კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-22(492)


არავინ იცის, რა დრო გავა მანამდე, სანამ ყველაფერი თავის ადგილას დადგება, ნელ-ნელა წარსულს ჩაჰბარდება და, მისი საკუთრება გახდება ის, რაც დღეს სულს გვიფორიაქებს და ნერვებს მშვილდის ლარივით გვიჭიმავს. ძირითადად, სულ ასე, მოზიდული მშვილდებივით ვართ... განურჩევლად ყველანი, დიდი, თუ პატარა. იმ უმნიშვნელო განსხვავებით, რომ გამოხატვის საშუალებები გვაქვს სხვადასხვა. ზოგი უფრო აშკარად და მოურიდებლად გამოვხატავთ, ზოგიც, ვცდილობთ, მრისხანება მორჩილებით შევინიღბოთ... მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ხომ ის არის, როგორმე იმ მომენტამდე მივაღწიოთ, როცა ყველაფერი თავის ადგილას დადგება, თანაც, რაც შეიძლება მცირე დანაკარგებით...

***

თინიკო მთელი ხმით ტიროდა, გულამოსკვნილი, ყოველგვარი მორიდების გარეშე. ცრემლი შეუჩერებლად მოსდიოდა და გარშემო ვეღარავის და ვეღარაფერს ხედავდა. არც არაფრის დანახვა არ უნდოდა... თითქოს დრო გაჩერდა. ყველაზე შეუფერებელ მომენტში გაჩერდა... ლევანი სავარძელში იჯდა, სახეზე ხელისგულები ჰქონდა აფარებული და ცოლის ტირილს უსმენდა. კარზე ჯერ მორიდებული კაკუნი გაისმა, მერე მსუბუქად გაიჭრიალა და ზღურბლზე ნიკუშა გამოჩნდა, უკან ია მოსდევდა შეშფოთებული სახით. ნიკუშამ თინიკოს შეხედა და ლევანთან მივიდა:

– რაღაც ქენი, არ შეიძლება მისი ასეთი ნერვიულობა. ჟანი ფიქრობს, რომ ექიმს უნდა დავურეკოთ.

ლევანმა შუბლი მოისრისა და შეიჭმუხნა:

– ექიმი? მგონი, კარგი აზრია. მეშინია, ისტერიკა არ დაემართოს. არაფერი ესმის, შეუჩერებლად ტირის.

– ამისთანა რა უნდა მომხდარიყო, დედამისს ასეთი რა უნდა ეთქვა, – იამ სიბრალულით შეხედა აქვითინებულ თინიკოს, რომელიც უკვე მთელი ტანით კანკალებდა.

ნიკუშამ ვეღარ მოითმინა:

– არა, ამისი ყურება აღარ შემიძლია, რაღაც უნდა ვქნათ!

– რა ვქნათ? ველაპარაკები და არ ესმის. ახლოს არ მიკარებს... ვზივარ და ვფიქრობ, რა მოვუხერხო.

– ახლა ამას ჩვენი ლაპარაკი არ ესმის? – შიშნარევი გაოცებით იკითხა იამ.

ლევანმა ირონიულად ახედა.

– ყრუ კი არ არის. რა თქმა უნდა, ესმის, მაგრამ პასუხს არ გვცემს და ცდილობს, ჩვენი აქ ყოფნა არ შეიმჩნიოს.

– რატომ? – ისევ მიამიტი ბავშვივით იკითხა იამ. ლევანმა ამოიოხრა:

– თუ შეიძლება, გაჩუმდი, ისედაც დაწყვეტაზე მაქვს ნერვები. ხომ არ უნდა გავგიჟდე!

– ია, ჩადი და ჟანს სთხოვე, ექიმს დაურეკოს, – სთხოვა ნიკუშამ.

ია მიხვდა:

– გინდათ, რომ წავიდე? კარგი. წავალ, მაგრამ იცოდეთ, ამას ახლა ჩემზე უკეთესად ვერავინ გაუგებს.

ნიკუშამ და ლევანმა ერთმანეთს გადახედეს და თითქმის ერთდროულად იკითხეს.

– ვითომ, შენ რატომ?

– იმიტომ, რომ ქალი ვარ. რა არის ამაში გასაოცარი?!

– ქალი, კაცი – ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ წესიერად არც კი იცნობ.

– არც ამას აქვს მნიშვნელობა.

– ია, გთხოვ, ჩადი ქვემოთ და გააკეთე ის, რაც გითხარი.

იამ ფეხი აითრია. ლევანმა მკლავში მოჰკიდა ხელი და გვერდზე გაიყვანა:

– შენს ადგილას მე იქ ვიქნებოდი და არა აქ.

– მაინც, რატომ?

– იმიტომ და, შენც კარგად ხვდები, რასაც ვგულისხმობ. თვალი არ უნდა მოაშორო იმას, – ლევანმა მრავალმნიშვნელოვნად გადააქნია თავი, – ია, ხომ გინდა, რომ ნიკუშასთან დარჩე?

