კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პატიმარს დანაშაული ძაღლებმა დაუმტკიცეს


მართალია, „ძაღლი ადამიანის მეგობარია“, მაგრამ 25 წლის ახალგაზრდას, რომელსაც 16 წელი მიესაჯა, დანაშაული ოთხმა ძაღლმა დაუმტკიცა. პატიმარ გარი ს-ს, სამ თანამზრახველთან ერთად, ტაქსის მძღოლის ძარცვა და ყაჩაღობა დაბრალდა. რამდენად მძიმე სასჯელია ამ კატეგორიის დანაშაულისთვის 16 წელი, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტი ერთია – სამართალდამცველებმა ადამიანთა ჩვენებების ნაცვლად, ოთხფეხა ძაღლების ირწმუნეს. ამიტომ, ციხეში მყოფი მსჯავრდებული თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და ბრძოლას ბოლომდე აპირებს.

25 წლის გარი ს. საპატიმროში მას შემდეგ მოხვდა, რაც დაზარალებულმა ტაქსის მძღოლმა ამოიცნო. თუმცა, მძღოლის გარდა ის ოთხმა მეძებარმა ძაღლმაც ამხილა – ოდოროლოგიურმა ანუ სუნის ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტაქსის მძღოლის გატაცებულ ავტომანქანაში გარი ს. ნამდვილად იჯდა. არადა, ოთხი ძაღლის პარალელურად, არსებობს 4 მოწმე, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ინციდენტის მომენტში განსასჯელი მათ გვერდით იყო, მაგრამ სამართალდამცველები ძაღლებს უფრო ენდნენ. აქედან გამომდინარე, დაკავებულის მხარე წუხს, რომ ძაღლებს უფრო უჯერებენ, ვიდრე ადამიანებსო და ყურადღებას ერთ გარემოებაზე ამახვილებს – დაკავებამდე სამი თვით ადრე, განსასჯელს ბიძაშვილი გარდაეცვალა. მის მკვლელს განზრახ მკვლელობის უმძიმესი, 109-ე მუხლი წაუყენეს, მაგრამ მხოლოდ 10-წლიანი პატიმრობით აგებინეს პასუხი. აქედან გამომდინარე, განსასჯელის მხარე აპროტესტებს, რომ გარი ს-ს მართლაც რომ დაეყაჩაღებინა ტაქსის მძღოლი, 16-წლიან პატიმრობას მაინც არ იმსახურებდაო.

აქვე უნდა ითქვას, რომ ტაქსის მძღოლის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის პატიმარს 13 წელი მიესაჯა, მაგრამ ამ დანაშაულის ჩადენამდე ის ხულიგნობისთვის იყო ნასამართლევი. ამის გამო ის პირობით პატიმრობაში იმყოფებოდა. ამიტომ, რადგან დანაშაული პირობით პატიმრობაში ყოფნისას ჩაიდინა, ხულიგნობისთვის განკუთვნილი 3 წელიც დაემატა და საბოლოოდ, 16 წელი გამოუვიდა.

