როგორ ეძებს დედმამიშვილებს უკრაინაში, ქალაქ დონეცკში მცხოვრები ქალი და რა კავშირშია ამ ისტორიასთან მახინჯაური
69 წლის ვალენტინა ლავრენტის ასული სანდრაცკაია ეძებს: 72 წლის ევდოკია ლავრენტის ასულ კუზნეცოვას და 78 წლის პოლინა ლავრენტის ასულ გოგიბერიძეს.
ისტორია: მე, ვალენტინა ლავრენტის ასული სანდრაცკაია, ვეძებ ჩემს დებს: 1938 წელს დაბადებულ ევდოკია ლავრენტის ასულ კუზნეცოვას და 1932 წელს დაბადებულ პოლინა ლავრენტის ასულ გოგიბერიძეს. 1992 წლის შემდეგ დებთან ყველანაირი კონტაქტი დავკარგე. დამოუკიდებლად მე ისინი ვერ ვიპოვე და ამიტომ თქვენ მოგმართავთ დიდი თხოვნით – მაპოვნინოთ ჩემი სისხლი და ხორცი.
– როგორ დაკარგეთ დებმა ერთმანეთი, მოგვიყევით თქვენი ისტორია.
– დებს შორის მე ყველაზე უმცროსი ვარ. ჩემი ორივე დედმამიშვილი საქართველოში ცხოვრობს, მე – უკრაინაში, ქალაქ დონეცკში ვარ. ევდოკია ცხოვრობდა ქალაქ ბათუმში, ბარცხანას სახლი ¹40, ბინა 18-ში – მხოლოდ ეს ბოლო მისამართია ჩემთვის ცნობილი; პოლინა კი – მახინჯაურში, ციტრუსების მეორე „ზავხოზში“ – ასე ეწოდებოდა იმ დასახლებას და ამ სახელით ვიცოდი მისი საცხოვრებელი ადგილი. ბუნებრივია, ახლა მას სულ სხვა სახელი ერქმევა. ჩვენი ერთმანეთთან დაშორების მიზეზს მე ვერანაირად ვერ დაგისახელებთ. 1992 წლის შემდეგ დებისგან აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია. მათ ჩემთვის არ მოუწერიათ და ვერც მე მოვახერხე მათთან დაკავშირება. ტერიტორიულად შორს აღმოვჩნდით ერთმანეთისგან და, შეიძლება, ჩვენი ერთმანეთთან დაუკავშირებლობის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყოს. 18 წელი გავიდა უკვე, რაც მე ისინი არ მინახავს და მათი ხმა არ გამიგია. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მათ პოვნაში. უკვე ასაკოვანი ვარ და ჩემთვის არც ისე ადვილია საქართველოში ჩამოსვლა.
– 1992 წელს საქართველოში მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო. თქვენ რას ფიქრობთ, რამ დაგაშორათ ერთმანეთს, რა არის მათი დაკარგვის მიზეზი?
– სამწუხაროდ, მართალი ბრძანდებით, ის წლები საქართველოსთვის ძალიან მძიმე წლები იყო. ძალიან მინდოდა, რომ ისინი უკრაინაში ჩამოსულიყვნენ, მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს. ტერიტორიულად ერთმანეთისგან ძალიან შორს ვიმყოფებით. ისეთ ასაკშიც აღარ ვარ, რომ ერთ მშვენიერ დღეს დავჯდე და ჩამოვფრინდე ბათუმში ან მახინჯაურში. ორი წლის წინ გადავწყვიტე, მომეძებნა ჩემი დები, რადგან მთელი ეს წლები იმ იმედით ვიყავი, რომ ისინი თვითონ დამიკავშირდებოდნენ.
– დების გარდა კიდევ თუ გყავთ საქართველოში სხვა ნათესავები?
– ქობულეთში ცხოვრობს ჩემი ნათესავი, სულეიმან ხალვაში, რომელთანაც ასევე დაკარგული მაქვს კონტაქტი – უკვე 18 წელია, რაც მისი ადგილსამყოფელი არ ვიცი. ძალიან მინდა მისი პოვნაც, შეიძლება, მან იცოდეს რამე ჩემი დების შესახებ.
– როგორ ფიქრობთ, მაინც, რა არის იმის მიზეზი, რომ დედმამიშვილებმა ერთმანეთი დაკარგეთ?
– ვფიქრობ, პირველ ყოვლისა, ტერიტორიული სიშორეა ჩვენი დაშორებისა და ერთმანეთის დაკარგვის მიზეზი. არ მინდა, ვიფიქრო, რომ მათ რაღაც ცუდი შეემთხვათ, ან, უბრალოდ, დავავიწყდი. ეს შეუძლებელია, რადგან ჩვენ ყოველთვის ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ამჟამად სამივე პენსიონრები ვართ და ასაკიც არ გვიწყობს ხელს, რომ ერთმანეთთან ხშირად ვიფრინოთ, მაგრამ, თუკი, ღმერთმა ქნას და, ისინი ვიპოვე, აუცილებლად ვიღონებ რამეს და ვინახულებ. იმედი მაქვს, იქნებ ფოტოზე მაინც იცნოს ვინმემ და დამიკავშირდეს. მე მათი პოვნა ძალიან გამახარებს და გამაბედნიერებს. არ მგონია, ან პოლინა, ან ევდოკია, ძალიან შეცვლილები იყვნენ. დიდი მადლობა, რომ ჩემი ისტორია გულთან ახლოს მიიტანეთ. ფოტოები ძველია და გადაღებულია საქარვთელოში. იმედი მაქვს, ჩემს ისტორიას ვინმე გამოეხმაურება.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.