იამ შუბლზე მოისვა ხელი და ლევანს ავად შეხედა:

– შენი ცოლი ცუდად არის. გირჩევნია, მიხედო. არ გირჩევ, ჩემი და ნიკუშას ურთიერთობაში ცხვირის ჩაყოფას, ეს არ არის შენი საქმე!

– მე შენკენ ვარ, სულელო... მაინც, როგორი ჩერჩეტები ხართ ეს ქალები! როგორ გგონია, რისთვის ჩამოვიდა?

– ვინ?

– ია, თავს ნუ გამოიშტერებ. ვინ და – ის გოგო, ახლა ქვემოთ, სასტუმრო ოთახში რომ ზის და ჩაის მიირთმევს.

– მაგაზე მერე დაგელაპარაკები. გამიმართლა, რომ ეს ამბავი მოხდა და ჯერ მაგისთვის ვერავინ მოიცალა. დარწმუნებული ვარ, ამ მოულოდნელ ვიზიტში შენი ხელი ურევია.

– ლევან, რას ჩურჩულებთ, რა ამბავია? მოდი, აქ!.. – თიკა გაჩუმდა.

ლევანმა იას ზურგი შეაქცია. ნიკუშამ თიკას ხელები თავის ხელისგულებში მოაქცია და ნელა დაუწყო სრესა. ქალი აღარ ტიროდა, მაგრამ მისი მზერა ისევ ისეთი არაფრისმთქმელი და ცივი იყო. თვალებიც თითქოს შუშის ჰქონდა და მასში მხოლოდ საკუთარ თავს თუ დაინახავდი.

– ვფიქრობ, ექიმის გარეშე არაფერი გამოვა. რადგან ია ჯიუტად არ იცვლის ფეხს, მე ჩავალ. ესღა გვაკლდა! ეს რაღაც წყევლასავით იქცა. რა უნდა მომხდარიყო. არ შეგიძლია, თბილისში დარეკო, შენს სიდედრთან?

– ვრეკავ, მაგრამ ტელეფონს არ ეკარება. იმის გაფიქრებაც კი არ მინდა, რომ, შეიძლება, ზუკას მოუვიდა რამე.

– რაა?! – შეჰყვირა ნიკუშამ.

– ჰო, ასეა. ზუკა ბებიამისთან გვყავს დატოვებული. თინიკოს რეაქცია ამ ეჭვის საფუძველს მაძლევს. მაგრამ, არ მინდა, ვიფიქრო, ხომ გესმის... – ლევანმა ცოლს შეხედა, – გული მიკვდება, ასეთს რომ ვხედავ. რომ არ ვიცნობდე, ვიტყოდი, თამაშობს-მეთქი. იცი, პირველად, მგონი, ახლა მივხვდი, რას ნიშნავს თიკა ჩემთვის. რა საშინელებაა, როცა აღმოაჩენ, რომ სრული იდიოტი ყოფილხარ.

– აი, ამაში კი გეთანხმები, – ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა იამ, – კაცებს ძირითადად ეს უბედურება გჭირთ – არ აფასებთ იმას, რაც გაქვთ. მერე ისეთს გადააწყდებით, ახლა დაბლა რომ გელოდებათ ორივეს, ბოლოს კი სინანული გკლავთ, ისიც იმიტომ, რომ ხვდებით, თქვენი სისულელით დაკარგეთ ადამიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გიერთგულებდათ. ანუ, ისევ თქვენი ეგოიზმიდან გამომდინარეობს ეგ თქვენი ფსევდო-სინანული.

– ია, ეს ლექცია სხვა დროს და სხვა სიტუაციაში წაგვიკითხე, კარგი? – შეწუხებულმა სთხოვა ნიკუშამ, – ისედაც სუნთქვა მეკვრის, როცა ვიხსენებ, რომ უნდა ჩავიდე და იმ არსებას დაველაპარაკო?! – სამწუხაროდ, ამას ვერ გაექცევი. იცი, როგორ ვმწარდები, ასეთი ვალდებულების წინაშე რომ დავდექი. უფრო სწორად, დამაყენეთ. შენ დამაყენე, ნიკუშა!

– ია, ოღონდ ახლა არ დამიწყო... გთხოვ. მეც ვხვდები, რომ დამნაშავე ვარ და ნუღარ დამიმატებ. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოახერხა ჩამოსვლა.

იამ ლევანს გახედა, რომელმაც აშკარად არ შეიმჩნია მისი მზერა, ცოლს მხარზე დაადო ხელი და ისე ამოიოხრა, თითქოს თიკას გარდა, სხვა არაფერი აწუხებდა.

– ჰოდა, იმას ვამბობდი, ვიცი-მეთქი, ოღონდ, ახლა არ ვიტყვი, რაღაც-რაღაცეებს ანგარიშს გავუწევ. ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში.

– მოკლედ, შენ ახლა ჩადი, მეც მალე ჩამოვალ, კარგი?

ია უსიტყვოდ შეტრიალდა კარისკენ.

– დარჩები მარტო? – ჰკითხა ნიკუშამ ლევანს, – მე მალე ამოვალ.

