ვისზე ეჭვიანობს თიკა ფაცაცია და რის გარეშე ვერ იცხოვრებს ის
თიკა ფაცაცია ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და აქტიური წევრია. მისი ზღვა ენერგია, სიცოცხლით სავსე გამოხედვა და სილამაზე არც ტელევიზიის ხელმძღვანელობებს დარჩენიათ ყურადღების მიღმა და თიკამ ძალიან საინტერესო სატელევიზიო სეზონიც დახურა. სექტემბერს კი დასვენებული და დიდი შთაბეჭდილებებით შეხვდა – ის მადონას მსოფლიო ტურნეს დასკვნით კონცერტზე იმყოფებოდა თელ-ავივში.
თიკა ფაცაცია: დაახლოებით ნახევარ წელიწადზე მეტია, რაც ინტერვიუ არ მიმიცია. არ ვიცი, ეს რამ გამოიწვია. ვერ გეტყვი, რომ მოსაყოლი არაფერი მქონდა, არაფერს ვაკეთებდი და პასიურად ვიყავი, ეკრანზეც ვჩანდი და ბევრსაც ვმუშაობდი. უბრალოდ, დასვენება გადავწყვიტე, თან, პაუზის შემდეგ უფრო გეხალისება რაღაცეების მოყოლა. ამაზე იმანაც იმოქმედა, რომ ზოგიერთმა ჟურნალმა ცოტა გამანაწყენა.
– როგორ დაისვენე?
– ძალიან უცნაურად. მთელი ზაფხული აგარაკზე ვიყავი, მციოდა და ქრონიკულად ცაში ვიყურებოდი, დავდევდი მზეს, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა იყო. ზღვაზე მოკლევადიანი გასვლები მქონდა, კონცერტი თუ იყო ორი-სამი დღით ჩავდიოდი. ზაფხულის ბოლოს კი ჩემს მეუღლეს გავყევი ისრაელში. საქმეები ჰქონდა და დასვენება მივაბით. ყველა ცდილობს, ისრაელში წასვლა რელიგიურ დღესასწაულებს დაამთხვიოს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა, ამიტომ ყველა წმიდა ადგილი ვერ მოვინახულე, არ იყო გიდი, რომელიც წმიდა რელიგიური კუთხით დაგვათვალიერებინებდა იქაურობას, ამიტომ ბევრი რამ ვერ ვნახეთ. სამაგიეროდ, სამოქალაქო და ისტორიული თვალსაზრისით ვნახეთ ბევრი რამ და უზომოდ დიდი შთაბეჭდილება მივიღე. რაც ყველაზე უცნაურია, თელ-ავივში მოვხვდით მადონას კონცერტზე და, რა დამემართებოდა, ხომ წარმოგიდგენია, საოცრება იყო! თელ-ავივში მან ტურნეს დამაგვირგვინებელი ორი კონცერტი გამართა, მე მეორეზე ვიყავი. ძალიან უხერხულია, რომ ახლა მე მადონას კონცერტი შევაფასო, შოკირებული ვიყავი. საერთოდ, ძალიან ბევრი მომღერლის კონცერტზე ვარ ნამყოფი, მაგრამ ტექნიკურად ასეთი სრულყოფილი არც ერთი არ ყოფილა. თან ისე მოხდა, რომ სცენასთან ძალიან ახლოს აღმოვჩნდი და კულისებში ყველაფერს ვხედავდი, როგორ კეთდებოდა მთელი ეს შოუ. თვითონ მადონა, მიუხედავად იმისა, რომ, თურმე ორმოცდათერთმეტი წლის შესრულდა, არაჩვეულებრივად გამოიყურება, სავსეა ენერგიით და ამ ენერგიას ყველა მაყურებელს გადასცემს. კონცერტის ორივე დღეს სამოც-სამოცი ათასი ადამიანი ესწრებოდა. კიდევ ერთხელ მივხვდი, როგორ უნდა იშრომო იმისთვის, რომ ამხელა წარმატებას მიაღწიო?
– რას აპირებ სექტემბრიდან?
– არის გარკვეული შემოთავაზებები, მაგრამ, არ ვიცი, კონკრეტულად რას გადავწყვეტ, ფიქრის მომენტში ვარ.
– აქამდე ისე მოხვედი, რომ შენ გარშემო რაიმე დიდი სკანდალი ან ჭორი არ ყოფილა, მშვიდად და სტაბილურად, როგორც იტყვიან, მაგრამ ამ ბოლო დროს ხმაური ატყდა შენს გარშემო. საერთოდ, როგორ ეგუები ჭორებს?
