როგორ გახსნა ახალგაზრდა ქართველმა გამომძიებელმა 20 წლის წინანდელი ეკლესიის ქურდობა, რასაც მისი წინამძღოლის სიცოცხლე შეეწირა
„ანგელოზის თმა“
გრძელთმიანი ახალგაზრდა კაცი ფრთხილად აცოცდა ჩრდილოეთის კედელზე და ტაძარში უხმოდ შეაღწია. ირგვლივ ბნელოდა, მაგრამ მან მშვენივრად იცოდა, სად რა ეკიდა და სად რა იდო. ის ერთი კვირის განმავლობაში გულდასმით სწავლობდა ეკლესიის კუთხე-კუნჭულს და საჭირო ნივთის ადგილმდებარეობა კარგად იცოდა. გრძელთმიანი ფეხაკრეფით მივიდა აღმოსავლეთის კედელთან და ასანთი აანთო. შემდეგ ღვთისმშობლის ხატს შეხედა და ჩაილაპარაკა:
– აქაა. აბა, მიდი, იმოქმედე! – შეუძახა საკუთარ თავს და ხატს წაეპოტინა.
– ეგ არ გააკეთო, ხატი სასწაულმოქმედია და, თუ ხელი ახლე, საშინელება არ აგცდება! – მოესმა ქურდს უკნიდან.
გრძელთმიანი მამა ამბროსის პირისპირ აღმოჩნდა. ის ორმოცდახუთი წლის მღვდელი იყო და იმ ტაძარს წინამძღოლობდა, სადაც ღვთისმშობლის ხატი ეკიდა. ეს ხატი წმიდა მამებმა მეთექვსმეტე საუკუნეში ჩამოიტანეს საქართველოში. ხატი სასწაულმოქმედია და ძალიან ძვირფასი – ოქროს ჩარჩოში ჩასმული და ძვირფასი ქვებით მოჭედილი.
ქურდმა იცოდა, რომ იმ დროს ტაძარში არავინ არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეკლესიის წინამძღოლი მამა ამბროსი საკურთხეველში შეყოვნდა სალოცავად.
– ხელი არ ახლო ხატს, შვილო ჩემო, და წადი, მშვიდობით იარე, უფალმა შეგინდოს, – მშვიდად თქვა მღვდელმა, მაგრამ ქურდი დაეტაკა და ხანჯალი ორჯერ აძგერა გულში.
მამა ამბროსი იატაკზე დაეცა და სანამ სული ამოუვიდოდა, თქვა:
– უფალო, შემიწყალე!
ქურდმა ჯერ სისხლიანი ხანჯალი შეაწმინდა მოკლულს ანაფორაზე. შემდეგ სასწაულმოქმედი ხატი ჩამოხსნა და მასთან ერთად ღია სარკმლისკენ გაემართა, ფანჯარაში გადაძვრა და ადამიანის სილუეტს მოჰკრა თვალი.
– რა ჰქენი? – ჰკითხა მან.
– მოვიპარე, მაგრამ მღვდელი შემომაკვდა. როგორც ეტყობა, საკურთხეველში იყო და ზურგიდან დამესხა თავს. რაღა დამრჩენოდა, ავიღე და ხანჯალი გავუყარე, – იცრუა ქურდმა.
სილუეტმა ქურდს ხატი გამოართვა. შემდეგ კი უეცრად, მის ხელში ხანჯალმა იელვა და ქურდის გულში შესრიალდა. უცნობმა ხანჯალი სწრაფადვე უკანვე გამოაცურა და სანამ ქურდი წაიქცეოდა, მეორედ აძგერა გულში. შემდეგ კი გაუჩინარდა.
დილას ტაძრის ირგვლივ ადამიანები შეიკრიბნენ. მათ შორის „ენკავედეს“ თანამშრომლები ჭარბობდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა – გამომძიებელმა ვანო ჩაჩუამ მოკლულ ქურდს გახედა და თქვა:
– ასეც ვიცოდი. ეს ხომ მირონ კრავცოვია, ცნობილი „ანგელოზის თმა“.
„ანგელოზის თმას“ შავ სამყაროში ეკლესიის ქურდებს უწოდებენ.
