კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ გააჩნია არანაირი ქონება

65 134-ლარიანი შემოსავლის მქონე ჩინოვნიკს



თუკი გიორგი ჩახნაშვილი და ალან პარასტაევი, ეს ორი განსხვავებული ბიოგრაფიისა და ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანი, კოლეგები, ანუ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილეები არიან, ლევან ვარშალომიძე, მართლაც, ერთ-ერთი გამორჩეული ჩინოვნიკია ქართველ მოხელეთა ცის კაბადონზე, გამორჩეული, რადგან ის უკვე ხუთი წელია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეა.



გიორგი ჩახნაშვილი

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი 1973 წელს დაიბადა ლაიპციგში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესის ინსტიტუტი, საფინანსო-საკრედიტო საქმიანობის მენეჯერის სპეციალობით. 2003 წელს ტრენინგი გაიარა საზოგადოებასთან ურთიერთობის თემაზე, თუმცა მისი შრომითი ბიოგრაფია გაცილებით ადრე დაიწყო: 1991 წელს მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციაში ეკონომისტად; 1992 წელს შპს „მნათობში“ გადავიდა, სადაც 1997 წლამდე მთავარ ბუღალტრად იმუშავა; 1997-1998 წლებში სააქციო საზოგადოება „ლილოს“ ინფორმატიკის მენეჯერია; 1998-2000 წლებში კი – სატრანსპორტო-საექსპედიციო სერვის შპს „დავით სარაჯიშვილის“ მენეჯერი; ხოლო 2000 წელს გიორგი ჩახნაშვილის სამოხელეო კარიერაც დაიწყო: ის მიწვეულ სპეციალისტად მუშაობდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის მიზეზების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიაში. იმავდროულად, საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატის უფროსადაც გადაიყვანეს და ამ თანამდებობაზე 2005 წლამდე იმუშავა. ამის პარალელურად, 2003-2005 წლებში იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრიც. 2005 წელს კი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით. ტრადიციას არც 2006 წელს უღალატა, ოღონდ, ამჯერად ბოსნია-ჰერცოგოვინას საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა. აქედან გამომდინარე, არცაა გასაკვირი, რომ 2006-2007 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მრჩეველიც გახდა; 2007-2009 წლებში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა, ამჟამად კი, როგორც მოგახსენეთ, დიმიტრი შაშკინის მოადგილეა და თავის გამოცდილებასა და ცოდნას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ახმარს.

შესაბამისად, თავისი პირველი და ბოლო დეკლარაციაც 2009 წელს შეავსო, რომელიც მეტად მოკრძალებულ ინფორმაციას გვაწვდის მინისტრის მოადგილის ქონების შესახებ. კერძოდ, მისი ოჯახის წევრის, სოფიო მასხულიას საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, აბასთუმნის ქუჩაზე, საერთო ფართით – 70 კვადრატული მეტრი. სხვა არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება მინისტრის მოადგილეს, რომელსაც, მართლაც შთამბეჭდავი შრომითი ბიოგრაფია აქვს, არ გააჩნია; მეტიც: იმის მიუხედავადაც, რომ გიორგი ჩახნაშვილის წლიური ანაზღაურება მის ბოლო თანამდებობაზე, როდესაც ის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა, 65 134 ლარს შეადგენდა.