– რა თქმა უნდა, ოღონდ, ექიმი მალე მოვიდეს, რაც შეიძლება მალე.

ვახო გაბრაზებული, შეკრული წარბით ათვალიერებდა მის წინ უტიფარი სახით ჩამოსკუპებულ გოგოს, რომელიც კმაყოფილი სახით წრუპავდა წვენს და, ინტერიერით მოხიბლული, ენის წკლაპუნით გამოხატავდა აღფრთოვანებას. ბოლოს მოთმინების ძაფი გაუწყდა:

– ერთი მომხედე! ჰო, შენ გეუბნები... ჯერ შენი სახელი შემახსენე... არ გესმის? შენ გელაპარაკები...

– მე თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. მგონი, არც კი გიცნობთ წესიერად, – ქედმაღლურად განაცხადა ნატუკამ და წამობერილ მუცელზე ამაყად დაიდო ხელი.

ვახომ ჩაიცინა:

– ჩემთან ეგ არ გაგივა! ტყუილუბრალოდ ცდილობ, თავი პატიოსნად მომაჩვენო ან შემაცოდო, არ გამოვა, ცუნცულ, არა! იმიტომ, რომ ბევრი მინახავს შენისთანა და კიდევ უარესი. უკვე ვიცი, რომ მთელი პროგრამა გექნება მომზადებული.

– არ მაინტერესებს, თქვენ რას ფიქრობთ და კიდევ უფრო არ მაინტერესებს რა იცით. მე თქვენთან არ ჩამოვსულვარ, არც კი ვიცოდი, აქ თუ იქნებოდით.

– რას მეუბნები?! – ყასიდად შეიცხადა ვახომ, – ეს ჩემი მეგობრის სახლია. არ იცოდი? პირველად ახლა გაიგონე, ხომ?

ნატუკამ მხრები აიჩეჩა:

– არა, პირველად არ გავიგე. ვიცოდი, მაგრამ, მე ცოტა უფრო მეტად მნიშვნელოვანი ვარ ნიკუშასთვის, ვიდრე თქვენ, მისი მეგობრები.

– ვა, ეს რაღაც ახალია. მაინც, რატომ?

– იმიტომ, – ნიშნის მოგებით შეუბრუნა სიტყვა ნატუკამ და ისევ მუცელი გამობზიკა.

– ჰა, ჰა, ჰა! – გადაიხარხარა ვახომ, – ვაიმე, ცუნცულ, რა მიამიტი ხარ, თუ ფიქრობ, რომ მაგას ვინმე დაგიჯერებს. პირადად მე ერთი წუთითაც არ დავუშვებ იმას, რომ შენ ფეხმძიმედ რომელიმე ჩემი მეგობრისგან ხარ.

– მე რომ ეგ ფეხებზე მკიდია?!

– ვიცი, შენ ხომ „მაგარი“ გოგო ხარ! მაგრამ აქ სწორედ იმიტომ ჩამოვედი, რომ ვერ იბლატავო.

– წესიერად მელაპარაკე, ისევ შენთვის აჯობებს! – აიმრიზა გოგო.

– ვაიმე, როგორ შემეშინდა!.. – მკერდზე გაშლილი ხელისგული მიიდო ვახომ, – ისე შემეშინდა, რომ სული მძვრება პირდაპირ. გოგო, მე საერთოდ მშვიდი ბუნება მაქვს, მაგრამ, ზოგჯერ, აი აქ... – ვახომ შუბლზე მიიკაკუნა საჩვენებელი თითი, – მეჭედება და როცა მეჭედება, მერე ძალიან, ძალიან საშიში ვხდები.

– ნუ მემუქრები, მე შენთან საქმე არ მაქვს. ისე ნუ იზამ, ნიკუშას ცოლი რომ გავხდები, ჩემს სახლში ფეხი ვეღარ დადგა.

ვახომ დაუფარავი ირონიით შეხედა და გადაიხარხარა.

– იცინე, შენი ნებაა, მაგრამ მალე ჩემი სიცილის ჯერი დადგება. ზუსტად ვიცი, რომ ასე იქნება.

– მაგიჟებს შენი თავდაჯერებულობა... მიყვარს პრინციპული, მიზანდასახული ადამიანები და, შეიძლება, მე და შენ დავმეგობრდეთ კიდეც, თუკი, რა თქმა უნდა, არ გამაბრაზებ.

– რა უნდა გავაკეთო, რომ არ გამიბრაზდე? – ნატუკამ თვალები მოწკურა.

– ახლავე აგიხსნი, – ვახომ თითები გაატკაცუნა, – დიდი არაფერია, უბრალოდ, სიმართლე უნდა მითხრა.

– სიმართლე? რა სიმართლე? – მიამიტურად აახამხამა წამწამები ნატუკამ.

– ვერ მიხვდი, ხომ, შე საწყალო... – დასცინა ვახომ, – რა გაეწყობა, ცუნცულ... ვეცდები, მარტივად აგიხსნა: წარმოიდგინე, რომ უცებ მე აღმოვჩნდი ის ადამიანი, რომელსაც შეგიძლია, შენი ყველა საიდუმლო გაუმხილო. ხომ ეტყოდი, ვინ არის შენი ბავშვის მამა?

