რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ლენდროვერ სიდქავერი“, რომელსაც მაღალი ხარისხის ბენზინი, სუპერი სჭირდება. იქნებ რეკლამის გარეშე მითხრათ, ბენზინის რომელ შემომტან კომპანიას აქვს ყველაზე მაღალი ხარისხის „სუპერი“?
პასუხი: სპორტსმენები მუდმივად მაღალი ხარისხის საწვავის ძიებაში ვართ. თუ სხვა ავტომობილებზე ცუდი ხარისხის ბენზინი გარკვეული პერიოდის შემდეგ იჩენს თავს, სპორტულ რეჟიმში მან შესაძლოა, რამდენიმე წუთში დაგვიწვას ძრავა. ამიტომ, სულ ეს პრობლემა გვაქვს. საკმაოდ კარგი იყო „ეკოს“ მაღალი ოქტანობის საწვავი, 100-ს რომ ვეძახდით, მაგრამ, გარკვეული პრობლემების გამო, ამ ხარისხის ბენზინი აღარ აქვთ. ანუ, მის მიმართ პირიქით, პრეტენზია გაჩნდა, რადგან დაბალი ოქტანობის ძრავებში ასხამდნენ, რაც არ შეიძლებოდა და ძრავები დაწვეს. აქ „ეკოს“ ბენზინი არაფერ შუაში იყო. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, საუკეთესოა „რომპეტროლის“ სუპერი. ბევრი ძიების შემდეგ, მან თვითონ მოგვაგნო და დღეს ჩვენ შეჯიბრებებზე მხოლოდ მაღალი ოქტანობის „სუპერს“ ვასხამთ. ნამდვილი „სუპერი“ დანამდვილებით გეტყვით, რომ „რომპეტროლს“ აქვს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ ასტრა“, რომელსაც ეგრეთ წოდებული „თხუთმეტიანი“ დისკები ეყენა. ის „თვრამეტიანი“ დისკებით შევცვალე. რამდენიმე დამუხრუჭების შემდეგ, მუხრუჭი საერთოდ აღარ იჭერს. შესაძლებელია, ამას ერთმანეთთან კავშირი ჰქონდეს?
პასუხი: რა თქმა უნდა, საბურავები და სამუხრუჭე სისტემა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. როცა გაცილებით დიდი ზომის დისკებს ვაყენებთ, უნდა შეიცვალოს სამუხრუჭე სისტემაც – გაცილებით დიდი ზომის სამუხრუჭე დისკები და უკეთესი ხარისხის სამუხრუჭე ხუნდებიც გვჭირდება. ანუ, ყველაფერი უფრო დიდი ზომის უნდა იყოს და უფრო ხარისხიანიც. იოლად რომ აღიქვათ, რა „შვებაა“ საბურავისთვის ამ დროს, წარმოიდგინეთ თაგვი, რომელიც თავისი ზომის შუშის წრეში ტრიალებს. საითაც დაიწყებს ის ხტუნვას იქით წავა წრეც და თან იოლად დატრიალდება. წარმოიდგინეთ ახლა, ამ თაგვს თავისზე მინიმუმ, სამჯერ დიდი წრის ტრიალი რომ დაავალოთ, რომელიც დიდიც არის და მძიმეც. ანუ, თუ მუხრუჭს გარკვეული ძალა სჭირდებოდა საბურავის გასაჩერებლად, ახლა ის მას გაჭირვებით მოერევა. თქვენი პრობლემაც აქედან გამომდინარეობს.
კითხვა: ავტომობილის შეძენა მინდა და იქნებ მირჩიოთ, რომელი ჯობია უგზოობის პირობებში „ტოიოტა პრადო“ თუ „მიცუბიში პაჯერო“?
პასუხი: ერთმნიშვნელოვნად უნდა გითხრათ, რომ უგზოობის პირობებში, „მიცუბიშ პაჯერომდე“ „პრადო“ ვერც მოვა. მიუხედავად იმისა, რომ „პრადო“ ძალიან ბევრ „ჯიპს“ ჯობია გამავლობით და ზოგადად კარგია. ცუდ გზებზე „პაჯერო“ ასჯერ მაინც ჯაბნის მას.