16 წელი და 5 000 ლარი ჯარიმა

როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, გარი ს-მ სამ თანამზრახველთან ერთად ბანდა ჩამოაყალიბა და ტაქსის მძღოლისთვის ავტომანქანის, ფულისა და სხვადასხვა ნივთების წართმევა დაგეგმა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2 დეკემბერს, ოთხკაციანი ჯგუფი დაახლოებით, 21:30 საათზე „სანადიროდ“ გავიდა. გარი და ერთ-ერთი, გამოძიებით დაუდგენელი პირი, მოშორებით დადგნენ და გლდანიდან დიდუბისკენ მიმავალი „ფორდი“ გააჩერეს. თავიდან მძღოლთან ერთ-ერთი თავდამსხმელი მივიდა, მას გვერდით მიუჯდა და საბურთალოზე წაყვანა სთხოვა. ამ დროს ავტომობილს დანარჩენი სამიც მიუახლოვდა, მანქანაში უკანა სავარძელზე დასხდნენ და საბურთალოზე წასვლამდე, მძღოლს იქვე მდებარე სკვერამდე მიყვანა მოსთხოვეს. ადგილზე მისვლისას კი, აიძულეს უკანა სავარძელზე გადამჯდარიყო. გამოძიების ვერსიით, საჭეს დაუდგენელი პირი მიუჯდა. 5-10 წუთის შემდეგ კი, ტაქსის მძღოლს მობილური ტელეფონი „ერიქსონი“ (350-ლარიანი), თანხა 46 ლარი და 5 000 დოლარად ღირებული ავტომანქანა წაართვეს. მძღოლი მთლიანად 5 396 ლარით აზარალეს.

როგორც ტაქსის მძღოლმა ჩვენებაში განაცხადა, მანქანაში მყოფმა კლიენტებმა მოატყუეს, თითქოს მათგან ერთ-ერთ ბიჭს და და დისშვილი უნდა წამოეყვანათ. მაგრამ, შემდეგ, მანქანა ისეთ ადგილზე დააჩერებინეს, სადაც ირგვლივ არავინ იყო, მუქარით უკან გადასვეს და მანქანა სანზონისკენ წაიყვანეს. შემდეგ მობილური, ამასთან ფული წაართვეს და მანქანიდან ჩამოსვეს. ტელეფონის ნომერი მისცეს და დაუბარეს – ორ დღეში ამ ნომერზე დარეკე, 1 000 დოლარი მოიტანე და მანქანას დაგიბრუნებთო. მძღოლი ამბობს, რომ საკუთარ ტელეფონზე დაკავშირება მან მეორე დღესვე სცადა, მაგრამ ტელეფონი გამორთული იყო. ამიტომ, პოლიციას მიმართა და არცთუ უსაფუძვლოდ – პოლიციამ მისი მანქანა იპოვა და პატრონს დაუბრუნა.

გარი ს. პოლიციამ მეორე დღეს დააკავა, მაგრამ ის ამ დღიდან მოყოლებული თავს უდანაშაულოდ აცხადებს. როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოზე მან დეტალურად მოყვა თუ რას აკეთებდა ინციდენტის დღეს. ირწმუნებოდა, რომ ის დილით სახლში იყო და მეზობლად მცხოვრებ ბიძას საღორის კედლის ამოშენებაში ეხმარებოდა. დაახლოებით, დღის ორ საათზე უბანში მეგობრებს შეხვდა, მათთან ერთად დალია, ოთხზე კი კინოში წავიდნენ. ამბობს, იქიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთი მეგობარი შეხვდათ და მასთან წავიდნენ. შემდეგ ყველა ერთად სახლისკენ გამოეშურა და იქვე, გადახურულ ადგილას დალიეს, სადაც მათი მეზობლები ქეიფობდნენ. მისი თქმით, რადგან ტელევიზორი გაფუჭებული ჰქონდა, გადაცემის – „რა, სად, როდის“ საყურებლად ერთ-ერთ მეგობართან ავიდა. თამაშის დასრულების შემდეგ მეგობარმა მარტო სახლამდე კი არა, საძინებელ ოთახამდეც კი მიაცილა. მანამდე კი სიმთვრალის გამო დედა ეჩხუბა. დილის 10 საათზე კი 4 კაცი დაადგა – მოწმედ უნდა დაგკითხოთო და პოლიციაში წაიყვანეს, სადაც სურათები გადაუღეს და დანაშაულის აღიარებას ურჩევდნენ. მისი თქმით, მართალია, არაფერი უღიარებია, მაგრამ მასთან ოთხი უცნობი შეიყვანეს, ყველას ყავისფერი მაისურები ჩააცვეს, შემდეგ ვიღაც უცხო კაცი (ტაქსის მძღოლი) შეიყვანეს და ხელი მისთვის დაადებინეს. მოკლედ, პატიმარი დარწმუნებულია, რომ პოლიციამ დაზარალებულს ხელი შეგნებულად დაადებინა.

