კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-22(492)


ნატამ კეთილგანწყობილად გაუღიმა მათეს და უთხრა:

– დავივიწყოთ, რაც მოხდა, დაისვენე. ძალიან მძიმე დღე გქონდა და ძილი არ გაწყენდა.

– მთელი ჩემი ცხოვრება ასეთი მძიმე დღეებია.

– მით უმეტეს, – თავზე ხელი გადაუსვა გოგონამ მათეს, – ცოტა დასვენება შენც გეკუთვნის და ნუ მოიკლებ. რა იცი, წინ რა გელოდება და ენერგიულად უნდა იყო.

– რა უნდა მელოდეს, კარგი არაფერი.

– რას იზამ, მათე. ასეთი გზა ავირჩიეთ და ახლა უკვე გვიანია ყველაფრის შეცვლა.

– სამწუხაროდ, მასეა, – სახე დაეღრიჯა მათეს, – საშინლად მტკივა თავი და ვერ ვიძინებ, იქნებ „სნატვორნი“ მომცე.

ნატამ მათეს ძილის წამალი დაალევინა. ათიოდე წუთიც დაელოდა და რომ ჩაეძინა, თავის ოთახში დაბრუნდა. დერეფანში მდგომ მცველებს უთხრა:

– შეგიძლიათ, დაისვენოთ. ძილის წამალი მივეცი და შუადღემდე თვალს არ გაახელს.

ნატა ძალიან დაღლილი იყო და მალევე მკვდარივით ჩაეძინა. მცველებმა კი ნახევარი საათიც იფხიზლეს, რომ დარწმუნდნენ, მათეს ეძინა, თავადაც დასაძინებლად დაწვნენ და მალევე ჩაეძინათ.

მათემ კი კვლავ ყველა მოატყუა – დასაძინებელი წამალი ენის ქვეშ ჰქონდა დამალული და ნატა რომ წავიდა, პირიდან გადმოაგდო. შემდეგ ერთი საათი კიდევ მოიცადა და რომ დარწმუნდა, ყველას მკვდარივით ეძინა, წამოდგა და ჩაიცვა. ფრთხილად გავიდა ოთახიდან და ისე უჩუმრად დატოვა კონსპირაციული სახლი, რომ არავის არაფერი გაუგია.

ზვიადმა საათს დახედა. ისრები ღამის ოთხს უჩვენებდნენ და განათებული თბილისის ქუჩებში კანტიკუნტად მოძრაობდნენ მანქანები. მათემ კონსპირაციული სახლიდან წამოღებული პისტოლეტი ხელით მოსინჯა, შემდეგ ტაქსი გააჩერა და მძღოლს ჰკითხა:

– გცალია?

– რომ არ მეცალოს, გაგიჩერებდი? ვმუშაობ. საით მიდიხარ?

– გლდანში.

– ოცი ლარი, – კატეგორიულად თქვა ტაქსის მძღოლმა.

– ოცი ლარი რა, დეკეულია? – ჩაეცინა მათეს, რომელსაც ერთი ლარიც არ ჰქონდა ჯიბეში და ტაქსისტს იმიტომ გაუბა ლაპარაკი, რომ მისი ყურადღება მოედუნებინა.

– არ გაწყობს და სხვა მანქანა მონახე ან ფეხით წადი, მე კი წავედი, – თქვა ტაქსისტმა და მანქანის დაძვრა დააპირა, მაგრამ მათემ გააჩერა.

– რა სხვა მანქანა, თანახმა ვარ, მოიცადე, – მათემ მანქანას შემოუარა, მძღოლის გვერდით ჩაჯდა და გაუღიმა.

– წინასწარ გადაიხადე, – უთხრა მძღოლმა მათეს და ეჭვიანი მზერა მიაპყრო.

– ბაზარი არაა, – თქვა მათემ. შემდეგ პისტოლეტი ამოაცურა, მძღოლს მიუშვირა და კბილებში გამოსცრა, – მანქანიდან გადადი, შე ნაბოზარო და პოლიციას არ შეატყობინო, თორემ მოგძებნი და მოგკლავ!

– რას მერჩი, ძმაო? – თქვა ხმააკანკალებულმა ტაქსისტმა, – ცოლ-შვილი მყავს და ეს მანქანა ჩემი ოჯახის მარჩენალია, არ წამართვა...

– შენი დრანდულეტი რა „სირად“ მინდა, ქუჩაში დავტოვებ და დღისით იპოვი. მაგრამ იცოდე, რომ გათენებამდე პოლიციას არაფერი შეატყობინო. გაიგე?

– გავიგე, – ამოილუღლუღა ტაქსისტმა და მანქანიდან გადავიდა. მათემ კი ტაქსი ადგილიდან დაძრა და წავიდა.

***

მათეს გაუჩინარება პირველმა ნატამ შენიშნა, როდესაც მის ოთახში შევიდა, ლოგინი ცარიელი დახვდა და იქვე დაგდებული საძილე აბიც დაინახა. ახალგაზრდა მაიორ გოგონას სიმწრის ოფლმა დაასხა და ჩაილაპარაკა: „მომატყუა ამ ბებერმა ნაბოზარმა, მაგრამ მიწიდან ამოვთხრი“, – შემდეგ, მობილური ტელეფონი გაშალა, რომელიც შეუჩერებლად რეკავდა და უპასუხა.

– დიახ, გისმენთ.

– როგორაა საქმე, – მოესმა ნატას მამაკაცის ბოხი ხმა.

– აქ უნდა მოხვიდე და ვილაპარაკოთ.

