რატომ არ შეიძლება გრძელი მანძილის დამუხრუჭებული გავლა
ავტომობილის მოვლა, რათა მას, რაც შეიძლება, ნაკლები ხარჯი ჰქონდეს ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ დღეს, ფინანსური კრიზისის დროს ეს ფაქტი ერთი-ორად საჭირო გახდა. ავტომობილები კი ისეთი გაიაფებულია, დაზიანებული ავტომობილის გაყიდვა აღარ გვიშველის, ის უნდა „გადავაგდოთ“. პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე დღეს გვირჩევს, თუ რა ელემენტარული ნიუანსები მოქმედებს ავტომობილის გამძლეობაზე.
მევლუდ მელაძე: შეიძლება, საუბრის ასე დაწყება, ბევრ მძღოლს ძალიან ბანალური ეჩვენოს, მაგრამ მაინც გარეგნული დაზიანებებით დავიწყებ, რაც შესაკეთებლად ყველაზე ძვირია. სარკეების გამართულად მუშაობა, ყურადღებით სიარული უმნიშვნელოვანესია. უამრავ მანქანას თბილისში გვერდითა სარკეები არ აქვს, ან მოპარეს, ან მოტყდა და აღარ აკეთებს, ამის ფული სად აქვს. სინამდვილეში კი ელემენტარული გარეგნული დაზიანება, „ჟეშტის“ გასწორება, შეღებვა უძვირესია. თან, დიდი განსხვავება არ არის, მანქანა ძვირად ღირებულია თუ დაბალი კლასის. „ჟეშტის“ შემკეთებელი და მღებავი ყველაზე ძვირად აღიარებული ხელოსნები არიან. გაცილებით ნაკლები ჯდება ძრავის რემონტი, სიჩქარეთა კოლოფის ან სავალი ნაწილის რომელიმე დეტალის შეცვლა. ახალგაზრდების შემთხვევაში, სარკეების უქონლობას ისიც ემატება, განსაკუთრებით საცობებში, რომ ჰგონიათ, მაინც გაძვრებიან და ბოდიში ამ სიტყვაზე „ეტენებიან“ თუკი სადმე პატარა სივრცე დაინახეს. სწორედ საცობებში ხდება პატარა დარტყმები. არადა, ერთი წერტილის გასწორება თავის შეღებვიანად, დაახლოებით, 60-80 ლარი ჯდება. რაც შეეხება სარკეების მოპარვას, თუ ისეთი მოდელი გყავთ, რომელსაც სარკეებს ხშირად პარავენ, ასეთებია „ბეემვე“, „ფოლკსვაგენი“, „ოპელი“, მაშინ უნდა გააკეთოთ ჩარჩოები ან ამოატვიფრინოთ ნომერი, მაგრამ ამის გაკეთებაც ეზარებათ.
– ისეთი მოდელებიც ხომ არის, რომელსაც არ პარავენ?