ეს ამბავი 1941 წლის 21 ივნისს მოხდა და გამოსაძიებლად ვანო ჩაჩუას გადაეცა. თუმცა, მეორე დღეს ომი დაიწყო და საქმე არქივში გადაიგზავნა. შემდეგ კი, მისი გამოძიება 20 წლით გადაიდო.
20 წლის შემდეგ
1961 წლის მარტში, დიღმის მასივში მომუშავე მშენებლების ერთ-ერთი ბრიგადის ტრაქტორისტმა – ომარ სირაძემ შავი რკინის ყუთი შეამჩნია მიწაში. ტრაქტორისტი დანგრეულ ტერიტორიას წმენდდა და იქაურობას ახალმშენებლობისთვის ამზადებდა. მან ტრაქტორი გააჩერა, გადმოვიდა და მძიმე ყუთის გახსნა სცადა, მაგრამ ამაოდ. ფოლადისგან დამზადებული კორპუსი ადგილიდან არ იძროდა. მშენებლებმა მილიციას გამოუძახეს და ყუთის გახსნა მხოლოდ „ავტოგენის“ მეშვეობით მოახერხეს. ამ პროცესს ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალყურს და როცა ყუთს თავსახური ახადეს, ყველა განცვიფრდა. იქაურობა ძვირფასეულობითა და ომის დროინდელი ქაღალდისა და ვერცხლის ფულით იყო სავსე. მილიციელებმა ოქმი შეადგინეს და თვითმხილველებს ხელი მოაწერინეს. შემდეგ ყუთი დალუქეს და მილიციის სამმართველოს შენობაში გადაიტანეს.
ყუთში ძვირფასი ჩარჩოები, ოქროს მონეტები, ძვირფასი თვლები და თვალ-მარგალიტით მოჭედილი ხანჯლები ელაგა. მილიციელები მიხვდნენ, რომ მათ საქმე ისტორიული მნიშვნელობის ნივთებთან ჰქონდათ და სახელმწიფო მუზეუმის ექსპერტები მიიწვიეს. ექსპერტები სამმართველოს უფროსის კაბინეტში შეიყვანეს და უზარმაზარ მაგიდაზე გაშლილი განძი აჩვენეს.
– ეს ხომ უნიკალური ნივთებია! – ერთხმად აღმოხდათ ექსპერტებს, – ისინი შეუფასებელია და უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს.
ერთ-ერთი ექსპერტის, პროფესორ ჯანდიერის ყურადღება განსაკუთრებულად ერთმა ნივთმა მიიპყრო. ეს იყო ძვირფასი ჩარჩო, რომელიც დიდი ზომის ძვირფასი ქვებით იყო მოჭედილი და სხვადასხვა წარწერები ამშვენებდა. მან ხელში აიღო ჩარჩო და დიდხანს ათვალიერა. შემდეგ ფაქიზად დააბრძანა მაგიდაზე და თქვა:
– ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ ეს ჩარჩოა იმ სასწაულმოქმედი ხატის, რომელიც ბერებმა იერუსალიმიდან ჩამოაბრძანეს საქართველოში, მეთექვსმეტე საუკუნეში. ხატზე ღვთისმშობელია ყრმა მაცხოვართან ერთად და ის ზუსტად 20 წლის წინათ მოიპარეს ტაძრიდან. მაშინ მე სრულიად ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკი ვიყავი. შემდეგ ომი დაიწყო და ფრონტზე წავედი. ხატის ამბავი, ჩემდა სამარცხვინოდ, გადამავიწყდა კიდეც. თუმცა, აი, მისი ჩარჩო, მაგრამ ხატი სადღაა?
– ხატი, ალბათ, გადააგდეს ქურდებმა, ჩარჩო კი დატოვეს, – თქვა სამმართველოს უფროსმა, – ხომ ხედავთ, რა ძვირფასი ჩარჩოა, ხატი კი ვის რად უნდოდა?!
პროფესორს გაეცინა და თქვა:
– ეს ჩარჩო არაფერია თვითონ ხატთან შედარებით. ის სასწაულმოქმედია და როგორც დიდი სულიერი, ასევე დიდი მატერიალური და მხატვრული ღირებულება აქვს. მე მოვითხოვ, მისი ძებნა დავიწყოთ და საამისოდ საუკეთესო ძალები გამოყოთ.