– გასაგებია, მოვდივარ, – თქვა ბოხხმიანმა. ის მიხვდა, რომ მათე გაიქცა და ტელეფონი გათიშა.

ტელეფონი გათიშა ნატამაც. შემდეგ მცველები გააღვიძა და უთხრა:

– გაგვექცა, მაგრამ თქვენი ბრალი არაა. ახლა წადით და საჭირო რომ იქნებით, დაგირეკავთ.

მცველები წავიდნენ. ნატა კი ბოხხმიანის შესახვედრად მოემზადა, რომელიც მათი ორგანიზაციის შეფი იყო და გადამწყვეტი სიტყვა ეთქმოდა. გოგონა ძალიან ნერვიულობდა. იცოდა, რომ ორგანიზაციის საიდუმლოს გათქმისთვის, უეჭველი სიკვდილი ელოდა და ისე იყო მათეზე გამწარებული, რომ მზად იყო, სადისტურად მოეკლა.

„ყველაფრის ღირსი ვარ, – ფიქრობდა ნატა, – არ უნდა მომეტყუებინა თავი და რაც მელოდება, ჩემზე ახია“. ამასობაში, ბოხხმიანიც მოვიდა, რომელმაც თავისი „ჯიპი“ სახლის წინ დააყენა, შენობაში შევიდა და ნატას მშვიდად უთხრა:

– გაგექცა?

– კი, – მოკლედ უთხრა ნატამ.

– ძალიან ცუდი მისთვის. ან ამერიკელები „ააგდებენ“, ან ჩვენი „ძაღლები“, ან კი, რაც ყველაზე ცუდია, რუსები. მათ ხომ იციან, რომ მათე ცოცხალია და სპეცჯგუფები უკვე აამოქმედეს. ხომ არ ჰგონია იმ კრეტინს, რომ ისევ დავიხსნით. მორჩა, ხელები დაგვიბანია!

– საქმე ბევრად უფრო ცუდადაა, – თქვა წამოწითლებულმა ნატამ.

– ვერ გავიგე? – კოპები შეკრა ბოხხმიანმა.

– საქმე ისაა, რომ მათეს ყველაფერი მოვუყევი ჩვენ შესახებ.

– ყველაფერი მოუყევი?

– დიახ, მეგონა, რომ აღარ მომატყუებდა. მით უმეტეს, რომ ჩვენთან ყოფნას დათანხმდა. თუმცა, მაინც მომატყუა.

– უსაფრთხოების ზომები რატომ არ მიიღე?

– მივიღე. მცველებიც მყავდა აქ და პირველად რომ გაიქცა, მალევე მოვახერხე მისი უკან დაბრუნება. შემდეგ საძილე წამალი მოითხოვა და ამან შემაცდინა. ჩემ თვალწინ დალია და ვერ მივხვდი, რომ ენის ქვეშ დაუმალავს. ყველანი ძალიან დაღლილები ვიყავით და მკვდრებივით ჩაგვეძინა. ის კი კატასავით უჩუმრად გაიპარა და, პისტოლეტიც ხელს გააყოლა.

– ძალიან ცუდია. რას აპირებ?

– მათეს კვლავ მოხელთება ძალიან რთულია, – ზოგადად თქვა ნატამ.

– ხომ იცი, თუ როგორ ისჯება ჩვენი საიდუმლოს გამცემი?

– ვიცი. მაგრამ, არ მგონია, რომ მათემ ვინმეს უთხრას. მას სულ სხვა პრობლემები აქვს და ამისთვის, უბრალოდ, არ სცალია, ან რაში სჭირდება, საერთოდ.

– ასეა თუ ისე, შენ მაინც არ გეხსნება პასუხისმგებლობა, – მშრალად თქვა ბოხხმიანმა.

– მე ეს არც მიცდია და რაც დავაშავე, მზად ვარ, პასუხი ვაგო, თუნდაც, ახლავე, – ამაყად თქვა ნატამ.

ბოხხმიანმა გოგონას ცივი მზერა ესროლა და უთხრა:

– შენს საკითხს დიდი საბჭო გადაწყვეტს დღესვე. შენ კი აქ იყავი, ფეხი არსად გაადგა. ტელეფონი გამორთე და ჩვენს გამოგზავნილ კაცს დაელოდე, რომელიც ყველაფრის საქმის კურსში ჩაგაყენებს.

ნატას არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, თუ რას ნიშნავდა ბოხხმიანის სიტყვები. გოგონამ იცოდა, რომ სულ მალე მას შემსრულებელი მიაკითხავდა და მოკლავდა. თუმცა, სიკვდილის არ ეშინოდა და მხოლოდ იმას ნანობდა, დასახულ მიზანს რომ ვეღარ მიაღწევდა და კოლეგებს მის გარეშე მოუწევდათ ბრძოლა. ამიტომ, ბოხხმიანს თვალი თვალში გაუყარა და უთხრა:

– მე ყველაფრისთვის მზად ვარ. გელოდები.

– მე წავედი, ნატა, ნახვამდის, – უთხრა ბოხხმიანმა და კარისკენ გაემართა. გოგონამ მშვიდად უპასუხა:

– მშვიდობით.

ბოხხმიანს უკან აღარ მოუხედავს და კარის სახელურს წაეპოტინა, მაგრამ კარი გაიღო და ზღურბლზე მათე გამოჩნდა...

– აი, ჩემი მხსნელიც, – თქვა ნატამ, რომელსაც ერთი წუთის წინ საშინლად სძულდა მათე, მაგრამ მისი ნახვა ძალიან გაუხარდა, რადგან იცოდა, რომ მისი წყალობით სიკვდილს გადარჩა.

