კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარიანა კვესელაძე: „ბავშვობაშიც კი ჩემზე გაცილებით უფროსი ბიჭები მომწონდა“



მარიანა კვესელაძე სამოდელო სააგენტო „ჯეი ემის“ მოდელია. ამავდროულად ის მუშაობს სარეკლამო სააგენტო „პეგასში“ და სწავლობს კემბრიჯის ფილიალში, უცხო ენების ფაკულტეტზე.



მარიანა: ძალიან მიყვარს ცეკვა, სიმღერა, ადრე ქართულ-ხალხურ ცეკვებზეც დავდიოდი და დიპლომიც მაქვს. ცეკვა და სიმღერა ჩემი ჰობია, ვერთობი და საკუთარ თავს განტვირთვას ვუწყობ. თუ დილით დრო მაქვს, დავრბივარ. დიდი ხანია სცენაზე ვდგავარ და, როდესაც ხალხი ტაშს მიკრავს, ყურადღების ცენტრში ვექცევი, ძალიან დიდ სიამოვნებას მგვრის.

– როგორც ყველა ქალს, ალბათ, შენც გსიამოვნებს კომპლიმენტების მოსმენა?

– რა თქმა უნდა. ხშირად ამბობენ ჩემზე, რა მაგარი გოგონაა, რა ლამაზი თვალები, თმა, ფეხები აქვსო. საერთოდ, ძალიან მიყვარს გრძელი თმა და განსაკუთრებით მსიამოვნებს, როდესაც მეუბნებიან, ერთი ქალის ფასი თმა გაქვსო. თუ მამაკაცი ისე შემომხედავს, როგორც „ნაშას“, ეს ძალიან გამაღიზიანებს. როდესაც ქუჩაში ვდგავარ და ვინმეს ველოდები, ხშირად მესმის კომპლიმენტები, მაგრამ ზოგჯერ უხეში კომპლიმენტებიც მესმის, რაც ძალიან მტკენს გულს.

– მოდი, საკუთარი თავი დაახასიათე.

– საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ, ძალიან იოლად შევდივარ ადამიანებთან კონტაქტში, შემიძლია, ყველასთან გამოვნახო საერთო ენა. საერთოდ, ჭკუამხიარული ადამიანი ვარ.

– როგორი ურთიერთობა გაქვს თაყვანისმცემლებთან?

– საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი მყავს. ისინი ცდილობენ ჩემთან დაახლოებას, ტელეფონის ნომრის გაგებას. ზოგიერთი უკან გამომყვა და გაიგო, სად ვმუშაობ, ზოგმა სახლის მისამართი გაიგო და სახლთან მხვდებიან ხოლმე. მიგზავნიან ყვავილებს, სუნამოებს; ზოგი ინკოგნიტოდ რჩება, ზოგი კი პირიქით, ყველანაირად ცდილობს ჩემს მოხიბვლას. ყოველთვის ვცდილობ მათთან ურთიერთობაში არ ვიყო უხეში. ვისაც ვიცნობ, მათ, ძირითადად, ვთავაზობ, რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობის დონეზე დარჩეს. ჯინიანი ვარ, თუ არ მინდა, რომ ადამიანი ამ ზღვარს გადასცდეს, ვერ გადასცდება. ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. შეიძლება, ზოგმა კვირაში ერთხელ დამირეკოს, ან დღეში ორჯერ – გააჩნია, ვის რის უფლებას ვაძლევ. საერთოდ, ყველას ძალიან ცოტა შანსი აქვს, რადგან, ჯერჯერობით, ვცდილობ, ჩემს საქმეებს მივხედო, ცხოვრებაში რაღაცას მივაღწიო, საკუთარი შემოსავალი მქონდეს და საკუთარ თავზე ვიყო დამოკიდებული. დროც არ მრჩება იმისთვის, რომ ვინმე მყავდეს გასართობად.

– როგორი მამაკაცები მოგწონს?

– პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, გარეგნობას ვაქცევ ყურადღებას. ძალიან მომწონს კლასიკური სტილის მამაკაცები, გამოწკეპილები რომ დადიან ხოლმე. ყოველთვის მომწონდა ჩემზე ასაკით უფროსები, ბავშვობაშიც კი ჩემზე გაცილებით უფროსი ბიჭები მომწონდა. რაც შეეხება ხასიათს, მამაკაცი მკაცრი, ძლიერი უნდა იყოს და მის სიტყვას უნდა აფასებდნენ. მოკლედ, კაცი უნდა იყოს. ძლიერი, გამტანი ხასიათი უნდა ჰქონდეს, ანუ, მე უნდა მგავდეს ხასიათით, რომ გავუგო. ჩემზე სუსტი მამაკაცი მამაკაცად ცოტა ძნელი აღსაქმელი იქნება.

– მამაკაცებს უყვართ ქალების დამორჩილება.