– რა თქმა უნდა.

– ჰოდა, მითხარი.

– რა პრობლემაა – ჩემი ბავშვის მამა არის ნიკუშა, შენი მეგობარი. არ მეგონა, თუ არ იცოდი.

– ეგ ვერსია ნაცნობია ჩემთვის. მე სხვა რამე გკითხე: ვინ არის შენი შვილის მამა, ნამდვილ მამაზე გეკითხები, ნამდვილზე! აქ ჩვენ მეტი არავინ არის და ეს საიდუმლოც ჩემთან დარჩება.

– რა საიდუმლოზე ლაპარაკობ? – მხრები აიჩეჩა ნატუკამ, – მე არაფერს ვმალავ. სხვა მამა ჩემს შვილს არ ეყოლება, ნიკუშასგან ვარ ფეხმძიმედ – სიმართლე ეს არის.

– და აქ მაგ სიმართლის სათქმელად ჩამოხვედი?

– ჰო. უფრო სწორად, ჩამოვედი იმიტომ, რომ მომავალ ქმართან ახლოს ვიყო – ჩემს მდგომარეობაში მყოფი ქალისთვის ეს ბუნებრივი სურვილია.

– ჰოდა, მაგ შენს მდგომარეობას უთხარი მადლობა, ბუნებრივი სურვილის კარნახით, მხრებში ხელი რომ არ მოგკიდე და მაგრად არ შეგანჯღრიე. შენისთანებზე ეს მეთოდი წამალივით მოქმედებს. როგორც ვატყობ, ცრუპენტელა ბრძანდები, ცუნცულ... არ მომწონს ეს... ძალიან არ მომწონს... ვიჩხუბოთ? იცოდე, გაუთვალისწინებელ და არასასიამოვნო პრობლემებს შეიქმნი.

– ბატონო ვახტანგ, რა გნებავთ ჩემგან? – ხმა გაიმკაცრა ნატამ, – ხომ გითხარით, მე თქვენთან საქმე არ მაქვს-მეთქი!

– სამაგიეროდ, მე მაქვს შენთან საქმე, ცუნცულ... მოკლედ გეტყვი – მე პირდაპირი კაცი ვარ და პირდაპირ მიყვარს თქმა: შენ ნიკუშასგან არ ხარ ფეხმძიმედ.

ნატუკამ ჩაიცინა.

– რა გაცინებს?

– ის, რომ ფუჭი სიტყვებით თავგზას ვერ ამირევთ. ვიცი, რომ ნიკუშას მეგობრებს გულზე არ გეხატებით, მაგრამ ეს ამბავი ყველაზე ნაკლებად მადარდებს. ნიკუშა მე დამიჯერებს და არა თქვენ.

– ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები. მე ტყუილუბრალოდ ლაპარაკი არ მიყვარს. რადგან ვთქვი, ესე იგი, შევძლებ, ჩემი სიტყვების სისწორეში ნიკუშაც დავარწმუნო. ასე რომ, მაგ სიჯიუტით მარტო იმას მიაღწევ, რომ ძალიან, ძალიან გამაბრაზებ და აღარაფერი გიშველის.

– ისევ მემუქრებით, ბატონო ვახტანგ!

– ღმერთმა დამიფაროს, ქალს დავემუქრო, მით უმეტეს – ფეხმძიმე ქალს. თანაც, ასეთ პატარასა და სულელს... მაგრამ, იცი, რაშია საქმე?! მე ერთი ისეთი რაღაც ვიცი, რასაც აღარაფერი ეშველება, იმიტომ, რომ გარდაუვალი რეალობაა.

ნატუკამ ამოიხვნეშა:

– ძალიან დამღალეთ და დამტანჯეთ. თქვით, რისი თქმა გინდათ და დავამთავროთ ამით.

– ხომ გითხარი უკვე: შენ არ ხარ ნიკუშასგან ფეხმძიმედ. უფრო სწორად, ვერ იქნები ფეხმძიმედ მისგან, შეუძლებლის შესაძლებლობაში ვერ დამარწმუნებ. ნატუკა დაიძაბა, ფინჯანი პატარა მაგიდაზე დადგა და სავარძლის სახელურებს ხელები ისე მაგრად მოუჭირა, რომ თითის წვერები გაუწითლდა.

– გაიგე, ცუნცულ?.. მე ისეთი რამე ვიცი... იმისთანა... იმისთანა, რომ თვითონ ნიკუშასაც კი არ აქვს წარმოდგენა. მე ვიცი და კიდევ ერთმა ადამიანმა.

– ვინ? – მექანიკურად წამოსცდა ნატუკას.

– დაინტერესდი, ჩიტუნიავ? მაგრამ, შეგიძლია, სიტყვაზე მენდო. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის მეორე? მე ვიცი და შენ.

– მატყუებ.

– ხომ გითხარი, შეგიძლია, სიტყვაზე მენდო-მეთქი.

– ანუ, იმის თქმა გინდა, რომ ნიკუშა უშვილოა?