ბოხხმიანი განზე გადგა და მათე ყურადებით აათვალიერ-ჩაათვალიერა. შემდეგ ნატას მიუბრუნდა:

– უზარმაზარი ლოდი მომეხსნა გულიდან და მოხარული ვარ, რომ ასე მოხდა. იმედია, კატათაგვობანას თამაში მორჩა და ბატონი მათე, ამ, ისედაც დაწყვეტილ ნერვებს, კიდევ უფრო არ დაგვაწყვეტს.

– კატათაგვობანას გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს, – ჩაეცინა მათეს, – მით უმეტეს, ჩვენნაირი ხალხისთვის. ცხოვრება ულმობელი თამაშია.

– მე ვგულისხმობ, რომ ჩვენს შორის მორჩა კატათაგვობანას თამაში, – დააკონკრეტა ბოხხმიანმა.

– იმედი ვიქონიოთ, ბატონო გიზო, – თქვა მათემ.

ბოხხმიანს სახე შეეცვალა, ნატას შეხედა და საყვედურით უთხრა:

– შენ მართლა ყველაფერი მოგიყოლია ჩვენი მეგობრისთვის, ჩემო გოგონა.

ნატამ პირი დააღო პასუხის გასაცემად, მაგრამ მათემ დაასწრო:

– ტყუილად ეჭვიანობთ. ნატას არ უთქვამს თქვენი სახელი.

– აბა, საიდან იცით?

– ფოთიდან.

– ფოთიდან? – გაიმეორა ბოხხმიანმა, – ვერაფერს ვხვდები.

– ფოთში გნახეთ, როდესაც თქვენ კეისს ესაუბრებოდით და მან კი თქვენ გარეშე ისურვა თავის ხელქვეითებთან საუბარი.

– კეისთან, ფოთში, ისურვა, – გაიმეორა ბოხხმიანმა, – კი, ბატონო, მართალს ბრძანებთ, მაგრამ თქვენ საიდან იცით, ეს ყოველივე.

– პირადად დავესწარი და იქიდან.

– კონკრეტულად?

– ხე, რომელთანაც თქვენ იდექით და საუბრობდით პირატის კუნძულზე, სამალავია. მე კი იმ სამალავში ვიჯექი.

– რა მარტივია, – გაეცინა ბოხხმიანს, – აბა, რას წარმოვიდგენდი?! თქვენ ისიც გეცოდინებათ, თუ რაზე ესაუბრა კეისი თავის ხელქვეითს.

– ჩემს დაჭერაზე. თქვენ კი კრეტინებს გიწოდებდათ, უნდობლობას გამოხატავდა თქვენ მიმართ და ამბობდა, არ იციან, რა უწყებიდან ვართო.

– ძალიან კარგი, რომ მასე ეგონა, მაგ მართლაც კრეტინს, ხომ გაიწვიეს უკან. ღირსია. ისიც ვიცოდი, რომელი კანტორიდან იყვნენ და შენ რომ ცოცხალი იყავი, – გიზო შენობით ფორმაზე გადავიდა, – ისიც.

– ეს საიდანღა იცოდით? – გაუკვირდა მათეს.

– რა?

– ის, რომ ცოცხალი ვიყავი?

გიზომ კოპები შეიკრა და სერიოზული სახით თქვა:

– შენისთანა ხალხი ასე ფარჩაკულად არ კვდება და იქიდან. ისე კი, ნამდვილად დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოცხალი გადარჩი. რამდენიმე მახე წინასწარ მქონდა დაგებული და პირველივეში გაები, როდესაც ქალ-ვაჟმა ნატას სადარბაზოში მოინდომა შენი გაძარცვა.

– თქვენი ხალხი იყვნენ?

– რა თქმა უნდა.

– ერთი კითხვა მაქვს.

– მკითხე.

– რა საჭირო იყო ამხელა შოუს დადგმა, თუკი კუდზე მეჯექით. ხომ შეგეძლოთ, უპრობლემოდ „აგეგდეთ“?

– რა თქმა უნდა, შეგვეძლო, მაგრამ, ეს ყველაფერი იმაში დასარწმუნებლად გვინდოდა, თუ რამდენად მაგარი და იღბლიანი ხარ. თანაც, შენს გადასაბირებლად ზუსტად ისეთი სიტუაციის შექმნა იყო აუცილებელი, როგორიც შევქმენით და იმიტომ.

– მერედა რაში დარწმუნდით? – ნიშნის მოგებით თქვა მათემ.

– იმაში, რომ მაგარი და იღბლიანი ხარ. თანაც, შენი გადმობირება შეუძლებელია და რომ შენ ნებაყოფლობით, ყოველგვარი შანტაჟისა და ძალდატანების გარეშე შემოგვიერთდები.

– დარწმუნებული ხარ?

– მხოლოდ მას მერე, რაც შენ თვითონ განაცხადებ ამას.

მათეს ჩაეცინა, ნატას შეხედა, შემდეგ გიზოს მიუბრუნდა და უთხრა:

– მე ერთხელ უკვე ვთქვი, ჩემი სიტყვა და ახლაც ვიმეორებ, რომ თქვენიანი ვარ და მზად ვარ, თქვენთან ერთად ვიყო ყველაფერში.

– ჰოდა, ძალიან კარგი. მე სხვა პასუხს არც ველოდი. დღეს დიდი საბჭო გაიმართება და ჩვენებს გაგაცნობ. მანქანას საგანგებოდ გამოგიგზავნი. ახლა კი დაღლილი იქნები, საღამომდე დაისვენე და ნატა მოგხედავს, – უთხრა მათეს გიზომ და გამოუმშვიდობებლად წავიდა.

