გვირგვინი, რომელიც იანუკოვიჩს დაეცა, ინტერნეტში 5 ათას დოლარად გაიყიდა
გვირგვინი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს, იანუკოვიჩს კიევში 17 მაისს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ცერემონიის დროს დაეცა, ინტერნეტ-აუქციონზე 42 ათას უკრაინულ გრივნად (5,2 ათასი დოლარი) გაიყიდა, – იტყობინება უკრაინის ნაციონალური ორგანიზაციის „ძმობის“ პრესსამსახური, რომელმაც ეს ლოტი სავაჭროდ გამოფინა. მისი მონაცემებით, „ვაჭრობა 8 ათასი გრივნიდან (8 გრივნი – დაახლოებით, 1 დოლარი) დაიწყო, ხოლო ყველაზე მაღალი თანხა გადაიხადა ადამიანმა, რომელმაც თავისი თავის გამჟღავნება არ ისურვა. თანხას, რომელიც მისი გაყიდვით მივიღეთ, ოდესელი პოლიტპატიმრების დასახმარებლად გამოვიყენებთ“, – განაცხადეს ორგანიზაციაში. ამავე დროს, „ძმობა“ არ აზუსტებს, როგორ მოხვდა უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მიტანილი გვირგვინი მათ განკარგულებაში.
უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ანა გერმანმა „ძმობის“ ამ ქმედებას „მოროდიორობა“ და „ვანდალიზმი“ უწოდა.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს კიევში იანუკოვიჩმა რუსეთის პრეზიდენტთან, დიმიტრი მედვედევთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მიიტანა გვირგვინი. სწორედ ამ დროს დაიწყო თავსხმა წვიმა სეტყვასთან ერთად. გვირგვინი სამაგრიდან მოწყდა და უკრაინის პრეზიდენტს პირდაპირ თავზე დაემხო. იგი რამდენიმე წამის განმავლობაში ებრძოდა გვირგვინს. მის დასახმარებლად მცველები მივიდნენ, რომლებმაც გვირგვინი სამაგრზე დააბრუნეს. შეშფოთდა მედვედევის დაცვაც. სასწრაფოდ რუსეთის პრეზიდენტის წინ დამაგრებულ გვირგვინს მივარდნენ და დაიჭირეს, მასაც იგივე რომ არ დამართნოდა.
პრესსამსახურმა მასობრივი ინფორმაციის სამსახურებს სთხოვა, არ გამოექვეყნებინათ ეს კადრები. მოგვიანებით, ინციდენტის ვიდეოკადრები ინტერნეტში გამოჩნდა.