– ყოჩაღ! არც ისეთი უტვინო ყოფილხარ, როგორიც ჩანხარ, – ირონიულად მოუწონა ვახომ, – ახლა ხვდები, რომ ჩემთან მეგობრობა უფრო მომგებიანია შენთვის?

– რატომ უნდა დაგიჯერო? – თვალები მოჭუტა ნატუკამ და ერთიანად გაფითრდა.

– იმიტომ, რომ სიმართლეა, ცუნცულ... სიმართლე!

– ნიკუშას რომ არაფერი უთქვამს?

– ეე... ახლა ნუ დაიბნევი, რა, ცუნცულ... ნიკუშამ არ იცის-მეთქი, წარმოდგენაც კი არ აქვს. წარსულში მომხდარი გაუთვალისწინებელი შემთხვევის შედეგია. არ შემეძლო ნიკუშასთვის ეს მეთქვა, მაგრამ, იძულებული ვარ, გავამჟღავნო საიდუმლო. ცუნცულ, მიდი, გადამიშალე გული. ქვის კი არ ვარ, საკმაოდ მესმის ქალების და შენს მდგომარეობასაც გავითვალისწინებ. მესმის, რომ ნიკუშა შენი შვილისთვის საუკეთესო ვარიანტია. მაგრამ, უსამართლობა იქნება, ცოლად მარტო იმის გამო შეგირთოს, რომ შენს ნაბიჭვარს კარგი და მზრუნველი მამა სჭირდება. თანაც, უკვე დიდი ხანია, სხვა ქალი უყვარს.

ნატუკა ჩუმად უსმენდა. გონებაში წონიდა მის თითოეულ სიტყვას და დასკვნების გაკეთებას არ ჩქარობდა. ვახო მიხვდა, რომ გოგოში ეჭვი გააღვივა.

– ნატუკა გქვია, ხომ? ჰოდა, ჩემო ნატუკა, თუ მე ნიკუშას გავუმხელ, რა პრობლემა აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მორჩა – შენი ვერსია მისი შესაძლო მამობის შესახებ, თოვლივით დადნება.

– რა გინდა, ჩემგან? – ნატუკას ხმა გაებზარა. ვახო უკვე გამარჯვებას ზეიმობდა.

– ხვდები, ხომ, რომ ჩემთან ჩხუბს მეგობრობა გირჩევნია? რა მინდა შენგან? ჰო, სწორედ ეს არის კითხვა, რომელიც არც ერთს არ გვაძლევს მოსვენებას. პრინციპში, განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვ – მაინტერესებს, მამა ვინ არის. ვაჰ, იქნებ, მივდივარ და ცხვირ-პირს ვულამაზებ?! მე კარგი მეგობრობა ვიცი.

– ვის გაულამაზებ ცხვირ-პირს? – ნატუკას გაბუსხული ტუჩები აუთრთოლდა.

– იმ ტიპს. არ უნდა, თავი მამად აღიაროს? ჰო, არიან ეგეთი ნაბიჭვრებიც, მაგრამ, რა არის, იცი? ბავშვისთვის „ლიპა“ მამას ისევ „ნატურალური“ ჯობია, დამიჯერე!..

ნატუკამ თავი ასწია. ლოყაზე ცრემლი ლაქასავით ემჩნეოდა.

– კარგი. გეტყვი სიმართლეს და შენ მიხვდები, რატომ არის ყველასთვის უკეთესი, თუ ამ ბავშვის მამად ნიკუშას დავასახელებ.

– სიმართლე ყოველთვის ყველაფერზე უკეთესია, სიმართლეს ალტერნატივა არ აქვს. მითხარი!

ნატუკა ისევ ყოყმანობდა. ვახო მასთან მივიდა და სახე ტუჩებთან მიუტანა.

– გელოდები. დრო გადის და ყოველ წუთს შეიძლება, ოთახში ნიკუშა ან ლევანი შემოვიდეს.

– ლევანის ცოლი ცუდად არის? რა დაემართა? – ნატუკა მექანიკური, მომართული თოჯინასავით ლაპარაკობდა.

– ტელეფონით ცუდი ამბავი გააგებინეს. ოღონდ, არ მკითხო, რა ამბავია, მაინც არ ვიცი.

– და... ასე იმოქმედა?

ვახომ ამოიხვნეშა:

– ჰო, იმოქმედა. მაგას მერე გავიგებ. ბიჭები ჩამოვლენ და მეტყვიან რაღაცას, ან მე ავალ... მაგრამ ახლა თიკაზე კი არა, შენზე ვლაპარაკობთ და შენს მომავალ შვილზე.

– ვახო, – ნატუკას „ბატონობით“ აღარ მიუმართავს...

– ჰო, მიდი, გაბედე!.. – გაამხნევა ვახომ.

– არ მინდა, თიკა უარესად გახდეს. შენც ხომ არ გინდა?

– ეგ რა შუაშია?

– დაფიქრდი და მიხვდები, რომ შუაშია. თუკი ისეთი შტერი არ ხარ, როგორიც ჩანხარ, – ნატუკა თავის მუცელს ჩააშტერდა.