როგორც კი ბოხხმიანი გიზო თვალს მიეფარა, ნატა მათესთან მიიჭრა, კისერზე ჩამოეკიდა და აცრემლებულმა უთხრა:

– შენ მე სიკვდილს გადამარჩინე, მათე და ამისთვის შენი უზომოდ მადლობელი ვარ. რომ არ გამოჩენილიყავი, საღამოს შემსრულებელი მოვიდოდა და მომკლავდა.

– სწორედ ამიტომაც დავბრუნდი. ახლა კი შხაპს მივიღებ, თორემ ძალიან ოფლიანი ვარ. თუ რამეს მაჭმევ, დიდი მადლობელი ვიქნები, – უთხრა მათემ ნატას, შუბლზე აკოცა და სააბაზანოსკენ გაემართა.

აბაზანიდან გამოსულს საუზმე მზად დახვდა და ნატასთან ერთად გემრიელად შეექცა. მერე კი თავის ოთახში გავიდა, დაწვა და თითქმის სამი დღის უძინარს, ტკბილად ჩაეძინა.

***

მათეს ტკბილად ეძინა, როდესაც შეანჯღრიეს და მძინარეს ყრუდ ჩაესმა:

– მათე, გაიღვიძე, ჩქარა ადექი!

მათე ჯერ კიდევ გაბრუებული იყო და ნატას ჰკითხა:

– მანქანამ მოგვაკითხა?

– ცუდი ამბავია, მათე, ჩქარა ადექი. აქედან უნდა წავიდეთ! – სხაპასხუპით უთხრა ნატამ, რომელიც სხეულზე საბრძოლო აღჭურვილობასა და ცეცხლსასროლ იარაღს ისხამდა.

– რა მოხდა?

– ჩვენიანები დააპატიმრეს და ახლა მე მეძებენ.

– ვინ ჩვენიანები?

– გიზო და დანარჩენი. ყველანი ჩუმად აუყვანიათ. მე კი ტელეფონი მქონდა გამორთული. დამიჯდა და იმან მიშველა, თორემ დამირეკავდნენ, გაიგებდნენ სად ვიყავი და შენთან ერთად „ამაგდებდნენ“.

– კი მაგრამ, რა მოხდა ასე უცებ?

– არ ვიცი, შეიძლება, ამაში ამერიკელების ხელი ურევია.

– საიდან გაიგე ეგ ამბავი?

– ჩემმა ხელქვეითმა შემატყობინა საიდუმლოდ. კონსპირაციულ ტელეფონზე დამირეკა ათი წუთის წინ.

– დარწმუნებული ხარ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა?

– კი.

– ხაფანგი ხომ არაა?

– რა ხაფანგი?

– შენს ხელქვეითს უთხარი, სად იმყოფები?

– არც უკითხავს.

– რას აპირებ?

– თბილისიდან უნდა გავიდეთ სასწრაფოდ მთაში. ფშავში ერთი საიმედო ადგილი მაქვს და იქ დავიმალოთ.

– ფიქრობ, რომ გიზო და სხვები ალაპარაკდებიან?

– ნებით არა, მაგრამ ჩვენს კანტორას ისეთი პრეპარატები აქვს, მკვდარსაც აალაპარაკებენ და უნდა ვიჩქაროთ, – თქვა ნატამ და ჯერ თმა აიკეცა, შემდეგ პარიკი მოირგო, სათვალე გაიკეთა და მათეს უთხრა, – ყველაფერი მომზადებული მაქვს. აქედან ჯერ ერთ ადგილას მივალთ და სოფლურად გამოვეწყობით, მერე კი დრანდულეტი მანქანით ფშავში დავაწვებით.

– მზად ვარ, წავედით! – თქვა მათემ, ტყავის ჩანთას დასწვდა, რომელშიც ნატას მიერ ჩალაგებული ნივთები და 300 ათასი ევრო იდო, მაგრამ ჟალუზიდან, ქუჩაში შეიარაღებული ადამიანები დაინახა და ჩაეცინა, – მოგვაგნეს ამ ბოზებმა!

– ნუ გეშინია. სარდაფიდან მოვტყდებით, – თქვა ნატამ და მათესთან ერთად სახლის სარდაფში ჩავიდა. შემდეგ კარგად შენიღბული კარი გააღო და გვირაბში გაუჩინარდნენ.

– მაგარია, – ჩაეცინა მათეს.

– სანამ ამ გვირაბს აღმოაჩენენ, ჩვენ უკვე შორს ვიქნებით.

– საღოლ, გურიკო მიქია. ეს რა ხოდი ჰქონია.

– მაგარი ხოდია, – დაეთანხმა ნატა, – სხვათა შორის, ეს სახლი გურიკომ გიზოს რჩევით ააშენა და ეს გვირაბიც მან გაათხრევინა.

– ესე იგი, გურიკოც თქვენიანია?

– არა, გურიკო მხოლოდ ბიზნესმენია და ჩვენი ამბის შესახებ არაფერი იცის. უბრალოდ, ჩვენთან მეგობრობს, ეს არის და ეს. შენ კი ამ ორი წლის წინათ გურიკოს მეშვეობით გაკონტროლებდით, მაგრამ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა.

– ახლა სად მივდივართ?