– რა იყო თიკაზე? რამე თქვეს თიკაზე?! (იცინის) არაფერი განსაკუთრებული. რაც შეეხება ჭორებს, არსებობს ჭორი, რომელიც ისე დაიბადება და მოკვდება, რომ არავის არაფერს ვნებს და კვალსაც არ ტოვებს, მაგრამ არსებობს ისეთი ჭორებიც, რომლებიც ცუდ ემოციებსა და გრძნობებს იწვევს; ისეთი, რომლითაც უნდათ, გაგიფუჭონ მინიმუმ ხასიათი და შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – ურთიერთობები, კარიერა ან რაღაც მსგავსი. ერთი დღით ხომ მაინც ურევენ რაღაცას. არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, ვის აძლევს ეს ხელს, არ მგონია, ან ფინანსურად, ან მორალურად, ამით ვინმე ცხოვრობდეს. უბრალოდ, ხდება და ალბათ ამ ყველაფერს ვერ გაექცევი. უამრავი მაგალითი არსებობს, როდესაც ჭორმა ვიღაცას ცხოვრება აურია, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც საკუთარ თავზე იგონებენ ჭორებს, რადგან ამით უფრო პოპულარულები ხდებიან. ამ კატეგორიაში არასდროს ვყოფილვარ. მომწონს ჩემი საქმის კეთება, ძალიან მიყვარს ის და, უბრალოდ, ვიცი, რომ ეს სულ იქნება. თუ ვაკეთებ ისეთ საქმეს, რომლითაც ბევრი ხალხის ყურადღების ცენტრში ვექცევი, მაშინ ჭორიც სულ იქნება.
– შენი ოჯახის წევრებიც ასე უყურებენ ამ ყველაფერს?
– არა, ისინი უფრო ღიზიანდებიან და ბრაზდებიან. არის ასეთი მომენტები, ზოგჯერ მეტად, ზოგჯერ – ნაკლებად, მაგრამ სულ ვცდილობ, დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი გაივლის და ჩვენ ისევ ისეთებად დავრჩებით. არ მინდა, ისე გამომივიდეს – არაფერზე რეაქცია არ მაქვს და მიდი, წერეთ და იკითხეთ რაც გინდათ-მეთქი. მართლა გული მტკივა და სერიოზულად განვიცდი რაღაცეებს, მაგრამ ამის გამო წივილ-კივილის ატეხვას და ასეთ რაღაცეებს არ ვაპირებ.
– ამ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ შენს ოჯახზე. მოგვიყევი, რეალურად როგორ გაიცანი შენი ქმარი? თუმცა, ამაზე არაერთხელ გისაუბრია.
– რაღა დროს ეგ არის! ეს იმდენი ხნის წინ იყო... ყველაფერი ძალიან მარტივად მოხდა: გავიცანით ერთმანეთი, მოვეწონე და ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ მეც შემყვარებოდა. შემიყვარდა და შევქმენით ოჯახი, მარტივად და სტანდარტულად, ისე, როგორც ოჯახების უმრავლესობა იქმნება. ამაში, მგონი, არაფერი განსაკუთრებული არ არის.
– ჭორები როგორ მოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე, განამტკიცებს მას თუ, პირიქით, ბზარს უჩენს?
– არანაირად არ განამტკიცებს. ისე, გააჩნია ჭორს, ზოგი მართლა სერიოზულ ბზარს აჩენს ურთიერთობებში, რომლის გამთელებაც მერე ძალიან რთულია. იცი, რა, სულ ვიცი, რომ, რასაც არ ეშველება იმაზე ნერვების მოშლა და გაღიზიანება აღარაფერს მოგიტანს. მართალია, ძალიან ძნელია, გულგრილი დარჩე იმ ფაქტების მიმართ, რომელიც გულს გტკენს, მაგრამ ნელ-ნელა ვსწავლობ, რომ ნერვები არ მოვიშალო. შეიძლება კონკრეტული ჭორით ურთიერთობა არ გაფუჭდეს, მაგრამ რაღაც ცუდ ემოციებს მაინც იწვევს.
– როგორია თქვენი სიყვარული დღეს და, საერთოდ, როგორ ფიქრობ, როდესაც ცოლ-ქმარი დიდხანს ცხოვრობს ერთად, ყოველდღიური რუტინა მათ სიყვარულსაც აფერმკრთალებს და ცვლის?