ალან პარასტაევი

ალან პარასტაევი, მართლაც, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურაა საქართველოს მთავრობაში. საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ის, ურუზმაგ ქარქუსოვთან ერთად, საქართველოს მთავრობას ედუარდ-ჯაყო კოკოევის მთავრობიდან ერგო და ჯერჯერობით საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნაცვლად ხელში სწორედ ეს ორი მოხელე და ერთიც დიმიტრი სანაკოევი შეგვრჩა. რაც შეეხება ალან პარასტაევს: ის 1951 წელს დაიბადა ცხინვალში, 1981 წელს დაამთავრა ჩრდილო ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. მისი შრომითი ბიოგრაფია კი 1980 წელს დაიწყო: სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღმასკომის იუსტიციის განყოფილების კონსულტანტობიდან და ამ თანამდებობაზე 1987 წლამდე იმუშავა. 1987-1992 წლებში ჯავის რაიონის მოსამართლე იყო, 1992-1994 წლებში კი თვითაღიარებული „იუჟნაია ოსეტიას“ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ დააწინაურეს; 1994 წელს შინაგან საქმეთა მინისტრიც გახდა და ამ თანამდებობაზე 1998 წლამდე დაყო; 1998-2002 წლებში ედუარდ-ჯაყო კოკოევის იუსტიციის მინისტრიც გახდა, 2002 წელს კვლავ სასამართლო სისტემას დაუბრუნდა და 2005 წლამდე „სამხრეთ ოსეთის უმაღლეს სასამართლოს“ თავმჯდომარეობდა. 2008 წლამდე მის შრომით ბიოგრაფიაში წყვეტაა, თუმცა 2008 წელს ის ახლა უკვე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი გახდა, რა თქმა უნდა, სამართლებრივ საკითხებში, ამჟამად კი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მოგვარების მინისტრის მოადგილეა. შესაბამისად, თავისი ბოლო დეკლარაცია ბ-ნმა პარასტაევმა 2009 წელს შეავსო და ერთადერთ უძრავ-მოძრავ ქონებად მიუთითა საცხოვრებელი ბინა ცხინვალში, საერთო ფართით 100 კვადრატული მეტრი (თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, მას, ბუნებრივია, ამ ბინით სარგებლობა არ შეუძლია და კარგა ხანს არც შეეძლება). ჩვენთვის უცნობია, მართლაც არ გააჩნია არაფერი ბ-ნ პარასტაევს თუ თავს თვითნებობის უფლება მისცა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ დიმიტრი სანაკოევის მრჩევლისთვის საქართველოს ბიუჯეტი ფულს არ დაიშურებდა (ბუნებრივია, მხოლოდ სახელფასო შემოსავალს ვგულისხმობ).

ლევან ვარშალომიძე

1972 წელს დაბადებული აჭარის თავი განათლებით იურისტია, კიევის უნივერსიტეტი დაამთავრა, მუშაობა კი 1998 წელს დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2000 წელს იუსტიციის სამინისტროში გადავიდა, სადაც 2002 წლამდე იმუშავა სააღმსრულებლო დეპარტამენტის თავმჯდომარედ. 2002 წელს მუშაობა ფინანსთა სამინისტროში განაგრძო. იმავე წელს სამეცნიერო მუშაობასაც მიჰყო ხელი (საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში), ასევე, დააფუძნა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება „დამენია, ვარშალომიძე, ნოღაიდელი და ქავთარაძე“ (ამ საზოგადოების პარტნიორი 2004 წლამდე იყო); 2004 წლის იანვარში „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ, რაკი აჭარაში რევოლუციის გუგუნი გაისმა, 2004 წლის 5 მაისს საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად დაინიშნა აჭარაში; შესაბამისად, 2004 წლის 20 ივლისიდან დღემდე აჭარის ჯერჯერობით შეუცვლელი თავია.

2008 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ლევან ვარშალომიძე მარტო ცხოვრობდა ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, თუმცა, თუ მის დეკლარაციას ვერწმუნებით, საცხოვრებელი მისი საკუთრება არ არის. სამაგიეროდ, აქვს საცხოვრებელი სახლი თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, რომელიც 40 000 აშშ დოლარი ღირს. იმავე დეკლარაციის მიხედვით, ლევან ვარშალომიძეს ორი ვადიანი ანაბარი ჰქონდა გახსნილი: „ბაზისბანკში“, რომელზეც 13 258 აშშ დოლარს ინახავდა (საიდანაც საპროცენტო შემოსავლის სახით 1 790 აშშ დოლარი მიიღო) და „ბანკ რესპუბლიკაში“, სადაც 83 129 ლარი ჰქონდა (საიდანაც საპროცენტო შემოსავლის სახით 11 637 ლარი მიიღო); მიმდინარე ანგარიშებზე კი 68 915 და 11 028 ლარი ერიცხებოდა. ნაღდი ფულის სახით კი, დეკლარაციის შევსების დროს, 3 000 ლარი ჰქონდა. როგორც აჭარის თავმა, 2007 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 47 954 ლარი აიღო, მისი მივლინებები კი ბიუჯეტს 29 574 ლარი დაუჯდა.

2009 წელს, ყოველ შემთხვევაში, იმ წლის დეკლარაციის მიხედვით, ლევან ვარშალომიძის უძრავ-მოძრავ ქონებას არაფერი შეჰმატებია, მას კვლავაც ერთადერთი ბინა აქვს კრწანისის ქუჩაზე. ანაბარს კი მხოლოდ „ბანკ რესპუბლიკაში“ ინახავს, სადაც 69 773 აშშ დოლარი ერიცხება, მიმდინარე ანგარიშზე – 30 364 ლარი, ნაღდი ფულის სახით კი ამჯერად 30 000 ლარი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელფასო შემოსავალი არ გაზრდილა.



ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3