– ეს გვირაბი ტყეში ამოდის. იქიდან ტაქსით გლდანში წავალთ ერთ ბაითში. აზრზე რომ მოვალთ და დავლაგდებით, ფშავისკენ მერე დავაწვეთ.

საიდუმლო გვირაბიდან მათე და ნატა ტყეში გავიდნენ, ხელისგულივით მოჩანდა გურიკო მიქიას სახლი. იქ კი უკვე უამრავი შეიარაღებული ადამიანი ირეოდა და მათემ ნატას უთხრა.

– ნახევარი ნაბიჯით გამოვასწარით.

– მთავარია, რომ გამოვასწარით. ახლა კი, მშვიდად გავაჩეროთ მანქანა და გლდანში წავიდეთ.

– წავიდეთ, – თქვა მათემ და ტყავის ჩანთას ხელი დაავლო. ნატასთან ერთად ქვევით დაეშვა, მაგრამ ტყეში სამი ახალგაზრდა ყმაწვილი გამოჩნდა, რომლებიც წყვილს უახლოვდებოდნენ და აშკარად ეტყობოდათ, რომ მათ მიმართ არაკეთილგანწყობილნი იყვნენ.

– ეს სირებიღა გვაკლდნენ, – გადაუჩურჩულა ნატამ მათეს, – მშვიდად გამომყევი და იქნებ შეგვეშვან.

– არ მგონია, შეგვეშვან, – მიუგო მათემ და ნატას უკან გაჰყვა. ახალგაზრდებმა ნაბიჯს აუჩქარეს, წყვილი ალყაში მოაქციეს და ქვევით დაშვების საშუალება არ მისცეს.

– რა ხდება, ბიჭებო, ვიღაცაში შეგეშალეთ? – ჰკითხა ახალგაზრდებს ნატამ.

– აი, ბიჭი, – თქვა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც ფოლადის ჯაჭვს ატრიალებდა ხელში და ნატას თავის შარვალზე, ფეხებშუა მიუთითა.

– ესე იგი, ორნი ყოფილხართ, – მშვიდად თქვან ნატამ და შეტევის მოსაგერიებლად მოემზადა, რადგან იცოდა, ახალგაზრდები აუცილებლად იერიშზე გადმოვიდოდნენ.

– ვის ეუბნები, შე ძუკნავ? – კბილებში გამოსცრა ბიჭმა და ირონიულად ჩაიცინა. შემდეგ მეგობრებს გადახედა და უთხრა, – თვითონვე გაიჩალიჩა. ხომ იცით, რომ მისი გაჟიმვა არ მინდოდა და მხოლოდ მაყუთის და „ვეშჩების“ ახევას ვაპირებდი. ახლა კი...

– რა ახლა კი, შე ნაბიჭვარო? – თქვა ნატამ და ბიჭს სამი თითის კომბინაცია დაანახვა, – როდის იყო შენნაირები მჟიმავდნენ? შენნაირს სამს ერთად იქით გავჟიმავ.

– ჰოდა სამნი ვართ და მოდი!

– თქვენ თვითონ მოდით!

მათე, რომელიც მანამდე უხმოდ იდგა, საუბარში ჩაერია და ბიჭს უთხრა:

– პოლიციელები ვართ, ძმაო და, თავი დაგვანებეთ. თქვენც მშვიდობით წადით და ნურც ჩვენ ჩაგვყრით შარში.

– გვკიდია, ვინ ხართ, – კბილებში გამოსცრა ბიჭმა, – შენ ეს ჩანთა დადე და გვერდით მიდექი, ჩვენ კი ამ დეიდას გავჟიმავთ და მერე კი თავისუფლები ხართ.

– დასტოპდით, ძმებო, რას გვერჩით? პატიოსანი ხალხი ვართ და მშვიდობიანად მოვაყომაროთ ეს ამბავი!

– წეღან თქვი, პოლიციელები ვართო. ახლა კი – პატიოსნებიო... იქით მიდექი, ბიძა-ჯან, თუ არ გინდა, რომ ეგ ყბა გვერდით მოგიქციო, – უთხრა მათეს ბიჭმა და ხელი აუქნია, – გვერდზე მიდექი!

– ესე იგი, ვერ ასტოპებთ? – თქვა მათემ.

– ამ უკანალს უყურე, როგორ ბლატაობს?! – კბილებში გამოსცრა ბიჭმა და მათეს ფოლადის ჯაჭვი მთელი ძალით მოუქნია, რომ თავზე გადაეჭირა. მაგრამ მათემ ჯაჭვი აიცილა, ბიჭს მივარდა და ნეკნებში ისეთი მუშტი დაჰკრა, ჭახანი გაადენინა და ძირს დასცა.

– ნეკნები გამიტეხა ამ „ბოზმა“! – აყვირდა ბიჭი და ფეხზე წამოხტა, რომ მათესთვის დაერტყა, მაგრამ ნატამ ნატკენ ადგილში უკვე ფეხი სთხლიშა. ბიჭი უგონოდ დაგორდა ტყის ბალახიან დაღმართზე და დააყოლა:

– ეს სირი მიპირებდა გაჟიმვას?

– დაგორებული ბიჭის მეგობრებმა გაქცევა სცადეს და არც უფიქრიათ, რომ ნეკნებჩამტვრეულს მიხმარებოდნენ, მაგრამ ნატამ პისტოლეტი მიუშვირა მათ და უთხრა:

– მიწაზე დაწექით, ხელები კეფაზე დაიწყვეთ და სანამ არ ჩამობნელდება არ გაინძრეთ, თორემ გიპოვით და დაგხოცავთ!