მისი ჩვენების პარალელურად, სულ სხვა განაცხადა ტაქსის მძღოლმა. როგორც მან სასამართლოს მოუთხრო, ვიდრე გარის ხელს დაადებდა, პოლიციამ სთხოვა, კარგად დაფიქრებულიყო, დარწმუნებულიყო რომელი იყო დამნაშავე და ხელი ისე დაედო – მისახვედრებელი ჩემთვის არაფერი უთქვამთო: „აქ მყოფი განსასჯელი სახეზე მაშინ შევათვალიერე, როცა მანქანას უახლოვდებოდა. ამ დროს მანქანის ფარები ანთებული მქონდა და სახის დანახვა მაშინ მოვასწარი“, – აცხადებდა დაზარალებული და ირწმუნებოდა, რომ დაკავებული სახით, თმის ფერით, გადაბმული წარბებით, ცხვირითა და შავგვრემანი სახით ამოიცნო.

მოკლედ, ვინაიდან განსასჯელის დამნაშავეობა სუნის ექსპერტიზითაც დამტკიცდა, სასამართლომ დასკვნის გამცემი ექსპერტებიც დაჰკითხა. მათ კი სასამართლოს დეტალურად აუხსნეს თუ როგორ ტარდება ძაღლებით ექსპერტიზა. მათი თქმით, თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ოთხივე ძაღლის მოქმედება იდენტურია, დადებით პასუხს წერენ. როგორც გაირკვა, მოცემულ შემთხვევაში ექსპერტებმა ავტომანქანის უკანა სავარძლებიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშებით დაადგინეს, რომ გარი ს. ტაქსიში ნამდვილად იჯდა. თუმცა, ვინაიდან საბრალდებო დასკვნით გარი ს. წინა და არა უკანა სავარძელზე იჯდა, ექსპერტმა ახსნა, რომ ავტომანქანის სალონში ძალიან პატარა სივრცეა და იქ მყოფის სუნი მთელ ავტომანქანაში რჩება, ანუ იმ სავარძელზეც კი, რომელზეც შესაძლოა, პიროვნება საერთოდ არ მჯდარა...

ცხადია სასამართლომ ის მოწმეებიც დაჰკითხა, ვისზეც პატიმარი ამბობდა, რომ იმ ღამეს მათთან ერთად იყო. სასამართლოზე დაკითხულმა მოწმეებმა მთლიანად მის წისქვილზე დაასხეს წყალი. მაგრამ, გამოძიებაში მიცემული ჩვენებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მათი ვერსია აღარ გაიზიარა. რადგანაც: დაკავებულის ბიძა ამბობდა, რომ იმ დღეს დილიც 9-დან საღამოს 5 საათამდე სამსახურში იყო. პატიმარმა კი თქვა, რომ იმ დღეს დილის საათებში მას საღორის კედლის აშენებაში ეხმარებოდა...

არასარწმუნო აღმოჩნდა პატიმრის მხრიდან „რა, სად, როდის“ გადაცემის გულშემატკივრობაც. ჩვენებებში ირწმუნებოდა, რომ ამ გადაცემაში მონაწილე ყველა გუნდის წევრები იცის. რომელი გუნდი თამაშობდა იმ ღამეს, პატიმარმა დაუფიქრებლად დაასახელა, მაგრამ აღმოჩნდა, იმ ღამეს სხვა გუნდი თამაშობდა. მართალია, განსასჯელმა მალევე განაცხადა, რომ გუნდები აერია, მაგრამ ამის მიუხედავად, კოლეგიამ მიიჩნია, რომ ვინაიდან პატიმარმა ვერც გუნდები დაასახელა სწორად და ვერც ის გაიხსენა, ვინ მოიგო თამაში, სასამართლომ დანაშაულის მომენტში მისი შინ ყოფნის ვერსია არ გაიზიარა და გარდა იმისა, რომ 16 წელი მიუსაჯა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 4 000 ლარის ჯარიმაც დააკისრა.