– ვინ? ლევანი? ასეც ვიცოდი! ვიცოდი, რა!.. ოხ, ეგ ნაბიჭვარი, ეგა! ნიკუშასთვის თავისი „ნაჩალიჩარის“ თავზე მოხვევის იდეაც თვითონ ხომ არ მოგაწოდა? თუმცა, შენი თქმა რად მინდა, ისედაც ვიცი, რომ ეგრე იქნებოდა! საწყალი თიკა...

– ვერ ვიტყვი, რომ ვკვდები თინიკოზე დარდით, მაგრამ ჩემი მიზეზით რომ რამე დაემართოს, არ მინდა. სიკვდილს არავის ვუსურვებ, – ჩაიფლშუკუნა ნატუკამ.

– როგორი სიკეთეა შენი მხრიდან...

– არ არის საჭირო ეგ ირონია. შენ და შენი მეგობრები ზემოდან მიყურებთ და ისე არ მაფასებთ, როგორც საჭიროა. ამით მხოლოდ საკუთარ თავს უქმნით პრობლემებს. სიმართლე უკვე იცი, ახლა რა ვქნათ?

– ჰო... გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იქნება, მაგრამ, უნდა მივიღოთ, ტყუილის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.

– მაშინ, მე პასუხს არაფერზე ვაგებ, – ნატუკამ ისე შეხედა, ვახოს უსიამოვნო განცდა დაეუფლა.

– ოჰ, ლევან, მოსაკლავი ხარ, შენი... – თქვა და შეიგინა.

– კარგია, რომ ახლა ლევანის უშვილობაზე არ იწყებ ლაპარაკს.

ვახომ თავი გააქნია.

– თიკა ფეხმძიმედ არის. თანაც, შენი სიტყვების სისწორეში ამჯერად უკვე აღარ მეპარება ეჭვი.

– თიკა ფეხმძიმედ არის? ლევანის ცოლი ბავშვს ელოდება? თავისი ქმრისგან ელოდება?

– ჰო, აბა, ვისგან ელოდება. რა სისულელეს მეკითხები, გააფრინე?

– ნაძირალა! – გამოსცრა ნატუკამ.

– ლევანი, ხომ? გეთანხმები, ნაძირალაა და ამას ახლავე ვეტყვი. შენ კი ძალიან შეცდი, ამ ბინძურ თამაშში მონაწილეობაზე რომ დათანხმდი.

– მე სხვა გამოსავალი არ მქონდა და არ გინდა საყვედურები.

– არ გსაყვედურობ, არც იმისი სურვილი მაქვს, შენს ცხოვრებაში ჩავერიო, ჭკუა დაგარიგო და თითი დაგიქნიო, მაგრამ ნიკუშას მოტყუების უფლებას ვერ მოგცემ, გამორიცხულია.

– მაშ, რა ვქნათ? მე გამოსავალს ვერ ვპოულობ. ამ მუცლით, უქმროდ თბილისში ვერ დავბრუნდები, ქუჩაში აღმოვჩნდები, ჩემი მშობლები სახლიდან გამომაგდებენ.

– შენს მშობლებს ადრე უნდა გამოეგდე სახლიდან. რაც შეეხება გამოსავალს, ლევანი იპოვის, თავს გაიხეთქავს და იპოვის...

ჟანისთვის მოულონდელი არ ყოფილა სასტუმრო ოთახში, სამგზავრო ჩანთით ხელში მდგარი გოგონას დანახვა. მისმა შემრგვალებულმა მუცელმა ყველა კითხვას გასცა პასუხი, მაგრამ ნიკუშასთან საუბარი მაინც შეკითხვით დაიწყო.

– ნიკი, მე რასაც ვფიქრობ, ის არის თუ კიდევ მოხდა რამე გაუთვალისწინებელი? – ჰკითხა, როგორც კი ნიკუშა პირველი სართულის ჰოლში გამოჩნდა.

– თიკას ექიმი სჭირდება, უნდა დავურეკოთ.

– მე ეგ არ მიკითხავს, თუმცა ექიმს ახლავე დავურეკავ. ეს გოგო, ახლახან რომ ჩამოვიდა, ვინ არის?

ნიკუშამ ამოიოხრა:

– როგორ გითხრათ... რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს...

– ჰო? ეტყობა, იმ შეხვედრებზე დრო ტყუილუბრალოდ არ დაგიკარგავს.

ნიკუშა გაწითლდა:

– არც კი ვიცი, ეს როგორ მოხდა.

ჟანმა თანაგრძნობით დაუქნია თავი:

– მჯერა. მამაკაცების უმრავლესობა იშვიათად ფიქრობს შედეგებზე. ახლა რის გაკეთებას აპირებ? თუ ის შენგან არის ფეხმძიმედ და ამაში დარწმუნებული ხარ, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევი.

– არც გავურბივარ, უბრალოდ, ის მიკვირს, აქ რომ მომადგა. ვერც იმას დავმალავ, რომ მისი ასეთი სითამამე ძალიან მაბრაზებს.