ახალგაზრდებმა სასწრაფოდ შეასრულეს ნატას ბრძანება და კეფაზე ხელებდაწყობილები დაეყარნენ მიწაზე. წყვილმა კი ტყავის ჩანთებს დაავლო ხელი და ქვევით დაეშვნენ, რომ ტრასაზე მანქანა გაეჩერებინათ.

– ფუი, ამის დედაც! – შეიგინა მათემ, როდესაც გზატკეცილზე მომავალი პირველივე მანქანა პოლიციის პატრული აღმოჩნდა. მან სიჩქარეს მოუკლო, წყვილის წინ გაჩერდა და კაპიტნის სამხრეებიანმა მძღოლმა ნატას ჰკითხა:

– რამე პრობლემა გაქვთ?

– არა, კაპიტანო, – გაუღიმა პოლიციელს ნატამ, – უბრალოდ, ჰაერზე ვართ გამოსულები და ვსეირნობთ.

– ამხელა ჩანთებით? – უთხრა ნატას მეორე პოლიციელმა, რომელსაც უფროსი ლეიტენანტის სამხრეები ეკეთა და მძღოლის გვერდით იჯდა.

– არ შეიძლება? – გაუღიმა მეორე პოლიციელს ნატამ, – კანონს ხომ არ ვარღვევთ?

– შეიძლება, და არც კანონს არღვევთ ამით, მაგრამ მართლაც უცნაურია, ამხელა ჩანთებით რომ სეირნობთ, – თქვა კაპიტანმა.

– ამ ჩანთებში სამოსი გვაქვს. ჯერ ფეხით ვისეირნებთ. შემდეგ კუს ტბაზე ავალთ და ვირბენთ. იქ ტანსაცმელს გამოვიცვლით და საცურაო აუზზე ჩავალთ. იქაც ხომ გვინდა გამოცვლა და ჩანთები იმიტომ დაგვაქვს თან, – უთხრა პოლიციელს ნატამ და მომხიბვლელად გაუღიმა. თუ გნებავთ გაჩხრიკეთ და თავად დარწმუნდებით.

– არა, რას ბრძანებთ, რა უფლებით? – ხელები გაასავსავა კაპიტანმა. წყვილს მხედრული სალამი აუღო და წასვლას აპირებდა, რომ მისმა მეწყვილე ლეიტენანტმა შეაჩერა.

– მოიცადე, არ წახვიდე. გორიდან ბიჭები ჩამოდიან და ვიღაც მოჰყავთ.

ნატამ უკან გაიხედა და დაინახა, როგორ მოჰყავდათ მეგობრებს ნეკნებჩამტვრეული ბიჭი, რომელიც საშინლად კვნესოდა. წყვილს რომ ოციოდე მეტრით მიუახლოვდნენ, ნატასკენ გაიშვირა ხელი და აყვირდა.

– პოლიცია, პოლიცია, აი ამათმა ჩამიმტვრიეს ნეკნები და პისტოლეტი აქვთ!

ნეკნებჩამტვრეულის მეგობრებმა ნატა და მათე რომ დაინახეს, ძალიან შეეშინდათ. მათ თავისი მეგობარი იქვე დააგდეს და ზემოთ გაიქცნენ. პოლიციელებმა კი ეჭვის თვალით შეათვალიერეს წყვილი და კაპიტანმა მათ უთხრა.

– თქვენი საბუთები!

– რაზეა ლაპარაკი, – თქვა ნატამ. შემდეგ პისტოლეტი ამოაცურა, მათესაც შეუმჩნევლად მოემარჯვებინა პისტოლეტი და ორივემ პოლიციელებს მიუშვირეს. ქალმა კბილებში გამოსცრა:

– არ გაინძრეთ, ღმერთი არ გაგიწყრეთ, თორემ აქვე დაგხოცავთ!

ნატამ და მათემ პოლიციელები განაიარაღეს, მანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან დაიძრნენ. საჭეს ნატა უჯდა და უკვე შებინდებულ ქუჩებში ოსტატურად მართავდა მანქანას. მან პოლიციის მანქანა მეტროსადგურიდან ასი მეტრის დაშორებით გააჩერა და მათეს უთხრა:

– სჯობს, მეტროთი დავაწვეთ, გლდანში, თორემ, ალბათ, უკვე მთელი უშიშროება და პოლიცია ჩვენ გვეძებს და ზემოთ შეიძლება, ჩაგვავლონ. მეტროში კი უცებ გავერევით ხალხში.

– არც იქაა საიმედო.

– ზემოთ ყოფნას მაინც ჯობია. გლდანის ბაითი კი მეტროსთან ახლოს მდებარეობს და მანქანა არ დაგვჭირდება. მხოლოდ ცალ-ცალკე ვიაროთ. მე წინ წავალ, შენ თხუთმეტი მეტრით უკან გამომყევი და იმედია, რომ გაგვიმართლებს. თანაც უკვე ბნელა.

წყვილი მეტროში ჩავიდა და როგორც შეთანხმდნენ, ცალ-ცალკე მიდიოდნენ. ნახევარი საათის მერე კი უკვე კონსპირაციულ ბინაში იყვნენ და უზარმაზარ, ჩაბნელებულ სახლში სავარძლებზე მოკალათებულიყვნენ.

***

მათემ და ნატამ ისე გაათენეს ღამე კონსპირაციულ ბინაში, შუქი არც აუნთიათ. დილით კი უთენია გაეღვიძათ, სახელდახელოდ ისაუზმეს იმ პროდუქტებით, ნატას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ რომ მომემარაგებინა.