რაც შეეხება დაზარალებული ტაქსის მძღოლის დანაკარგს, მართალია, მან ავტომანქანა იპოვა, მაგრამ ვინაიდან მანქანას დინამო და საბურავები მოხსნილი დახვდა, გამოძიებამ ეს ზარალი 1 000 ლარად შეაფასა და ცხადია ამ ზარალის გადახდაც პატიმარს დააკისრეს, ანუ გარდა იმისა, რომ განსასჯელმა 16 წელი უნდა მოიხადოს, სახელმწიფოს სასარგებლოდ 4 000, ხოლო დაზარალებულის სასარგებლოდ ათასი ლარის გადახდა დაეკისრა...

სასამართლოს ვერდიქტით დაზარალებული ტაქსის მძღოლი ცხადია კმაყოფილი დარჩა, მაგრამ ბრძოლას ბოლომდე აპირებეს განსასჯელის ოჯახი. ირწმუნებიან, რომ გარი ს-ს დანაშაული საერთოდ არ ჩაუდენია და მის გამართლებას ითხოვენ. მათი თქმით, „ძაღლების ყეფას უფრო დიდი ფასი აქვს, ვიდრე ადამიანებს“. მათივე მოსაზრებით, ტაქსის მძღოლს შეუძლებელი იყო სიბნელეში ისე დაემახსოვრებინა დამნაშავის სახე, რომ ის შეუცდომლად ამოეცნო. მით უმეტეს, თავიდან, ვიდრე გარის ს-ს დააკავებდნენ ამბობდა, რომ დამნაშავე შავგვრემანი იყო, მაშინ როცა პატიმარი ძალიან ქერაა და ამ კუთხით მისი სახის დამახსოვრება ძალიან ადვილია. თუმცა, მას შემდეგ რაც დაინახა, რომ პატიმარი ქერა იყო, ტაქსის მძღოლმა ჩვენება შეცვალა.

როგორც ირკვევა, დაზარალებულის ყველა ჩვენება გამოძიებამ ფირზე აღბეჭდა. კერძოდ, ის მომენტები, სადაც პატიმრის ურთიერთგამომრიცხავ აღწერილობაზე მიუთითებს. ვიდეოგადაღება თავად დაზარალებულმაც დაადასტურა. ამიტომ, განსასჯელის მხარემ ფირის ჩვენება მოითხოვა. კარგა ხანს ელოდნენ მის გამოქვეყნებას, მაგრამ ბოლოს გამოძიებამ განაცხადა, რომ ფირი დაზიანდა და მასზე არაფერი ჩანს. აქედან გამომდინარე, პატიმრის ახლობლები ასკვნიან, რომ დამნაშავე ტაქსის მძღოლია და ცრუ ჩვენებისთვის პასუხი მან უნდა აგოს.

პატიმრის ახლობლები ყველაზე მთავარ დარღვევად იმას მიიჩნევენ, რომ გამოძიებას განსასჯელისთვის არც ერთხელ არ დაუსვამს კითხვა, ვისთან ერთად ჩაიდინა დანაშაული. ეს მაშინ, როდესაც მას ჯგუფური დანაშაულის მუხლი მიუყენეს. ამიტომ, ბრძოლას ბოლომდე აპირებენ, რომ მისი უდანაშაულობა დაამტკიცონ. „შეშინებულ დაზარალებულს თავდამსხმელი შეეშალა და ამის გამო არ შეიძლება ახალგაზრდა ბიჭმა 16 წელი ციხეში გაატაროს“, – ასეთია მათი ვერსია.


скачать dle 11.3