– კი, არის მოდელები, რომლებსაც სარკეები ისე აქვთ დამონტაჟებული, მოხსნის შემთხვევაში, ფუჭდება და მის მოპარვას აზრი ეკარგება. არადა, სარკეებზე ჩარჩოს გაკეთება, სულ რაღაც ათი ლარი ჯდება. მოკლედ, შევთანხმდით, რომ სარკეები აუცილებლად უნდა გქონდეთ და რა თქმა უნდა, სარგებლობდეთ იმით. სალონის სარკეც აუცილებლად მორგებული უნდა გქონდეთ. როდესაც რაღაც მანევრს აკეთებ ეს, წამის მეასედებში, დინამიკურად უნდა მოხდეს. რაც შეეხება სხვა დაზიანებებს – მანქანა შეიძლება ატარო ნელა და დააზიანო ან პირიქით ჩქარა და არ დააზიანო. ასეთი რაღაცეები ერევათ ერთმანეთში. მაგრამ, რადგან ჩვენს გზებზე მაინც ძალიან ბევრი ორმოა, ახალდაგებულ ასფალტზეც უკვე ტალღებია გაჩენილი, აჯობებს, რომ საშუალო სიჩქარით ვიაროთ, რადგან თხრილის შემთხვევაში, მოვახერხოთ მანქანის აცილება. რაც შეეხება ქვაფენილს, მასზე ნელა გადავლის შემთხვევაში, მანქანის სავალი ნაწილი, მისი რეზინები სულ მუშაობაშია. პატარა უსწორმასწორობაც კი საბურავის სავალი ნაწილის ძირითად დეტალებს საკმაოდ აზიანებს. ამიტომ, თუ მოძრაობა საშუალებას გაძლევთ, რაც შეიძლება სწრაფად გაიარეთ. ანუ, ქვაფენილზე ასვლა სწრაფად ჯობია ვიდრე ნელა. უფრო კარგად რომ მიხვდეთ, მაგალითად, ვარაზისხევის ქვაფენილის ავლა, თუ, რა თქმა უნდა, საცობი არ არის 60-70 კილომეტრ-საათში სიჩქარით ჯობია, ვიდრე 40-ით. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც მინდა იმ მძღოლებს მივცე, რომლებსაც მართვის მექანიკური კოლოფით აღჭურვილი მანქანები ჰყავთ. ასიდან ოთხმოცი პროცენტი მძღოლებისა „ცეპლენიის“ პედალზე ფეხის დაჭერის შემდეგ, იქიდან ფეხს აღარ იღებს. მიკითხავს და უთქვამთ, რომ უბრალოდ უდევთ ფეხი.
– მეც მიდევს, მაგრამ არ ვაჭერ.
– აი, კონკრეტულად შენს მაგალითზე გეტყვი. ვითომ არ აჭერ, მაგრამ, ხომ გიდევს. ჯერ ერთი, რომ ფეხს თავის სიმძიმე აქვს და სულ ჰაერში ვერ გექნება და მეორე, მანევრის, მოხვევის დროს ინსტინქტურად საკმაოდ კარგად აწვები. ძალიან ბევრი მძღოლი ასე იქცევა. ამ დროს სისტემატურად მიმდინარეობს მოდების ცვეთა და ის ძალიან მალ-მალე გახდება შესაცვლელი. შემდეგ უხარისხობას აღარ დააბრალო. ყველა მანქანას მოდების პედალის გვერდით აქვს ფეხის დასადები ადგილი და სვლის დროს მარცხენა ფეხი იქ უნდა გედოს.
– რაც შეეხება მუხრუჭს.
– ერთი ძალიან ცუდი ჩვევა, რომელიც ქართველ მძღოლებს აქვთ – საკმარისია, ორას მეტრში დაინახონ რომ შუქნიშანი ანთია და ამ ორასივე მეტრს მუხრუჭზე ოდნავ დადგმული ფეხით მიგორავენ. ეს ძალიან აზიანებს მთელ სამუხრუჭე სისტემას. ამ დროს უბრალოდ, უნდა აიღოთ ფეხი გაზის პედლიდან, ავტომობილი თავისთავად შეანელებს სვლას და ბოლოს ერთი კარგი მუხრუჭით უნდა გაჩერდეთ იქ, სადაც გსურთ გაჩერება. ამასთან ერთად, საშინელი დისკომფორტია მუხრუჭზე რამდენჯერმე ფეხის დადგმა, მანქანა ძიგძიგებს. რაც შეეხება ეკონომიურად სიარულს, ბევრისგან გამიგია, რომ პირველ-მეორე სიჩქარეს ამოწურავენ, ანუ ძალიან მაღალ ბრუნზე ამუშავებენ და მერე ერთ სიჩქარეში ჩააგდებენ, ანუ მესამის მაგივრად მეოთხეში და ამით ეკონომიას გააკეთებენ. ეს მცდარია. დაბალ ბრუნზე სიჩქარის შეცვლის შემთხვევაში, ყველაზე ეკონომიურად ივლით. ასე, სიჩქარეთა კოლოფსაც გაუფრთხილდებით.