– შვიდი საათია, – თქვა მათემ, როდესაც საათს დახედა და კოლოფიდან ამოღებული სიგარეტი მაგიდაზე დააგდო. შეიძლება, მის კვამლს მათი ბინაში ყოფნა გაემჟღავნებინა, – ფუი, ამის დედაც! შეიძლება, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება ასეთ ყოფაში იყოს და იმალებოდეს?

– მე კი პირველად ვარ ასე, – გაეცინა ნატას.

– მდა, ფაქტობრივად, ყველას და ყველაფერს მოწყვეტილი ვართ და მზვერავები, რომ იტყვიან, კავშირის გარეშე დავრჩით. თანაც, სამი ქვეყნის ნაბოზრობა ჩვენ დაგვეძებს ამ პატარა ქალაქსა და სახელმწიფოში, – სინანულით თქვა მათემ.

– მართალი ხარ, მაგრამ უნდა გამოვძვრეთ.

– ანუ, რას გულისხმობ, ვერ უნდა დაგვიჭირონ?

– ჯერჯერობით, ამას, მერე კი, სხვა დანარჩენს.

– ღრმად ვარ ჩაფლული, როგორც იტყვიან. ყველა ჩვენიანი დახვრეტილი და შეიძლება, დაპატიმრებულიც კი ჰყავთ. ჩვენს წინააღმდეგაა მობილიზებული ყველა საუკეთესო ძალა და არც გასაქცევი გვაქვს და არც შეიძლება ამის გაკეთება. მოკლედ, უკანალში ვართ...

– ყველა საჯდომს გამოსავალი აქვს და ჩვენც ვნახავთ. მთავარია, არ დავიწვათ, არ გადავიწვათ და ყველაფერი კარგად იქნება.

– ნატა, ძვირფასო, ჩემი ამბავი გარკვეულია. მე მთელი ცხოვრება ასეთ ხათაბალაში ვარ გაბმული, მაგრამ შენ ხარ ცოდო. ხომ არ აჯობებდა, შენით გამოცხადებულიყავი და ყველაფერი „გაგეიასნებინა“. იქნებ, ისე არ წვიმს, როგორც ქუხს და სერიოზულადაც არ იყოს საქმე?

– თავიდან მიშორებ?

– რა სისულელეა. შენთვის ვამბობ, თორემ ახლა შენთან ერთად ყოფნა უფრო მაწყობს, რადგან ჩემი სამალავი გაშიფრულია და შეიძლება, პირველივე სადგურზე ან ბაითში „ამაგდონ“.

– მეც მასეთ პონტში ვარ. როგორც უკვე ვთქვი, ამ საქმეში უეჭველად ამერიკელების ხელი ურევია და ამდენი ხალხი იმიტომ „აყარეს“ ასე ერთბაშად. გიზოს რომ ეგონა, კეისს გავუჩალიჩე და აქედან გავაწვევინეო, მე მგონია, არც ის დარჩა ვალში და აბრატნი, მაგრამ ბევრად უფრო უარესი რამ მოაწყო.

– ესე იგი, თქვენში ვიღაც ნაბოზარი იყო, რომელიც ამერიკელებს ინფორმაციებს აწვდიდა.

– ლოგიკურად ასეა, მაგრამ შეიძლება, სულაც არ იყო მასე და ყველაფერი სპონტანურად მოხდა.

– როგორ სპონტანურად?

– როგორ და, კეისის კანტორას, შეიძლება, ეჭვი ჰქონდა, რომ ქვეყანაში საიდუმლო ორგანიზაცია მოქმედებდა და მათ ჩვენ გამოგვთვალეს. შემდეგ, ეს მასალები ჩვენებს გადასცეს და იმათ კი ყველანი მაშინვე „აყარეს“.

– ვითომ?

– შეიძლება, მასეც არაა, მაგრამ გუშინდელი დაპატიმრება არ ჰგავს დიდი ხნის დახვოსტილ საქმეს. პროფესიონალი ვარ და დამიჯერე, აქ უფრო სპონტანურობის, ნაუცბათევი კვალია. თუნდაც იმიტომ, რომ მე ვერ დამიჭირეს. თანაც, თვალთვალი არც ერთ ჩვენგანს არ შეუმჩნევია და დარწმუნებული ვარ, არც ყოფილა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შევამჩნევდით.

– მასეც რომ იყოს, – ხელი ჩაიქნია მათემ, – ამით ჩვენთვის სასიკეთოდ არაფერი იცვლება. იძულებულები ვართ, დავიმალოთ, პაბეგში ვიყოთ და როგორც კი ვინმესთან კონტაქტზე გასვლას დავაპირებთ, იმწუთასვე აგვყრიან.

– მართალი ხარ, მაგრამ ყველაფერს ეშველება, რამეს მოვიფიქრებთ. ახლა კი მთავარია, თავი გადავირჩინოთ და საშველიც გამოჩნდება.

– ბინ ლადენივით ვართ, – ირონიულად ჩაეცინა მათეს, – ალბათ, ისიც ჩვენსავით სადღაც ზის და ვერც ტელეფონზე ლაპარაკობს და გარე სამყაროსაც მოწყვეტილია. თუმცა, ჩვენ უარეს დღეში ვართ. მას მოკავშირეები მაინც ჰყავს, ჩვენ კი – არა, – თქვა მათემ, რომელიც ძალიან ნანობდა ნატას და მის მეგობრებს რომ გადაეკიდა. მისი აზრით, სწორედ მათთან ურთიერთობამ დაამძიმა მისი მდგომარეობა.