– თუ მამაკაცი ჩემს დამორჩილებას შეეცდება, იქ დამთავრდება ყველაფერი. მთავარი ურთიერთგაგებაა და არა ის, შენ ქალი ხარ, მე კაცი და უნდა დამემორჩილოო.

– როგორ ფიქრობ, შეყვარებული მამაკაცების მართვა მართლა ძალიან იოლია?

– როცა მამაკაცი შეყვარებულია, იოლია მისი მართვა, ოღონდ, ქალი ჭკვიანი უნდა იყოს. ცანცარა თუ ხარ, ბევრი არ შეგიყვარებს და მამაკაცის მართვასაც ვერ შეძლებ. თუმცა, სხვის გრძნობებზე თამაში არ შეიძლება.

– ხშირად ამბობენ, ქალი საყვარელი მამაკაცის წინაშე ბოლომდე არ უნდა გაიხსნასო.

– მამაკაცთან პირველივე პაემანზე მის წინაშე იმდენად არ უნდა გაიხსნა, რომ მას შენთან შეხვედრა აღარ მოუნდეს. მაგრამ, როცა უკვე ოჯახს ქმნი, მერე რაღაცეების დამალვა არც არის საჭირო. უბრალოდ, ქალი მამაკაცისთვის ყოველდღე საინტერესო უნდა იყოს, მრავალფეროვანი. შესაბამისად, მამაკაციც ასეთი უნდა იყოს. როგორც კაცს აინტერესებს ქალი, ასევე ქალს ყოველთვის უნდა აინტერესებდეს საყვარელი მამაკაცი. თუ ქალი კაცის მიმართ ინტერესს დაკარგავს, მერე მისთვის არც გაიპრანჭება და არც არაფერს გააკეთებს.

– რა შემთხვევაში დაგეკარგება საყვარელი მამაკაცის მიმართ ინტერესი?

– თუ წლების განმავლობაში გაიცნობ მამაკაცს, გაიგებ ყველანაირად ამომწურავ ინფორმაციას მის შესახებ და ეს ყველაფერი გაკმაყოფილებს, მაშინ არ მოგბეზრდება. ასეთ შემთხვევაში სიახლეებიც ყოველთვის იქნება და არ მგონია, რომ მომბეზრდეს. თანაც, მე ძალიან მრავალფეროვანი ადამიანი ვარ, ცხოვრებაც ასეთი მაქვს და ჩაცმის სტილიც.

– გოგონები ხშირად ამბობენ: მერე რა, იაროს მამაკაცმა ქალებში, მთავარია, მე არ გავიგოო. შენ რას ფიქრობ ამაზე?

– შეყვარებულობის პერიოდში რატომაც არ უნდა წავიდეს მამაკაცი ქალებში, აბა, რა უნდა ქნას? მაგრამ, ქმარი რომ გახდება, ნამდვილად არ უნდა მიღალატოს, იმიტომ, რომ ამას არ დავიმსახურებ, იქიდან გამომდინარე, რომ ერთფეროვანი არ ვარ, შევეცდები, ყველა მოთხოვნა დავუკმაყოფილო და, შესაბამისად, არ უნდა მოვბეზრდე. ჩემი ასეთი მცდელობის შემდეგ თუ კიდევ მიღალატებს, მაშინ უკვე არ ვიცი რა იქნება.

– როგორ ფიქრობ, მამაკაცმა ქალის გულის დასაპყრობად ბოლომდე არ უნდა იბრძოლოს?

– არ მომეწონება ისეთი მამაკაცი, რომელიც ერთ უარზე სხვასთან გაიქცევა. მებრძოლი მამაკაცი უფრო მომხიბლავს, იმიტომ რომ, ის ცხოვრებაშიც, სხვა საკითხებშიც მებრძოლი იქნება.

– საყვარელი მამაკაცისგან აკრძალვებს აიტან?

– მამაკაცი ღირსი უნდა იყოს, რომ მას რაღაც დაუთმო, თუმცა, დათმობაზე ძალიან ძნელად წავალ, არ მგონია, ეს მოხდეს. მამაკაცი ქალს იმ შემთხვევაში უკრძალავს რაღაცეებს, როდესაც არ არის დარწმუნებული, რომ ეს ქალი მისია. პირიქით, მამაკაცი უნდა ამაყობდეს, რომ მის გვერდით ასეთი მაგარი ქალია და იმაზე არ უნდა ფიქრობდეს, ვაიმე, ფეხი უჩანსო.

– როგორ ფიქრობ, ქალისთვის საყვარელი მამაკაცის მხრიდან სითბო, ყურადღება არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

– ძალიან თბილი, ყურადღებიანი ვარ და ანალოგიურს მოვითხოვ ჩემი ცხოვრების თანამგზავრისგანაც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ყველაფერში აჰყვნენ, ერთმანეთისთვის რაღაცეები უნდა დათმონ, რომ ცხოვრებაში წინ წავიდნენ, ერთმანეთის სიამოვნებისთვის რაღაც ორივემ უნდა გაიღოს.



ტატა დევდარიანი


скачать dle 11.3