როგორ მოატყუა „კაგებემ“ პალესტინელი ტერორისტები, რომლებიც სამხედრო ბაზაზე შეიტყუა და დააპატიმრა
1976 წლის აპრილში საბჭოთა დაზვერვამ უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარა, კოდური სახელწოდებით „ნათება“, რომელიც პოლკოვნიკ არტემ სამსონოვს აქვს აღწერილი თავის წიგნში „ხვალ“. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ წიგნიდან.
„ნათება“
თვითმფრინავის გატაცების კონცეფცია საკუთარი გეგმების განხორციელების მიზნით, რაც ინტენსიურ ზეწოლაში გამოიხატებოდა, თავიდან ბოლომდე „კაგებემ“ შექმნა და იასირ არაფატს მზამზარეული მიაწოდა. შემდეგ კი, იდეის ავტორობა მას მიაწერა და განხორციელებაც დაიწყო... თავდაპირველად, პალესტინელი ტერორისტები წარმატებით ახორციელებდნენ თავიანთ ჩანაფიქრს და გატაცებული თვითმფრინავის მძევლების დახოცვის მუქარით ახერხებდნენ მოთხოვნების შესრულებას. თუმცა, მოგვიანებით, ყველაფერი შეიცვალა და მათ მოთხოვნებს აღარავინ ასრულებდა. ისინი კი, სისხლიან ტერორზე გადადიოდნენ, მძევლებს ხოცავდნენ და თავსაც იკლავდნენ – ამგვარად „ხვდებოდნენ აღთქმულ სამოთხეში“... თუმცა, ხდებოდა ისიც, რომ პალესტინელები თავიანთ რუს მფარველებსაც აუმხედრდებოდნენ ხოლმე და მათი მოთვინიერება უკვე „კაგებეს“ უხდებოდა... ასე მოხდა 1976 წლის აპრილში, როდესაც მოსკოვი-პარიზის რეისში 6 პალესტინელი ტერორისტი შეიპარა და 120 მგზავრი მძევლად აიყვანა. ისინი, იასირ არაფატის მოწინააღმდეგის, ისმაილ ასადის მებრძოლები იყვნენ და ლუბიანკაზე გამომწყვდეული შეფის გათავისუფლებას მოითხოვდნენ საბჭოელებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავის ჰაერში აფეთქებით იმუქრებოდნენ.
თვითმფრინავით 90 ფრანგი და 30 საბჭოელი მგზავრობდა, მათ შორის, უმეტესობა ბავშვები და ქალები იყვნენ. ტერორისტებს იმედი ჰქონდათ, რომ საბჭოთა და საფრანგეთის მთავრობები მათ მოთხოვნებს შეასრულებდნენ. ტერორისტების პირობის თანახმად, ისმაილ ასადი გატაცებულ თვითმფრინავში უნდა მიეყვანათ და სამხრეთ აფრიკაში გაფრენის უფლება მიეცათ, სადაც იმ პერიოდში რასისტული რეჟიმი იყო და ტერორისტებს მიიღებდნენ. მხოლოდ ამის მერე აპირებდნენ პალესტინელები მძევლების გათავისუფლებას. მოლაპარაკება 12 საათს გაგრძელდა და მთელი ეს პერიოდი მძევლებით სავსე თვითმფრინავი მოსკოვის „შერემეტევოს“ აეროპორტში იდგა. თორმეტსაათიანი დაძაბული საუბრის მერე, საბჭოთა და საფრანგეთის მთავრობების უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, მაიორმა ვიქტორ ლუცკომ ტერორისტებს განუცხადა:
– ისმაილ ასადი გათავისუფლებულია და აეროპორტში მოჰყავთ. მიღწეულია შეთანხმება სამხრეთ აფრიკელებთანაც და იოჰანესბურგის აეროპორტი მიგიღებთ. ამიტომ, დასხდებით თუ არა, მძევლები გაუშვით და თქვენი საქმე თქვენ იცითო.
ტერორისტებმა, თანხმობა განაცხადეს და მართლაც, ისმაილ ასადი ტერორისტებს მიუყვანეს. შემდეგ მძევლებით სავსე თვითმფრინავი ჰაერში აფრინდა და ხუთსაათნახევრიანი ფრენის მერე, ადგილობრივი დროით, ღამის 12 საათზე, ფერადი შუქებით გაჩირაღდნებულ საფრენ ბილიკზე დაეშვნენ. თვითმფრინავი რომ გაჩერდა, სალონში სამხრეთ აფრიკული პოლიციის თეთრკანიანი წარმომადგენლები გამოცხადდნენ. შვიდ პალესტინელს 120 მძევალი და თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები გააშვებინეს. მათ კი ადგილზე დარჩენა უბრძანეს, იმ მოტივით, რომ ბაქტერიოლოგებს უნდა შეემოწმებინათ. თავადაც რომ გადმოვიდნენ თვითმფრინავიდან და 100 მეტრით მოშორდნენ იქაურობას, საფრენი ბილიკი ერთბაშად განათდა და პალესტინელმა ტერორისტებმა დაინახეს, რომ საბჭოთა სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ... მათ თვითმფრინავის აფეთქება სცადეს. თუმცა, გვიან მიხვდნენ, რომ „სამხრეთაფრიკელ პოლიციელებს“, რომლებიც სინამდვილეში გადაცმული „კაგებეს“ თანამშრომლები იყვნენ, დეტონატორები გაეთიშათ... მიუხედავად ამისა, ტერორისტები არ ნებდებოდნენ. „ალფას“ რაზმის მეომრებმა ისინი უიარაღოდ აიყვანეს, რადგან ტერორისტებს მხოლოდ ბომბები ჰქონდათ და ცეცხლსასროლი იარაღები არ გააჩნდათ.
ისმაილ ასადი და მისი 6 თანამებრძოლი ლუბიანკაზე დააბრუნეს, სადაც მათი გასამართლება და ლიკვიდაცია მოხდა.