ცოლი ლამაზი იყო. თქვენ რას გვეტყვით ყოფილ რძლებზე?

– ლადოს პირველი ცოლი ჰყავდა ოფიციალურად, დანარჩენი ისე ჰყავდა. თუმცა, სამი-ოთხი წელი რომ იცხოვრებ ქალთან, მიმაჩნია, რომ ცოლი ჰქვია. მასთან ქალიშვილი ჰყავს, რომელიც ლონდონში სწავლობს. თეჯი ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგოა. პირველად რომ ჩავიდა ლონდონში, მოდელობა უნდოდა, მაგრამ მერე თავი დაანება, იმიტომ რომ, თუ ცნობილი მოდელი არ ხარ, არ გიხდიან. ლადოს მეორე გოგონაც ჰყავს, მესამე შვილი კი თებერვალში დაიბადება. ბაკური 34 წლისაა. ახლა ინგლისში აქვს მიწვევა და ამბობს, იქიდან რომ დავბრუნდები, ცოლს მოვიყვანო.

– როგორც ვიცი, თქვენ და თქვენმა მეუღლემ ერთმანეთი ქუჩაში გაიცანით, მოგეწონათ და თქვენი ქმარი გახდა. გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო ეპიზოდი.

– რუსთაველზე მივდიოდი, სასტუმრო „ივერიასთან“ ჩემი მეგობარი, მსახიობი თეა გაბუნია შემხვდა. ვსაუბრობთ. გავიხედე და დავინახე გუჯის სურათი. გავგიჟდი, გადავირიე, ისე მომეწონა და ვუთხარი, ნახე, რა კარგი ბიჭია-მეთქი. თეა მეუბნება – აი, ახსენე და მოდის კიდეც. ახლა უნდა გაგაცნოო. ეტყობა, მართლა ბედისწერა იყო, რომ ეს ლამაზი ბიჭი დღეს ჩვენი ოჯახის უფროსია. ოთხი წელი დავდიოდით. სულ ვამბობ, რომ მოვკვდები, ქვაზე დააწერეთ – ის წლები ყველაზე საინტერესო წლები იყო ჩემს ცხოვრებაში-მეთქი.



ეკა პატარაია


скачать dle 11.3