– ახლა ყველაზე ნაკლებად ამაზე უნდა იფიქრო. შენ ისიც გადასაწყვეტი გაქვს, იმ მეორეს რას ეტყვი.

– იას? ღმერთო, ია როგორ დამავიწყდა... – ნიკუშამ თავზე შემოირტყა ხელი, – ეტყობა, ერთად ყოფნა არ გვიწერია. ამას უკვე აღარ მაპატიებს, იმედიც კი არ მაქვს. უნდა შევეგუო იმ აზრს, რომ სამუდამოდ დავკარგე.

– ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შენი შვილის დედის ცოლად მოყვანას აპირებ?

– არა, ნატუკას ცოლად ვერ მოვიყვან. მაგრამ, იმიტომ არა, რომ კომპლექსები მაწუხებს. ეს არაფერ შუაშია. უბრალოდ, არ შემიძლია, ცოლად მყავდეს ქალი, რომელიც ჩემს ძმაკაცთან წვებოდა. ეს წარსულის გამეორებას ჰგავს და ძალიან არ მინდა, მეც მამაჩემივით მოვიქცე.

ჟანმა თანაგრძნობით დაუქნია თავი:

– ჰო, მესმის შენი, კარგად მესმის და გეთანხმები კიდეც, მაგრამ ბავშვს არაფერი დაუშავებია.

– ბავშვზე უარს არ ვიტყვი, გვარს მივცემ და ვიზრუნებ მასზე. თუმცა, მერჩივნა, ჩემს შვილს უკეთესი დედა ჰყოლოდა.

– ხომ არ გინდა, ჯერ მე დაველაპარაკო?

– ვის, ნატუკას? არა. არ არის საჭირო. თქვენ ექიმს დაურეკეთ. თიკას მდგომარეობა მაფიქრებს. ჯერ ისიც ვერ გავარკვიეთ, რა მოხდა. ფიქრიც კი არ მინდა იმაზე, რომ შეიძლებოდა, ბავშვს დამართნოდა რამე.

– ბავშვს?

– ჰო. თინიკოს შვილს. ჩემს დისშვილს. რა უცნაურია, ერთბაშად იმდენი ახლობელი ადამიანი გამომიჩნდა, დედაჩემზე ვეღარც კი ვდარდობ.

– ელენესთან ახლა ვიყავი. სძინავს. მგონი უკეთესად არის. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მომეჩვენა.

– ვერ ვიჯერებ, რომ ვეღარასოდეს გაივლის, ვერ ვუშვებ ამას. შეიძლება, ვცდები, მაგრამ გული სხვას მეუბნება – რომ ელენე მალე კარგად გახდება და ყველაფერი მოგვარდება.

– კარგია, თუ ამის გჯერა. რწმენა ბევრს ნიშნავს. მეც არ ვფიქრობ იმაზე, რომ ელენე ინვალიდის სავარძელში ჩაჯდება – ჩემი შეცდომისთვის ეს მეტისმეტად მაღალი საზღაურია.

– თავს ტყუილად იდანაშაულებთ. ვფიქრობ, ელენემ თავისი საქციელით ყველა ჩვენგანზე იძია შური.

– არა, არა... ამას ნუ ამბობ. ელენეს არ შეუძლია შურისძიება, მან ეს მხოლოდ საკუთარ თავს გაუკეთა, მხოლოდ საკუთარ თავს. ვერ მოინელა სურათის ამბავი, ის, რომ თავისი საქციელით უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენა. ის ნახატი წარსულის გამოძახილია, რომელმაც ჩვენი რეალობა შეცვალა.

– ჰო, ალბათ, ეგეც არის. მაგრამ, მე ყველაფერი არ გავაკეთე მის შესაჩერებლად, უნებლიეთ ვუბიძგე კიდეც თვითმკვლელობისკენ.

– ელენეს თავის მოკვლა არ უცდია. ამაზე ფიქრიც არ მინდა!

– მართალი ხარ, არ უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიმოქმედოთ. მე ახლა ექიმთან დავრეკავ. პასუხისმგებლობას ვგრძნობ ლევანის ცოლის წინაშე!

– მე კი ნატუკას დაველაპარაკები. მაგრამ, გულახდილად გეტყვით – წარმოდგენა არ მაქვს, რაზე უნდა ველაპარაკო.

– არაფერს დაჰპირდე, უბრალოდ, უთხარი, რისი მიცემა შეგიძლია.

– ასე მოვიქცევი. გმადლობ რჩევისთვის, – ნიკუშამ გაიღიმა.

ჟანმა მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი:

– ჩვენ ერთი ოჯახი ვართ – ეს არასოდეს დაგავიწყდეს!

...ნატუკა ტუჩების კვნეტით ადევნებდა თვალს ვახოს, რომელიც ბოლთას სცემდა ოთახში და მთელი ყურადღება კარისკენ ჰქონდა გადატანილი.

– თუ შეიძლება, დაჯექი! უკვე თავბრუ დამეხვა და გული მერევა, – ვეღარ მოითმინა ნატუკამ.