სამმართველოს უფროსს გულის სიღრმეში არ სჯეროდა პროფესორის სიტყვების და დარწმუნებული იყო, რომ ხატი დიდი ხნის წინათ განადგურდა. თუმცა, იძულებული გახდა, რეაგირება მოეხდინა პროფესორის განცხადებაზე. ამისთვის კი სრულიად ნორჩი გამომძიებელი, 22 წლის მალხაზ ქორიძე დაიბარა და მის ცხოვრებაში პირველი დამოუკიდებელი საქმის გამოძიება დაავალა.
ძველი საქმე
მალხაზ ქორიძემ ოცი წლის წინანდელი საქმე არქივიდან ამოიღო და გულდასმით გაეცნო. შემდეგ, პენსიაზე მყოფ ვანო ჩაჩუას დაუკავშირდა და მილიციის გადამდგარ პოლკოვნიკს შინ ეწვია.
– მახსოვს ეგ საქმე, როგორ არ მახსოვს, – თქვა ჩაჩუამ და ახალგაზრდა კოლეგას ფინჯანი ყავა დაუდგა წინ, – მეტსაც გეტყვი, ეს ერთადერთი საქმეა ჩემს ხანგრძლივ კარიერაში, რომელიც გამოუძიებელი დარჩა. არადა, საქმე საკმაოდ კარგად დაიძრა. მიუხედავად იმისა, რომ ომი დაიწყო და გამოძიებისთვის არავის ეცალა, მე მაინც მოვახერხე ვიღაც-ვიღაცეებზე გასვლა. თუმცა, მერე ფრონტზე გამიწვიეს და საქმე არქივს გადაეცა.
– მაინც, ვისზე მოახერხეთ გასვლა?
– ხატის ქურდი ტაძართან აღმოვაჩინეთ მოკლული, ხოლო ნაქურდალი ნივთი კი წაღებული იყო. აქედან გამომდინარე, დავასკვენით, რომ მკვლელი და ხატის გამტაცებელი ერთი და იგივე პიროვნება იყო. კრავცოვი, მართალია, ცნობილი ანგელოზის თმა იყო, მაგრამ ის, ხშირ შემთხვევაში, სხვის შეკვეთას ასრულებდა. მაშინ მე ჩემი აგენტურული ქსელი მყავდა და დავადგინე, რომ კრავცოვი ვინმე პავლე სომხიშვილთან ახლობლობდა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში სომხიშვილი და კრავცოვი სულ ერთად იყვნენ. როცა მირონი მოკლეს, პავლე მოულოდნელად გაუჩინარდა.
მე სომხიშვილის კვალს მივყევი და დავადგინე, რომ ის სპეკულანტი იყო, უფრო სწორად, წვრილფეხა მოვაჭრე. ის „ბარახლოთი“ ვაჭრობდა და საეჭვო იყო, ხატებით დაინტერესებულიყო. თუმცა, მას კუდში ვდიე და თავის სახლში, დიღმის დასახლებაში დავაპატიმრე. იქ, სადაც ახლა ახალმშენებლობებია.
– სწორედ იქ აღმოაჩინეს ძვირფასეულობებით სავსე ყუთი, – თქვა ქორიძემ.
– დაკითხვაზე სომხიშვილმა თავი გამოიშტერა და არაფერი მითხრა. თუმცა, შევატყვე, რომ რაღაცის შიში ჰქონდა. მე ის საკანში გავისტუმრე და დაკითხვა მეორე დღისთვის გადავდე. სომხიშვილმა კი, იმავე ღამეს საკანში თავი ჩამოიხრჩო. ექსპერტმა თვითმკვლელობა დაადგინა, მაგრამ საქმე არ შეჩერებულა. მე ძებნა გავაგრძელე. პროკურორს სომხიშვილის ბინის ჩხრეკის ორდერი ვთხოვე. მან ჯერ თანხმობა მომცა, თუმცა, შემდეგ უარი მითხრა და ჩხრეკა ერთი კვირით გაჭიანურდა. საბოლოოდ, მაინც მივიღე ეს ნებართვა, მაგრამ სომხიშვილის ბინა და ეზო-კარი რომ გავჩხრიკეთ, იქ არაფერი აღმოჩნდა საეჭვო. მე კი მომეჩვენა, რომ იქაურობა უკვე ვიღაცას გაეჩხრიკა, რაზეც გადათხრილი ბაღი მიუთითებდა. ინტუიცია მკარნახობდა, საქმის გახსნასთან ძალიან ახლო ვიყავი და სომხიშვილის მეზობლების შესწავლა დავიწყე. ჩემდა გასაკვირად, მის სამეზობლოში ერთ-ერთი პარტიული ფუნქციონერი ვარლამ ხიტირი აღმოვაჩინე. მასთან საუბარმა საკმაოდ ცუდად ჩაიარა. მან ჩემთან ურთიერთობა ითაკილა. ამ შემთხვევიდან ზუსტად რვა დღეში კი, ფრონტზე გამიწვიეს და მაშინვე წინა ხაზზე მიკრეს თავი. თუმცა, მე მყარი ჯავშანი მქონდა და გაწვევას არ ვექვემდებარებოდი.