ნატამ მწველი მზერა ესროლა მათეს და ღიმილით უთხრა:

– ალბათ, ფიქრობ, ეს ვის გადავეკიდე, ამათ დამღუპესო.

– მთლად მასე არაა, მაგრამ, თქვენთან კავშირს ნამდვილად ვნანობ. მტრები და გადაკიდებული ხალხი არც ადრე მაკლდა, მაგრამ, ახლა გამიასმაგდა და ყოველი ფეხის ნაბიჯზე არიან ჩასაფრებულები.

– მართალი ხარ, მაგრამ, ასე მოხდა და რას ვიზამთ. ერთად უნდა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან.

– გეთანხმები, – გაიღიმა მათემ, – რა ვქნათ?

– აქედან ორი კვარტლის დაშორებით გარაჟი მაქვს, სადაც ძველი, მაგრამ კარგად აწყობილი „ნივა“ მიყენია. ვიდზე დრანდულეტია, მაგრამ, მთაში სასიარულოდ გამოგვადგება. როგორც კი შებინდდება, აქედან გავიდეთ, „ნივაში“ ჩავსხდეთ და მთაში დავაწვეთ. იქ კი უსაფრთხო გარემოში მოვიფიქრებთ, თუ როგორ მოვიქცეთ.

– კი მაგრამ, ჭკვიანი და საიმედო მეკავშირის გარეშე მაინც ვერ წავალთ შორს.

– გეთანხმები. მე მყავს ასეთი კაცი. ის ჭკვიანიცაა, საიმედოც და ძალიან მამაციც. სწორედ მასთან მივდივართ.

– ვინაა?

– ზეზვა. ჩემი საქმროს უმცროსი ძმა.

– შენ საქმროც გყავს?

– მყავდა.

– დაიღუპა?

– ერთ-ერთი სპეცოპერაციისას, – თქვა თვალცრემლიანმა ნატამ, – ერთად ვმუშაობდით და ერთ თვეში ჯვარი უნდა დაგვეწერა.

– სამწუხაროა.

– ეჰ, – ხელი ჩაიქნია ნატამ, – როდის ეს იყო... მას მერე ექვსი წელი გავიდა.

– მთაში ასვლა საშიში ხომ არაა? – ჰკითხა ნატას მათემ, – იქ ძებნა რომ დაგვიწყონ და ზეზვასთან მიგვაგნონ?

– გამორიცხულია, – გაეცინა ნატას, – ჩემი და ვაჟას სიყვარულის ამბავი არავინ იცოდა და ჩვენი კოლეგებისთვის სიურპრიზის გაკეთება გვინდოდა. ამიტომ, არც მერე მითქვამს ვინმესთვის ეს ამბავი. თანაც, ჩემი საქმრო თბილისელი იყო, ზეზვამ კი წინაპრების კარმიდამო ამ ოთხი წლის წინ დაიბრუნა და ამის შესახებ არავინ იცის. იქ არცთუ ისე ხშირად ავდივარ ხოლმე. მაგრამ, სულიერად და ფიზიკურად ვისვენებ, ნამდვილი სამოთხეა და ამაში თავადაც დარწმუნდები.

მათეს მეტი არაფერი უთქვამს და საღამომდე, თითქმის უხმოდ ისხდნენ. როცა შებინდდა, ნატამ საათს დახედა და თქვა:

– ათი დაიწყო, დროა, წავიდეთ!

წყვილმა ფრთხილად დატოვა კონსპირაციული ბინა და ფეხაკრეფით გავიდნენ ქუჩაში. როგორც წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, ნატა წინ მიდიოდა, მათე კი თხუთმეტიოდე მეტრის დაშორებით მიჰყვებოდა მას. მშვიდობიანად გაიარეს ორასი მეტრი და ნატა ერთ-ერთ გარაჟთან გაჩერდა, მიმოიხედა და კარი გააღო. შემდეგ „ნივა“ გამოიყვანა, მათე ჩაისვა და მანქანა ადგილიდან დაძრა.

– თერთმეტის ნახევარია, – თქვა მათემ, – როდის ვიქნებით ადგილზე?

– ხვალ დილით. ღამით მთაში სიარული ძალიან საშიშია. მით უმეტეს, მიჩვეული არ ვარ.

– აბა, სად შევჩერდებით?

– თეთრი და შავი არაგვის შესართავთან. ღამეს იქ გავათენებთ და დავაწვებით.

– მასე იყოს, – თქვა მათემ და თვალები მძლავრმა შუქმა მოჭრა, – ეს რა არის?

ნატამ სვლას უკლო და ამ დროს მეგაფონში ნათქვამი ფრაზა გაისმა:

– შეჩერდით, მანქანიდან გადმოდით და ხელებაწეული ჩაგვბარდით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ლიკვიდაციას ადგილზე მოვახდენთ!

– დრო არ ითმენს. როგორც ეტყობა, მაინც მოგვაგნეს ამ ნაბოზრებმა, რას იტყვი, რა ვქნათ? – უთხრა ნატამ მათეს.

– რა უნდა ვქნათ, გავიქცეთ.

– მეც მასე ვფიქრობ, – თქვა ნატამ და ისეთი მანევრი გააკეთა, თითქოს მანქანას აჩერებდა, შემდეგ სიჩქარე გამოცვალა და „ნივა“ ტყვიასავით მოწყვიტა ადგილიდან.

მანქანამ პროჟექტორების მძლავრი ნათება გაარღვია და წინ გაიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ „ნივას“ ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს უკნიდან, ისინი მშვიდობიანად გასცდნენ იქაურობას...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3