– შენს ადგილას, მე ჩუმად ყოფნას ვარჩევდი, – შეუბღვირა ვახომ, – ისეთი დომხალი მოაწყვე, ერთბაშად რამდენიმე ადამიანი დაზარალდება.

– ჰო?! კარგი, რა... პატარა გოგოს მაგის უნარი მაქვს, რომ თქვენისთანა „ბაბნიკები“ გავაბრიყვო? თუ სიმართლე გინდა, ყველაფერი შენი ძმაკაცის ბრალია. დიახ, და ასეთი თვალებით ნუ მიყურებ, სინდისი სუფთა მაქვს!

– ჰმ, რა დრო დადგა, კახპები სუფთა სინდისზე ალაპარაკდნენ! ხომ გთხოვე, გაჩუმდი-მეთქი?

– არ გავჩუმდები და შეურაცხყოფის მოყენებაც არ არის საჭირო. მე კახპა არ ვარ და თუ ნიკუშასთანაც ვიწექი, მხოლოდ იმიტომ, რომ ლევანმა მოინდომა ასე!

ვახო შედგა:

– რა თქვი?

– ჰო, აბა, შენ რა გეგონა, შენს ძმაკაცზე დავფეთდი და გადავირიე? საერთოდ არაფერში მჭირდებოდა, არაფერში! ლევანმა მთხოვა და მეც დავთანხმდი.

– გთხოვა და დათანხმდი, არა?! კიდევ რამდენ კაცთან იწექი ასეთი „თხოვნით“? თუმცა, რა სისულელეს გეკითხები. პირადად მე, ფეხებზე მკიდია შენი საყვარლების რაოდენობა. ერთადერთი, რაც მაინტერესებს, ის არის, ლევანს რა განზრახვა ჰქონდა.

ნატუკამ მხრები აიჩეჩა:

– პრინციპში, რატომ არ უნდა გითხრა ყველაფერი, რაღა აზრი აქვს დამალვას?

– მართალი ხარ, არაფრის დამალვას აღარ აქვს აზრი. მიდი, მოყევი ყველაფერი!

– ოღონდ, ნუ იბღვირები, კარგი? მშიშარა არ ვარ, მაგრამ, მაინც არ მსიამოვნებს შენი შეკრული წარბებისა და დაბღვერილი სახის ყურება.

– თემას ნუ გადაუხვიე! ესე იგი, ლევანმა გითხრა, ნიკუშას ლოგინში ჩაუწექიო?

– ჰო. რა იყო, გიკვირს?

– არა, შენგან არ მიკვირს, მაგრამ, ვერ ვხვდები, ლევანს რა უნდოდა, რისი მიღების იმედი ჰქონდა?

– თუ არ ვცდები, ორ მილიონზე იყო საუბარი და მეც მპირდებოდა გარკვეულ თანხას.

– რა ორი მილიონი? – ვახომ პირი დააღო გაოცებისგან.

– აბა, რა გითხრა. მე ეგ ნაკლებად მაინტერესებდა. მომისმენ თუ არა? ლევანის საყვარელი ვიყავი... ჰო... მერე, რა მოხდა. თავისუფალი ადამიანი ვარ და იმასთან დავწვები, ვისთანაც მინდა. ფულიც მიყვარს, არ უარვყოფ. უარი რატომ უნდა მეთქვა?

– ეგ ყველაფერი არ მაინტერესებს. წესიერად გამაგებინე, რა მილიონების იმედი ჰქონდა იმ იდიოტ ლევანს?

– ხომ გითხარი, წესიერად არ მიკითხავს-მეთქი. მგონი, რაღაც ნახატზე იყო ლაპარაკი, რომელიც ნიკუშას დედას აქვს. ლევანი მეუბნებოდა, ადრე ჩემი სიმამრის საკუთრება იყო და სრული უფლება მაქვს, მის დასაბრუნებლად ყველა საშუალება გამოვიყენოო.

– ნაბიჭვარი! – ვახომ იფეთქა, – ნაბიჭვარი!.. მოვკლავ მაგ უბედურს!.. დაფეხმძიმებაც მისი იდეა იყო?

ნატუკამ თავი გადააქნია.

– არა, ეს ისე გამოვიდა, თავისთავად... ლევანი ჯერ კინაღამ გაგიჟდა, მაგრამ, მერე მითხრა, რომ ჩემთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა, თუ ნიკუშას დავარწმუნებდი, რომ მისგან ვიყავი ფეხმძიმედ – ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ მოგეცა და იდიოტი იქნები, თუ ხელიდან გაუშვებო. მეც ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი.

– ოჰ, შენი!.. – გამოსცრა ვახომ.

– ნუ იგინები. გითხარი, შენი ძმაკაცის იდეა იყო-მეთქი, თორემ, მე ლევანისთვის ფულის გამორთმევასა და ბავშვის მოცილებას ვაპირებდი. დედობა ჩემი იდეაფიქსი არასდროს ყოფილა.

– ფეხებზე მკიდია შენი ბინძური სულის ქვენა გრძნობები, ლევანი კი, ნამდვილად ვერ გადამირჩება!..

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3