დამსმენი „ზოზო“
მალხაზ ქორიძე ჩაჩუას გამოემშვიდობა და პირდაპირ პროკურატურის არქივისკენ გაემართა, სადაც დახვრეტილი ძალოვნების საქმეები ინახებოდა. მალხაზმა ჩაჩუასგან შეიტყო, რომ ვარლამ ხიტირი 1942 წელს დაუხვრეტიათ და სწორედ ამის გასაგებად მივიდა იქ.
ხიტირის საქმიდან ქორიძემ შეიტყო, რომ ვარლამი მავნებლობისა და საბოტაჟისთვის დაეხვრიტათ. კულაკის შვილად და საბჭოთა წყობის მტრად გამოცხადებული ერთი პიროვნების დასმენის გამო დაეხვრიტათ. მომჩივანი „ზოზოს“ ფსევდონიმით იყო მოხსენიებული და მისი ნამდვილი ვინაობა არ ფიქსირდებოდა.
– ფსევდონიმებით საიდუმლო აგენტებს, უფრო სწორად კი „ენკავედეს“ დამსმენებს მოიხსენიებდნენ ხოლმე. ხშირ შემთხვევებში კი დამსმენები უფრო სცოდავდნენ, ვიდრე მათი მსხვერპლნი, – აუწყა პროკურატურის არქივარიუსმა ქორიძეს და ხიტირის საქმე თაროზე შემოდო.
– როგორ გავარკვიო, ზოზოს ნამდვილი ვინაობა?
– ეს თითქმის შეუძლებელია. ყველა აგენტის სია „კაგებეში“ ინახება და იქ საგანგებო ნებართვის გარეშე ვერ შეხვალ.
ქორიძემ მადლობა გადაუხადა არქივარიუსს და პროკურატურიდან წამოვიდა. ახალგაზრდა გამომძიებელი ინტუიციით გრძნობდა, რომ თუკი „ზოზოს“ ვინაობას დაადგენდა, მაშინ ამ საქმესაც ნათელი მოეფინებოდა. ქორიძემ იმდენს მიაღწია, რომ მაშინდელ „ცეკას“ მდივანთან, ვასილ პავლეს ძე მჟავანაძესთან, აუდიენციაზე მოხვდა და ის საქმის კურსში ჩააყენა.
– ესე იგი, ზოზოა, არა? – იკითხა მჟავანაძემ და კაბინეტში გაიარ-გამოიარა.
– დიახ, ამხანაგო მდივანო, – თქვა ქორიძემ, – საქმე უნიკალურ ხატს ეხება და პროფესორი ჯანდიერის თქმით, ის სასწაულმოქმედია.
მჟავანაძეს აღარაფერი უთქვამს. მან „ვერტუშკის“ ყურმილი აიღო და „კაგებეს“ შეფს, ინაურს უთხრა:
– ალექსი ნიკოლაევიჩ, შენთან უმცროსი ლეიტენანტი ქორიძე მოვა და ვინმე ზოზოს ვინაობა უნდა დაუდგინო.
მჟავანაძემ ყურმილი დადო და ქორიძეს მიმართა:
– მიდი, ინაური გელოდება და წარმატებას გისურვებ!