– ალბათ ეს ჩვეულებრივი ამბავია, სიყვარული ყოველთვის ისეთი ვერ იქნება, როგორიც შეყვარებულობის დროს და ქორწილის დღესაა, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ჩემი სიყვარული გაფერმკრთალდა და ისეთი ღრმა აღარ არის. არის მომენტები: „ბავშვი ცუდად არის, წამალი რატომ დაგავიწყდა“, „აი, ხომ გთხოვე“... და ეს მაშინ, როდესაც შენც დაღლილი და გაღიზიანებული ხარ. მაგრამ ერთიანობაში ჩვენ იმხელა სიყვარული და პატივისცემა გვაქვს ერთმანეთის მიმართ, რომ პატარა უთანხმოებები და კამათი ვერაფრით მოერევა. ის, რომ ჩემი მეუღლე ასე მიწყობს ხელს ყველაფერში, სულ ჩემ გვერდით დგას და უხარია ჩემი წარმატება, კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევს, მეტი ვაკეთო და დათოს მიმართაც ჩემი სიყვარული ღრმავდება. საოცარ პატივისცემას ვგრძნობ მის მიმართ.
– ქმარი ყოველთვის შენ გვერდით არის, ნებისმიერი კონცერტისა თუ გამოსვლის დროს და ეს, ალბათ, შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– რა თქმა უნდა. საერთოდ, ჩემი ქმარი ძალიან ჭკვიანი კაცია და ყოველთვის იცის, რა მჭირდება და როგორ უნდა მოიქცეს. იყო პერიოდი, როდესაც კლუბები, ცეკვა, სიგიჟეები და მსგავსი გართობა მომწონდა და დათო ყოველთვის ყველაფერში მყვებოდა, ჩემთან ერთად დადიოდა, მაგრამ ამ ტიპის გართობა უკვე მომბეზრდა. დათომ შინაგანად ძალიან გამზარდა და ახლა ბევრად უფრო მომწონს საკუთარი თავი, ვიდრე მაშინ, ვგულისხმობ, როგორც პიროვნება. კარგი – ვიცეკვეთ, ვიგიჟეთ, გამთენიისას დავიძინეთ... მაგრამ დამთავრდა ეს პერიოდი. ახლა უკვე საერთო ინტერესების სფერო გვაქვს, როგორც იტყვიან, ერთ ხაზზე ვართ: გვირჩევნია, კარგ კაფეში დავსხდეთ და მეგობრებთან ერთად ყავა დავლიოთ, ვიდრე სადმე ხმაურში ვიყოთ. ასე ვცხოვრობთ, წყნარად.
– ეჭვიანობა თუ არის თქვენს ურთიერთობაში?
– ნაკლებად, იცი?! მე უფრო მაქვს ხოლმე ხანდახან ასეთი მომენტები: „ჰაა, ეს რა იყო“? (იცინის) რაღაც კითხვებს დავსვამ ხოლმე. დათო ნაკლებად ეჭვიანობს, ზუსტად ვიცი, რა შეიძლება, არ მოეწონოს და იმას არ ვაკეთებ. თუ რაღაც დამოუკიდებლად ხდება, მაშინ ვუხსნი, რომ ასეთი და ასეთი მდგომარეობა იყო-მეთქი.
– შენი ბედნიერება როგორია?
– სწორად დასმული კითხვაა, რადგან ყველა ადამიანს თავისი ბედნიერება აქვს. შეიძლება, ახლა ვიღაცამ ჩაგვიაროს გვერდით და თქვას, რა ბედნიერი ადამიანია, მისგან ინტერვიუს იღებენო და მართლა ასეა. ბედნიერი ვარ ამ წუთას: ვზივარ, გაბრწყინებულ თვალებში გიყურებ და სასიამოვნოდ ვსაუბრობ. მშვიდად ვარ, რადგან ყველა ის ადამიანი, ვინც მიყვარს კარგად მყავს. კარგად დავისვენე და ახლა კიდევ უფრო საინტერესო წელი დაიწყება.
– სტანდარტულ სამსახურში წარმოგიდგენია საკუთარი თავი?
– არა. სამი დღე ვიმუშავე, თუ ამას მუშაობა ჰქვია, მაგრამ კინაღამ შევიშალე. მივხვდი, რომ ასე ვერასოდეს ვიცხოვრებ. არ ვიცი, როგორ აგიხსნა: ჩემი სულისთვის, ჩემი არსებობისთვის ჩემი საქმე ისეა, როგორც საკვები. ვერ ვიცხოვრებდი ამის გარეშე. საკმაოდ ბევრს ვმუშაობ, შარშან ოთხი სიმღერა ჩავწერე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამით რამე მივიღე, არ ვგულისხმობ ფინანსურ მხარეს. კლიპიც გადავიღე, მაგრამ, როგორი სიტუაციაა იცი? რაღაც ბურთში რომ ჩააგდებ ამ ყველაფერს და აქეთ-იქით კედლებს რომ ეხეთქება. ამიტომ, წელს უფრო ტელევიზიის ამბავში ვიაქტიურებ, მივხვდი, რომ ეს საქმეც გამომდის და მომწონს, თან, ახლა ამაზე უფროა მოთხოვნა.
სალომე გველესიანი