სამზარეულოს ტაბურეტი
მალხაზ ქორიძეს ზოზოს დოსიე მიუტანეს და მან შეიტყო, რომ ამ ფსევდონიმით „კაგებეს“ არქივში იუზა ქემოკლიძე ფიგურირებდა. ის პროფესიით ინჟინერი იყო და წლების განმავლობაში უშიშროებას სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიდა. ქემოკლიძე, ხიტირი და სომხიშვილი მეზობლები იყვნენ და ომამდე და შემდგომ პერიოდშიც დიღმის დასახლებაში ცხოვრობდნენ.
– ზოზო შარშან გარდაიცვალა, – უთხრა ქორიძეს „კაგებეს“ კაპიტანმა, რომელმაც საიდუმლო საქმე გააცნო მალხაზს.
– ახლობლები თუ დარჩა ზოზოს და მათი მისამართი ხომ არ იცით? – მორიდებით იკითხა ქორიძემ.
– ისინი ახლა, იქვე, დიღომში ცხოვრობენ, ახალ ბინაში. ზოზოს მეუღლე და ვაჟი დარჩა, – თქვა კაპიტანმა. შემდეგ მალხაზს ქემოკლიძეების მისამართი მისცა და გაისტუმრა.
ქორიძე საგანგებოდ მოემზადა ქემოკლიძეებთან ვიზიტისთვის და მეორე დღეს დიღმისკენ გაემართა. ხუთსართულიანი „ხრუშჩოვკის“ ტიპის სამოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ ზოზოს მეუღლე – ზინა, ვაჟიშვილი – გაბო და მისი ცოლ-შვილი. მალხაზი ბინაში შევიდა და ზინა ქემოკლიძეს თავი წარუდგინა.
– გამომძიებელი მალხაზ ქორიძე.
– ზინა ქემოკლიძე, – თქვა ქალმა, – ჩვენს ოჯახს არასოდეს ჰქონია საქმე მილიციასთან და რაში დაგჭირდით?
– თქვენს განსვენებულ მეუღლეზე მინდა დაგისვათ რამდენიმე კითხვა. ერთ საქმეში მისი სახელი ამოტივტივდა და საინტერესოა, რა დამოკიდებულება ჰქონდა რელიგიასთან?
– კონკრეტულად?
– სიწმიდეებს, წმიდანებს თუ სცნობდა? – სცადა შორიდან მოვლა მალხაზმა.
ზინას გაეცინა და თქვა:
– ის ყოველთვის ათეისტი იყო და ამბობდა, ღმერთი არ არსებობსო. აი, მაგალითად, – ზინამ ტყავის ტაბურეტს დაადო ხელი, რომელზეც იჯდა, – იუზას ამ სკამზე უყვარდა ჯდომა და ხშირად მეტყოდა ხოლმე, სიწმიდეზე ვზივარო. ახლა კი, თქვენ თვითონ განსაჯეთ მისი დამოკიდებულება რელიგიისადმი. იუზამ ეს ტაბურეტი თავის ოქროს ხელებით გააკეთა.
მალხაზს, სისხლმა აასხა ტვინში, წამოწითლდა და შემცბარ ზინას, რაც შეიძლება წყნარად უთხრა:
– აბრძანდით, თუ შეიძლება, ტაბურეტიდან.
ქორიძემ ტაბურეტი ფრთხილად დაშალა და ტყავის ქვეშ ღვთისმშობლის უნიკალური, სასწაულმოქმედი ხატი აღმოაჩინა.
როგორც ძიებით დადგინდა, ხიტირი და ქემოკლიძე ძვირფასი ნივთების ქურდობით იყვნენ დაკავებულნი და მათ სპეკულაციას ეწეოდნენ. კრავცოვი და სომხიშვილი კი – შემსრულებლად ჰყავდათ.
დიღმის მასივში ნაპოვნი რკინის ყუთი ხიტირს და ზოზოს ეკუთვნოდათ. ხიტირის დახვრეტის შემდეგ ნაქურდალი ქონება მთლიანად ზოზოს დარჩა. თუმცა, ის ისე ჩავიდა მიწაში, ქონების რეალიზაცია ვერ მოახდინა.
ღვთისმშობლის ხატი და მისი ძვირფასი ჩარჩო სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, მოსკოვში რესტავრაციისთვის გაგზავნეს და ის უკან აღარ დაუბრუნებიათ.